საქართველოსთვის ევროკომისიამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო - დამატებითი დათქმით, ჩვენს ქვეყანას ევროპის კარი გაუღო. ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენის დროსაც კი საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმა საერთო ენა ვერ გამონახეს და ცალ-ცალკე ულოცავდენ ქვეყანას ისტორიულ დღეს.
სალომე ზურაბიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის შავმა კატამ დიდი ხნის წინ გაირბინა და შერიგებას არც ცდილობენ. ქვეყნის ლიდერების „ბუტიაობას“ ფსიქოლოგი და ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-თან საუბრისას განმარტავს.
ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. ამ მნიშვნელოვან დღესაც და მანამდეც, პრემიერი და პრეზიდენტი საერთო ენის გამონახვას ვერ, თუ არ ახერხებდნენ და ერთ მაგიდასთან არ სხდებოდნენ. როგორც ფსიქოლოგი, როგორ შეაფასებდით ირაკლი ღარიბაშვილისა და სალომე ზურაბიშვილის „ბუტიაობას“?
- შეიძლება სხვა ფსიქოლოგებმა თქვან: ირაკლი ღარიბაშვილს ისე მოსწონს სალომე ზურაბიშვილი, რომ გულგრილად მასთან დაჯდომა არ შეუძლია. ახლა, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან გავიგეთ, რომ თურმე ყველას ყველა უნდა გვიყვარდეს. სამწუხაროდ, ასე არ არის. დღეს ძალიან ხშირად ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობით კმაყოფილები არ არიან. რატომღაც ევროპა გვავალდებულებს, რომ გინდა თუ არა, ყველასთან იმეგობრეთო. ეს რაღაც საბჭოთა პერიოდის სულისკვეთებას მაგონებს, როდესაც საბჭოთა იდეოლოგიიდან გამომდინარე, ერთ ერს მეორე ერი უნდა ჰყვარებოდა. ქვეყანაში ასეთი სავალდებულო სიყვარულები აღარ არის, ამიტომ ეს არის ძირითადი მიზეზი, რომ პრემიერმა და პრეზიდენტმა თავს უფლება მისცეს არ იყვნენ ერთმანეთის მიმართ ერთიან სამუშაო პროცესში ჩაბმულნი. მათ თანამდებობა ამას არ ავალდებულებთ. ეს შეიძლება კეთილი ნება ყოფილიყო, მაგრამ არ აქვთ კეთილი ნება.
შეიძლება ითქვას, რომ მათი ქმედება არის ლიდერობისკენ მისწრაფება, სადაც ლიდერობის ინტერესები ერთმანეთს ეჯახება?
- მეეჭვება, რადგან სალომე ზურაბიშვილი გონიერი ქალია. მას შეფასების დრო ჰქონდა, რომ დაენახა მისი ამომრჩეველი რეალურად მისი კი არა, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი იყო. ბიძინა ივანიშვილმა გადაწვიტა ამ ფიგურის პრეზიდენტად დანახვა და ამიტომ გახდა ის პრეზიდენტი. მეეჭვება, რომ ზურაბიშვილი ლიდერობას ედავებოდეს ღარიბაშვილს. აქ უფრო ჯიუტობის საკითხია - რომელმა უფრო მეტად უნდა დათმოს, ან რომელი უფრო ჯიუტი აღმოჩნდება.
გასაგებია, რომ პრეზიდენტი დღეს მთავრობის გვერდით არ დგას, მაგრამ კონსენსუსამდე როგორ შეიძლება მივიდნენ?
- დაახლოებით ეს სულისკვეთება დევს ევროპელების მოთხოვნაში, რომ გინდა თუ არა, გიყვარდეთ ერთმანეთიო. მაგრამ, ეს რეალისტული მოთხოვნა არაა. უამრავი ქვეყანაა, სადაც პრეზიდენტები და პრემიერები ერთმანეთს ეჭიდავებიან გავლენების გამო. უბრალოდ, ძალიან კარგი აზრის ვარ სალომე ზურაბიშვილზე და ვფიქრობ, ის მიხვდება, რომ გავლენისთვის არ უნდა იბრძოლოს.