სტატუსმიუნიჭებელი საქართველო 8 ნოემბერს ელოდება

სტატუსმიუნიჭებელი საქართველო 8 ნოემბერს ელოდება

8 ნოემბერი არის მნიშვნელოვანი ეტაპი, როცა ევროკომისიამ უნდა გამოაქვეყნოს შესაბამისი დასკვნა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. რადიკალურ ოპოზიციას აქვს მოლოდინი, რომ ევროკომისიის დასკვნა იქნება ძალიან კრიტიკული. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, თვლიან, რომ საზოგადოებამ და პოლიტიკურმა აქტორებმა უნდა იმუშაონ ხელისუფლების შეცვლაზე და ამ თვალსაზრისით, 2024 წელი უნდა იყოს გარდამტეხი, რომ „პრორუსული ხელისუფალი“ ქვეყანაში შეიცვალოს. ხელისუფლებაში კი დარწმუნებული არიან, რომ დასკვნა იქნება დადებითი და უკვე დეკემბერში საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციის მიზანია კანდიდატის სტატუსი ქვეყანაში დესტაბილიზაციის წყარო გახადოს და ამის არაერთ მცდელობა დაფიქსირდა. უმრავლესობის დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის მხრიდან დიდი მცდელობა მოხმარდა იმას, რომ ქვეყანას რაც შეიძლება მეტად შეშლოდა ხელი.

„ოპოზიციის მხრიდან დიდი მცდელობა მოხმარდა იმას, რომ ქვეყანას რაც შეიძლება მეტად შეშლოდა ხელი კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. მინდა, ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს კარგად, რომ ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ჯერ კიდევ შარშან იმსახურებდა და ახლაც იმსახურებს. ყველა, ვინც ამ მოსაზრებას არ ეთანხმება და თვლის, რომ დღეს კანდიდატის სტატუსს ჩვენი ქვეყანა არ იმსახურებს, მათ ინტერესშია, რომ ჩვენმა ქვეყანამ არ შეძლოს კანდიდატის სტატუსის მოპოვება“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მიხეილ სარჯველაძემ.

ოპოზიციაში კარგად ხვდებიან, რომ მცდელობის მიუხედავად ქვეყანა დამსახურებლ სტატუსს ამჯერად მაინც მიიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედება კრახით დასრულდა. თუმცა, გიორგი ვაშაძის განცხადებით, იმედს იტოვებს, რომ იქნებ, ავანსად მაინც მოგვცენ კანდიდატის სტატუსი.

„ვის ვალაპარაკებდი ხელისუფლებაში რომ ვიყო, ყველა პუნქტს შევასრულებდი კი არა, ახლა, კარებზე გვექნებოდა ატეხილი ბრახა-ბრუხი. ევროკავშირში ძალიან კარგად ხედავენ, რომ „ქართულ ოცნებას“ არაფერი კავშირი არ აქვს ამ სურვილთან. დანარჩენს უკვე დრო გვიჩვენებს. ახლა რომ გითხრათ, ამ ერთ დღეში კიდევ რამე კანონის მიღებაა შესაძლებელი, მოგატყუებთ. ვნახოთ, 8 ნოემბერს დაველოდოთ, შემდგომ 15 დეკემბერს. ერთადერთი, რისი იმედიც მაქვს არის ის, რომ იქნებ, ავანსად მაინც მოგვცენ კანდიდატის სტატუსი და ჩვენი ამოცანა იყოს რუსული სისტემისგან ქვეყნის გათავისუფლება და ევროკავშირის მიმართულებით მკაფიოდ შემობრუნება“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია ფიქრობს, რომ მიუხედავად ხელისუფლების არასწორი პოლიტიკისა, საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

„თუმცა, ეს რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ჩვენ მყისიერად გავხდებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, მაგრამ როდესაც შენ გყავს ხელისუფლება, რომელიც არ გულისხმობს ევროპას თავისი ქმედებით, თავისი პოლიტიკით, გადადგმული ნაბიჯებით, ქვეყანას უნდა ჰყავდეს ევროპული და ეროვნული ხელისუფლება, რაც შესაძლებელი იქნება 2024 წლის არჩევნების შემდეგ“, - ამბობს ნიკა მელია.

მაშ ასე, ახლა საქართველო ელოდება პირველად შეფასებას და შემდეგ უკვე, 15 დეკემბერს, როდესაც საქართველოსთან მიმართებაში უნდა იქნას გადაწყვეტილება მიღებული. 8 ნოემბერს, ყველა ქვეყანაზე, რომელიც გაფართოვების პაკეტშია, იქნება ანგარიში და, მათ შორის საქართველოზეც, რომელიც არის გაფართოვების ტალღაში.

„ხალხის ძალის“ წევრის, დავით ქართველიშვილის განცხადებით, საქართველოს წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებენ ისე, რომ ჩვენ ამის გულისთვის ქვეყნის მოსამართლეთა კორპუსის და იუსტიციის საბჭოს წევრთა შერჩევის პროცესი არ დავუქვემდებარეთ საერთაშორისო ორგანიზაციების პრეროგატივას, ასევე ცსკო-ს წევრთა დაკომპლექტებაში გამოვრიცხეთ უცხო ქვეყნების მონაწილეობა, არ ჩავატარეთ გახრწნილების პრაიდ-აღლუმი და არ ვმსჯელობდით პორნოგრაფიის ლეგალიზაციის კანონის მიღებაზე.

„არ დავაინიცირეთ ერთსქესიანთა ქორწინების რეგისტრაციის კანონი; არ გავხსენით მეორე ფრონტი; არ დავუშვით გადატრიალება; არ ავკრძალეთ ხელისუფლების პოლიტიკური კონკურენტი პარტიების საქმიანობა; არ დავხურეთ ოპოზიციური ტელეარხები; არ მოვარგეთ „დეოლიგარქიზაციის“ კანონი კონკრეტულ პერსონიფიცირებულ დაკვეთას; ცალ ფეხზე დგომით არ ვეხვეწებოდით სტატუსის მინიჭება; არც კანონიკური მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობა აგვიკრძალავს ქვეყნის ტერიტორიაზე. ახლა კი იპოვეთ 12 განსხვავება უკრაინისთვის და მოლდოვასთვის მინიჭებულ ანალოგიურ სტატუსებთან, უფრო სწორედ - მათი მოპოვების გზებთან შედარებით. მე, ვფიქრობ, რომ 50-50-ზე სიტუაცია ისევ ძალაშია. ან სტატუსის მინიჭების კუთხით დადებით გადაწყვეტილებას მიიღებენ, ან გაგრძელდება ის უსამართლობა, რომელიც შარშან იყო დაშვებული ჩვენთან დაკავშირებით. ამიტომ აბსოლუტურად არასწორი მიდგომაა ამ ორ მოცემულობასა და შესაძლებლობას შორის განიხილავდე შენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს. არანაირი ზემოლოდინი, ან პანიკური დამოკიდებულება 8 ნოემბრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ნამდვილად არ გამაჩნია. საქართველოს აქვს განვითარების ალტერნატიული გზა“, - აცხადებს ქართველიშვილი.

მისი თქმით, თუ ევროკავშირი ამ უსამართლობის ხაზს საქართველოსთან მიმართებაში წელსაც გააგრძელებს, ეს ნიშნავს, რომ ისინი კანდიდატის დონეზეც კი ვერ ხედავენ საქართველოს თავის ორგანიზაციაში, მაგრამ საქართველოს აქვს ძალიან საინტერესო სტრატეგიულ თანამშრომლობაზე ხელოწერილი მემორანდუმი ჩინეთთან, რომლის უკან დგას ნახევარი პლანეტა 4-მილიარდიანი მოსახლეობით, თავისი ეკონომიკური, ენერგეტიკული, ფინანასური და საბანკო გეგმებით, რომელთა ნაწილი დაკავშირებულია მათ შორის საქართველოსთან როგორც უნიკალურ არა მხოლოდ დერეფანთან, არამედ გზაჯვარედინთან და რომელიც არა მხოლოდ აღმოსავლეთსა და დასავლეთს, არამედ ჩრდილოეთსა და სამხრეთს აკავშირებს ერთმანეთთან.

„ჩვენ იმდენი საქმე შეიძლება გაგვიჩნდეს და ისეთ საერთაშორისო პროექტებში მოგვიწვიოს მონაწილეობის მიღება, რომ ის ორგანიზაცია, ის ოჯახი, რომელიც არ თვლის საჭიროდ ჩვენთან საქმე დაიჭიროს, თუნდაც საწყის ეტაპზე, რა გაეწყობა, ჩვენ განვვითარდებით იმ მიმართულებით, რომელიც საქართველოს სტაბილურობას და ეკონომიკურ აღმავლობას უფრო მოუტანს.

მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ პანიკური მოლოდინი შეიმჩნევა ე.წ. ოპოზიციურ ფლანგზე, ალბათობა, რომ ამ სტატუსს მაინც მოგვანიჭებენ, უფრო მეტია. პანიკა არის იქეთ. ჩვენ ვხედავთ ერთმანეთის ჩაძირვას, შეურაცხყოფას, დადანაშაულებას სხვადასხვა ცოდვებში, ეს მათი საქმეა, მაგრამ ჩვენ მშვენიერი ალტერნატიული გზა გვაქვს განვითარებისთვის, რაც არ გამორიცხავს იმას, რომ თუ მოგვანიჭებენ კანდიდატის სტატუსს, ეს არ იქნება ცუდი ქვეყნისთვის“, - ამბობს ანალიტიკოსი.

როგორც ქართველიშვილი ამბობს, პირველ რიგში, ეს იქნება სამართიალობის აღდგენა და მეორე რიგში, ეს არის საქართველოს შელახული თავმოყვარეობის და ღირსების რეაბილიტაცია, რადგან იმ სამეულში, რომელშიც მოიაზრება უკრაინა, დსთ-ს წევრი ქვეყანა მოლდოვა და საქართველო, რომელიც აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმებით დაწყებული კორუფციით, დამთავრებული ადამიანის უფლებების დაცვით და სიტყვის თავისუფლებით, წინ უსწრებს ამ ქვეყნებს.

„სირცხვილია იმ ორ სტატუსმინიჭებულ სუბიექტს ადარებდნენ სტატუსსმიუნიჭებელ საქართველოს. ეს არის უსამართლობა და სირცხვილი. ამიტომ, ჩემთვის, პირველ რიგში, გადაჭარბებული მოლოდინების გარეშე, ეს იქნებოდა რეაბილიტაცია ჩვენი შელახული ღირსების, თავმოყვარეობის და სამართლიანობის აღდგენის. გამოიყენებენ თუ არა ეს მარტივ მამრავლებამდე დაყვანილები იმ ფანტასტიკურ შესაძლებლობას თუკი სტატუსს მაინც არ მოგვანიჭებენ, ამის სერიოზულად განხილვა არ მინდა.

ბელადმა სააკაშვილმაც კი „ვივა-მედის“ კლინიკიდან ისეთი საკონტროლო გასროლა განახორციელა თავისიანების მიმართ - იმედია, ვერც ერთ მოქმედ დეპუტატს ვეღარ ვიხილავ მომავალ პარლამენტშიო. თქვენ წარმოიდგინეთ, რა დიდი სიხარულით მიიღებდნენ მის აი, ამ განცხადებას ისედაც ცხელ ომში გადასულები ერთმანეთთან ეს ე.წ. ოპოზიციური ძალების საპარლამენტო წარმომადგენლები“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.