კონტრტერორისტულმა ცენტრმა თბილისში ორ ლოკაციაზე ერთდროულად უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებულებისგან ამოღებულია სხვადასხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, სამხედრო აღჭურვილობა, სახის ნიღბები, ელექტრო შოკები, უცხო ქვეყნის ყალბი პირადი დოკუმენტები, კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობები და დროშა, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკით. გამოძიება გრძელდება როგორც დაკავებული პირების ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ საქმიანობაში მონაწილეობის ხასიათის გამოვლენისთვის, ისე დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების მხილების მიზნით.
აღსანიშნავია, რომ „ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში „გლობალური ტერორიზმის ინდექსი“, ტერორიზმის გავლენის კრიტერიუმით შეფასებისას, საქართველომ, ისევე როგორც რამდენიმე ათეულმა ქვეყანამ, ბოლო ადგილი დაიკავა, რაც გულისხმობს, რომ 2023 წელს საქართველოში ტერორისტულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია.
ტერორიზმი ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს არამარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. კონტრტერორისტული საერთაშორისო კოალიციის ფარგლებში, საქართველო ძალიან დიდი კონტრიბუტორია. სუს-ის ოფიციალური განცხადებით, 2023 წლის განმავლობაში არ შეინიშნებოდა არც რეკრუტირების, არც ტერორისტული მოწოდებების ფაქტები საქართველოს ტერიტორიაზე. თუმცა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა შესაძლებელია პრობლემები შექმნას და მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში.
პალესტინის მხარდასაჭერი აქცია იმართება მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, კერძოდ მარნეულში. ასეთი პროტესტის ორგანიზება კი, არ შეიძლება, რომ სპონტანური იყოს. ექსპერტების შეფასებით, ალბათობის მაღალი ხარისხით, ეს არის კონფლიქტში მონაწილე მხრის მიერ მყარად ორგანიზებული სადაზვერვო პროცესი. კერძოდ, მნიშვნელოვანი თანხებია გადაქაჩული სწორედ იმ სახელმწიფოებში, სადაც ამ პროტესტის სახეობას ვაკვირდებით. აღსანიშნავია ისიც, რომ საპროტესტო გამოსვლები საომარი მოქმედებების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღია სადაზვერვო პროგანდის სახით.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი აცხადებს, რომ ყოველთვის არსებობს იმის ალბათობა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი რელიგიურად თანხვედრილი ჯგუფები მოხვდნენ დაინტერესებლი ქვეყნების ინტერესების ზეგავლენის ქვეშ და ისინი გამოყენებული იქნან სადაზვერვო პროპაგანდისათვის, რათა შეიქმნას სათანადო საზოგადოებრივი აზრი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.
„ამ შემთხვევაში მე არ შევჩერდებოდი მხოლოდ რელიგიურ ჯგუფებზე. ჩვენ ცოტა უფრო შორს უნდა გავიხედოთ. შესაძლებელია, რომ ეთნიკურად არათავსებად, მაგრამ რელიგიურად მონათესავე ჯგუფეზედაც კი გახდეს გარეკვეული შეღწევადობა შესაძლებელი. ეს გახლავთ პანკისის ხეობა და მარნეული, სადაც ეთნიკურად აზერბაიჯანლები და ეთნიკურად ჩეჩნები ცხოვრობენ. მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს ორი რეგიონი არ არის საკმარისი. ამ ეთნიკური ჯგუფების გარდა, უნდა ვიგულისხმოთ იმ კონფლიქტში და, ზოგადად, პროპაგანდის ორგანიზატორი მხარის, სახელმწიფოს დომინანტი რელიგიური ჯგუფების თანხვედრი ჯგუფების არსებობა საქართველოში. მასშტაბი უფრო დიდია, ვიდრე ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ.
რაც შეეხება საფრთხეებს, გააჩნია გეგმას, რა გეგმაც არის გაწერილი იმ სახელმწიფოებში, რომლებიც ამ ჯგუფებს მართავენ. ასევე, გააჩნია ფინანსურ შესაძლებლობებს და გააჩნია პოლიტიკური თვალსაზრისით მორალური მხარდაჭერის შესაძლებლობას. ვფიქრობ, რომ პირველ ეტაპზე ყველაფერი კეთდება საზოგადოებრივი აზრის მობილიზებისათვის, რომ შეიქმნას კონფლიქტის მონაწილე სახელმწიფოსათვის ხელსაყრელი აზრი, როგორც საქართველოს შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე მხარდაჭერის თვალსაზრისით. შემდგომი ეტაპი დამოკიდებული იქნება მოვლენათა ხარისხიდან გამომდინარე, რა მოვლენები განვითარდება საომარი მოქმედების ზონაში“, - აცხადებს დავით კუხალაშვილი.
აღასნიშნავია, რომ განსაკუთრებით მოწყვლადია პანკისის ხეობა, როდესაც სირიაში მიმდინარე ომის პარალელურად ხეობიდან დაიწყო გადინების პროცესი. თითქოსდა სამუშაოდ მიდიოდნენ თურქეთში და ამ მოტივით გავიდნენ ქვეყნიდან, საბოლოოდ კი ლოკაცია იყო სირია. როგორც კუხალაშვილი აცხადებს, არ არის გამორიცხული, რომ ასეთი ბმა აღმოჩნდეს ახლო აღმოსავლეთის შემთხვევაც. შესაბამისად, მისი თქმით, სასურველია საზოგადოებრივი აზრის მობილიზება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო არენაზე.
„ამ შემთხვევაში, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია კონფლიქტის მონაწილე მხარეების ეთნიკური და რელიგიური წარმომავლობა, რომ გააქტიურდეს აგენტურულ-ოპერატიული ღონისძიებები, რათა ჩვენს ქვეყანაში არ მოხდეს ამ ჯგუფების მხრიდან და ამ ჯგუფებს შორის კონფლიქტების ინსპირირება. რა თქმა უნდა, სალოცავები, მასობრივი თავშეყრის ადგილები შეიძლება არ იყოს ტერორისტული აქტების ორგანიზებისთვის გამოყენებული, მაგრამ სხვადასხვა სახის კონფლიქტების ინსპირირებისათვის, ფიზიკური დაპირისპირებისათვის და ა.შ. შეიძლება გამოყენებულ იქნას.
შეიძლება იყოს შეურაცხყოფა კულტურული ძეგლების, შეძლება იყოს უშუალოდ ფიზიკური შევარდნა და ფიზიკური ანგარისწორება. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს საელჩოები, რომლებიც მსოფლიოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული დაცვის ქვეშ უნდა იყვნენ აყვანილი.
ასე რომ, საზრუნავი საკმაოდ დიდია და პრობლემას კომპლექსური მიდგომა სჭირდება. არა მარტო რელიგიური და ეთნიკური ჯგუფები, არამედ კიდევ ერთხელ ვიმეორებ - დიპლომატიური კორპუსი და იმ სახელმწიფოების წარმომადგენლობები, რომლებიც მონაწილეობენ ამ კონფლიქტში და პირდაპირ, თუ ირიბად მხარს უჭერენ ერთ, ან მეორე მხარეს, რა თქმა უნდა, დაპირისპირებული მხარეების სამინიზნე ობიექტები არიან. სამიზნე ობიექტები საკმაოდ ბევრი გვაქვს სახელმწიფოში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საფრთხე ცალსახად სახეზეა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საქართველოში არ იქნას დაშვებული ქუჩის პროცესები“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.
პოლიტოლოგის რამაზ საყვარელიძის შეფასებით, იყო ასეთი განზრახვის არეალი საქართველო, კერძოდ, პანკისის ხეობა, მაგრამ მეორე მხრივ, მისი თქმით, ნელ-ნელა ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ახლო აღმოსავლეთის ეს კონფლიქტი შეიძლება გადავიდეს უფრო სერიოზულ ფორმებში და შეიძლება არ აღმოჩნდეს ამ კონფლიქტისთვის საჭირო ახალი ადამიანების რეკრუტირება. თუმცა, პოლიტოლოგის შეფასებით, არ არის გამორცხული, რომ სხვა ამოცანებისთვის ასეთი რეკრუტირება გაგრძელდეს.
„ასეთი ვარაუდის საფუძველს ის იძლევა, რომ ჯერჯერობით მთელი რიგი ქვეყნები, რომლებიც ტრადიციულად მოიაზრებიან როგორც ამ კონფლიქტში ჩართვის ნომერ პირველი კანდიდატებად, ჩუმად არიან და მათგან არ ისმის საომარი ყიჟინა და ამ შემთხვევაში, არსებითად ვგულისხმობ ირანს. ირანის სიჩუმე გასაკვირი არ გახლავთ იმიტომ, რომ ბევრი რამე შეიცვალა ირანის ყოფაში.
მან უფრო მეტი საერთო ნახა ბოლო ხანებში აფიშირების გარეშე აშშ-თან და შეიძლება ეკონომიკური განვითარების განსხვავებული პერსპექტივები გამოჩნდეს ირანისთვის ბოლო პერიოდის შედეგად. ამის ტენდენციებს აღნიშნავენ უცხოელი ექსპერტები. თუ ასე მიდის პროცესი, მაშინ შეიძლება ირანმა ძალიან დიდი თავდადება არ გამოიჩინოს ომში ჩართვისთვის“, - აცხადებს საყვარელიძე.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ირანმა არ გამოიჩინა თავდადება, მუსულმანური სამყაროს დანარჩენი ნაწილის აქტიური მონაწილეობაც საეჭვო და შესაბამისად, შეიძლება საეჭვო გახდეს ამ ომის რელიგიურ ომად გარდაქმნის ის მოლოდინი, რომელიც გააჩინა ბევრმა მუქარამ და ბაქი-ბუქმა თითქმის ყველა ისლამური ქვეყნის მხირდან.
„ამიტომ შეიძლება აქტუალური არ იყოს საქართველოს ვარიანტი. შეიძლება, საერთოდ, ამ ომმა დაკარგოს, თავისი მულტიკულტურული თვალსაზრისით, დიდ გეოგრაფიულ არეალზე მოდების პოტენციალი. შესაბამისად, შეიძლება ეს ვითარებაც საქართველოზე აღარ გადმოვიდეს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.