ხელისუფლება ფიქრობს, რომ შესაძლოა, ზურაბიშვილმა სააკაშვილი შეიწყალოს - ეს ზურაბიშვილის მხრიდან პოლიტიკურ უფსკრულში გადაჩეხვის ტოლფასი იქნება

ხელისუფლება ფიქრობს, რომ შესაძლოა, ზურაბიშვილმა სააკაშვილი შეიწყალოს - ეს ზურაბიშვილის მხრიდან პოლიტიკურ უფსკრულში გადაჩეხვის ტოლფასი იქნება

შესაძლოა თუ არა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღოს და პოზიცია „არა და არასდროს“ შეცვალოს? - ხელისუფლება პრეზიდენტისგან ამ ნაბიჯის გადადგმას არ გამორიცხავს.

პოლიტიკურ დღის წესრიგში მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნა კვლავ აქტიურდება. ოთხი თვის წინ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული ნიკა გვარამია სახელმწიფოს მეთაურს მიმართავს, რომ ანალოგიური გადაწყვეტილება ყოფილი პრეზიდენტის მიმართაც მიიღოს.

მიუხედავად იმისა, რომ კლინიკის ექიმები და სახალხო დამცველის აპარატიც ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის დადებით დინამიკაზე საუბრობს და თავად პატიმარიც ბოლო პერიოდში პოლიტიკურად გააქტიურებულია, შეწყალების მოთხოვნის ერთ-ერთ არგუმენტად ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება. გვარამიას მიმართვას იზიარებს ოპოზიციის ნაწილიც. „არა და არასდროს“ – ახლა საინტერესოა, შეცვლის თუ არა არაერთხელ ხაზგასმულ ამ პოზიციას თავად პრეზიდენტი.

თუმცა ისიც რეალობაა, რომ ასეთი გადაწყვეტილების შემთხვევაშიც, კლინიკაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი თავისუფლებას დიდი ხნით მაინც ვერ მოიპოვებს, რადგან მის წინააღმდეგ აღძრული რამდენიმე სისხლის სამართლის საქმიდან განაჩენი მხოლოდ ორ საქმეზეა გამოტანილი.

„სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილმა ქართველი ხალხის წინაშე არათუ პირობები დაარღვია, არამედ კონსტიტუცია. ამიტომ, რთულია პროგნოზირება, როგორ მოიქცევა, მაგრამ ერთის თქმა შეიძლება, რომ ეს ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის, მართლმსაჯულების ინტერესს“, - ამბობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

„მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იქნებოდა დაცინვა არა მხოლოდ უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის მსხვერპლებისა, რასთან დაკავშირებულ დანაშაულებზეც უკვე მსჯავრდებულია, არამედ მისი სისტემის ყველა მსხვერპლის. სალომე ზურაბიშვილს თუ სურს, ქართველი ხალხის წინაშე კონსტიტუციის დარღვევას დაუმატოს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლთა დაცინვა, მაშინ შეუძლია, შეიწყალოს. იმედია, ამ მძიმე ნაბიჯს არ გადადგამს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი არაადეკვატური გადაწყვეტილებების ფონზე, არ არის გამორიცხული, რომ მან მიხეილ სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილებაც მიიღოს. თუმცა ეს მას პოლიტიკურად ყველაზე მეტად დააზიანებს. აბაშიძე მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილი თუ ამ ნაბიჯს გადადგამს, მაშინ ის პირდაპირ აღიარებს, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში მათი დღის წესრიგის შესაბამისად მოქმედებდა.

„არ ვიცი, ზურაბიშვილს, ალბათ, პოლიტიკური განსჯის უნარი რაღაცა მაინც დარჩა, რადგან მიხეილ სააკაშვილის შეწყალება ყველაზე მატად მას დააზიანებს. საქმე ისაა, რომ სამართლებრივად სხვა საქმეებზე სააკაშვილის სასამართლო პროცესები დასრულებული არ არის და მისი უკან, ციხეში შებრუნება მოსამართლეს თავისუფლად შეუძლია. შესაბამისად, რამდენიმე საათით მისი გათავისუფლება ან რამდენიმე დღით რა ხელს აძლევს ზურაბიშვილს ნამდვილად არ ვიცი. შესაძლოა, პოლიტიკური პროცესების დაძაბვისთვის ეს გააკეთოს და ამით ხელისუფლებას რაღაც სამაგიერო გადაუხადოს.

 თუმცა ის ბოლო დროს ჯიბრში უდგას არა „ოცნებას“, არამედ იმ ამომრჩეველს, რომელმაც ის პრეზიდენტი გახადა. ამიტომ მისი ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური ხარაკირის ტოლფასი იქნება და შეუერთდება ისეთ ნულოვანი რეიტინგის მქონე პოლიტიკოსებს, როგორებიც ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი გახარია, და სხვები არიან. ამიტომ ვის უფორ აწყობს სააკაშვილის არშეწყალება, მე მგონი კარგად უნად ხვდებოდეს. ეს ყველაზე მეტად თავად ზურაბიშვილს არ უნდა უნდოდეს“, - ამბობს აბაშიძე.

რაც შეეხება იმ ფაქტს, აიღო თუ არა პრეზიდენტმა დროებით ტაიმ-აუტი კანდიდატის სტატუსზე პასუხამდე, აბაშიძე ამბობს, რომ, დიდი ალბათობით, ის უფრო აქტიური დეკემბრის შემდეგ გახდება და ამ პროცესის დასრულებას ელის. ამიტომ ის არ გამორიცხავს, რომ ზურაბიშვილმა პოლიტიკური მიზნების კიდევ უფრო გასამყარებლად სააკაშვილი შეიწყალოს. ასევე ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, მან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღოს, ან კიდევ პრეზიდენტის რანგში ღიად, რომელიმე პოლიტიკურ აქტორს მხარი დაუჭიროს.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი ფიქრობს, რომ ზურაბიშვილმა სააკაშვილი რომც შეიწყალოს, ის დიდი ხანი გარეთ ვერ დარჩება. მის მიმართ დაწყებულია სხვა საქმეები, რომელზეც ჯერ განაჩენი დამდგარი არ არის და მას უკან ციხეში დაბრუნება ემუქრება. ამიტომ ანჯაფარიძე ვერ ხვდება რაში შეიძლება ასეთი ნაბიჯის გადადგმა სალომე ზურაბიშვილს სჭირდებოდეს.

„პოლიტიკურად ზურაბიშვილს ეს გადაწყვეტილება უფრო დააზარალებს, ვიდრე სარგებელს მოუტანს. ის ისედაც დაზარალებულია იმპიჩმენტის შემდეგ და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამით ზურაბიშვილმა რამე მოიგო, ძალიან ცდება. ყველამ კარგად დაინახა, რომ მან რადიკალური ოპოზიციის ხმების ხარჯზე მოახერხა თანამდებობის შენარჩუნება. მას თუ ამის გამო სააკაშვილის შეწყალებას მოსთხოვენ, არ ვიცი, თუმცა ამით ნაციონალების ამომრჩეველს მაინც რომ ვერ მიიმხრობს, ფაქტია.

მაშინ ზურაბიშვილი ნაციონალების ლიდერი უნდა გახდეს, რაც გამორიცხულია. ეს მისი მხრიდან პოლიტიკურ უფსკრულში გადაჩეხვაა. ზურაბიშვილი ახლა ისეთ მდგომარეობაშია, რომ ის ამ ნაბიჯს არ გადადგამს. რომც დავუშვათ სააკაშვილი გარეთ გამოვიდეს, ამის შემდეგ რა ხდება? როგორც უკრაინის მოქალაქეს, შეუძლია ხელისფლებამ პირდაპირ დეპორტაცია გაუკეთოს, ხოლო როგორც პერსონა ნონ გრატას, საერთოდ, საქართველოში შემოსვლაც კი აუკრძალონ. ვფიქრობ, პოლიტიკურად აქტიური და გარეთ მყოფი მიხეილ სააკაშვილი „ოცნებას“ თუნდაც წინასაარჩევნოდ, არ სჭირდება“, - ამბობს ანჯაფარიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე რა პროცესებიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიდის, როცა პარტია გახლეჩვის პირას დგას, მიხეილ სააკაშვილის ავტორიტეტიც ისეთი არ არის, როგორც ადრე იყო, „ოცნებას“ მისი „საფრთხობელას“ როლში არჩევნების წინ გამოყენება დიდად აღარ სჭირდება. ამიტომ ანალიტიკოსი გამორიცხავს, რომ ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ სააკაშვილის გარეთ ყოფნა სურდეს.