„ხალხის ძალის“ მსგავსი ჯგუფებისგან ახალი „ქართული ოცნება“ აღმოცენდება

„ხალხის ძალის“ მსგავსი ჯგუფებისგან ახალი „ქართული ოცნება“ აღმოცენდება

„ქართული ოცნების“ განახლებასა და ძველი, არაპოპულარული სახეების სულ სხვა სახეებით ჩანაცვლებას არაერთი ექსპერტი საშურ საქმედ მიიჩნევდა წლების განმავლობაში, თუმცა რა მოხდება მაშინ, თუკი „ქართული ოცნება“ თავის გარშემო შემოიკრებს „ხალხის ძალის“ მსგავს პარტიებს?!

ჯერ კიდევ ამ რამდენიმე თვის წინ დეპუტატი თაკო ჩარკვიანი ამტკიცებდა, რომ ბიძინა ივანიშვილი ახალ სატელიტურ პარტიას ქმნიდა ნაცების ყოფილი პრემიერის, ნიკა გილაურის ხელმძღვანელობით, რომლის გარშემოც ხატია დეკანოიძე და ნიკა მელია გაერთიანდებოდნენ. რატომ ნიკა გილაური? ამის შესახებ თაკო ჩარკვიანს ასეთი ახსნა ჰქონდა - გილაურს ფინანსური კავშირები ჰქონდა ივანიშვილთან, 240 მილიონს რომ გაჩუქებენ, როდესაც სურთ, მაშინ შეგაქმნევინებენ პარტიას. თუმცა თაკო ჩარკვიანის მოლოდინი არ გამართლდა, ნიკა გილაურმა მაშინვე უარყო პოლიტიკაში მობრუნება და დასძინა, რომ 10 წლის განმავლობაში არანაირი პოლიტიკური განცხადება და კომენტარი არ გაუკეთებია პოლიტიკურ თემაზე.

გილაურის საკითხი რომ არ დადასტურდა, შემდეგ საუბრობდნენ იმაზე, რომ ივანიშვილი თავის ყოფილ ადვოკატ ვიქტორ ყიფიანს ამზადებდა თავის სატელიტად, ეჭვები გაამძაფრა იმანაც, რომ ყიფიანი პოლიტიკაში მობრუნებას არ გამორიცხავდა, სიტყვებით, „Never say never“.

შემდეგ უკვე პრეზიდენტ ზურაბიშვილს გაუვრცელეს, რომ ის ივანიშვილის დავალებებს ასრულებდა და პრეზიდენტობიდან გადადგომის შემდეგ ფსონი მასზე დაიდებოდა.

რის საფუძველზე ჩამოყალიბდება ახალი „ქართული ოცნება“?

პუბლიცისტი დავით ჩხარტიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ახალ „ქართულ ოცნებას“ ჩვენ მივიღებთ ახალი იდეოლოგიის საფუძველზე, რომელიც ჯერჯერობით მინიშნებების დონეზეა და კრისტალიზდება.

დავით ჩხარტიშვილი იხსენებს „ქართული ოცნების“ სხვადასხვა პერიოდს, კერძოდ, დასაწყისში „ქართული ოცნების“ ახალი სახეები იყვნენ მემარცხენე იდეოლოგიის მატარებელი პარტიები - „რესპუბლიკელები“, ალასანიას პარტია, ანუ მკვეთრად პროამერიკული ძალები. იმ პერიოდში, ფაქტობრივად, ივანიშვილი იძულებული იყო, ამ ძალებზე დაედო ფსონი.

„ჩვენ თუ გავითვალისწინებთ, რა გაუკეთეს მაგ ძალებმა ტრამპს თავად აშშ-ში, ნუ გვიკვირს, რომ ივანიშვილს მოუწია ნაბიჯის გადადგმა და ერთგვარი თანამშრომლობა ამ ძალებთან, რათა სტრატეგიულ ჭრილში მერე მოეგო მათთვის თამაში. ტაქტიკურად ბიძინა ივანიშვილი სწორად მოიქცა, ალბათ, გახსოვთ, თავიდან როგორი კონტროლი იყო, ხან მაკკეინი ჩამოდიოდა, ასე ვთქვათ, ამერიკელი ქორები, ივანიშვილი გარკვეულ კონსენსუსზე, დათმობაზე რომ არ წასულიყო და ამ პარტიებთან არ გარიგებულიყო, ფიზიკურად შეუძლებელი იყო სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლა, ანუ ისინი მოქმედებდნენ სომოსას პრინციპით - „სომოსა შეიძლება ძაღლიშვილი იყოს, მაგრამ ის ჩვენი ძაღლიშვილია“. ამიტომაც ბიძინა ივანიშვილმა ამერიკელებს შესთავაზა პატარა ძაღლიშვილები მემარცხენე იდეოლოგიური და მკვეთრად პროამერიკული პარტიების სახით თავის კოალიციაში, რაც ნელ-ნელა ჩამოიშორა და სულ უფრო იხრება იმისკენ, რომ ჩამოყალიბდეს კონსერვატიული, ტრადიციული ღირებულებებისკენ, რომ თვითკმარი დემოკრატია აშენდეს საქართველოში“, - აცხადებს დავით ჩხარტიშვილი და, შეკითხვის საპასუხოდ, ახლა ვისზე დადებს ფსონს ივანიშვილი, განმარტავს, რომ, სავარაუდოდ, „ხალხის ძალის“ მსგავსი ბევრნაირი ჯგუფი გაჩნდება საქართველოში, რომლებიც გარეთ დარჩენილი სხვა ანტიმიშისტური მოძრაობების ბირთვად შეიძლება იქცეს.

პუბლიცისტი არც იმას გამორიცხავს, რომ ივანიშვილის მსგავსი კიდევ ბევრი ადამიანი გამოჩნდეს ქართულ პოლიტიკაში. ეს კი ნიშნავს, რომ ქართული პოლიტიკა მოსაწყენი და ორი არჩევანის ამარა დატოვებული არ იქნება.

დავით ჩხარტიშვილის აზრით, დღეს უკვე პირობითად უნდა ვთქვათ სიტყვა „ნაცები“, რადგან „ნაცები“ უკვე დეგრადირებულნი არიან და არანაირ საშიშროებას აღარ წარმოადგენენ, უფრო მეტ საშიშროებას წარმოადგენს მსოფლმხედველობრივი „ნაცობა“, რომელიც თავად „ოცნებაშია“ ჩაბუდებული, უამრავი „ნაცია“ ასეთი, დეტალიზება რომ არ მოხდეს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრობლემურია საკადრო საკითხი - კვირიკაშვილი, გახარია, პრეზიდენტი ზურაბიშვილი.

„წარმოიდგინეთ, უმაღლეს ეშელონებში რა მსოფლმხედველობისა და მიდრეკილების ხალხი იკავებდა თანამდებობებს და ეს მაშინ, როცა ამდენი ფილტრი არსებობდა. თანაც, არ შეიძლება თუნდაც ივანიშვილის ხათრით ხალხი ხმას აძლევდეს ზურაბიშვილს და მისთანებს. წამოაძახეს კიდეც ზურაბიშვილს, ჩვენ რომ არა, ვინ მოგცემდა ხმასო. ცხადია, ეს ასეა, მაგრამ რატომ მაიძულებ ისეთ ადამიანს მივცე ხმა შენი ხათრით, რომელსაც შენ რომ არა, საერთოდ არავინ მისცემდა ხმას. ასე რომ, მიდგომები საკადრო პოლიტიკის მიმართ უნდა შეიცვალოს. ასევე, საგარეო პოლიტიკის მიმართ მიდგომა უნდა შეიცვალოს, ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს, რომ ვიღაც ფანატიკოსი „ნაცი“ გამოხტება და „რუსეთუმეებო“ დაგვიძახებს, ამოსავალი უნდა იყოს პროქართულობა და საქართველოს ინტერესები“, -მიიჩნევს დავით ჩხარტიშვილი, რომლის აზრითაც, ფაქტობრივად, ღარიბაშვილი თეთრი ყვავივითაა იმ ფონზე, რასაც წარმოადგენს „ქართული ოცნება“, რომელიც კოალიციის დროიდან ასე კომპლექტდება, ჩამოყალიბებული, მკვეთრი იდეოლოგიის გარეშე.

სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ მსოფლმხედველობრივად „ნაცებმა“ და მათთან აფილირებულმა ძალებმა შეაღწიეს „ოცნებაში“ და, ფაქტობრივად, დივერსიული მუშაობით არიან დაკავებულნი.

Gami ძაბირაძის მაგივრად, ამ კაცს რომ ელაპრაკოთ არ შეიძლება?
1 წლის უკან