სერგი კაპანაძე უკვე მერამდენედ ებმება პოლიტიკურ სკანდალში. 7-8 მარტის აქციებისას კაპანაძე პარლამენტში შევარდნასა და ამ შევარდნისთვის მწვანე შუქის ანთებაზე საუბრობდა, ახლა კი „თრანზიშნ მედიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით, „საქართველო ანტიდასავლურ დრამზე ურტყამს“, სერგი კაპანაძე წერს, რომ „ბედის ირონიით, საქართველომ შესაძლოა, წელს მაინც მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, თუმცა ბლოკის 12 პრიორიტეტიდან მხოლოდ სამი შეფასდა შესრულებულად“.
ქართული ანალიტიკური ცენტრის-Grass-ის დამფუძნებელი სერგი კაპანაძე „რეკომენდაციებს“ არ იშურებს ევროკავშირისთვის, ის მოითხოვს, ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსის წინაპირობად სააკაშვილის პრობლემის გადაწყვეტა და რუსეთისთვის სანქციების დაწესება დააყენოს.
სერგი კაპანაძე ერთადერთი არ არის ქართველ არასამთავრობოებს შორის, რომელიც ასეთი რადიკალური განცხადებებით გამოირჩევა. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ მდიდარი „ენჯეოშნიკების“ მიზანია, ქაოსში შეიყვანონ ქვეყანა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა მიიჩნევს, რომ ამერიკელი ხალხის ფული იხარჯება ქართველი რადიკალების ხელშეწყობაში.
„ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი კი ფიქრობს, რომ ქართველი არასამთავრობოები ამ საწყალ კანდიდატის სტატუსს ისე დასტრიალებენ, როგორც სვავები.
დასავლეთი გვაყვედრის, რომ გრანტებით დაეხმარა ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ხშირად ეს გრანტები უბრალო ხალხამდე არ მიდის, მიდის არასამთავრობოებამდე, რომლებიც მდიდრდებიან, მონურ ერთგულებას ეფიცებიან გრანტის მიმცემს და ქართულ პოლიტიკაშიც საკუთარი თამაშის წესებს გვახვევენ თავზე.
ჩვენი საზოგადოება შეეჩვია, რომ არსებობს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებსაც გაცილებით მეტი დაფინანსება აქვთ, ვიდრე პოლიტიკურ პარტიებს. ეს არასამთავრობოები ისეთ იმიჯს იქმნიან, თითქოს თავად დგანან დასავლეთის სადარაჯოზე, თითქოს ფხიზლად არიან და არ გამოეპარებათ ნებისმიერი ანტიდასავლური რიტორიკა, რომელიც, მათი მტკიცებით, თურმე ხელისუფლებისგან მომდინარეობს.
ირაკლი კობახიძე მდიდარ „ენჯეოებს“ ამერიკის ახალ ელჩთან ურთიერთობის გადატვირთვის დაბლოკვაში ადანაშაულებს. მისი თქმით, „ენჯეოები“ ცდილობენ, ამერიკის ახალ ელჩს ურთიერთობების გადატვირთვის საშუალება არ მისცენ და ეს ურთიერთობები დააზიანონ. საუბარია 50-ზე მეტი „ენჯეოს“ განცხადებაზე, რომლითაც „ენჯეოები“ საქართველოს ხელისუფლებას ამერიკული სანქციების რეაგირების გარეშე დატოვების გამო საყვედურობენ.
სად უნდა მიუჩინოს ადგილი ქართველმა ერმა იმ მდიდარ „ენჯეოებს“, რომელთა ფუნქციაც საკუთარი ერის დასმენა-ცილისწამებაზე გადის?!
ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის აზრით, არასამთავრობოები პოლიტიკურად გაკოტრებულნი არიან, თუმცა არ ავიწყდებათ, რომ არსებობა სჭირდებათ. ამიტომაც ჰყავთ ჩვენს „ნჯო“-ებს მამინაცვლები საზღვარგარეთ. მამინაცვლები მაგათ არავითარ შემთხვევაში არ დააფინანსებენ, თუ დავალებებს არ შეასრულებენ. ამიტომ არასამთავრობოები გაურკვეველ სიტუაციაში ჩაცვივდნენ ახლა.
„რაც შეეხება სერგი კაპანაძეს, გახსოვთ, ალბათ, 7-8 მარტს რაც ხდებოდა მთავრობის სახლის წინ, იქ იდგნენ სერგია კაპანაძე, გედეონა ფოფხაძე, ყოფილი ნაცის ნაცოლარი და გადატრიალებაზე, შეჭრასა და ხელისუფლების აღებაზე ლაპარაკობდნენ, ამ ხელისუფლებას 2-3 თვე დარჩაო. ლენინი და ტროცკი რომ იდგნენ და ლაპარაკობდნენ ფილმებში, ზუსტად ეს მომაგონა სერგი კაპანაძისა და გედევან ფოფხაძის საუბარმა, თუმცა ლენინისა და ტროცკის აჩრდილები არ არიან ეგენი. ესენი არიან ორსახოვანი იანუსები. საიდანაც ქარი დაუბერავს, ოღონდ ფულის ქარი, იქითკენ გადაიხრებიან, ფულის გარეშე ნაბიჯს არ გადადგამენ“, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე for.ge-სთან საუბრისას.
მისივე აზრით, ამ „ენჯეოების“ მიმართ საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება ისეთივე უნდა იყოს, როგორც „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“, ჩვენ მათ იგნორირება უნდა გავუკეთოთ და ასეც არის მათ მიმართ დამოკიდებულება.
„ვინ იცის ახლა მათი არსებობა?! ვინ არიან კაპიტანი გიგაური და სხვები?! ეს არასამთავრობოები საჭირონი არიან მხოლოდ გარკვეული კონკრეტული ძალებისთვის საქართველოშიც და უცხოეთშიც. ფულის გათეთრების ამბავია ეს ყველაფერი, მეტი არაფერი“, - ამბობს ანალიტიკოსი.
პუბლიცისტი დავით ჩხარტიშვილი მიიჩნევს, რომ რას ეტყვიან ქართველი არასამთავრობოები ამერიკის ახალ ელჩს და შეგვიშლიან თუ არა ხელს დასავლეთთან ურთიერთობის დალაგებაში, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. აქ საკითხი არ დგას ასე - ამერიკის ახალი ელჩი, თუ ძველი ელჩი. ახალი ელჩი მხოლოდ ინსტრუმენტია, ის არის კაპიტოლიუმის სახე და მისი აზრის გამტარებელი. არ აქვს მნიშვნელობა, ქალბატონი ჯენი იქნება, თუ ქალბატონი ემი. მათ გაწერილი შიდა განაწესი აქვთ, რომელიც მოქმედებს იმ აჯენდის, დღის წესრიგის მიხედვით, რაც მათ სახელმწიფო დეპარტამენტში დაუწესდათ. ამიტომ მიამიტური აზრებია, რომ ის ელჩი ცუდი ქალი იყო და ეს ელჩი კარგი ქალია, ამას მოვაწონებთ, სუფრას გავუშლით და ვეტყვით, რომ ქართველებს ევროპაში წასვლა გვინდა. დავით ჩხარტიშვილის თქმით, თავად ევროპაში არ დგას ასე საკითხი, ეს არაა 90-იანი წლების ევროპა, რომელიც ორიენტირებული იყო გაფართოებაზე. იმდენად ბევრი უთანხმოებაა ქვეყნებს შორის, რომ გაფართოებაზე საკითხი ღიმილის მომგვრელია. ეს იგივეა, გაიძვერა კომუნისტები რომ იყვნენ, რომლებმაც იცოდნენ რეალური ცხოვრება, რომ კომუნისტურ მანიფესტში ერთი ეწერა და რეალობა სხვა იყო, მაგრამ უამრავ მიამიტ ახალგაზრდას აჯერებდნენ ტყუილს.
„რაღაც ამდაგვარი ხდება დღესაც, ცალკეულ ადამიანებს ჰგონიათ, რასაც ეუბნებიან ევროპელი მაღალჩინოსნები, ყველაფერი მართალია. ამ დროს ცინიზმით სავსეა მათი ნათქვამი. არ დამავიწყდება, 2006 წელს თურქეთის პროპაგანდის მინისტრთან გახლდით, იმ პერიოდში გაზეთ „აჭარის“ რედაქტორი ვიყავი და ამ ადამიანმა დამპატიჟა გამოცდილების გაცვლის მიზნით. მაშინ ვკითხე ამ ღვაწლმოსილ პიროვნებას, ჩემზე 20-30 წლით უფროსს, გვაქვს კი ჩვენ შესაძლებლობა, ისევე მოვექცეთ ჩვენს ეროვნულ უმცირესობას ცხინვალსა და აფხაზეთში, როგორც თურქეთი იქცევა ქურთების მიმართ? მიპასუხა, „ამის უფლება მხოლოდ დიდ, ძლიერ და დემოკრატიულ სახელმწიფოს აქვსო. მთელი კაცობრიობის ისტორია ცინიზმითაა გამსჭვალული. ეს უნდა ვისწავლოთ ქართველებმა, რომ ჩვენი მეგობარი არავინაა, ჩვენ უნდა გვამოძრავებდეს არა სხვა ქვეყნის ინტერესები, არამედ ჩვენი ქვეყნის ინტერესები“, - აცხადებს დავით ჩხარტიშვილი for.ge-სთან საუბრისას.
მისივე აზრით, დღეს მიმდინარეობს ორი პროექტის ბრძოლა საქართველოში. ერთი პროექტია მუდმივ დოტაციაზე მყოფი, სამეზობლოში ყველასთან ნაჩხუბარი, ღარიბი, „ენჯეოებით“ სავსე, მემარცხენე იდეოლოგიის დოქტრინის დონეზე დომინანტი ქვეყანა, სადაც მიდის ეკლესიის, ჯარის, ფასეულობების სრული დევალვაცია და ამ მოცემულობას მიმდინარე პროცესების დინამიკის გათვალისწინებით უბრალოდ არ აგვაშენებინებენ, რომც გაუმართლდეთ და რევოლუცია მოახდინონ, ზუსტად 2-3 თვეში სამეზობლოს გათვალისწინებით, მაგათ ჩამოაგდებენ. ხოლო მეორე პროექტია ქვეყანა, რომელიც კეთილმეზობლურია ყველა მეზობელთან, დოქტრინის დონეზე გაბატონებული კლასიკური ლიბერალიზმია, ტრადიციონალისტურ-კონსერვატორული შეხედულებებით, პატივს სცემენ ეკლესიას, ჯარს, სადაც არა ფინანსურ-სპეკულაციური კაპიტალია დომინანტი, არამედ მრეწველობა, სოფელი, სადაც აქცენტი გაკეთებულია ტრადიციულ ფასეულობებზე. ამ მეორე პროექტის საფუძველზე, რუსთან საერთო ენის გამონახვით, რუსეთის გარანტიით უნდა დავიბრუნოთ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი.
„სხვა გამოსავალი უბრალოდ არ გვაქვს, უნდა ავირჩიოთ - ან აფხაზეთის და ცხინვალის გარეშე მემარცხენე ლიბერალური გაჩანაგებული ქვეყანა, სადაც მთავარი იქნება „ენჯეოები“ და მათთან აფილირებული კონტინგენტი, პოეტები და მწერლები და მეორე ვარიანტი, რომლის მიხედვითაც, ვიბრუნებთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს“, - აღნიშნა დავით ჩხარტიშვილმა.