საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია. 15 დეკემბერს ევროპული საბჭოს 27 წევრი ქვეყანა მიიღებს გადაწყვეტილებას უშუალოდ წევრობის შესახებ. მაგრამ, დღეს ქვეყანა ევროკომისიის დასკვნას ელოდება. პროგნოზები ოპტიმისტურია. ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინშია პრენიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკომისიის გადაწყვეტილება საქართველოს ევროპულ მომავალს განსაზღვრავს. საქართველო რომ კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ეს უკვე იციან ოპოზიციაში, მაგრამ აცხადებენ, რომ თუკი დადებით გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს საზოგადოებისა და მათ შორის გეოპოლიტიკური სიტუაციის დამსახურება იქნება.
გადაწყვეტილება რომ დადებითი იქნება, ამაზე საუბრობს ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, რომლის განცხადებით, არ შეიძლება ევროკავშირის კარი დაუხურონ საქართველოს, მიუხედავად მმართველი პარტიის მიერ ბოლო დროს გადადგმული ზოგიერთი შემაშფოთებელი ნაბიჯისა. მისი თქმით, ევროპის სტაბილურობისა და კეთილდღეობის მისაღწევად ძირითად ინსტრუმენტად გაფართოების პოლიტიკა რჩება.
„ჩვენ არ გვაქვს უფლება გავიმეოროთ შეცდომები და დავტოვოთ ჩვენი პარტნიორები ნაცრისფერ ზონებში. დიდი ყურადღებით ვაკვირდები დასავლეთ ბალკანეთსა და თურქეთში არსებულ ვითარებას. ვაფასებ უკრაინისა და მოლდოვის მიერ მიღწეულ პროგრესს, მიუხედავად უჩვეულო გარემოებებისა და პირობებისა. ჩვენ არ შეგვიძლია დავუხუროთ ევროკავშირის კარი საქართველოს, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მის მიერ გადადგმული ნაბიჯების შეფასებისას, მიუხედავად მმართველი პარტიის მიერ ბოლო დროს გადადგმული ზოგიერთი შემაშფოთებელი ნაბიჯებისა“, - აცხადებს ანა ფოტიგა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციისა და რამდენიმე ა-ო წელიწადნახევრიანი საბოტაჟის მიუხედავად, კანდიდატის სტატუსზე პოზიტიური გადაწყვეტილება თუ იქნება მიღებული, ესეც დიდი მიღწევა იქნება. როგორც შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რამდენიმე არასამთავრობომ იმავე დღეს მოაწყო აქცია, როდესაც 12 რეკომენდაციის პირველი რეკომენდაცია - დეპოლარიზაცია გამოცხადდა.
„კანდიდატის სტატუსის მონიჭება იქნება არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების საქმიანობის შეფასება და დაფასება, არამედ ეს იქნება უსამართლობის გამოსწორება. რაც შეეხება საუბრებს იმაზე, თითქოს, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება გეოპოლიტიკის, ქართველი ხალხის გამო და ა.შ. შარშან ივნისში ქართველი ხალხი რაიმე სხვანაირი ხალხი იყო? თუ შარშან ივნისში ქართველ ხალხს ევროკავშირი პატივს არ სცემდა? თუ გეოპოლიტიკა იყო სხვანაირი? თუ შავი ზღვა დაშრა და სახმელეთო საზღვარი გაგვიჩნდა ევროკავშირთან? არაფერი ამ მხრივ არა შეცვლილა. გეოპოლიტიკურად იმდენადვე მნიშვნელოვნები ვართ, როგორც ვიყავით შარშან, ივნისში; ქართველი ხალხი იმდენადვე იმსახურებს ახლა, როგორც იმსახურებდა შარშან, ივნისში. ასე რომ, პოზიტიური გადაწყვეტილების მოლოდინი გვაქვს და იმედი მაქვს, რომ შეფასებაც და დაფასებაც იქნება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მაშ ასე, მოლოდინი ოპტიმისტურია, თუმცა პრეზიდენტმა საინტერესო იდეა შესთავაზა საზოგადოებას, რომელმაც მათ 8 ნოემბერს, ორბელიანის სასახლესთან შეკრებისკენ მოუწოდა. სალომე ზურაბიშვილი ხელმოწერების შეგროვების დაწყებასაც გეგმავს სათაურით - „რუსეთი ჩვენი მომავალი არაა და ჩვენ ევროპაში შევალთ“.
„არ დავიწყებ ამ თემის გაშლას, მაგრამ ყველამ უნდა გაიგოს, ცრუ მოლოდინები არ იყოს, ეს არის დასკვნა, გადაწყვეტილება რასაც ჰქვია, იქნება ის გადაწყვეტილება, რომელიც 15 დეკემბერს იქნება 27 წევრი ქვეყნის მიერ მიღებული. არავის შეუძლია დღეს იმ ქვეყნების გადაწყვეტილებაზე წინსწრებით რამე თქვას, ეს თუნდაც პატივისცემაა ამ ქვეყნების სუვერენულობის მიმართ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ ყველას შეუძლია შეუერთდეს პრეზიდენტის მოწოდებას, მაგრამ მისთვის გაუგებარია და ვერ ხვდება, რა საჭიროა ამ შინაარსის შეკრება, როცა ყველამ იცის, რომ ჩვენი საზოგადოება პროევროპულია.
„საერთაშორისო პარტნიორებმაც იციან, რომ საქართველოში საზოგადოება პროევროპულია, ამიტომ მისთვის, გაუგებარია, რა საჭიროა ამის გაკეთება. ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში და თავისი პოლიტიკური გემოვნების მიხედვით შეუძლია გააკეთოს, რაც მას სურს. შეუძლია მოუწოდოს ხალხს და შეუერთდეს ნებისმიერ მოწოდებას, თუ ის კანონის ჩარჩოში იქნება. თუ ეს იქნება ევროპული ინტეგრაციისთვის მოწოდება, კი ბატონო, შეუერთდნენ, ხელი მოაწერონ, უბრალოდ, მე ვერ ვხვდები, რა საჭიროა ამის გაკეთება.
იმედიანად ვართ განწყობილი, რომ ოპოზიციის ნაწილის მცდელობები, დააზიანონ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, ფუჭი იქნება და ქვეყანა დეკემბერში სტატუსს მიიღებს. ვიცით, რომ ოპოზიცია არ ეშვება მცდელობებს, დააზიანონ ეს გადაწყვეტილება და როგორმე ხელი შეუშალონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ამაზე ისინი დიდი ხანია, მუშაობენ“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
პოზიტიური მოლოდინი აქვთ ანალიტიკოსებს. რომელთა შეფასებით, არსებობდა შიში, რომ შეიძლებოდა რაღაცა ეხიმანდრათ ჩვენს „მეგობრებს“ და ქართულ ოპოციას, მაგრამ როგორც ჩანს, გადაიწევს სასწორი და ამ ეტაპზე ქვეყანა გადაურჩა მორიგ იმედგაცრუებას.
პოლიტოლოგი ლუკა ეხვაია აცხადებს, რომ ერთი მხრივ, სტატუსის მიღების შემთხვევაში, მაიდანის ქართული სცენარი გადავადდება, შიდა პოლარიზაციის ხარისხი შემცირდება, კოლექტიური შიზოფრენია იკლებს და რაღაც დროით ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობა შენარჩუნდება, მაგრამ როდემდე, ეს უცნობია.
„თუმცა, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს დროებითი ზავის ნაწილი იქნება. მეორე მხრივ, სტატუსის გადმოცემის შემთხვევაში, დასავლეთს შეუნარჩუნდება და გაეზრდება მთავრობის, სახელმწიფოს კონტროლის ბერკეტი და კვლავ გაგრძელდება შანტაჟი და დაუსრულებელი კინკლაობა იმაზე, თუ ევროკავშირის რომელი რეკომენდაცია სრულდება და რომელი - არა. ქვეყნის შიდა პოლიტიკა ამ ბაკქანალიაში ჩაიკარგება, როგორც აქამდე იყო. ამ შემთხვევაში, სტატუსის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია უფრო ხისტ ფორმებს მიიღებს, რაც შორეულ პერსპექტივაში არაერთ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეიძლება ითარგმნოს.
სტატუსის ვერმიღების სცენარიც არც ისე მარტივი შესაფასებელია, როგორც ინფანტილური მედია გვისახავს. კი, ნამდვილად დაანონსდება ქუჩის პროტესტი, ნაცებს და მათ მოკავშირეებს სრულიად ლიბერალობას კონსოლიდაციისთვის საფუძველი მიეცემათ, მაგრამ თუ ეს კრიზისი გადაილახა, შესაძლოა, მართლაც გაჩნდეს სივრცე იმისთვის, რომ ევროკავშირთან თანასწორობაზე და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული დიალოგი ვაწარმოოთ“, - აცხადებს ეხვაია.
მისი თქმით, დასავლეთი ხედავს, რომ კავკასიაში მათი გავლენების უკანასკნელი ბასტიონი სწორედ საქართველოა, რადგან თურქეთი და აზერბაიჯანი დაკარგულია, სომხეთშიც მათთვის დიდი ვერაფერი სახარბიელო ვითარებაა. შესაძლოა, დადგეს მომენტი, როდესაც დასავლეთს უფრო დასჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს დასავლეთი.
„თუმცა, სტატუსის ვერმიღების სცენარს ახლავს დიდი რისკი - მთავრობამ ვერ მოახერხოს გარედან ორკესტრირებული საპროტესტო ტალღის შედეგად დამდგარი კრიზისის გადალახვა. ამიტომ, ამ რისკის გაწევის ნაცვლად, როგორც ჩანს, მთავრობა ლავირების პოლიტიკას ირჩევს და აგრძელებს. ესაა საკითხის რეალპოლიტიკის პრიზმიდან ანალიზი, რაც იდეოლოგიზებულ ბოდვებს გამორიცხავს“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ლუკა ეხვაია.
ანალიტიკოსი ლევან ადეიშვილი დარწმუნებულია, რომ დიდი ალბათობით, გადაწყვეტილება იქნება დადებითი. მაგრამ ამბობს, რომ ამით არაფერი არ იცვლება, გარდა იმისა, რომ დაგეგმილი დესტაბილიზაცია ცოტა შენელდება. ადეიშვილი დარწმუნებულია, რომ რადიკალური ოპოზიცია დაიწყებს სხვა მიზეზის ძებნას და უკვე დაიწყეს საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული ადამიანის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება.
„რუსეთს პრობლემა არ აქვს ჩვენი ევროკავშირთან ურთიერთობის, მას ნატოსთან აქვს პრობლემა. რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, ოპოზიციას გამოელევა მიზეზი დაიწყოს რადიკალური პროცესები, მაგრამ დაიწყებს სხვა რაღაცაზე ყურადღების გადატანას. რაც მთავარია, ჩვენთვის ქვეყნისთვის არ იცვლება არაფერი. სტატუსი ქვეყნისთვის არაფერი წინსვლა არ არის, არანაირ დახმარებას მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით არ ითვალისწინებს, არც ევროპულ ბაზარს გაგვიღებს ვინმე და რაც მთავარია, თუ ადრე გვაძლევდნენ რეკომენდაციებს, იმ საშინელი კანონის მიღების შესახებ - რასაც ჰქვია ერთსქესიანთა ქორწინება, ახლა პირდაპირ დაგავალდებულებენ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლევან ადეიშვილმა.
ევროპაში ვოიაჟიც მაგიტომ აიტეხა (ოცნებამ რომ დაუშალა), რომ უკვე კანდიდატის სტატუსზე ევროკავშირის კულუარებში უკვე მიღებული გადაწყვეტილება თავის აქტივში ჩაეწერა.