8 ნოემბერს ცნობილი გახდა ევროკომისიის ანგარიში, რომლის თანახმადაც, ორგანიზაციის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია გასცემს რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. თუმცა ითქვა, რომ ევროკომისია ამ გადაწყვეტილებას იღებს დათქმით, რომ ქვეყანამ ცხრა მიმართულებით უნდა გადადგას ნაბიჯები. ამ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო დეკემბერში მიიღებს - მას 27-ვე ქვეყანამ უნდა დაუჭიროს მხარი. ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის გულწრფელ სურვილს, გაწევრდეს ევროკავშირში. ევროკავშირისკენ ეს მისწრაფება უკეთ უნდა აირეკლოს ხელისუფლებამ", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ევროკომისიამ ასევე მწვანე შუქი აუნთო უკრაინასა და მოლდოვას, გახსნან ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები, რაც კანდიდატის სტატუსის მომდევნო ნაბიჯია ევროკავშირში გაწევრებამდე. უკრაინას ამ გზაზე ოთხი პირობა წაუყენეს, მოლდოვას - სამი. საქართველოსთვის განსაზღვრული ცხრა პირობიდან ნაწილი 2022 წლის ივნისში ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციის გაგრძელებაა, ზოგიერთი კი სრულიად ახალია. ახალია დათქმა ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასა და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან ბრძოლაზე. ევროკომისია ასევე ყურადღებას ამახვილებს საჭიროებაზე, რომ საქართველომ თავისი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ევროკავშირისას დაუახლოოს. ამასთანავე, ლაპარაკია, თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფაზე, განსაკუთრებით, 2024 წელს. სწორედ ამ თემით დავიწყეთ საუბარი ექსპერტ მამუკა არეშიძესთან:
- სასიხარულოა, რომ ევროკომისიამ ეს რეკომენდაცია გასცა და საქართველო მიიღებს ევროკავშირის წევრობის სტატუსს. მიუხედავად ამისა, მაინც მგონია, რომ ევროპას ჯერჯერობით არა აქვს ბოლომდე გადაწყვეტილი ევროკავშირის გაფართოების პროცესი რამდენად სწრაფად წარიმართება... თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაშიც უშუალოდ წევრობის თაობაზე გადაწყვეტილება ახლო მომავალში არ იქნება მიღებული. ამის თაობაზე, ცოტა არ იყოს, სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რის საფუძველსაც მაძლევს, ერთი მხრივ, საქართველოს თუ დანარჩენი ქვეყნების არასაკმარისი მომზადება და იმავდროულად, თავად განწყობები ევროკავშირში. მეც იმ აზრზე ვარ, რომ ევროკომისიის ანგარიში უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებების ნაყოფია. ჩემი აზრით, ეს არის კონიუნქტურული გადაწყვეტილება, რაც გეოპოლიტიკური ვითარებით არის განპირობებული. ვგულისხმობ იმ ვითარებას, რაც შექმნილია ევროპაში რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების შედეგად.
- სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრების თემა სწორედ ამ ომის გამო გაჩნდა, თორემ ცნობილია, რომ საქართველო განაცხადის გაკეთებას 2024 წელზე ადრე არც გეგმავდა...
- გეთანხმებით, ეს განაპირობა იმ გეოპოლიტიკურმა ვითარებამ, რაც ამ ომმა შექმნა. თუ ამ გადაწყვეტილებას ასევე დაჩქარებულად მოჰყვება შემდეგი ნაბიჯებიც, ნამდვილად კარგი იქნება, თუმცა ამას, ცოტა არ იყოს, ვეჭვობ... სულ ცოტა, უკრაინაში ომი თუ არ დასრულდა, შემდგომი გადაწყვეტილებები, ალბათ, არ იქნება. უნდა გაირკვეს ამ ომში გამარჯვებული და დამარცხებული და ამის შემდგომ დადგება უკრაინის და მასთან ერთად მოლდოვისა და საქართველოს გაწევრების საკითხიც. საინტერესოა, რომ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, გარკვეულწილად იცვლება განწყობები, მე არ ვამბობ, რომ რუსეთს აგრესორად და მტრად არ მიიჩნევენ, მაგრამ თვითონ უკრაინის დახმარების თემა და ამით შექმნილი დისკომფორტი რიგით მოქალაქეებს უკვე გვარიანად აწუხებთ.ყველაფერთან ერთად მიდის საინფორმაციო ომიც და რიგ შემთხვევაში რუსული პროპაგანდა ახერხებს მოგებას. შესაბამისად, ევროპაში ჩნდება კითხვები უკრაინაში კორუფციის თუ სხვა საკითხების შესახებ. ეს არ შეეხება აღმოსავლეთ ევროპას, რომელმაც კარგად იცის, რომ ამ ომში რუსეთის გამარჯვება დაუშვებელია, რომ ეს იქნება ევროპისთვის უდიდესი საფრთხის შემქმნელი. მეჩვენება, რომ აი, ამ საფრთხეს დასავლეთ ევროპაში ნაკლებად გრძნობენ.
- ერთია ევროკავშირის ქვეყნების გაფართოების გეგმა, მაგრამ მეორე საკითხია, თავად საქართველო რას აკეთებს იმ მიზნის მისაღწევად, რაც კონსტიტუციაშიც ჩავწერეთ. ფაქტია, ჩვენი ევროპელი პარტნიორები არ მიიჩნევენ სრულად შესრულებულად ცნობილ 12 რეკომენდაციას, რომელთა ნაწილმა ახალ დათქმაშიც გადმოინაცვლა, ამას დაემატა ახალი პირობებიც.
- რასაკვირველია, პრობლემა უამრავია, მათ შორის მართვის სისტემებში. გარდა ამისა, ევროპული სამართლიანობის ის ხარისხი, რომლისკენაც ვილტვით და რომელიც არის ევროპულ ქვეყნებში, ჩვენთან კვლავ მიუღწეველია. ეს არის უპირველესად მისახედი. ამაზე გველაპარაკებიან ჩვენი პარტნიორები გამუდმებით. ხელისუფლება ვითომ ცდილობს რაღაცის შეცვლას, მაგრამ საბოლოოდ სისტემა იგივე რჩება, მისი ცვლილების გარეშე კი წარმოუდგენელია ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.
დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ბაზა სამოქალაქო სამართლიანობაა. უამისოდ დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ამას კი ძალიან ბევრი რეფორმა და ცნობიერების ამაღლება სჭირდება. ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ ადამიანები, რომელთაც გათავისებული ექნებათ ამის მნიშვნელობა. დღევანდელი ხელისუფლების დიდ ნაწილს უცხოეთში აქვს მიღებული განათლება და თითქოს უნდა იცოდეს, რა არის დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძვლები, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ ცნობიერებაში კვლავ ფესვგადგმულია საბჭოთა გადმონაშთი პარადიგმები და თავს ვერ აღწევენ. არადა, სწორედ ეს არის საჭირო, რათა მართლაც გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი. ევროკომისიის რეკომენდაციების ახალ დათქმაში კარგად ჩანს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ როგორ მოახერხებს ქვეყანა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, რამდენად თავისუფალ გარემოში ჩაივლის წინასაარჩევნო კამპანია თუ უშუალოდ საარჩევნო დღე.
- ვიდრე არჩევნების საკითხზე უფრო ვრცლად ვისაუბრებთ, მინდა მწუხარებით გავიხსენო 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან დატრიალებული ტრაგედია, როდესაც რუსმა სამხედროებმა სასიკვდილოდ დაჭრეს 58 წლის თამაზ გინტური, 33 წლის ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. საბედნიეროდ, ეს უკანასკნელი უკვე თავისუფალია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოკუპანტები თუ მათგან წახალისებული სეპარატისტები სასიკვდილოდ უსწორდებიან თუ იტაცებენ ჩვენს მოქალაქეებს. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე, რა ბერკეტები შეიძლება ავამოქმედოთ ამ ტრაგედიების დასასრულებლად?
- რაც მოხდა, დიდი ტრაგედიაა, ვუსამძიმრებ დაღუპულის ოჯახსა და მთელ ქვეყანას. სამწუხაროდ, საქართველოს არა აქვს არანაირი ბერკეტი, რომ ამგვარი ტრაგედიები ავიცილოთ თავიდან. რა შეგვიძლია გავაკეთოთ, როდესაც ვხედავთ, რომ რუსეთი ანგარიშს არ უწევს საერთაშორისო საზოგადოებრივ აზრს, უკრაინის მაგალითი ხომ ამას აჩვენებს. ეს ქვეყანა უამრავი საერთაშორისო ხელშეკრულებიდან არის გასული, ზოგიდან კი გარიცხეს. დღეს რუსეთის პოზიცია ორიენტირებულია არდათმობაზე ნებისმიერი მიმართულებით. კრემლში ფიქრობენ, რომ ნებისმიერი დათმობა სისუსტედ აღიქმება და ამიტომაც არ სურთ ამის დაშვება. მიუხედავად იმისა, რომ ისმის ყიჟინა ოპოზიციიდან, ხელისუფლება არასწორად იქცევაო, ფაქტია, ხელისუფლება ხელფეხშებორკილია... მაინც რა უნდა გააკეთოს? კი ბატონო, განცხადებები, საერთაშორისო ტრიბუნების გამოყენება, ბრძოლა საერთაშორისო ასპარეზზე აუცილებელია, მაგრამ ბოლო ხანს ხომ აჩვენა ზოგიერთმა ქვეყანამ, რომ საკუთარი სიმართლის დამტკიცება მხოლოდ სამხედრო ძალით არის შესაძლებელი. დღევანდელ მსოფლიოში ასე "მოსულა". აგერ გვაქვს აზერბაიჯანის მაგალითი და ახლა იმავეს ცდილობს ისრაელი.
გაეროს სრულიად აქვს გავლენა დაკარგული - გინდ ყოფილა მისი განცხადებები და პოზიცია და გინდ არა. აგერ ისრაელი საერთოდ აღარ აქცევს მის მოწოდებებს ყურადღებას. მოკლედ, არსებული მსოფლიო წესრიგი კრახის წინაშეა. ჩვენ, ფაქტობრივად, ახალი წესრიგის დაბადების დასაწყისთან ვართ.
აქედან გამომდინარე, საქართველო ხელფეხშეკრულია და მიმაჩნია, რომ ეს მანკიერი პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ არ გვექნება ის უნარი და ძალა, ჩვენს პარტნიორებთან ერთად კომპლექსურად გადავწყვიტოთ ეს პრობლემა. ეს კი გულისხმობს როგორც პოლიტიკურ შემადგენელს, ისე ოკუპირებული ტერიტორიების საკითხში რბილი ძალის გამოყენებას. ამას წინ არაფერი უდგას... ამ სისტემის შექმნა, დამუშავება, გამოყენება აუცილებელია. ეს, ალბათ, სულ ცოტა, ასჯერ მაქვს ნათქვამი, მათ შორის თქვენთან ინტერვიუებშიც, მაგრამ არაფერი გაკეთებულა. პრაქტიკულად, სისტემა, ინიციატივების პაკეტი, რომელიც შეიძლებოდა შექმნილიყო, არ არსებობს. ამიტომაც ამ მდგომარეობაში ვიქნებით კარგა ხანს. ფაქტია, სამხედრო-პოლიტიკური ძალით ამ პრობლემების მოგვარება ჩვენ არ შეგვიძლია, მაგრამ შეგვიძლია მოგვარების დაწყება. ეს შეგვეძლო გუშინ და გუშინწინაც, რათა როდესაც რეალური ცვლილებების დრო დადგება, ამისთვის მზად ვიყოთ. ახლა ჩვენ ინერციას მინდობილი ვართ, როცა რაღაც ხდება, ამაზე კეთდება განცხადებები, ვიწყებთ ყვირილს შინ თუ გარეთ, მერე მიგვავიწყდება, მერე კიდევ რაღაც ხდება, ისევ ხელახლა ვიწყებთ ლაპარაკს და ა.შ.
სამწუხაროდ, ამ მდგომარეობიდან გამოსავალი დღეს არ ჩანს, მაგრამ თუ რუსეთი უკრაინაში დამარცხდება, მაშინ სულ სხვა რეალობა იქნება. ამიტომაც არაფრით შეიძლება რუსეთმა უკრაინაში გაიმარჯვოს, ეს არ უნდა დაუშვას მსოფლიომ.
განაგრძე კითხვა:„დასავლეთ ევროპაში ნაკლებად გრძნობენ საფრთხეს, რა საშიშია ომში რუსეთის გამარჯვება...“