მას შემდეგ, რაც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭების რეკომენდაციის დამატებით დათქმებში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მოთხოვნა ვიხილეთ, ბევრს, ალბათ, გაუჩნდებოდა კითხვა - რატომ?
ამ კითხვას ნამდვილად აქვს არსებობის უფლება, რადგან დიდი გამჭრიახობა არ სჭირდება იმის მიხვედრას, თუ რატომ გაჩნდა ეს რეკომენდაცია და რაოდენ დიდი მოლოდინები აქვს დასავლეთს ამ არჩევნებიდან, რომლისგანაც მისთვის სასურველ შედეგს ელოდება. ეს სასურველი შედეგი კი, რომელსაც დიდად არც მალავენ, მრავალპარტიული პარლამენტის და კოალიციური მთავრობის ფორმირებაა, თან ისეთის, რომელიც დასავლეთის ნება-სურვილების უსიტყვო შემსრულებელი იქნება.
რა თქმა უნდა, ევროკომისიას შეეძლო არ მოეცა რეკომენდაცია სტატუსზე და თავისი მეორე უარით ქვეყანაში საპროტესტო აქციები გამოეწვია, ისე როგორც 2022 წელს, იმის იმედით, რომ ოპოზიცია ამჯერად მაინც მოახერხებდა ხელისუფლების შეცვლას. რამდენიმე ცნობილ ოპოზიციონერს წამოსცდა კიდეც, რომ 2022-ში სტატუსის არმოცემით ევროკავშირმა საქართველოში ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, მაგრამ ოპოზიციამ ეს შანსი ვერ გამოიყენაო.
ამჯერად ევროკავშირში სიტუაციის შეფასების შემდეგ, როგორც ჩანს, მიხვდნენ, რომ დისკრედიტირებული ოპოზიცია, რომელსაც ხელისუფლება სტატუსის არმიღებას გადააბრალებდა, ვერც ხალხის კრიტიკულ მასას ვერ გამოიყვანდა ქუჩაში და ვერც ხელისუფლებას დაამხობდა. ამიტომაც არჩევანი მეორე ვარიანტზე გაკეთდა - სტატუსი მკაცრი დათქმებით, რაც პრინციპში იყო კიდეც ოპოზიციის სურვილი, როდესაც საბოტაჟი სტატუსის გადადების მოთხოვნით, ჩაუვარდათ. ევროკავშირში საქართველოსთან მიმართებაში „რეალ-პოლიტიკას“ უფრო ითვალისწინებენ ვიდრე ოპოზიციის ცრემლებს. მათ ძალიან კარგად იციან, რასაც წარმოადგენს ამჟამინდელი რადიკალური ოპოზიცია, მაგრამ სხვა დასაყრდენი ქვეყანაში ჯერ არ ეგულებათ.
სტატუსის მონიჭების ახალ დათქმებში, სადაც 2024 წელს სამართლიანი საპარლამენტო არჩევნებია ერთ ერთი მთავარი, იკვეთება მომავალ წელს სავარაუდო პოლიტიკური სცენარის კონტურები. თუკი ევროკავშირი და აშშ დაინახავენ, რომ არჩევნების შედეგები მათ ინტერესებს არ ემთხვევა, იტყვიან რომ არჩევნები არ იყო თავისუფალი და შესაბამისად, - არალეგიტიმურია. ამის საფუძველზე ოპოზიციას და მის მხარდამჭერებს ეძლევათ ლეგიტიმური საფუძველი, დაიწყონ ქუჩის პროტესტი. არჩევნების „გაყალბებაში ბრალდებული“ ხელისუფლება კი კარგავს ლეგიტიმურობას და მისი დამხობა უკვე დროის ამბავი ხდება.
ევროკავშირის დამატებით დათქმა-რეკომენდაციებში არჩევნების გარდა, არის ისეთი მოთხოვნებიც, რომლებიც ოპოზიციისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნისკენ არის მიმართული.
მაგალითად, ოპოზიცია და მისი სატელიტი ენჯეოები, როგორც მაშველ რგოლს, ისე ჩამოეკიდნენ საარჩევნო სისტემის ყოვლისმომცველ რეფორმის რეკომენდაციას და უკვე აქტიურად დაიწყეს 5%-ანი საარჩევნო ბარიერის დაწევის მოთხოვნა, რაც „ნაცმოძრაობას“ და მის სატელიტ მცირე პარტიებს მეტ შანსებს აძლევს პარლამენტში მოხვდნენ. შემდეგი მოთხოვნა, ალბათ, ცესკოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობის შეცვლა იქნება. მათი მოთხოვნები, დიდი ალბათობით, მხარდაჭერილი იქნება დასავლეთის მიერ, რადგანაც ევროკავშირში არსებობს მოლოდინი, რომ ხელისუფლება საარჩევნო ბარიერს 2%-მდე დაწევს, რაც მრავალპარტიულ პარლამენტს ნიშნავს. ასეთი პარლამენტი გვაქვს დღეს და ყველა ხედავს, თუ რა მიზნით იყენებს საპარლამენტო ბერკეტებს ოპოზიცია. თუ ხელისუფლებამ ბარიერი არ დასწია, ეს კიდევ ერთი საბაბი იქნება დასავლეთისთვის, რომ არჩევნები უარყოფითად შეაფასოს.
თუ ამას დავუმატებთ არჩევნებზე აშშ-ს და ევროპის უპრეცედენტოდ მრავალრიცხოვანი გრძელვადიანი დამკვირვებლების ყოფნას, რაც ევროკავშირის ელჩმაც დაადასტურა, სრულიად შესაძლებელია, რომ მათ მიერ წინასაარჩევნო გარემო უარყოფითად შეფასდეს და ამან საბოლოო შეფასებაზე იქონიოს ზეგავლენა.
დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ამ არჩევნებში საერთაშორისო დონორების მიერ ჩაიდება კიდევ უფრო მეტი ფული ოპოზიციასთან აფილირებული ენჯეოების და მედია საშუალებების გასაძლიერებლად. დაფინანსდება უამრავი მოდელირებული სოციოლოგიური გამოკითხვა, რომლებიც დახატავენ დასავლეთის ხელებში შემყურე ოპოზიციისთვის სასურველ სურათს. პრინციპში, ფულის ინვესტირება უკვე მიმდინარეობს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ტრენინგებში და ახალგაზრდების სამობილიზაციო ღონისძიებებში. არჩევნებამდე ეს რესურსი ბოლომდე იქნება ათვისებული.
სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება, ამერიკულისგან განსხვავებით, მოკლებულია შესაძლებლობას, ჰქონდეს ამომწურავი ინფორმაცია, თუ სად, როგორ და ვისზე იხარჯება ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის გარედან მიცემული ფული.
ისევ ამერიკული „FARA“ წყალობით თუ ვიგებთ ხოლმე, რა უზომოდ დიდი თანხები იხარჯება იმ საინფორმაციო კამპანიაზე, რომლის მიზანი ხელისუფლების და ქვეყნის იმიჯის დაზიანებაა, ოპოზიციური პარტიების და მათთან აფილირებული ჯგუფების ვიწროპოლიტიკური და პარტიული მიზნების მისაღწევად.
არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ 2024 წლის არჩევნებზე ოპოზიციას და მის სატელიტებს, ძირითადად, გარედან მხარდაჭერის იმედი აქვთ, რადგანაც მათივე სპონსირებულ გამოკითხვებშიც კი მომავალ არჩევნებში გარდაუვალი მარცხი ელოდებათ. შესაბამისად, ისევე როგორც 2020 და 2021 წლების არჩევნების წინ, დასავლეთის მხრიდან მოსალოდნელია ხელისუფლებაზე ძლიერი ზეწოლა, რათა შეაცვლევინონ პოლიტიკური, სამართლებრივი და საარჩევნო გარემო ისე, რომ ხელისუფლება აღმოჩნდეს მაქსიმალურად მოწყვლად მდგომარეობაში. ფაქტობრივად, საუბარია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კონტროლის ბერკეტების ხელში ჩაგდებაზე. ხოლო, არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადება, ალბათ, იქნება უკიდურესი ვარიანტი, თუ მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც გეგმავენ.
დავიტოვოთ იმედი, რომ 15 დეკემბერს, ევროპული საბჭო კანდიდატის სტატუსზე საბოლოოდ დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს და რაიმე მწარე სიურპრიზს ადგილი არ ექნება. თუ სტატუსზე უარი გვითხრეს, ხელისუფლებას არჩევნების არაღიარების საფრთხის წინაშე, შეიძლება, მაინც მოუწიოს რეკომენდაციების თუნდაც ნაწილობრივ შესრულება. სხვათა შორის, ევროპაშიც და აშშ-შიც ახლა გაფაციცებით ელოდებიან დარჩენილ ერთ თვეში როგორ მოიქცევა საქართველოს ხელისუფლება და გააკეთებს თუ არა იმას, თუნდაც სიტყვიერად, რასაც მისგან ელოდებიან.
ამავე დროს, 2024 წელს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ, შესაძლოა, ისეთი გეოპოლიტიკური კონიუნქტურა დადგეს, რომ დასავლეთი იძულებული გახდეს, კვლავ ულმობელ „რეალ-პოლიტიკას“ გაუწიოს ანგარიში. მეორე მხრივ, რა მასშტაბის გარე ჩარევებიც არ უნდა მოხდეს და რა პოლიტიკური პასეანსებიც არ უნდა დაეწყოს, საზოგადოების იმ ნაწილის კონსოლიდაცია, რომელსაც არ სურს „ცალ ფეხზე დგომა“, იქნება გადამწყვეტი ფაქტორი.
ბოლო 10 წლის მანძილზე ეს ასე იყო.