საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 333 - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ანალიტიკოსების შეფასებით საქართველოს პრეზიდენტმა გადაამეტა თავის უფლება-მოსილებას, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ LCI-სთან ინტერვიუში, ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, იმედოვნებს თუ არა, რომ ვლადიმერ პუტინი და ასევე, სი ძინპინი ოდესმე გასამართლდებიან, უპასუხა, რომ ეს მისი შინაგანი რწმენით ისტორიული შედეგი იქნებოდა, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა. ზურაბიშვილმა ჩინეთის იმ პრეზიდენტის დაპატიმრებას დაუჭირა მხარი, რომელსაც 15 ნოემბერს, აშშ-ს პრეზიდენტი, ხოლო 7-8 დეკემბერს ურსულა ფონ დერ ლაიენი და შარლ მიშელი ხვდებიან.
პრეზიდენტის ამ განცხადების გამო, ბოდიშის მოხდა და ახსნა-განმარტებების გაკეთება მოუწია საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან, ჭოუ ციენთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სტრატეგიული ურთიერთობის ფორმატი ხელს შეუწყობს დარგობრივი, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების, ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო განვითარებას. რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადება კატეგორიულად მიუღებელია და შემაშფოთებელია.
„აღნიშნული რიტორიკა ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების, ქართველი ხალხის დამოკიდებულებას ჩინეთთან და არ შეესაბამება ორი ქვეყნის მეგობრული, სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას და ის ზიანს აყენებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობას. პრეზიდენტი არ ახორციელებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას.
საქართველოში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელება საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა და ამგვარი მანდატი ქართველი ხალხისგან მხოლოდ საქართველოს მთავრობას აქვს მინიჭებული. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ფორმალურადაც კი არ გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას ჩინეთის სახელმწიფოს და მისი ლიდერის მიმართ“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა სინანული გამოხატა საქართველოს პრეზიდენტის განცხადების გამო და იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტის აღნიშნული განცხადება გავლენას არ მოახდენს, არ დააზიანებს საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობის უაღრესად პოზიტიურ ისტორიულ დინამიკას. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთამდე იყო ლატვია, როდესაც პრეზიდენტმა ლატვიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ მოუწოდა საქართველოს სანქციები დაეწესებინა რუსეთისთვის. პუტინისა და სი ძინპინის გასამართლებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებენ ანალიტიკოსები.
ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, კონტექსტი, რომელშიც ზურაბიშვილმა პუტინზე და სი ძინპინზე ილაპარაკა, ხაზი გაუსვა იმას, რომ ორივე ქვეყანაში არის ავტორიტარული მმართველობა. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებით გასაგებია უკრაინის პრობლემა, მაგრამ ჩინეთის პრეზიდენტის მიმართ ზურაბიშვილის განცხადება, გაუგებარია.
„პუტინის გასამართლების სურვილი გასაგებია, ოღონდ სი ძინპინთან დაკავშირებით რატომ არის ასეთი მოლოდინი და საერთოდ, რატომ დაისვა ეს საკითხი, ჩემთვის გაუგებარია. რაც შეეხება იმას - მოახდენს თუ არა სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაზე გავლენას, პრემიერმა სწორი თქვა და ასეა, პრეზიდენტი არ განსაზღვრავს საგარეო პოლიტიკას. საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს პარლამენტი და ახორციელებს აღმასრულებელი ხელისუფლება, ანუ პრემიერი. შესაბამისად, არ მგონია, რომ ამ განცხადებამ რაღაცა დიდი დაძაბულობა გამოიწვოს ჩვენსა და ჩინეთის ურთიერთობებს შორის.
რაც შეეხება სტრატეგიულ პარტნიორობას, რამდენადაც ვიცი, ეს მხოლოდ განცხადებების დონეზეა, უფრო შორს და უფრო ღრმად ჩვენ არ წავსულვართ. არ მგონია, რომ ჩინეთი ძალიან აქტიურობდეს ამ მიმართულებით. ასე რომ, ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ ორ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაზე პრეზიდენტის ეს მძიმე განცხადება გავლენას ნამდვილად ვერ მოახდენს.
როდესაც საუბარი არის პრეზიდენტის განცხადებაზე, რომელიც არ არის შეთანხმებული აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, ეს შეიძლება ითქვას, რომ არის კერძო პირის განცხადება, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტია, ის არ არის სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით იყო ძალისხმევა და გამართლებულიც, რა შეიძლება მოგვცეს ჩინეთისნაირ ძლიერ და დიდ ქვეყანასთან ურთიერთობამ.
„უაღრესად პერსპექტულია ჩინურ-ქართული ურთიერთობები, არა იმიტომ, რომ იქ დემოკრატია არის თუ არა და, ეს არის სალომეს პასუხის სულისკვეთება - არიქა, იქ, სადაც დემოკრატია არაა, იქ ჩვენ რა გვესაქმება. ამ სულისკვეთების გარდა, სხვა ღირებულებებიც არსებობს და ამ ღირებულებებს მეტი ყურაღებით თუ შევხედავთ, ალბათ, ჩვენთვისაც უკეთესი იქნება. დიდი დემოკრატი, ალბათ, არც დავით აღმაშენებელი იყო, მაგრამ ქართული სახელმწიფოსთვის უძვირფასესი ფიგურა დარჩა. ამოჩემება ყველაფრის და რადიკალიზაცია ყველაფერში, სასურველი არ არის.
ზედმეტი არც ჰუმანიზმი ვარგა, არც დემოკრატია და არც თაფლი. ამ შემთხვევაში ზედმეტი მოინდომა პრეზიდენტმა, რომ თავისი დამოკიდებულებით ჩარეულიყო იმ ქვეყნის საქმეებში, რომელთანაც მას პირადად ძალზედ ბევრი რამ აშორებს. თუკი ყურს მივუგდებთ, ბევრი დემოკრატიის მოყვარული იძახიან, რომ საფრანგეთშიც არაა დემოკრატია, მკაცრია საფრანგეთიო. ასეთ განცხადებებს თუ გამოეკიდება ადამიანი, ორ ერთნაირ შეფასებას ვერ ნახავს ვერასოდეს“, - აცხადებს საყვარელიძე.
როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, საქართველისთვის ჩინეთი მნიშვნელოვანი არის სხვა რესურსებით. კერძოდ, იმით, რომ მას რუსეთთან აქვს თავისი ძალიან მკვეთრი და ცალსახა პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი ვერ უბედავს წინააღმდეგობას, მიუხედავად იმისა, რომ 20 მილიონამდე ჩინელი ცხოვრობს ციმბირში.
„ასეთი დამოკიდებულება ევროპულ ქვეყნებთან რუსეთს არ აქვს და ეს მხარე არის ჩვენთვის საინტერესო. ალბათ, საინტერესო იქნება, რომ ჩინეთიდან ეს რესურსი ავიღოთ, რასაც ჰქვია პოლიტიკური და ეკონომიკური სიძლიერე, ევროპიდან დემოკრატია და მერე ვაკეთოთ ისეთი ქვეყანა, როგორიც ჩვენ გვინდა. ოღონდ არ ვუქნიოთ თითი არც ერთ სხვა ქვეყნას იმის სწავლებით, როგორი უნდა იყვნენ ისინი, ვინ უნდა იყოს დაჭერილი და ვინ არა. ქართულმა სახელმწიფომ თავისი დამოკიდებულება პრეზიდენტის მიმართ უკვე გამოთქვა და ამიტომ ვიმედოვნებ, რომ მის სიტყვებს აღარ ექნება სახელმწიფოებრივი ფორმულის მნიშვნელობა და ის მართლაც კერძო პირის მოსაზრებად დარჩება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.