მე-16 საუკუნის სახელგანთქმული ნიდერლანდელი ფერმწერის პიტერ ბრეიგელის (უფროსის) საყოველთაოდ ცნობილი მხატვრული ტილო ”თქმულება ბრმებზე” ნიშანდობლივია ღრმა ფილოსოფიური დატვირთვითა და მრავლისთქმელობით.
მართლაც და საოცარია სანახავია ამ დიდებულ სურათზე აღბეჭდილი ექვსი უმწეო ბრმა, ”გზას არსაით” რომ დადგომია. მიწაზე გაშოტილა უკვე მათი წინამძღოლი და დაუსრულებია კიდეც მოგზაურობა, რომლის ფინალი დანარჩენი ხუთისთვისაც ასეთივე სავალალო იქნება.
სხვისა არ ვიცი და პიტერ ბრეიგელის ქმნილება ძალიან სევდიან ასოციაციებს იწვევს ჩემში. ეჭვის ჭია მიღრღნის გულს მაშინ, როდესაც ოქტომბრის მიწურულს კრიმინალური ”ვარდისფერი ხელისუფლების” რექვიემს ველოდით ყველა და რექვიემი კი არა, ისეთი პირი უჩანს, დავით ბაქრაძე გავიდეს მეორე ადგილზე საპრეზიდენტო არჩევნებში, რითაც ”ვარდისფერი რევანშს” აენთება ”მწვანე შუქი”. ვინაიდან, საპრეზიდენტო არჩევნების ზემოთ აღნიშნული შედეგის დაფიქსირების შემთხვევაში გაცილებით მეტი იქნება ალბათობა იმისა, რომ შერჩეთ ხახვივით მიშას და მის გუნდს: ქვეყნის ერთი მეხუთედის გასხვისება; მოღალატურად წაგებული ომი და ასეულობით ქართველი მეომრის, მშვიდობიანი მოსახლის, ქალისა და ბავშვის სიკვდილი 2008 წლის აგვისტოში; ციხეებში მამაკაცების ცოცხებით და ცოცხების გარეშე გაუპატიურება; მკვლელობები (მათ შორის პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასი); სახელმწიფო ხაზინისა და კერძო ბიზნესის მსოფლიო ისტორიაში არნახული ძარცვა-ყვლეფა; ტოტალური პოლიციური ტერორი; ბენიტო მუსოლინის ცინიკური ლოზუნგით: ”მეგობრებს (წაიკითხეთ ნაციონალებს) ყველაფერი, დანარჩენებს კანონი” გამსჭვალული სააკაშვილის ცხრაწლიანი მმართველობა; ათასობით სამსახურიდან გამოყრილი და ლუკმა-პურის გარეშე დატოვებული 40 წელს გადაცილებული პროფესიონალი; ოპოზიციური პარტიებისა და ოპოზიციური აზრის სასტიკი დევნა; ტელესივრცის ტოტალური, კომუნისტურ-ფაშისტური კონტროლი; გაპარტახებული მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, სოციალური სფერო, კულტურა და განათლება.
ერთი წლის წინ რომ დაეხატა ვიღაცას ასეთი პერსპექტივა, ნამდვილად არ დავიჯერებდი. ახლაც მიჭირს დაჯერება, რადგან თუ მართლა შევარჩინეთ ყველაფერი სააკაშვილის ხელისუფლებას, მოუბრუნდება მერე ვინმეს ენა, რომ საქართველოს დღევანდელ თუ მომავალ მთავრობებს მოთხოვოს კანონიერი და კომპეტენტური მმართველობა? ხომ უპასუხებენ ჩვენი ახლანდელი და მომავალი მინისტრები: ”მიშას ხელისუფლებას შეარჩინეთ ყველაფერი თქვე დალოცვილებო და ჩვენ რაღას გვერჩითო?”
ქართველები ყველაფერში ”მაგრები” ვართ, მაგრამ სულ რაღაც ერთ წელიწადში, გასული წლის ოქტომბერში, ჩვენი ხალხისა და პირადად ბიძინა ივანიშვილის გმირული ძალისხმევით მიღწეული გამარჯვების შედეგების ასე მალე ”ქარს გატანებას” მართლაც ”მოხერხება” არ უნდოდა?
ბარაქალა ჩვენ!
კი მაგრამ რატომ ჩვენ და რატომ უკლებლივ ყველას?
რაღაც არ მგონია მთლად ასეც იყოს საქმე. მართალია კარგად ვიცი, რომ არ არის ცოტა იმ ქართველთა რიცხვი კონფორმიზმის ჭია რომ ”უხრავს” სულს და გულს. ”ვარდისფერი” და ნებისმიერი ხელისუფლებისათვის ტაშის კვრა რომ ურჩევნია ყველაფერს. პიტერ ბრეიგელის ბრმებივით ჩაუკიდიათ მათ ერთმანეთისათვის ხელი და მიდიან წყნარად უფსკრულისაკენ.
დიახ ეს ასეა, მაგრამ, თუ ვინმე მართლა ბრმაა ან თავს იბრმავებს ეს მხოლოდ მისი პრობლემა არ არის? რა დააშავა ქართველი ხალხის უმეავლესობამ, ვისაც თვალის სინათლე შერჩენია? ჩვენი ერის დიდი ნაწილი ბრმა რომ არ არის, ამას გასული წლის 1 ოქტომბრის ტრიუმფი არ მოწმობს?
არ ვარ არაფერში უკიდურესად რადიკალური მოთხოვნების მომხრე, მაგრამ დგება დრო, როდესაც ყველამ, ზუსტად ისე როგორც 2012 წლის 1 ოქტომბერს, უნდა გააკეთოს გაბედული, პატრიოტული არჩევანი და არ უნდა დაიბრმავოს თვალები.
ეროვნული განსაცდელის ჟამს განზე დგომა დანაშაულის ტოლფასია. აკი ბიძინა ივანიშვილმაც ბრძანა, ორიოდე წლის წინ, ”შუაში უნდა გაიკრიფოსო” და მართალიც იყო ცამდე.
ახლაც უნდა გაიკრიფოს!
რატომღაც მგონია, რომ ყველას, ვინც ნებსით თუ უნებლიეთ, პასიურობითა და უმოქმედობით, ”კოჰაბიტაცია-კოლაბორაციონიზმით”, არჩევნების გაყალბებით, არჩევნებზე ხმის მიცემითა თუ არჩევნებზე არგამოცხადებით, მიმდინარე წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ხელს შეუწყობს ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატის მეორე ადგილზე გასვლას და ამით სააკაშვილის გუნდისათვის ერთადერთი პოლიტიკური ოპოზიციის როლის ლეგიტიმაციას, არც თუ ძალიან აწუხებს ქართველი ერის, ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების მომავალი და ბრეიგელის ბრმებივით წირავს საკუთარ თავსა და მთელ საქართველოს უფსკრულში გადაჩეხვისაკენ.
ნამდვილად შეგვწევს ყველას ერთად ძალა არ დავუშვათ უსამართლობა წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე. უსამართლობა, რომლის გამოხატულებაც დავით ბაქრაძის მეორე ადგილზე ”გათრევაა”, რაც გამოუსწორებელი შედეგების მომტანი იქნება ჩვენი სამშობლოსათვის.
რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს დავით ბაქრაძემ: ”განახლებული პოლიტიკური ძალის ლიდერი ვარო”, ამას ”არავინ ჭამს”. ის სააკაშვილის გუნდის ერთგული წევრი და იმ პარტიად წოდებული ტოტალიტარული სექტის ფსევდოლიდერია, რომლის რეალური ბელადად ყოველთვის მიხეილ სააკაშვილი დარჩება.
ქართველი ხალხი მომთმენია, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის მიმართ მოთმინების ლიმიტი უკვე კარგა ხანია რაც ამოწურული აქვს. ვეღარ აიტანენ საქართველოში სააკაშვილ-მერაბიშვილ-ადეიშვილ-ახალაიების თავიდან გაპარპაშებას. ამას შეიძლება დიდი სახალხო მღელვარება მოჰყვეს.
და თუ მართლაც ასე მოხდა, მგონია, რომ სააკაშვილის ტოტალიტარული რეჟიმისაგან განსხვავებით, საქართველოს დღევანდელ მთავრობას სახალხო პროტესტის სისხლში ჩახშობის არანაირი სურვილი არ გაუჩნდება და როგორი სავალალო შედეგები ექნება ამას ნაციონალური მოძრაობისათვის ყველასათვის ნათელია.