„ფრთხილად უნდა ვიყოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შეფასებისას, თურქეთს ევროკავშირში არ იღებენ იმიტომ, რომ ეშინიათ ამ ქვეყნის დიდი პოტენციალის“

„ფრთხილად უნდა ვიყოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შეფასებისას, თურქეთს ევროკავშირში არ იღებენ იმიტომ, რომ ეშინიათ ამ ქვეყნის დიდი პოტენციალის“

„ქართველებს ევროკავშირის კანდიდატობის ეტაპზე ისეთი ნერვიულობა გადაგვხდა, გეგონება, უკვე ევროკავშირის წევრი გავმხდარიყავით. რატომღაც სასკოლო დამოკიდებულება გვაქვს ევროპელების მიმართ და ევროპელებიც ასევე არიან ჩვენს მიმართ განწყობილნი. ბორელმა გვითხრა, თქვენ ხართ სტუდენტები და ჩვენ პროფესორებიო. შეიძლება ახლაც სტუდენტებად მოგვიხსენიონ, მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი, მთავარია, ვჭირდებით თუ არა ევროკავშირს საბოლოოდ გასაწევრიანებლად“, - აცხადებს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბრისას.

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე მსჯელობისას მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენი ოპოზიცია გადაჭარბებული მოლოდინის ილუზიას ქმნიდა. მათ ეგონათ, საქართველო ამ სტატუსს ხელმეორედაც ვერ მიიღებდა და წინასწარ დაგეგმილი სცენარისთვის ემზადებოდნენ. ძნელია იმის თქმა, რა უფრო გაახარებდა ოპოზიციას, სტატუსის მონიჭების პერსპექტივა, თუ სტატუსის გარეშე დარჩენა, მაგრამ ფაქტია, დასავლეთი არც ისე გულუბრყვილო აღმოჩნდა, რომ “აციონალების ლობისტების და საქართველოდან ჩასული დამბეზღებლების იმედად ყოფილიყო. ხომ არ ფიქრობთ, რომ დასავლეთმა ქართულ ოპოზიციაში დასაყრდენი ვერ დაინახა და სტატუსის მონიჭებით ჩვენს ოპოზიციას გასაგებად უთხრა, რომ რევოლუციების დრო დამთავრდა?

- ძნელია თქმა, რა დაინახა დასავლეთმა და რა არა, მაგრამ მეც მგონია, რომ ამჟამად დასავლეთს საქართველოში რევოლუციების მოსაწყობად აღარ სცალია, მას ძალიან ბევრი და სერიოზული პრობლემა გაუჩნდა. ვგულისხმობ, ერთი მხრივ, ისრაელის მიმართულებით პრობლემებს, ღაზის სექტორის თემას და, მეორე მხრივ, უკრაინის მიმართულებას. უკრაინის მიმართულება მძიმეა იმიტომ, რომ თავად უკრაინაში დაგროვდა ბევრი პრობლემა, ჩნდება რამდენიმე ალტერნატიული სურათი და საით მიდის უკრაინა, ეს უკვე ძნელი გასარკვევია თვითონ მათთვისაც, ვინც უკრაინის გულშემატკივარია. ამიტომ, ბევრი თვალსაზრისით, დასავლეთს დაეკარგა ისეთი მყარი ორიენტირები, როგორიც ადრე ჰქონდა. მე მგონი, დასავლეთს ახლა სურს, შედარებით უპრობლემოდ გაიაროს ეს ეტაპი და არც ერთი მიმართულებით სიტუაციის არევა მას უკვე აღარ სჭირდება. შესაძლოა, არც უნდა ასეთი არევები სამომავლოდ.

ჩვენმა ოპოზიციამ მთელი ამ ხნის განმავლობაში, მათ შორის, საზღვარგარეთ ვოიაჟების დროსაც გამოაჩინა საკუთარი სახე. საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები და მაღალი სასულიერო იერარქები გამუდმებით იმეორებდნენ, რომ ზუსტად იცოდნენ იმ ოპოზიციონერთა სახელები და გვარები, ვინც ევროინტეგრაციის პროცესს ეწინააღმდეგებოდა და კულუარულ საუბრებში დასავლეთისგან მოითხოვდა, საქართველოს რუსეთუმე ხელისუფლებისთვის კანდიდატის სტატუსი არ მიეცათ. ეს ხომ ნიშნავს, რომ ამიერიდან ოპოზიციას რუსეთუმეს ძახილი ხელისუფლების მისამართით უნდა გაუჭირდეს? თავის მხრივ, არც დასავლეთისთვის უნდა იყვნენ საინტერესონი საკუთარი ქვეყნის რენეგატი ოპოზიციონრები, თუ იქნებ, სწორედ ასეთი ანასტასიო სომოსები სჭირდება დასავლეთს?

- 2003 წელს ოპოზიციამ მოახდინა „ვარდების რევოლუცია“ ამერიკისა და რუსეთის დახმარებით, ოპოზიციონრები საკუთარ ქვეყანას ღალატობდნენ მაშინაც, მაგრამ არ გაჩენილა ასეთი მოსაზრებები, რომ ერთის ღალატი შეიძლება საერთო ღალატს ნიშნავდეს. ნამდვილად სომოსას პრინციპი იყო მაშინ ამოქმედებული. დღესაც ამ სტატუსის მონიჭების გამო დიდი ოპტიმიზმით ვერ ვიქნები, რადგან ყველანი ვუყურებთ, რამდენი ხანია, კანდიდატის მდგომარეობაშია თურქეთი, ეს უზარმაზარი რესურსების ქვეყანა, დგას ღია კართან და არაფერი მისთვის არ იცვლება. ქართველებსაც კანდიდატობის ეტაპზე ისეთი ნერვიულობა გადაგვხდა, თითქოს უკვე ევროკავშირის წევრობა ყოფილიყოს. ემოციები კანდიდატობის ეტაპზევე დავხარჯეთ, მაგრამ შეიძლება ემოციების კიდევ დახარჯვა უკვე ევროკავშირის წევრობის მოსაპოვებლად მოგვიწიოს.

ანუ შეიძლება ერდოღანის მსგავსად პირდაპირ მოვთხოვოთ ევროკავშირს, თუ გვაძლევთ სტატუსს, მოგვეცით, თუ არადა, 50- წლიანი ლოდინის შემდეგ დავშორდებით ევროკავშირს?

- რა თქმა უნდა. მით უმეტეს, როდესაც ამის თქმა აიძულეს ისეთი დიდი რესურსების ქვეყანას, როგორიც თურქეთია.

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით რაიმე ხელშესახები გვრჩება, გარდა იმისა, რომ ტემპერატურის აწევას ემსახურებოდა საქართველოში და ოპოზიციისთვის საყვარელი თემა იყო, რომ არ გვღებულობდნენ ევროკავშირში?

- მე მგონი, მართლაც ოპოზიციისთვის საყვარელი თემა უფრო იყო ევროკავშირში მიღება-არმიღება. როგორც ამბობენ, ამ სტატუსს ძალიან სერიოზული ეკონომიკური შეღავათები მოჰყვება, მაგრამ, ასეა თუ ისე, ისევ და ისევ თურქეთის მაგალითი გვაიძულებს, ცოტა ფრთხილად ვიყოთ შეფასებაში. ახლაც რეკომენდაციები მოგვცეს, მაგრამ რომც შევასრულოთ ეს რეკომენდაციები, თუკი დასავლეთს არ უნდა ჩვენი მიღება მთელი რიგი მიზეზების გამო, მაინც არ მიგვიღებს, ისევ და ისევ ვიმეორებ, თურქეთის მაგალითიდან გამომდინარე. ათასი საბაბია წამოყენებული და არ იღებენ თურქეთს, არ იღებენ იმიტომ, რომ თურქეთს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და, შეიძლება ითქვას, ნაწილობრივ ეშინიათ კიდეც თურქეთის. რეალურ მიზეზს არავინ არ ამბობს ხოლმე საერთაშორისო ურთიერთობებში.

ვერაფრით დამთავრდა სპეკულაციები, ხელისუფლებას მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, თუ ხალხს, სავარაუდოდ, ასეთივე სპეკულაციები გაგრძელდება ევროკავშირში შესვლის დროსაც. როგორ ფიქრობთ, ამ შემთხვევაში, იქნებ, არც ხელისუფლებას მისცეს ეს სტატუსი და არც ხალხს და სტატუსი მისცეს მხოლოდ საქართველოს გეოპოლიტიკურ მდებარეობას? შეიძლება ისიც ვიფიქროთ, რომ თუკი უკრაინა მართლაც მარცხდება რუსეთთან ბრძოლაში, როგორც ამას ცალკეული პოლიტიკოსები პროგნოზირებენ და უკრაინა ხელიდან ეცლება დასავლეთს, იქნებ, არ უნდათ, საქართველოც დაკარგონ?

- ვფიქრობ, მაინც, ალბათ, უფრო გეოპოლიტიკას მიანიჭეს უპირატესობა და არა იმას, კარგად შევასრულეთ დავალებები, თუ ცუდად. ჩვენ რატომღაც სასკოლო დამოკიდებულება გვაქვს ხოლმე ევროპელების მიმართ და ევროპელებიც ასევე არიან ჩვენს მიმართ განწყობილნი. ბორელი რომ იყო ჩამოსული, მისი მაგალითიც ამას ასახავდა - პროფესორი და სტუდენტიო, თქვენ ხართ სტუდენტები და ჩვენ პროფესორებიო. შეიძლება, ახლაც სტუდენტებად მოგვიხსენიონ, მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი, გადამწყვეტია, ვჭირდებით თუ არა ევროკავშირს საბოლოოდ გასაწევრიანებლად.

კანდიდატის სტატუსის მიღების გამო რუსეთის გაღიზიანებას ელით?

- არა მგონია, რუსეთი ამაზე დიდად გაღიზიანდეს ამ ეტაპზე, რადგან რუსეთს თავისი გასაღიზიანებელი უკრაინისკენ აქვს და ჯერჯერობით არ სცალია საქართველოსთვის.