„ხელისუფლება „პრორუსია“, ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს - დასრულდა, ევროპამ ბევრი რამ გაიაზრა და საქართველოს შიდა პოლიტიკაში ძალიან კარგად გაერკვა“

„ხელისუფლება „პრორუსია“, ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს - დასრულდა, ევროპამ ბევრი რამ გაიაზრა და საქართველოს შიდა პოლიტიკაში ძალიან კარგად გაერკვა“

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - ევროკომისიამ საქართველოს დადებითი რეკომენდაცია მისცა და ჩვენს ქვეყანას, დამატებითი დათქმებით, ევროპული ოჯახის კარი გაუღო. ხოლო საბოლოოდ გადაწყვეტილება კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე ევროპულმა საბჭომ დეკემბერში უნდა მიიღოს. საქართველოს მთავრობას ახალი საშინაო დავალება აქვს შესასრულებელი, რომელიც 9 პუნქტისგან შედგება. ევროკომისიამ „ოცნებას“ დავალებად მისცა, რომ აუცილებლად გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩაატაროს; საქართველოს ხელისუფლების განცხადებები, რომელიც უკავშირდება საგარეო პოლიტიკას, უნდა იყოს ახლოს ევროკავშირის პოზიციასთან; ასევე, უნდა შეწყდეს დეზინფორმაციის გავრცელება ევროკავშირზე.

122 დოკუმენტში მიმოხილულია საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა, სასამართლო სისტემა, ადამიანის უფლებები. ქვეყანას ერთი წელი აქვს იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრობისთვის მოლაპარაკებების ფანჯარა გაიღოს.

ამის პარალელურად, საყრდენგამოცლილმა ოპოზიციამ დაიწყო ახალი კამპანია, რომ კანდიდატის სტატუსი ევროკავშირმა მისცა ქართველ ხალხს და არა ხელისუფლებას. „ოცნება“ კი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ხალხის მიერ არის არჩეული და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ 12-პუნქტიანი რეკომენდაცია შეასრულა, რაშიც ოპოზიციას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია და პირიქით, ევროპარლამენტში კოლეგებს არწმუნებდნენ, რომ სტატუსი ამ ხელისუფლების პირობებში ქვეყნისთვის არ მიეცათ.

სტატუსი 9 დათქმით EU-სგან

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს დეოლიგარქიზაციის მიმართულებით აღებული ვალდებულება, ეკონომიკაზე, პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის გზით - ამის შესახებ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშშია ნათქვამი.

ევროკომისიის რეკომენდაციების თანახმად, საქართველომ უნდა გააგრძელოს დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის განვითარება და გაუმჯობესება.

„საქართველომ უნდა გააგრძელოს დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის განვითარება და გაუმჯობესება, რათა უზრუნველყოს ყველა საკვანძო მიმართულებით ეფექტური ზომების მიღება. ეფექტურმა იმპლიმენტაციამ უნდა მიგვიყვანოს ხელშესახები გამოცდილების დაგროვებამდე.

სწრაფად უნდა შეიქმნას კოორდინაციისა და მონიტორინგის ინკლუზიური და საიმედო მექანიზმი, რომელიც შესაძლოს გახდის სამოქმედო გეგმის დროულ გადახედვასა და მის შევსებას საჭიროების შემთხვევაში“, - ნათქვამია ანგარიშში.

რეკომენდაციები ასევე შეეხო კორუფციის წინააღმდეგ მუშაობის პროცესს.

„საქართველომ უნდა გააძლიეროს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა, თავი მოუყაროს ყველა საკვანძო ანტიკორუფციულ ფუნქციას, რათა მკაცრად განიხილოს მაღალი დონის კორუფციული შემთხვევები. ახალი სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახური აღჭურვოს მათი მანდატის შესაბამისი რესურსებით და უზრუნველყოს მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.

პარლამენტმა მიიღო კანონმდებლობა, რომელიც აძლიერებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილებას და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლების სოციალური დაცვის შეღავათებს. 2022 წლის ODIHR-ის რეკომენდაციები სამსახურის უფროსის დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ უნდა იქნას განხილული.

საქართველომ ასევე უნდა გადახედოს კანონმდებლობას ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შესახებ, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად“, - ნათქვამია ანგარიშში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროინტეგრაციის გზაზე წარმატება და რეკომენდაცია ეფუძნება მიღწეულ შედეგებს და შედეგები ხელისუფლებამ დადო. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, ეს ანგარიშშიც მკაფიოდ წერია.

მისი თქმით, ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე „რადიკალურ“ ოპოზიციას არაფერი გაუკეთებია. მისი თქმით, თუკი რომელიმე ხელისუფალმა ამისთვის რაიმე გააკეთა, ეს „ქართული ოცნებაა“.

„სტატუსს მიიღებს ჩვენი ქვეყანა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ანგარიშში როგორც წერია, იქ ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ წერია, რომ ეს რეკომენდაცია ეფუძნება მიღწეულ შედეგს და შედეგები დადო ხელისუფლებამ, მთავრობამ, იმ ხელისუფლებამ, რომელიც არის არჩეული ქართველი ხალხის, ამომრჩევლის მიერ. ასე რომ, ეს სპეკულაცია, თითქოს ეს მხოლოდ ხალხის ნების გამოხატულების გამო იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, არის გადაჭარბებული, მცდარი, ეს არის ჩვენს მიერ მიღწეული შედეგის აღიარება და დაფასება“, - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

ახალი რეკომედაციები და როგორ გამოიყენებს მას ოპოზიცია

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ თუ გავითვალისწინებთ იმ დათქმებს და რეკომენდაციებს, რომელიც ვროკომისიის ცალკე დოკუმენტში საქართველოსთან დაკავშირებით არის მოცემული, იქ არის ისეთი მომენტები, რომელიც ოპოზიციას კვლავ მისცემს საშუალებას, რომ ეს თემები პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენოს. ამიტომ ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ დადებითი პასუხის მიღების შემდეგაც, ოპოზიცია ამ თემით სპეკულაციებს ისევ გააგრძელებს.

„ევროკომისიის მიერ მოცემულ ანგარიშში საქართველოსთან დაკავშირებით, იქ არის ისეთი საკითხები, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ეხება. ასევე საუბარია დეპოლარიზაციაზე და საგარეო პოლიტიკაზე, რომლით სპეკლირებაც ოპოზიციას ისევ შეუძლია. თუ მათ ჩათვალეს, რომ ეს რეკომენდაციები ხელისუფლების მიერ ისე არ სრულდება, როგორც მათ სურთ და წარმოუდგენით, ააგორებენ, რომ ხელისუფლება ამ რეკომენდაციებს კვლავ არ ასრულებს. ევროკომისიამ ამ გადაწყვეტილებით მნიშვნელოვანწილად გამოაცალა მთავარი არგუმენტი, რომ ხელისუფლება „პრორუსულია“ და ა.შ. მაგრამ იქ არის ის დათქმები, რომელსაც ოპოზიციამ შეიძლება ისევ საკუთარი ინტერპრეტაცია მოუძებნოს და ისევ ის ნარატივი გააგრძელოს. სხვა მეტი ოპოზიციას ხელჩასაჭიდი არაფერი აქვს. არანაირი პოზიტიური დღის წესრიგი აღარ აქვთ და ისევ ამ დღის წესრიგს გაჰყვებიან. ნუ, საზოგადოებაში ამას რამდენად ექნება დამაჯერებლობა, ეს სხვაა, მაგრამ ამ ძირგამომთხრელ საქმიანობას მაინც გააგრძელებენ. ამის ნათელი მაგალითი კი საიტი mon.ge-ია, რომელსაც ხელისუფლების გასაშვებლად იყენებენ“, - ამბობს ანჯაფარიძე.

თუ როგორ აისახება ეს დადებითი გადაწყვეტილება 2024 წლის არჩევნებზე ხელისუფლებაზე და ოპოზიციაზე, ამაზე ანჯაფარიძე ამბობს, რომ მანამდე კიდევ წელიწადნახევარია დარჩენილი და არავინ იცის მოვლენები როგორ განვითარდება. ანჯაფარიძე ამბობს, რომ „ოცნებას“ რეკომენდაციები ექნება შესასრულებელი და ეს შესაძლოა, საარჩევნო ბარიერის დაწევასაც კი ნიშნავდეს. ამიტომ, თუ ეს მოხდა და საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა განხორციელდა, ბარიერის 5%-დან 3%-მდე დაწევა მოხდა, ეს პოლიტიკურ პასიანს მნიშვნელოვნად შეცვლის.

„ის ახალი რეკომენდაცია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ოპოზიციასთან ურთიერთობა უნდა გააუმჯობესოს, ვშიშობ ვერ შესრულდება. შესაძლოა, ამის იმიტაცია შექმნან, მაგრამ ეჭვი მეპარება. ყველაზე უფრო მტკივნეული და რთულად შესასრულებელი შესაძლოა ის რეკომენდაცია იყოს, რომ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სრულად შეერთება მოსთხოვონ. ეს კი რთული შესასრულებელი იქნება, რადგან ჩვენი ეკონომიკა სამწუხაროდ, ჯერ ისევ რუსეთის ეკონომიკაზეა მიბმული და ჩვენი ევროკავშირი არანაირ დამცავ მექანიზმს არ გვთავაზობს. ჩვენ თუ რუსეთთან ეკონომიკურ თანამშრომლობას ნაჯახისებურად ჩავჭრით და სანქციებს დავუწესებთ, ზუსტად ისე სარკისებურად, როგორც ევროკავშირმა, ხოლო რუსეთი იგივე საპასუხო დამსჯელ ნაბიჯს გადადგამს, მაშინ ჩნდება კითხვა, როგორ დაგვიცავს ამისგან ევროკავშირი? შესაბამისად, ამან შეიძლება ქვეყანაში ძალიან ცუდი პროცესები ააგოროს და ეკონომიკურ - სოციალური კუთხით ქვეყანაში სიტუაცია ძალიან გაართულოს“, - ამბობს ანჯაფარიძე.

რას იზამს ოპოზიცია სტატუსის მიღების შემდეგ

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან მიჩნევს, რომ ოპოზიციამ შეცდომა დაუშვა, როდესაც თავიდანვე მთელი პოლიტიკური კამპანია და დღის წესრგი კანდიდატის სტატუსზე ააგო. ოპოზიციას ხელისუფლების წინააღმდეგ ქმედება კიდევ უფრო გაუჭირდება, რადგან ახალი თემა აქვს მოსაძებნი, რომელსაც ამდენი ხანი ვერ მიაგნო.

„არ ვიცი, ამის შემდეგ ოპოზიციამ რა უნდა გააკთოს, რადგან ამდენი ხანი სხვა თემა და პრობლემა ამ ქვეყანაში ვერ იპოვეს. ფაქტია, რომ „ოცნებამ“ ყველა იმ პუნქტში მოუგო, რომელსაც ოპოზიცია მის წინააღმდეგ იყენებდა. ის, რომ ხელისუფლება „პრორუსია“ ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს, დასრულდა და ეს ისედაც წაგებული თამაში იყო. ევროპამ ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამე გაიაზრა და ვფიქრობ, საქართველოს შიდა პოლიტიკაში ძალიან კარგად გაერკვა. მიხვდნენ, რომ ბევრი შეცდომა დაუშვეს და ამით რუსეთის გავლენა და ინტერესები საქართველოს მიმართ კი არ შემცირდა, პირიქით - გაიზადა. ასევე, ნახეს, რომ „ოცნებამ“ პოლიტიკა კი არ შეცვალა, არამედ საკუთარ თავზე მოირგო და ხალხმა დაიჯერა, რომ კანდიდატის სტატუსის არმოცემაში ხელისუფლება კი არაა დამნაშავე, არამედ დასავლეთი.

ევროპაში ამ ყველაფრის ანალიზი მოხდა. დაინახეს, რომ ოპოზიცია ძალიან სუსტია და მიუხედავად მათი მხარდაჭერისა დასავლეთიდან, ვერაფერი გააკეთეს. ხალხი თავის სიმართლეში ვერ დააჯერეს. მაგალითად, სააკაშვილის თემასთან დაკავშირებით რაც მოხდა - რა რეზოლუციებიც დასავლეთმა სააკაშვილის ჯამრთელობასთან დაკავშირებით მიიღო, ამან ხალხი პირიქით გააღიზიანა. აღმოჩნდა, რომ ევროპელებს ჩვენი ოპოზიცია ატყუებდა და პირიქით, ხალხის გაღიზიანებას იწვევდა მათი განცხადებები სააკაშვილის ჯამრთელობაზე. ამ ყველაფრის გადაფასება მოხდა. ასევე გეოპოლიტიკური ფაქტორი - ძალიან რთული სიტუაციაა რეგიონში და მეორედ უარის თქმა, ქართველ ხალხში ანტიდასავლურ განწყობებს გაზრდიდა. ამიტომ სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული“, - ამბობს ძაბირაძე.

მისივე თქმით, თუკი ოპოზიცია კვლავ ამ დღის წესრიგით გააგრძელებს ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებას, 2024 წლისთვის იმაზე მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდებიან, ვიდრე დღეს არიან. ხელისუფლებას კანდიდატის სტატუსი უნდა თუ არა ვინმეს, ხელში გამარჯვების არგუმენტად აქვს და მისი პრორუსულობის შესახებ პროპაგანდა დამაჯერებელი აღარ იქნება. ძაბირაძე ამბობს, რომ სააკაშვილი თავს პროდასავლელ ლიდერად ასაღებდა, მაგრამ ქართველი ხალხისთვის ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი არ აღმოჩნდა, ის ხელისუფლებიდან გაუშვეს. ამიტომ, ოპოზიცია მხოლოდ ამ დღის წესრიგით მოქმედებას თუ გააგრძელებს, ხელისუფლებას საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების კვლავ დიდი შანსი ექნება.

 

ლაზი ევროპას თავისი ინტერესები ძალიან კარგად აქვს გააზრებული. ისინი ყველაფერს სათავისოდ აკეთებენ და ნურავინ ნურაფერს გვამადლის. საქართველო ბევრ, შუა ევროპაში მდებარე ქვეყანაზე, უფრო ევროპულია თავისი ცივილიზავიითა და მენტალიტეტით.
ევროპულობისათვის ფორმალური წევრობა გადამწყვეტი არ არის. თუმცა წევრის სტატუსი ზედმეტი ნადვილად არ იქნება, რაც შეიძლება სხვებზე ადრეც მივიღოთ. საქართველოს ღირსეული წევრის ამბიცია აქვს, რაც სავსებით სწორია. ხვეწნითა და შეცოდებით მოცემული სტატუსი ქართველობასთან შეუთავსებელი იქნებოდა.
1 წლის უკან