„სააკაშვილი მარშით ციხეში!“

„სააკაშვილი მარშით ციხეში!“

„დარწმუნებული ვარ, რომ ხალხი დამიხსნის ტყვეობიდა და ჩემი ტყვეობა დასრულდება“, - დაგვაიმედა მიხეილ სააკაშვილმა საქალაქო სასამართლოდან, სადაც 7 ნოემბრის ბრალდების საქმეზე კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩაერთო. ტრადიციულად, სასამართლო პროცესზე პოლიტიკური განცხადებები გააკეთა და აღნიშნა, რომ მომავალი არჩევნებისთვის სიის აბსოლუტური უმრავლესობა უნდა შედგებოდეს ადამიანებისგან, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტის წევრები.

პატიმარმა სააკაშვილმა ტრადიციად აქცია სასამართლო პროცესი პოლიტიკურ ტრიბუნად გამოიყენოს და სწორედ ასეთი იყო ბოლო პროცესი, როდესაც აღნიშნა, რომ საქართველოში შემოსულია დივერსიული ჯგუფი, რომელთა მიზანია ხელისუფლების ხელში აღება. განცხადების სიმძიმიდან გამომდინარე სუს-მა გამოძიება დაიწყო და სააკაშვილისგან ახსნა-განმარტება მოითხოვა. თუმცა, პატიმარი ამბობს, რომ „ეფ-ეს-ბეს ფილიალთან“ ყოველგვარ თანამშრომლობაზე უარს აცხადებს. მისივე თქმით, რუსული დივერსიული ჯგუფის შემოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია გააჟღერა იმისათვის, რომ საზოგადოება იყოს ყურადღებით.

„მე უსამართლო და უკანონო პატიმრობაში ვიმყოფები უკვე დადასტურებულად „ეფ-ეს-ბეს“ აგენტის, ფარცხალაძის მიერ აღძრული საქმეებით. დღევანდელი ოლიგარქის უშიშროების სისტემას, 11 წლის განმავლობაში, არ დაუკავებია არც ერთი რუსი აგენტი, სამაგიეროდ, რუსეთის მიერ გადმოცემული სიებით მთელი ეს დრო დევნის საქართველოს პატრიოტებს, რომლებიც რუსეთისგან იცავდნენ საქართველოსა და უკრაინას.

ნოდარ მელაძის გამოძიებით დადასტურებულია, რომ დღევანდელი უშიშროების სამსახურის მესვეურები საქართველოში მასპინძლობდნენ და ფეხქვეშ ეგებოდნენ „ეფ-ეს-ბეს“ მე-5 სამმართველოს უფროსს, გენერალ ბესედას, ეს ის გენერალია, რომელსაც პირადად პუტინისგან ჰქონდა დავალებული უკრაინისა და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ხელახალი დაპყრობის მომზადება ძირგამომთხრელი „აქტიური“ ღონისძიებებით და, რა თქმა უნდა, ოლიგარქის უსაფრთხოების წარმომადგენლები, ყოველივე ამის ფონზე, პირდაპირ შეგვიძლია განვიხილოთ კოლაბორაციონისტად და ოკუპანტის აგენტებად“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

სააკაშვილი აქვე აცხადებს, რომ დგება მომენტები, როდესაც სამოქალაქო საზოგადოებამ საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხები თავის ხელში უნდა აიღოს და მაშინ შესაძლებელი გახდება ძალების გაერთიანება, მათ შორის, სამართალდამცავ ორგანოებში შემორჩენილ პატიოსან პატრიოტებთან და ქვეყნისა და საკუთარი თავის გადარჩენა.

„რაც შეეხება ზოგადად რუსების შემოსვლას საქართველოში, გარდა დივერსიული ჯგუფისა, დანარჩენების უმეტესი ნაწილიც წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს. მათ მიაჩნიათ, რომ ქართველები შემთხვევით არიან ამ მიწაზე და პირველი დღიდან როგორც „ხაზეინები“ ისე იქცევიან. ამიტომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მათ უნდა მიეცეთ 1 წელი უძრავი ქონების გაყიდვისა და საქართველოს დატოვებისთვის, ასი ათასზე მეტი იმპერიალისტური განწყობის უცხოელის აქ ყოფნა, საქართველოსთვის აუწეველი ტვირთია“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, რუსულ აგენტურულ კლანს, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, აინტერესებს, რომელ რუს აგენტზე აქვს ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილს, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურთან არ ვაპირებთ თანამშრომლობას.

„ყველაზე დიდი რუსული დივერსიული ჯგუფი დღეს ხელისუფლებაშია ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, ირაკლი ღარიბაშვილის და აი, ამ „პუტინისტების“ სახით. ამაზე დიდი დივერსიული ჯგუფი საქართველოში არ არსებობს. ყველაზე დიდი რუსები დღეს ხელისუფლებაში არიან მათ შორის კონკრეტულ სამსახურში. საქმე საქმეზე რომ მიდგება, „ეფესბეს“ აგენტ ფარცხალაძეს იცავს. ამიტომ, აბსოლუტურად ნორმალურია, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურთან არ ვაპირებთ არავინ თანამშრომლობას. ეს არის ორჯერ ორი.

რუსულ აგენტურულ კლანს, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, აინტერესებს, რომელ რუს აგენტზე აქვს ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილს და სად უჟონავთ ინფორმაცია რუსებს. ისინი საქართველოს უსაფრთხოებისთვის კი არა, რუსეთის უსაფრთხოებისთვის იბრძვიან და სავარაუდოდ, რუსებისგან მიიღეს დავალება, რომ რა ინფორმაცია და ვისზე აქვს სააკაშვილს გაიგონ, რომ რუსებმა მერე შესაბამისად იმოქმედონ. ამიტომ, ლილუაშვილს საქართველოს უსაფრთხოებასთან კავშირი არ და ვერ ექნება, ის არის დადასტურებულად აგენტი ფარცხალაძის ადვოკატი და დამცველი“, - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

„ქართული ოცნების“ წევრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ყველა ხვდება, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადება მის პარტიაში კარგი ცხოვრებით არ არის განპირობებული და როგორც ჩანს, გადაწყვეტილია მელიას გასვლა და ის შეეცადა, წიხლიც მიეყოლებინა.

„სჯობს, ისაუბროს მის ახალ სამშობლოზე, რომლის მოქალაქეა და არა - საქართველოზე. მისი მხრიდან პასუხისმგებლობის აღება რას ნიშნავს, ეს უკვე ვნახეთ, 2003-2012 წლებში. შესაბამისად, არ მგონია, ქართველი ხალხი მზად იყოს იმ უბედურებას გაუძლოს, რაც ამ ქვეყანაში მისი მმართველობის დროს ტრიალებდა. როგორც ჩანს, მას საკუთარი დამოკიდებულებები დღემდე არ შეუცვლია, ვინ აიღოს პასუხისმგებლობა და ვინ - არა. ამას არჩევნებზე ქართველი ხალხი წყვეტს და არა - სააკაშვილი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ექს-პრეზიდენტის ციხეში გადაყვანის აუცილებლობაზე საუბრობს ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ წევრი ვიქტორ ჯაფარიძე და არგუმენტად ასახელებს იმას, რომ სააკაშვილი სიმულირებდა თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობით. მისი თქმით, სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანა იყო შეცდომა, რადგან დაბადებულია იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ამყოფოს გაუგებრობაში, ტერორში, უბედურებაში.

„სააკაშვილს აქვს ოპერაცია გაკეთებული და არაფერი ციხეში არ დამართნია. მე თავიდან ვიყავი წინააღმდეგი გადაყვანის, რატომ უნდა გადაგვეყვანა? ჭამოს, დამთავრდა! ვინმე არ აჭმევდა, აშიმშილებდა თუ რა? მაშინაც და ახლაც ვამბობდი და ვამბობ - მისი საავადმყოფოში გადაყვანა იყო შეცდომა. არ შეჭამდა? როგორო ბოლოც ექნებოდა, ექნებოდა ისეთი ბოლო - ეს არის მაოხრებელი გზირი, გინდა უკრაინაში ყოფილიყო და გინდა სადმე სხვაგან. ამიტომაც გადასაყვანია ციხეში. იმ ექიმებმა მოუხმონ გონებას, კი თავს იზღვევენ, მაგრამ გასცენ რეკომენდაციები და გადავიყვანოთ. თუ რამე დაემართება - ბოლო-ბოლო ილია ჭავჭავაძეა მკვდარი და რა ვქნათ ახლა,“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ვიქტორ ჯაფარიძემ.

სააკაშვილის ციხეში გადაყვანის აუცილებლობაზე საუბრობენ ანალიტიკოსები. როგორც ედიშერ გვენეტაძე აცხადებს, სააკაშვილი როგორც პოლიტიკური შარლატანი ყველასათვის ცნობილია და მტკიცებულება უკვე დადებულია, რომ ეს არის პოლიტიკური შარლატანი და პოლიტიკური ავანტურისტი, რომელიც ყველანირ პროვიკაციაზეა წამსვლელი. მაგრამ, მისი თქმით, მას მფარველები ჰყავს უცხოეთში და საქართველოში შემოვიდა იმისათვის, რომ საქართველო ჩაბმულიყო იმ ომში, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის სახელწოდებით არის ცნობილი.

„რატომ არ გადაყავთ ციხეზე? იმიტომ არ გადაჰყავთ, რომ ვნახეთ ზოგიერი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადება - ჩვენ საქართველოს მხარს დავუჭერთ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამით ყველაფერია ნათქვამი და იმ ქვეყნებისგან, რომელი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ამას აცხადებენ, ისინი არიან ევროკავშირის წევრები და მათ ხმას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე.

თუმცა, ვიმეორებ, ეს კანდიდატის სტატუსი არარაობაა, არაფრის მომცემია, მაგრამ საქართველოს თავზე დამოკლეს მახვილივით დაკიდეს და რატომ? - იმიტომ, რომ თუ არ მიენიჭებათ კანდიდატის სტატური, ასეთ შემთხვევაში აქაური ძაღლიშვილები, მათივე ძაღლიშვილები შეეცდებიან აამოქმედონ და ამ ამოქმედების შემთხვევაში ძალით შეცვალონ ხელისუფლება, ვინაიდან არჩევნების გზით ამას ვერ მოახერხებენ. ამიტომ, სააკაშვილი ახლა აკეთებს იმას, რასაც აკეთებს. დაველოდოთ დეკემბრის ბოლოს, როცა, დიდი ალბათობით, კანდიდატის სტატუსი მოგვეცემა და მერე უკვე, რა თქმა უნდა, სააკაშვილი მარშით ციხეში“, - აცხადებს გვენეტაძე.

რაც შეეხება სუს-ში მიმდინარე გამოძიების, ანალიტიკოსი აცხადებს, რომ სააკაშვილი ცდილობს პოლიტიკური დივიდენდების დაგროვებას, რომ თითქოსდა მას ჰყავს ინფორმატორები.

„ეს კაცი არის წმინდა წყლის ავანტურისტი, შარლატანი, რომელიც ცდილობს რაღაცეების მეშვეობით საზოგადოების თითქოსდა მძიმე დეპრესიაში და სიტუაციაში ჩაყენებას. ამ კაცის ერთი სიტყვაც დასაჯერებელი არ არის, ვინაიდან რასაც გუშინ ლაპარაკობდა, იმას დღეს არ ლაპარაკობს და ა.შ. ეს კაცი პოლიტიკურ გვამად არის გადაქცეული.

თავად მისი თანამებრძოლები და იგივე გვარამია ლაპარაკობდა, რომ ფაღარათი აქვს და კვდებაო, მერე ლაპარაკობდა კვდებაო და გვამის სუნი ასდისო, მერე თქვა დემნეცია აქვსო, მერე ნერვიული აშლილობა აქვსო და ამდენი დაავადებების კაცს პოლიტიკაში არაფერი ესაქმება. ამიტომ, ვფქრობ, რომ ამ დემენციისაგან, ფაღარათისგან და ნერვიული აშლილობისგან გამოჰყავა ის, რომ მას წარმოუდგენია ნაპოლეონია და შეიძლება მალე ესეც თქვას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.

ანალიტიკოს გია აბაშიძის შეფასებით, დაშლილ-დაქუცმაცებულ „ნაცმოძრაობაში“ რომ პრობლემებია, ეს უკვე დიდი ხანია ცნობილია, რადგან მას ფინანსურად დაეპატრონა ძებნილი ოლიგარქი დავით კეზერაშვილი და ხდება ერთგვარი ფარული დაპირისპირება შიგნით.

„ეს იქნებიან ცალკეული პერსონაჟები ხაბეიშვილი, მერაბიშვილი, სხვა ფლანგზეა ნიკა გვარამია, ასევე, სხვა ფლანგზეა ნიკა მელია. ამ ფარულ დაპირისპირებაში მთავარ ხაზზეა სააკაშვილი, რომელსაც წაართვეს პარტიული რესურსები და სწორედ ამას ემსახურებოდა მისი განცხადება, რომ პარტიაში უნდა იყვნენ უმეტესად ისინი, ვინც არ იყვნენ პარლამენტში.

მაშინ რა გამოდის, ისინი ვინც არადამიანურად იქცევიან მედიასივრცეში და უმტკიცებენ მას ერთგულებას, აკეთებენ უკიდურესად ბრიყვულ განცხადებებს, იქნებიან ეს გია ბარამიძე, გუბაზ სანიკიძე, თუ მათნაირი კალიბრის პოლიტიკანები, ისინი უნდა დარჩნენ ისევ პარლამენტს მიღმა?

მაგრამ აქ მეორეც არის, სააკაშვილის დაჯერება არასდორს არ შეიძლება, იმიტომ, რომ ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს. აქვე გავიხსენებ ორი წლის წინანდელ ამბავს, როდესაც ის კონტეინერით იპარებოდა საქართველოში და გადაიღო ერთ-ერთი ვიდეოკლიპი, თითქოს გაიტაცეს და გაურკვეველ ადგილას მიჰყავდათ. დაახლოებით ასეთი ტყუილების გამავრცელებელია სააკაშვილი და არაა ეს გასაკვირი“, - აცხადებს აბაშიძე.

მაგრამ რაც შეეხება მის საკმაოდ ჯანმრთელ განცხადებებს სასამართლო სხდომაზე ვიდეო ჩართვისას და ასევე მის აქტიურობას სოციალურ ქსელში, აბაშიძე თვლის, რომ არანაირი დემენცია და 40-მდე დაავადება არ ჰქონია და დადგა დრო გადაყვანილ იქნას ციხეში და მოიხადოს სასჯელი.

„ასე ჟურნალისტები არ აქტიურობენ საკუთარ ფეისბუქ გვერდებზე, როგორც სააკაშვილი, ეს მეტყველებს იმაზე, რომ რა თქმა უნდა, არანაირი დემენცია და 40-მდე დაავადება არ ჰქონია და დადგა მართლაც ის დრო, რასაც საზოგადოება კატეგორიულად მოითხოვს, რომ სააკაშვილი გადაიყვანონ ციხეში და მოიხადოს სასჯელი. კმარა, ეს ოროთახიანი ლუქსპალატა თავისი კომფორტებით, მნახველებით და ა.შ.

ამას უნდა დაესვას წერტილი. ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილებას მიიღებენ შესაბამისი მედიკოსები და არა ფსევდომედიკოსები, რომლებიც ასოცირებული არიან „ნაცმოძრაობასთან“. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს უახლოეს მომავალში. უკვე წარმოუდგენლად აუტანელია ხალხისთვის სააკაშვილის ასეთი ჰიპერაქტიურობა სოციალურ ქსელში, რაც, რასაკვირველია და ბუნებრივია, რომ შემდეგ აისახება მედიასივრცეში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია აბაშიძე.