იმედია, ჩვენი უახლესი ისტორიის ოცდახუთმა წელმა, აღსავსემ წარმატებებითა და წარუმატებლობით, ფასდაუდებელი გამოცდილება შეგვძინა. დღეს, როდესაც პოლიტიკური კრიზისის ყველა ნიშანი სახეზეა, ქართული საზოგადოება დიდი გამოწვევების წინაშეა. მიუხედავად იმისა, გაიზიარებს თუ არა ვინმე ამ თვალსაზრისს, რეალობა ასეთია - ქართულ პოლიტიკაში ორი ძლიერი მოთამაშის წასვლის შემდეგ "მართვადი ქაოსის დადგომა" შესაძლებელია. ამაში კი ვგულისხმობ შემდეგს:
1. 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, თუ ამ არჩევნებს, სავარაუდოდ, კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატი მოიგებს, ნიშნავს, რომ ოქტომბრიდან ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა, მთლიანად, მხოლოდ ახალი ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნება და შესაბამისად, მთავრობა ვეღარ შეძლებს წარუმატებელ თუ უშედეგო პოლიტიკაზე პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას, რაც აქამდე, ჯერ კიდევ იყო მისთვის შესაძლებელი.
2. საქართველოს დღევანდელი პარლამენტი დაკომლექტებულია ორი ძალით. აქედან ერთი საბრალდებო სკამზე ზის, ხოლო მეორეში ვინც არის, შეიყვანა ერთმა კაცმა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. რადგან თავის დროზე პრემიერმა შეასრულა ლოკომოტივის როლი და ხელისუფლებაში მოიყვანა ის პოლიტიკური ჯგუფები, რომელთაც დამოუკიდებლად ხელისუფლებაში მოსვლის არანაირი შანსი არ ჰქონდათ, ე.ი. ეს პარლამენტი არ გამოხატავს ხალხის ნებას. თანაც საქართველო მიდის რესპუბლიკური საპარლამენტო სახელმწიფოებრიოებისკენ, ამას კი სჭირდება მრავალპარტიული მოაზროვნე პარლამენტი და არა ისეთი როგორიც დღეს არის.
ბ-ნი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ პარლამენტის ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. დღის წესრიგში აუცილებლად გაჩნდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხი, რომელსაც, ბუნებრივია, არ დაუშვებენ საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრილი როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის წარმომადგენლები. მათი ეს სურვილი მხარდაჭერილი იქნება გარეშე ძალების მხრიდანაც, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას.
3. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ უახლოეს ხანში კოალიცია ,,ქართული ოცნების” დაშლა გარდაუვალი პროცესია, ასეთ დროს საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობაში მონოლითურ ძალად დარჩება ნაციონალური მოძრაობა, რამაც შესაძლოა საზოგადოებაში პროტესტის ახალი ტალღა გამოიწვიოს. ადვილი შესაძლებელია სამართლიანობის მოთხოვნა ხალხში უმართავ პროცესებში გადაიზარდოს. ,,გარეთ გახედვის“ სურვილის დაკარგვას რომ თავი დავანებოთ, უახლოეს მომავალში არანაირი თვისობრივ პოზიტიურ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, მეტიც, კვალიფიციურ ექსპერტთა მტკიცებითაც, ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდება, სოციალური, ეროვნებათაშორისი და რელიგიათშორისი დაპირისპირებაც გაიზრდება. ასეთი სიტუაციისთვის კი წინასწარ დაწერილი სცენარებით, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, ამის ამსახველ კადრებს ჩვენი არცთუ შორეული მეზობლების შესახებ ყოველდღიურად ვუყურებთ. თავიდან რომ ავიცილოთ ეს ყოველივე, გამოსავალი, გვსურს თუ არა, ერთია - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. მაგრამ არც ეს იქნება ,,ხსნა.“ თუ სახელმწიფო მართვაში აქტიურად არ ჩაებნენ ინტელექტუალები, მათ პოლიტიკურ მოღვაწეებთან ერთად არ გადაინაწილეს ფუნქციები და შესაბამისად პასუხისმგებლობებიც, მეეჭვება რომ მყარი შედეგი მალე დადგეს. ამ აზრს გუნება-განწყობა კი არ მკარნახობს, არამედ ჩვენი ქვეყნის ვერ ნასწავლი გაკვეთილები, რომელთაგან თუნდაც ერთს გაგახსენებდით:
1918 წელს გამოცხადდა თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობა, სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ხელში აიღო მთელი სახელმწიფოს მეთაურობა. საქართველოში იმ დროს საკმაოდ იყო ინტელიგენცია, გამოცდილი მოხელეები და სხვანი, მაგრამ მათ არავინ იყენებდა, თუ ისინი სოციალ-დემოკრატთა პარტიის წევრნი არ იყვნენ. ამ მიზეზის გამო ისეთი თანამდებობა, როგორიც იყო სამხედრო მინისტრობა, ეკავა ექიმ-გენეკოლოგს, გენერალ-გუბერნატორად სოფლის აგრონომი იყო, კიდევ სხვა მინისტრად - დურგალი. მენშევიკების ხელისუფლება უფრო განმტკიცდა 1919 წელს, როცა საქართველოში დაფუძნებული კრება აირჩა. ქართულ პარლამენტში უმეტესობად მენშევიკები შევიდნენ, 600000-მა ქართველმა მისცა მათ ხმა. ახალი პარლამენტის შემადგენლობაში ვერ შევიდნენ ეროვნული მიმართულების პარტიები და კიდევ იცით ვისთვის არ აღმოჩნდა ადგილი, ქართული უნივერსიტეტის დამაარსებლის - ივანე ჯავახიშვილისთვის.
1921 წლის თებერვალში, როცა საბჭოთა რუსეთმა განახორციელა საქართველოს ოკუპაცია. უკვე ყოფილი დამოუკიდებელი ქვეყნიდან გაქცეულ სოციალ-დემოკრატთა მინისტრებს, რადგან ფული გაბონებული იყო, საკუთარ კაბინეტებში ქრთამად აღებული ფქვილის ტომრები დარჩათ...
ესეც საოცრად სიმბოლურია!
ამიტომ თავად ამომრჩეველი ვალდებულია არ დარჩეს ინდიფერენტული და იზრუნოს საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ცნობიერების ინტელექტუალების მოყვანაზე.
ნუ დაგვავიწყდება, რომ თუ ოქტომბრის ცნობილ მოვლენებამდე ჩვენი ახალგაზრდობის ყველაზე ამაღლებული ნაწილისთვისაც სამშობლოს გადამრჩენი გმირი არა თუ ეროვნული, არამედ ისევ ეკრანიდან მოვლენილი, ქვედა კაბითა და მძიმე მახვილით შეიარაღებული მელ გიბსონი იყო, ამჯერად ასეთი გმირი საზოგადოების თვით ყველაზე იმედდაკარგულმა წევრმაც კი საკუთარ თავში აღმოაჩინა. ამიტომ, დროა ბატონებო, ერთიანი, ძლიერი, საქართველოს მშენებლობა იმ ადამიანებს ვანდოთ, რომლებსაც სჯერათ ამ ქვეყნის მომავლის და საკუთარი ერის რწმენა გააჩნიათ!
ამისთვის კი საჭიროა საინფორციო საშუალებებმა გახსნან დახურული სივრცე, სადაც დრო და ადგილი ერთი და იგივე სახეებისთვის არის დათმობილი, მიუხედავად იმისა დარჩათ თუ არა მათ რაიმე სათქმელი.
ქვეყანას ახალი, ნიჭიერი ხალხის გამოვლენის შესაძლებლობა და ასპარეზი უნდა მივცეთ!
არავინ დავობს იმაზე, რომ ,,სამართალმა პური უნდა ჭამოს“ და დამნაშავენი დაისაჯონ, მაგრამ თუ სადღაც, პოლიტტექნოლოგები ჩვენთვის პოლიტიკური კრიზისის პირობებისთვის, ეგვიპტის ან სირიის მსგავს სცენარს წერენ, ასეთ დროს უნდა გვახსოვდეს თუ რა გამოვიარეთ 90-იან წლებში.
დღეს, როცა საზოგადოებაში ყველა თვითორგანიზებული ჯგუფი, განსხვავებული ცნობიერებით აღიქვამს ეპოქალურ მოვლენებს და ურთიერთდაპირისპირებით რეალურად ვდგავართ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე, ჩვენ კონსოლიდირებულნი უნდა ვიყოთ, რათა შევინარჩუნოთ ქვეყნისთვის მშვიდობა და სტაბილურობა. ამიტომ საქართველოს დღეს, როგორც არასდროს სჭირდება ერის გამაერთიანებელი იდეა...
წლების განმავლობაში ჩვენს საზოგადოებაში დაგროვილი ყოველგვარი ნეგატიურის ერთადერთი გამტარი, დამმიწებელი კი ეს არის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეოლოგია, რომელსაც შეუძლია ეროვნული იდეის გარშემო თავი მოუყაროს ტრადიციულ ღირებულებებზე აღმოცენებულ ყველა იდეას, ღირსეულ ადამიანებს და საერთო-სახალხო სიკეთისათვის შექმნას ხელსაყრელი პირობები...
ნუ დაგვავიწყდება, რომ თუ ვემსახურებით საქართველოს, მაშინ თითოეული ჩვენგანისთვის უმთავრესი საზრუნავი უნდა იყოს - საქართველო უპირველეს ყოვლისა!