სააკაშვილი პარტიაში მერაბიშვილ-კეზერაშვილის მმართველობას უპირისპირდება

სააკაშვილი პარტიაში მერაბიშვილ-კეზერაშვილის მმართველობას უპირისპირდება

„ნაციონალურ მოძარაობაში“ ძალაუფლებისთვის ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება. ვინ გაიმარჯვებს - პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, რომელსაც ზურგს ყოფილი ძალოვანები - ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი უჭერენ, თუ კლინიკა „ვივა-მედის“ პაციენტის მიერ მხარდაჭერილი ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია, ამ ეტაპზე რთული სათქმელია, თუმცა ფაქტია, რომ ხაბეიშვილმა დისკრედიტირებული პარტია კიდევ უფრო დაასუსტა.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მაღალი წარმოდგენის არის ნიკა მელიას დამსახურებაზე და მის შესაძლებლობაზე. აქვე აღნიშნა, რომ პარტიის მდგომარეობაზე და პერსპექტივებზე მისი პრიორიტეტი უცვლელია - ახალი სახეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების წამოწევა, ერთიანობა და საერთო მიზნისკენ გაერთიანებული ძალებით მოძრაობა. უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი აანონსებს, რომ უახლოეს დღეებში გააცნობს საზოგადოებას მომავალი ბრძოლის გეგმას.

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი აცხადებს, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სია უნდა დაკომპლექტდეს ისეთი ადამიანებით, რომლებიც პარლამენტის წევრები არასოდეს ყოფილან. მაშ ასე, სააკაშვილის განკარგულებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალი სახეების ძიება უნდა დაიწყოს.

მსჯვარდებულის მოწოდებამ პარტიაში ვითარება კიდევ უფრო დაძაბა და კლანებს შორის დაპირისპირება გამწვავდა. ნაწილი ფიქრობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, მსჯავრდებული სააკაშვილის ეს მოწოდება, დიდ დაპირისპირებაში გადაიზრდება, ნაწილს, კი პირიქით, პარლამენტში მოხვედრის იმედი უჩნდება.

როგორც ჩანს, პარტიის ახალ თავმჯდომარეს არ აღიარებს სააკაშვილი და სავარაუდოა, რომ პარტიაში მართვის ბერკეტებს მელიას გუნდი გადაიბარებს. სააკაშვილის წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი და როგორც გადაწყვეტს აუცილებლად იქნება ისე. მისი თქმით, ვინ მოხვდება „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიაში, ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას პარტიაში იღებს მიხეილ სააკაშვილი.

პატიმარ სააკაშვილის ფორმულას იზიარებს პარტიის ის ფრთა, რომელიც ნიკა მელიასთან მოიაზრება. ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც სიიდან სიამდე ცოცხლობს.

„რომ მდომოდა სიაში მოხვედრა, ვფიქრობ, ვიქნებოდი, მაგრამ ეს არის მთავარი განსხვავება. ვიღაც კანკალებს იმაზე, რომ მარტო სიაში მოხვდეს და მხოლოდ და მხოლოდ ამაზე ფიქრობს. სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებისთვისაც მთავარი საპარლამენტო სიაში მოხვედრაა. ეს საკითხი პრობლემატური იქნება, იმიტომ, რომ სიის გულისთვის იგივე კონფიგურაცია, ალბათ, დახოცავს ერთმანეთს“, - ამბობს ბაჩო დოლიძე.

სააკაშვილის განცხადება გაიგო როგორც მიმართვა ნიკა მელიას მიმართ „ნაცონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ, რომლის განცხადებით, მელიამ პოლიტიკურ დღის წესრიგად საკუთარი პარტიის კრიტიკა აქცია და ჯობს, ამა თუ იმ პოლიტიკოსმა ალტერნატიული პლაცდარმი ნახოს საკუთარი პოლიტიკური საქმიანობისთვის. მისი თქმით, თუ სააკაშვილს საკუთარ განცხადებაში მელია არ უგულისხმია, ალბათ, დამატებით განმარტებებს გააკეთებს.

„შიდაპარტიული კრიტიკა ჯანსაღი დემოკრატიის ნაწილია, თუმცა, როდესაც მთავარ პოლიტიკურ დღის წესრიგად საკუთარი პარტიის კრიტიკა იქცევა, ამ შემთხვევაში სჯობს, ამა თუ იმ პოლიტიკოსმა ალტერნატიული პლაცდარმი ნახოს საკუთარი პოლიტიკური საქმიანობისთვის. ხოლო, თუ პირველ განცხადებაში მელია არ იგულისხმებოდა, ალბათ, დამატებით განმარტებებს მოვისმენთ. ყველამ, მათ შორის მეც, პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადება გავიგეთ როგორც ნიკა მელიასკენ მიმართული“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი რომან გოცირიძე კი თვლის, რომ პარტიას გადატვირთვა სჭირდება, რაც მალე დალაგდებიან, მით უკეთესი. თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ სააკაშვილის განცხადება ახალ სახეებზე არ ნიშნავს, რომ მან პარტიის „ძველ გვარდიას“ ხაზი გადაუსვა.

„არ ვარ „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ნაკლებად მაინტერესებს ამ პარტიაში რა ხდება შიგნით, მაგრამ ეს პარტია დღეს დგას იმ ადამიანების მხრებზე, რომლებსაც რაც კი ქუჩაში ქვები უსვრიათ, მათ თავს მოხვედრია. ამიტომ ბუნებრივია, პარტია ძველსა და ახალ პარტიულ აქტივს შორის ბალანსს თავად გამოძებნის. ეს არის მათი შიდა პარტიული საქმე“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის შეფასებით, სააკაშვილი ხედავს, რომ ძველ სახეებს ავტორიტეტი არ აქვს, არც სოფო ჯაფარიძეს, რომელიც მისი დავალებით, კბილებს აცლიდა საზოგადოების დიდ ნაწილს და ასეთი არაჰოლივუდური ღიმილით დატოვეს. მისი შეფასებით, სააკაშვილის განცხადებები არაადეკვატურია, არაფერი არ სჭირს, ენერგიულად და მხნედ არის.

„დიდი ქაოსი - შეიძლება ერთი მოკლე სათაური ეწოდოს იმ ვითარებას, რაც „ნაცმოძრაობაშია“ შექმნილი. ერთი მეორეს გამორიცხავს, რაც სააკაშვილს აქამდე უკეთებია, კერძოდ, რომ დემენცია ჰქონდა, გარდაცვალების პირას იყო და გვამური ლაქები შეემჩნეოდა, ამაზე იყო საუბარი მისი უშუალო გარემოცვიდან, ოჯახიდან და ადვოკატებიდან. ეს გარკვეული სტრატეგიული ამოცანისთვის სჭირდებოდათ.

დღეს ვითარება შეიცვალა და სააკაშვილს უნდა, რომ ყველა გაწიოს გვერდზე, არავინ თქვას, რომ თავადაა ავტორიტეტი და სააკაშვილი არ არის ერთადერთი და განუმეორებელი. არც არაფერი არ ჭირს, არც გვამური ლაქები აქვს, არც დემენცია და ენერგიულად და მხნედ არის. ძველი სახეები მისთვის ხან მისაღებია, ხან - მიუღებელი, რადგან მერე ფიქრობს, ვიღაცას ისე არ აწყენინოს, თავად არ აღმოჩნდეს „აფსაიდში“. არეულობას და ქაოსს უმატებს თავის განცხადებებით იმ ვითარებას, რაც ისედაც მძიმეა მის პარტიაში“, - აცხადებს გია ვოლსკი.

„ნაციონალურ მოძრაობას“ და ამ შემთხვევაში ხაბეიშვილის გუნდს სერიოზული დაფინანსება აქვს კეზერაშვილისგან, რომელიც, რეალურად, მმართველია დღეს მერაბიშვილთან ერთად. ამ ვითარებაში სააკაშვილის განცხადება ანალიტიკოსების შეფასებით, არაადეკვატურია. როგორც ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე აცხადებს, სააკაშვილი ძალიან აბურდულია, დაკარგა აზროვნების უნარი. მას უფლება არ აქვს, როგორც სხვა სახელმწიფოს მოქალაქეს, ჩაერიოს საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში.

„ეტყობა, მართლა დემენცია აქვს, მაგრამ რაც შეეხება მის განცხადებებს, ეს ნიშნავს, რომ მას დაშლილი აქვს პარტია, ამ პარტიაში ვისი ვიოლინო, ვის როიალშია, თავად არ იციან. ვერ საზღვრავენ, ყოვლად წარმოუდგენელ სიტუაციაში არიან ეს ადამიანები. ნახეთ, რამდენი მეთაური ჰყავს პარტიას - სააკაშვილი ცალკე იქაჩება, ცალკე იქაჩება ხაბეიშვილი და ასევე ნიკა მელია. რომელი ერთი არის პარტიის თავმჯდომარე, ერთმანეთში ვერ გაურკვევიათ და ჩვენ როგორ უნდა ავხსნათ?! მაგრამ ცხადია, რომ ეს არის აბსტრაქტულად, ჰაერში გადმოკიდებული პარტია, რომელიც, ფაქტობრივად, უკვე აღარც არსებობს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.

ანალიტიკოს გია აბაშიძის შეფასებით, საქმე გვაქვს ისეთ პოლიტიკურ პროცესებთან, რომლის ახსნა რაციონალურად, ლოგიკურად და პოლიტიკური ანალიზის ჯაჭვით აბსოლუტურად წარმოუდგენელია. მისი თქმით, იმდენად არადეკვატური გახდა სააკაშვილი, რომ მისი ნებისმიერი განცხადება, რომელიც ფეისბუქზე ვრცელდება, გახდა აბსოლუტურად ცირკის თემა.

„მისი განცხადება, სადაც ის ადანაშაულებს თავის თანამოაზრეებს, რომ ვინც მას დავრდომილად აცხადებს, არის პუტინისტი. ეს კიდევ უფრო ახალი მარაზმის პიკია მის პოლიტიკურ ბიოგრაფიაში, რომლის ნორმალურად ახსნა შეუძლებელია, თუ არა სპეციალიზებული სამედიცინო დაწესებულებიდან. ამიტომ, ახლა ბრძოლა მიმდინარეობს სააკაშვილსა და კეზერაშვილს შორის, რომელსაც უკავია ფინანსურ-ორგანიზაციული მართვის სადავეები და სააკაშვილი, რომელიც ცდილობს რამენაირად თავი დაიმკვიდროს „ნაციონალურ მოძრაობაში“, ყოველდღიურად აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომელიც მის ვეტერან თანაგუნდელებსაც კი გაუჭირდებათ ახსნან.

ასე რომ, დაველოდოთ კიდევ უფრო სხვა არადეკვატურ მის ფეისბუქ სტატუსებს და შეიძლება რამდენიმე დღის მერე ისიც თქვას, რომ განიკურნა, დანაშაული მოინანია და ახლა საჭიროებს დაუყოვნებლივ გადაყვანას პრეზიდენტის ყოფილ ავლაბრის სასხლეში. ამიტომ, მართლა მიჭირს რამენაირად ავხსნა ეს განცხადება. მით უმეტეს მშვენივრად იცის, რომ უკრაინის მოქალაქე, თუ ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე, რომელიც არ ფლობს საქართველოს პასპორტს, ვერანაირად ვერ ჩაერთვება საქართველოს პოლიტიკურ ლეგალურ პროცესში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია აბაშიძე.