თუკი რუსეთი საქართველოში იმარჯვებს, როგორც ოპოზიციონრებს სურთ წარმოაჩინონ, ვისი დამსახურებაა ეს? დასავლეთმა რა გააკეთა ჩვენს დასაახლოებლად? ევროპამ კანდიდატის სტატუსიც კი ვერ გამოიმეტა ჩვენთვის მაშინ, როცა საქართველომ, ანუ პირველი ევროპელების ქვეყანამ, არაერთი ნაბიჯი გადადგა დღევანდელ ევროპასთან დასაახლოებლად. მხოლოდ მსოფლიო წესრიგის დასამყარებლად საქართველომ კონტრიბუციის სახით ყველაზე ფასეული-ადამიანთა სიცოცხლე გაიღო, რაც ნატოს არაწევრი ქვეყნისთვის ზედმეტი ტვირთია.
თუ რაში გამოვიყენებთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, ამის შესახებ საქართველოში სხვადასხვა მოსაზრებებია. ყველაზე ნიჰილისტურით დავიწყოთ, რომ ეს სტატუსი არაფრის მომცემია და არც მატერიალურ პრივილეგიებს ითვალისწინებს. კიდევ ერთი ვერსიაა, რომ პრაგმატული დასავლეთი ამ სტატუსს უმიზეზოდ არ გამოიმეტებს და ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შეიძლება სტატუსი მოგვცენ, არის ის, რომ ამის მერე უფრო ადვილად გადაგვადგმევინონ ნაბიჯები, მაგალითად, რუსეთისთვის სანქციების დაწესება მოგვთხოვონ, ყოველ შემთხვევაში, კანდიდატის სტატუსის მოცემის ამ ვერსიას განიხილავს სოზარ სუბარი.
ექსპერტებს ახსენდებათ, რომ ასეთივე გადაჭარბებული მოლოდინი იყო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის დროსაც, რომელიც „შალახოს“ ფონზე მიმდინარეობდა.
პუბლიცისტი დავით ჩხარტიშვილი მიიჩნევს, რომ თვითონ ეს კლიშეა შემოგდებული, რომ თითქოს „რუსეთი იმარჯვებს“, „რუსეთუმეები იმარჯვებენ“. პუბლიცისტის თქმით, ფრენსის ბეკონს აქვს „გონების ხატები“, გონების ხატში ადამიანის აზრს თუ მიმართავ, ეს მოწყვეტილი იქნება იმ რეალურ საკითხებს, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, ანუ ადამიანის გონება წარმოსახვებით იკვებება. ამდენად, ევროკავშირის წევრობის არაფრისმთქმელი სტატუსი, ლამის, იგივეა, როცა მოგვანიჭეს ასოცირების ხელშეკრულება.
„ასოცირების ხელშეკრულებით რამე დაეტყო ჩვენს ქვეყანას? უბრალოდ, ასოცირების ხელშეკრულებით გაძლიერდნენ, პირობითად რომ ვთქვათ, ევროატლანტიკური ძალები. დღესაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესახებ დისკურსი იმისთვის სჭირდებათ, რომ სხვა აზრი არ გაჩნდეს ამ ქვეყანაში, რომ არ გამოჩნდეს ქვეყნის მოწესრიგების სხვა პროექტი. რომც მივილტვოდეთ, ან არ მივილტვოდეთ ევროკავშირისკენ, ეს ცარიელი სიტყვებია, რომელსაც რეალპოლიტიკასთან საერთო არ აქვს. არ დამავიწყდება, „შალახოს“ თანხლებით ასოცირების ხელშეკრულებას ხელი რომ მოაწერეს, ერთ-ერთ „ნაცურ“ არხზე პოეტი რატი ამაღლობელი გამოდიოდა წამყვან გოგონასთან ერთად, ეგზალტირებული იყო ამ ყველაფრით და ამბობდა, დღეიდან სამტრედიელი ბავშვები ლუვრში ივლიან ექსკურსიებზე და ჩხოროწყუში მცხოვრები ბავშვები რომ დაამთავრებენ სკოლას, კემბრიჯში ისწავლიანო. წამყვანიც აღფრთოვანებული ტაშს უკრავდა, ალილუია, აღსრულდა ქართველთა მრავალსაუკუნოვანი ოცნება. არის თუ არა ეს კრეტინიზმი, რამე კავშირი აქვს ამას რეალობასთან? თუკი ამ ჭრილში შევხედავთ ევროკავშირის სტატუსსაც, შედეგი აქაც იგივეა. ამ სტატუსს გამოიყენებენ კონკრეტული ძალების გასაძლიერებელ მექანიზმად, თუნდაც სააკაშვილის გამოსაშვებად ციხიდან, რომელიც ზის არა იმისთვის, რისთვისაც უნდა იჯდეს, არამედ ფინანსური დარღვევის გამო. სინამდვილეში, სააკაშვილი უნდა იჯდეს უპასუხისმგებლობისთვის, უნდა იჯდეს იმისთვის, რომ უბნის ყოჩივით მოიქცა და არ შეხედა მის უკან უამრავ ადამიანს, ავანტიურაში ჩართო ქვეყანა, იმ ავანტურაში, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ შეერთებული შტატების ინტერესში იყო“, - აღნიშნა დავით ჩხარტიშვილმა ჩვენთან საუბრისას.
ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის აზრით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭება საქართველოსთვის ბევრს არაფერს შეცვლის, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვისაა გამიზნული, რომ საქართველოში გარკვეულ ძალებს რევოლუციის მოხდენა უნდოდათ, რაც არ გამოუვიდათ და ახლა ეს სტატუსი იმისთვისაა, რომ მოკლეზე ჰყავდეთ საქართველო დაბმული, როცა გაუხარდებათ, აუშვან, როცა დასჭირდებათ, ჯაჭვი თავისკენ მისწიონ.
„ვინმემ მითხრას, რით არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი თუნდაც ერთი წინგადადგმული ნაბიჯი, რომ ეს აისახოს საქართველოს ეკონომიკაზე, პოლიტიკაზე, სოციალ-ეკონომიკურ განვითარებაზე? ამ სტატუსს უანგაროდ არავინ იძლევა, უამრავ ვალდებულებას გვაკისრებენ, სანაცვლოდ არავითარ პასუხისმგებლობას არ კისრულობენ. ასე მოხდა ასოცირების ხელშეკრულების დროსაც. ასოცირების ხელშეკრულება როცა გაფორმდა, ამ ხელშეკრულებაში ყველაზე მეტად მომეწონა უვიზო მიმოსვლა, თუმცა ასოცირების ხელშეკრულებაც და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსიც უნდა იგრძნოს ქართველმა უბრალო გლეხმა თავისი პროდუქციის გატანასა და ოჯახში შემოსავლის მატებაზე“, -აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ for.ge-სთან საუბრისას.