პრემიერ-მინისტრი საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით გუშინ გაემგზავრა. ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ლიდერებთან ერთად, „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთში გაემგზავრა საქართველოს პრეზიდენტიც, ისე რომ მთავრობისთვის თანხმობაც არ უთხოვია.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, თუ პრეზიდენტი საგარეო წარმომადგენლობას რაიმე ფორმით ახორციელებს, მას მთავრობის თანხმობა სჭირდებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არის კონსტიტუციის დარღვევა. საზღვარგარეთ ვიზიტებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შემდეგ სალომე ზურაბიშვილისთვის ეს პირველი ვიზიტია. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ აქვთ პასუხი კითხვაზე, რატომ არ მოითხოვა პრეზიდენტმა მთავრობისგან ვიზიტთან დაკავშირებით თანხმობა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილს დატვითული გრაფიკი აქვს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან ალან ბერსესთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს პანელის მუშაობაში, რომელიც კონფლიქტებისა და კრიზისების საკითხებს განიხილავს.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა, 8 ნოემბერს ორბელიანების სასახლესთან გამართულ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოს კანდიდატურის ლობირებას გააგრძელებდა და პარიზში, მშვიდობის ფორუმზე დასასწრებად მიემგზავრებოდა. მისივე ინფორმაციით, ამავე ფორუმზე გამგზავრებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც გეგმავდა.
„გავაგრძელებ საქართველოს კანდიდატურის ლობირებას, ხვალ მივემგზავრები პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი და სადაც უნდა მივიღო მონაწილეობა შარლ მიშელთან ერთად პანელში, რომელიც კრიზისებს და კონფლიქტებს განიხილავს. დავესწრები ამ ფორუმს და როგორც დაგეგმილი იყო, იმის გათვალისწინებით, როგორც ახლა დაიგეგმა, პრემიერიც დაესწრება. ამ მხრივ, ნებსით თუ უნებლიედ, ორივეს გამოგვივა დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
მაშ ასე, პარიზში გაფრენილი პრეზიდენტი მთავრობას არ ელაპარაკება, თუმცა, პოლიტიკურ კონსულტაციებს მართავს ოპოზიციასთან, ძირითადად კი, ქალ დეპუტატებთან, რაც არაოფიციალური ინფორმაციით, ზუბარიშვილის პოლიტიკურ მომავალს უკავშირდება. არსებული ინფორმაციით, ზურაბიშვილი გეგმავს პოლიტიკური ძალის შექმნას, რომლის შემადგენლობაში იქნებიან ქალბატონები, მათ შორის ქალი დეპუტატები ოპოზიციის ფლანგიდან.
ის, რომ პრეზიდენტის მოქმედებები არაკონსტიტუციურია, ამის შესახებ საუბრობს უმრავლესობის წევრი, ირაკლი ჩიქოვანი, რომლის განცხადებით, პრეზიდენტი საკუთარი მოქმედებებით ადასტურებს, რომ ლეგიტიმურობა და აქტუალობა დაკარგული აქვს, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ ნათლად დაადასტურა.
„პრეზიდენტი ამგვარ ქმედებებს აგრძელებს, რაც, რა თქმა უნდა, სამწუხაროა. კონსტიტუციის პატივისცემა აბსოლუტურად ყველას მოეთხოვება და, მით უმეტეს, პრეზიდენტს. სტატუსზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ასეთი ქმედებები იმაზე მიუთითებს, რომ სალომე ზურაბიშვილს აქტუალობა დაკარგული აქვს და ცდილობს, საკუთარი აქტუალობა შეინარჩუნოს და ამ ყველაფერს ამიტომ აკეთებს.
საზოგადოებას უკვე ვაჩვენეთ, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. სალომე ზურაბიშვილის მოქმედებები არაკონსტიტუციურია და ის საკუთარი მოქმედებებით ადასტურებს, რომ ლეგიტიმურობა და აქტუალობა დაკარგული აქვს და მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური რენომეს შენარჩუნების მიზნით მოქმედებს“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი ჩიქოვანმა.
„ვერშემდგარი იმპიჩმენტის შემდეგ, პრეზიდენტი „გაბლატავდა“, - აცხადებს „გირჩის“ დეპუტატი იაგო ხვიჩია, რომლის განცხადებით, ზურაბიშვილი როგორც უნდა, ისე იქცევა, რადგან კონსტიტუციის დარღვევის გამო მაინც ვერ ისჯება. მისი თქმით, მთავრობის ნებართვის გარეშე ვიზიტის განხორციელებასთან დაკავშირებით, მხოლოდ პრეზიდენტის დატუქსვას უნდა ველოდოთ.
„დატუქსვა, როგორც ერთხელ უკვე ვიხილეთ საკონსტიტუციო სასამართლოში და მგონი, ამის იქით არაფერს უნდა ველოდოთ. ვიცით, რომ პარიზში იმყოფება ღარიბაშვილიც. შერიგება უნდა ვითომ ღარიბაშვილთან? შეიძლება ასეთი ნაბიჯი იყოს? არ ვიცი. შეიძლება ის იყოს, როცა შერიგება გინდა ადამიანთან და რაღაცას იყენებ. ან ვერშემდგარი იმპიჩმენტის შემდეგ, როდესაც ბევრი მცდელობის მიუხედავად, პრინციპული ოპოზიციონერი დეპუტატები ვერ მოისყიდა „ქართულმა ოცნებამ“, პრეზიდენტი „გაბლატავდა“ და როგორც უნდა, ისე იქცევა“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილს დარჩა ერთადერთი რამ, გარედან მიღებული დავალებით ის ცდილობს შექმნას რაღაცა ახალი პოლიტიკური წარმონაქმნი, რაღაცა პოლიტიკური ძალა, რომელმაც, დიდი ალბათობით, მონაწილეობა უნდა მიიღოს 2024 წლის საარჩევნო კამპანიაში და თავის გუნდში ეპატიჟება ყველას, ვიასც პირდაპირი შეხება არ ჰქონია იმ 9-წლიან სისხლიან რეჟიმთან, იმ თვალსაზრისით, რომ არ აქვს პირადად მონაწილეობა მიღებული სხვადასხვა ტიპის ჩადენილ უამრავ დანაშულში.
„ჩვენ ამას ვხედავთ და ამ გუნდის წევრად მოიაზრება ხათუნა სამნიძე, რომელმაც სტატუსის მონიჭებამდე წინმსწრებად დაიწყო თავისივე კოლეგების ე.წ. ჩაშვება და მათი გაშავება და დადანაშაულება იმაში, რომ ისინი ხელის უშლიდნენ მთელი ხნის განმავლობაში ევროპულ დერეფენებში საქართველოსთვის ამ სტატუსის მინიჭების პროცესს. ერთადერთი, რაც რჩება მსუყე ლუკმად, რომელთანაც შეიძლება მივიდეს ქალბატონი სალომე და საკუთარ თავსაც მიაკეროს, გარკვეულწილად, ეს ევროწარმატება, არის ევროკავშირის გადაწყვეტილება და დეკემბერში მოსალოდნელი დაგვირგვინება ამ გადაწყვეტილების“, - აცხადებს ქართველიშვილი და დასძენს, რომ პრეზიდენტი არღვეს კონსტიტუციას, თუ არ არღვევს, ამ შანსებს ხელიდან არ გაუშვებს და მაქსიმალურად შეეცდება, რომ მთავრობის მიერ გაწეული წარმატებული მუშაობა ნაწილობრივ მიისაკუთროს და ექსპოპრიაცია მოახდინოს ამ შედეგის.
„რომ არ ჩავიდეს პარიზში, არ მოხდეს პრესის ფურცლებზე, არ თქვას თავის სასარგებლოდ ორი-სამი პოლიტიკური განცხადება, რომ სამწუხაროდ, უწევდა „ძალისხმევის გაწევა“ კონსტიტუციის მოთხოვნების უგულებელყოფის ხარჯზე და სწორედ მას, როგორც ქვეყნის პრეზიდენტს, დიდი წვლილი მიუძღვის ევროპულ გადაწყვეტილებაში.
ის, როგორც მომავალი ახალი პოლიტიკური პარტიის ლიდერი, ამ შანსს არ გაუშვებს ხელიდან და ამის იმედი ნუ ექნება ნურავის. ის მაქსიმალურად შეეცდება, რომ მთავრობის მიერ გაწეული მუშაობა და წარმატება ნაწილობრივ მიისაკუთროს. ექსპოპრიაცია მოახდინოს აი, ამ შედეგის. ამიტომ, ამას ექნება ადგილი ახლაც და მომავალშიც. დანარჩენი უკვე მართლა იურისტების საქმეა, რამდენად არღვევს ეს ქალბატონი არა მხოლოდ კონსტიტუციას, არამედ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ რომელიმე სხვა კანონს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილი.
ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, პრეზიდენტი, რომელსაც გამოტანილი აქვს განაჩენი და მხილებულია კონსტიტუციის დარღვევაში, მიდის ღია პროვოკაციაზე.
„როგორც ბაბუაჩემის ბაბუა იქნება ოპოზიციის ხელმძღვანელი, აი, ასე იქნება სალომე ზურაბიშვილი. ეს ქალბატონი უკვე ეწინააღმდეგება საკუთარ თავს და სად წაჩერჩეტდება, სად რას იბჟუტურებს ეს დედაბერი, ეს უკვე არანაირად არაა საინტერესო. მას გამოტანილი აქვს განაჩენი, რომ საქართველოს ჰყავს კონსტიტუციის დამრღვევის პრეზიდენტი.
ალბათ, იმდენს იხიმანდრებს ამ სიბერეში, გურულები რომ იტყვიან - ქათამმა ჩხრიკა, ჩხრიკა და თავისი დასაკლვი დანა თვითონ გამოჩხრიკაო. დავსვათ კითხვა, რა სახსრებით მოძრაობს? - იმ სახსრებით, რასაც ჭიჭიკოები, ბიჭიკოები, პატიკოები ურიცხავენ? ხომ ხედავთ, კიდევ პროვოკაციებზე მიდის. ეს ადამიანი რომ არ იყო პრეზიდენტი, მისი თავისთვის ჯობია, თორემ საქართველოს სახელმწიფოს ვერც ვერაფერს დაამატებს და ვერც ვერასდროს ვერაფერს დააკლებს. რაც იყო, ის არარაობა რჩება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.