ექსტრემიზმში მხილებულმა NGO-მა „მესიჯები“ შეცვალეს

ექსტრემიზმში მხილებულმა NGO-მა „მესიჯები“ შეცვალეს

170-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივი განცხადებით, ევროკომისიას მიმართავს, საქართველოში არსებული პრობლემების მიუხედავად, 12 პრიორიტეტის შესრულების ობიექტური შეფასების პარალელურად, მოგვეცეს რეკომენდაცია, რომ 2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. ქართული ა/ო-ის სახელმწიფოებრივი აზროვნების არ სჯერა მმართველ გუნდს, რადგან იგივე არასამთავრობოები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი.

ამ უცნაური ფერიცვალების მიუხედავად, მმართველი გუნდი გეგმავს გააგრძელოს კონსულტაციები ევროპელ პარტნიორებთან, რომ ორგანიზაციიდან „ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის“ აღიკვეთოს ექსტრემიზმის დაფინანსება, რადგან აღნიშნული მიმართვის ინიციატორებში არიან ის ელიტური NGO-ებიც, რომლებიც ჩართული არიან საქართველოში ექსტრემიზმის წახალისებით. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხალხს უნდა სიმშვიდე და არა ექსტრემიზმი, პოლარიზაცია და რევოლუცია.

მისი თქმით, ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც იკვეთება, როგორც ასეთი მოძრაობების ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი, არის „ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის“ (EED), რომელიც აფინანსებს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასაც, რაც კანონით აკრძალულია. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ჰქონდათ გარკვეული შეხვედრები დახურულ კარს მიღმა და ეს შეხვედრებიც უმყარებს რწმენას, რომ მიდგომები შეიცვლება როგორც ცენტრალურ, ისე ლოკალურ დონეზე.

„EED აფინანსებს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასაც, რაც პირდაპირ კანონით არის აკრძალული. ჩვენ განვაგრძობთ კონსულტაციებს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, ამერიკელ პარტნიორებთან იმისათვის, რომ უცხოური წყაროებიდან აღარ მოხდეს ექსტრემიზმის, პოლარიზაციის, რევოლუციის დაფინანსება ჩვენს ქვეყანაში. გვაქვს ყველანაირი საფუძველი ოპტიმიზმისთვის, რომ აღარ გაგრძელდება ქვეყანაში უცხოური წყაროებიდან ექსტრემიზმის დაფინანსება, ყოველ შემთხვევაში თვისობრივად შემცირდება ამ დაფინანსების მოცულობა, რაც მოდის უცხოური წყაროებიდან ექსტრემიზმის სასარგებლოდ საქართველოში. ჩვენს საზოგადოებას უნდა სიმშვიდე, ქართველ ხალხს უნდა სიმშვიდე და არა ექსტრემიზმი, პოლარიზაცია და რევოლუცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მაშ ასე, ელიტური NGO-ები ხვდებიან, რომ იმ მცდელობებს, რომლებიც მიმართული იყო კანდიდატის სტატუსის მინიჭების ჩაშლისკენ, პერსპექტივა აღარ აქვს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, წელიწად-ნახევრიანი საბოტაჟისა და წინააღმდეგობის მიუხედავად, ევროკავშირი საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხზე პოზიციური გადაწყვეტილებისთვის ემზადება და ამით დამარცხდება ყველა ის ჯგუფი, რომელიც ამას ეწინააღმდეგება. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, აღნიშნული მიმართვის ინიციატორებში არიან ის „ელიტური NGO“-ებიც, რომლებიც ჩართული არიან საქართველოში ექსტრემიზმის წახალისებით.

„პოზიტიური სიგნალები მოდის და ახლა ყველა ცდილობს, რომ რამენაირად ქართველი ხალხის გამარჯვების მონაწილე გახდეს. ვნახე, რომ ამ ხელმომწერებში უფრო სწორად ინიციატორებში, არიან ისინიც, რომლებიც ჩართული არიან საქართველოში ექსტრემიზმის წახალისებით. ჩვენ ახლახან გავიგეთ ინფორმაცია საჯაროდ, რომ არსებობს ფონდი უცხოური ფულით, რომელიც ჯარიმებს უხდის კანონდამრღვევებს და სწორედ, ამ ფონდის ინდულგენციის „ბორდის“ წევრები არიან მათ შორის, ინიციატორები ამ განცხადების და ვიცით, რომ ეს პროექტი, რასაც ემსახურება არის სწორედ ექსტრემიზმის წახალისება,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, თუ რას ნიშნავს, რომ USAID-ის ადგილობრივი წარმომადგენლობა ფულს არასამთავრობო ორგანიზაციებზე ანაწილებს, რომლებიც შემდეგ ჯარიმებს იხდიან, პაპუაშვილი პასუხობს: „ახია USAID-ზე. მარტში, უცხოური გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ჩვენ ვამბობდით, რომ იყო უცხოური დაფინანსება და მისი გამოყენება იყო გაუმჭვირვალე, აბსოლუტური ქაოსი და მაშინ რამდენიმე დონორი გვარწმუნებდა, რომ სინამდვილეში საქართველოს სისტემა არის საკმაოდ გამჭვირვალე, NGO-ების დაფინანსება, მათ მიერ თანხების გამოყენება არის გამჭვირვალე. ასე რომ, ახია USAID-ზე, როგორც აღმოჩნდა, როგორც ისინი ამბობენ, მათი ლოგო, მათგან დაუკითხავად, 8 თვის განმავლობაში გამოფენილი იყო NGO-ს გვერდზე“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას შალვა პაპუაშვილმა.

„ხალხის ძალის“ წევრის, ანალიტიკოსის დავით ქართველიშვილის განცხადებით, ადრე თუ „ხელნაწერები არ იწვოდა“, ახლა ციფრული მეხსიერების ამოშლაა შეუძლებელი. მისი თქმით, დღეს, რომ 169 არასამთავრობო ორგანიზაციამ მოაწერა ხელი პეტიციას, რომლითაც ითხოვს ევროკავშირისაგან - საქართველოს ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, რაც ცინიზმის და ფარისევლობის პიკია.

„გავიხსენოთ, რას ითხოვდა EU-სგან იგივე „მესამე სექტორი“ ზუსტად 25 დღის წინ, 2023 წლის 8 ოქტომბერს. 25 დღის წინ საქართველოს არასამთავრობო სექტორმა შეახსენა ევროკავშირს, რომ საქართველომ მის მიერ დადგენილი 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ 3 შეასრულა. „მესამე სექტორმა“ მოითხოვა, რომ სტატუსი საქართველოს არ მიენიჭოს: ციხიდან სააკაშვილის განთავისუფლებამდე და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამდე. ასევე, მანამდე არ მიენიჭოს, სანამ „ქართული ოცნება“ არ მოაგვარებს „სისტემურ ანომალიებს“, არ შეამცირებს საარჩევნო ბარიერს 2%-მდე და არ დაუშვებს წინასაარჩევნო ბლოკების შექმნას.

გავიდა 25 დღე და „ენ-ჯე-ო“-ებმა მიიღეს ბრიუსელიდან არაორაზროვანი სიგნალი, რომ ევროკავშირმა სწორედ პრემიერ-მინისტრის და „ქართული ოცნების“ ლიდერების ძალისხმევით გადაწყვიტა შარშანდელი უსამართლო გადაწყვეტილების გამოსწორება და არ დაუგდო ყური იმავე არასამთავრობოების ზეწოლას, სტატუსის არმინიჭების თაობაზე. ამიტომ სასწრაფოდ ცდილობენ „ფირფიტის“ გადაბრუნებას და ამ პროცესის წარმატებული დასასრული, რასაც გაშმაგებულები ებრძოდნენ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, მიაწერონ საკუთარ ძალისხმევას, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი აცხადებს, რომ საკმაოდ მძიმე განცხადებაა, მაგრამ სახელმწიფოს გააჩნია როგორც სახელმწიფო უშიშროების სამსახური, ასევე პროკურატურა და ამ ორი უწყების კოორდინირებული საქმიანობით უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. მისი თქმით, ევროპელ პარტნიორებთ ამ კუთხით მოლაპარაკება შედეგის მომტანი არ არის.

„ეს არის მიზანმიმართული პროცესი. ამიტომ, იმის იმედზე ყოფნა, რომ ვინმესთან მოლაპარაკება აწარმოო, რომ თანხები დასავლეთიდან არ შემოვიდეს, ვფიქრობ, რომ სულ მცირე არასერიოზულია. თუ ექსტრემისტული ქმედებები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, ამ შემთხვევაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და გენერალურმა პროკურატურამ ერთობლივი მოქმედებებით უნდა დაიწყონ სისხლის სამართლებრივი დევნა მათ მიმართ, ვინც არიან ობიექტები, ვისზედაც საუბრობს პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე და თუ ის ფლობს ინფორმაციას, რომ ხორციელდება ქვეყნის საზიანო მოქმედებები. ის, რომ პოლიტიკურ დონზე ვინმეს ამაზე ესაუბრო, მე ვფიქრობ, რომ შედეგის მომტანი არ იქნება“, - აცხადებს კუხალაშვილი.

მისი თქმით, როდესაც ვსაუბრობთ პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერაზე, აქ ცალსახად დგინდება არა კონკრეტული პირების და ორგანიზაციების მხრიდან რაიმე ისეთი ორგანიზაციული პროცესი, არამედ იკვეთება, რომ დაინტერესებული სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად ასეთი რამე არ ხდება.

„ეს მიმართულება არის უცხო ქვეყნების პოლიტიკური დაზვერვის მიერ შექმნილი ვითრება და სწორედ მათ მიერ ხდება სწორედ იმ რადიკალური ა-ო და პოლიტიკური პარტიების, როგორც მორალური მხარდაჭერა, ისე ფინანსური მხარდაჭერა. ამიტომ, მოლაპარაკებას აქ აზრი არ აქვს, აქ საუბარია იმაზე, რომ მათგან მომდინარე რისკების მინიმუმადე დაყვანა უნდა მოხდეს და ნეიტრალიზაცია ამ პროცესის. ამიტომ, აუცილებლად უნდა დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა, ასევე აქტიურად უნდა მიმდინარეობდეს აგენტურულ-ოპერატიული საქმიანობა პირთა ჯგუფების, მათ შორის ფინანსური შემოდინების არხებისა და ამ პროცესებში მონაწილე პირების მიმართ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და მოხდეს მათი იდენტიფიცირება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.