„დასავლეთში პრაგმატულად მოაზროვნე პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ სტატუსზე მეორედ უარის თქმით, საქართველოს, სხვა დიდი მოთამაშეებისკენ თავად უბიძგებენ“

„დასავლეთში პრაგმატულად მოაზროვნე პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ სტატუსზე მეორედ უარის თქმით, საქართველოს, სხვა დიდი მოთამაშეებისკენ თავად უბიძგებენ“

საქართველო კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია და სავარაუდოდ, 8 ნოემბრისთვის ევროკომისიის ანგარიში ჩვენი ქვეყნის შესახებ უკვე ცნობილი გახდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში გავიგებთ. ხელისუფლება ბოლო დღეების განმავლობაში სულ უფრო დარწმუნებით საუბრობს იმაზე, რომ, დიდი ალბათობით, კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ. ამაზე საუბრობენ ოპოზიციაშიც, თუმცა ერთმანეთს საბოტაჟში სდებენ ბრალს.

ხელისუფლება კი ამბობს, რომ ოპოზიცია ძალიან უსუსურად გამოიყურება, წინასწარ თავს იზღვევენ და გამართლება აქვთ, რომ ხალხმა უნდა მიიღოს სტატუსი.

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს: „ხალხის არჩეული მთავრობა ვართ ჩვენ, ხალხის დაკვეთას ვასრულებთ ჩვენ, მთავრობა. სტატუსს როცა მიიღებს ქვეყანა, ეს იქნება ჩვენი ხელისუფლების დამსახურება ქართველ ხალხთან ერთად“.

მისი თქმით, როგორც ჩანს, ოპოზიციის წარმომადგენლებმა იციან, რომ სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მართლაც პოზიტიური დინამიკაა, ამიტომ ყველა თავის გადარჩენას ცდილობს.

ანალიტიკოსები for.ge-სთან ფიქრობენ, რომ დასავლეთმა რიგი მიზეზების გამო, საქრათველოსთან დაკავშირებით პოზიციების გადახედვა დაიწყო. მათი აზრით, სტატუსის მიცემა საქართველოსთვის ორი მნიშვნელოვანი ფაქტორის გამო გადაწყვიტეს. ერთის მხრივ მსოფლიოში და რეგიონში არსებული რთული და მკვეთრად შეცვლილი სიტუაციის გამო და მეორე მხრივ, ქვეყნის შიგნით არეულობის და დესტაბილიზაციის შიშის გამო, რაც რეალური გახდება, თუკი სტატუსზე მეორედ უარს გვეტყვიან.

„შარშან თვითმიზანი იყო კანდიდატის სტატუსის მიღება, ამ დონეზე საუბრობდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ახლა, თითქოს არაფერი არ არის. რატომ შეიცვალა ნარატივი? იმიტომ, რომ გაიზარდა კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი“, - ამბობს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე.

მან პარალელი ადვოკატის პროფესიასთან გაავლო და აღნიშნა, რომ ხელისუფლების სწორი ტაქტიკის შედეგად კანდიდატის სტატუსის მიღების საკუთარ თავზე მიწერას ის პირები შეეცდებიან, რომლებიც ცდილობენ, ქვეყანამ სტატუსი ვერ მიიღოს.

„ჩემი წარსული პროფესია იცით. ადვოკატებს, ჩემს ყოფილ კოლეგებს ემართებათ ხოლმე ასეთი რაღაც: იშრომებენ, იწვალებენ, დაცვის ტაქტიკას, გეგმას, პოზიციას სწორად დაალაგებენ ხოლმე, შედეგს მიაღწევენ კონკრეტულს და როგორც კი შედეგს მიაღწევენ, მერე სხვები იბრალებენ და რიგ შემთხვევაში, ვინც პირიქით მუშაობდა, იბრალებს, ჩვენ დავრეკეთ სადღაც და „დავალაგეთ“ ეს ამბებიო. ამ მდგომარეობაში ვართ ახლა ჩვენ. სტატუსის მიღება სწორი ტაქტიკის დამსახურება იქნება - საქართველო ღირსეულად დადგა, ვგულისხმობ ნებისმიერ ჩვენს პოზიციას, ყველა წინა განცხადებას“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მისივე თქმით, თუ ქვეყანაში პოზიტიური მოვლენა მოხდება, ხალხის და იმ ხელისუფლების დამსახურება იქნება, რომელიც ხალხმა აირჩია.

„ქვეყანა ღირსეულად, თავის ადგილზე რომ დადგა, ასეთ ქვეყანას აფასებენ ევროპელები და ამაშია ევროპულობა, რომელიც ღირსებაზე დგას, ქრისტიანულ საწყისებზე დგას, დემოკრატიაზე დგას, უფლებებზე დგას და არა იმაზე, რასაც თქვენი პარტია გვიქადაგებს. შესაბამისად, ნებისმიერი პოზიტიურის დამსახურება, არის იმ ხელისუფლების, რომელიც მართავს ქვეყანას იმ პერიოდში, როდესაც კონკრეტული შედეგები იდება და, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის, რომლის არჩეულებიც ვართ ჩვენ და ეს გავიწყდებათ ხოლმე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ, დიდი ალბათობით, კანდიდტის სტატუსს მოგვცემენ, რადგან დასავლეთმა საქართველოსთან დაკავშირებით გარკვეულ პოზიციებს გადახედა. ძაბირაძე for.ge-სთან ვარაუდობს, რომ ხელისუფლების ოპტიმიზმი, სწორედ დასავლეთიდან წამოსული შეცვლილი დამოკიდებულების შემდეგ გაჩნდა. მისი აზრით, ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს და ფიქრობს, რომ დასავლეთი საქართველსოთან დაკავშირებით რაღაცებზე დაფიქრდა.

„მოდი, გულახდილად ვთქვათ, რომ შარშან, როდესაც კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს, ეს იყო შეცდომა, რადგან საქართველო მოლდოვაზე და უკრაინაზე მეტად ნამდვილად იმსახურებდა, თუ რეფორმების კუთხით გავყვებით. მეორე მხრივ, ეს იყო დასავლეთის მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილება უკრაინის ომის გამო. გვახსოვს, ალბათ, უკრაინის ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში იქნა გადაწყვეტილება მიღებული. საქართველოს ხელისუფლების მიერ მაშინ არჩეულმა პოლიტიკამ უკრაინასთან დაკავშირებით, დასავლეთში ბევრი კითხვები და შიში გააჩინა. გაჩნდა გარკვეულწილად იმის მოლოდინი, რომ უარის შემდეგ, ხელისუფლება რუსეთთან დაკავშირებულ პოზიციებს გადახედავდა. სინამდვილეში კი პირიქით მოხდა და „ოცნებამ“ ეს თემა აქეთ ძალიან კარგად მოირგო. ხალხს უთხრა, რომ სტატუსს იმიტომ არ გვაძლევენ, რადგან ამათ ჩვენი ომში ჩათრევა უნდათო. ეს მოსახლეობამ დაიჯერა, პიარული სვლა იყო ზუსტად გათვლილი, რადგან 2008 წლის ომის შემდეგ, ჩვენს მოსახლეობას ეს ტრავმა ისევ აქვს. დასავლეთში დაინახეს, რომ პირიქით, მოსახლეობაში ანტიდასავლური დამოკიდებულებები შესაძლოა გაიზარდოს და სტატუსის არმიცემა დაბრალდა არა „ოცნებას“, არამედ თავად დასავლეთს. ამიტომ დაიწყეს ფიქრი, რომ ეს უფრო ხომ არ უბიძგებს ქვეყანას რუსეთისკენ. ასევე გაჩნდა საფრთხე იმის, რომ ამ ფონზე, ქვეყანაში დაპირისპირება შესაძლოა გაღვივებულიყო. ამიტომ, პოზიციები, ფაქტია, რომ შეიცვალეს და ხელისუფლების ოპტიმიზმი აქედან გაჩნდა“,-ამბობს ძაბირაძე.

მისივე თქმით, ამის პარალელურად, დასავლეთში უყურებენ, რომ ოპოზიცია სუსტია. ვერც ის ქნეს და ვერც ეს. მათ ხალხში მხარდაჭერა არ აქვთ და პირიქით, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, აღმოჩნდა, რომ ისინი მავნებლობენ და ევროპარლამენტარებს არწმუნებენ სტატუსი არ მოგვცენ. შესაბამისად, ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ქვეყანაში სტაბილურობის შესანარჩუნებლად, დიდი ალბათობით, კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი შიდა პოლიტიკის გარდა გეოპოლიტიკურ ინტერესებსაც ხედავს. საყვარელიძე for.ge-სთან ფიქრობს, რომ ბოლო დროს რეგიონში არსებულმა სიტუაციამ დასავლეთს დაანახა, რომ საქართველო იმაზე მეტად სჭირდება, ვიდრე აქამდე ეგონა. მისი აზრით, გაჩნდა ჩინეთის სახით ძალიან დიდი მოთამაშე, რამაც დასავლეთს საქართველოს დაკარგვის შიში გაუჩინა.

„ერთი წლის შემდეგ, როცა უარი გვითხრეს, სიტუაცია კიდევ უფრო რადიკალურად შეიცვალა. ვნახეთ ყარაბაღში რაც მოხდა და ახლა ახლო აღმოსავლეთში რაც ხდება. ასევე დასავლეთში მიხვდნენ, რომ უკრაინის ომი დღეს და ხვალ ვერ დასრულდება. ამიტომ რაღაცებს უნდა გადახედონ. ამის პარალელურად,  მოულოდნელად ჩნდება ახალი და ძალიან ძლიერი მოთამაშე ჩინეთის სახით, რამაც დასავლეთში შიში გააჩინა, რომ შესაძლოა, უარის თქმის შემთხვევაში, საქართველო, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, დაკარგონ. ახლა რეგიონში დასავლეთისთვის საქართველო ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენი ქვეყნის დაკარგვით მთლიან რეგიონს დაკარგავენ. ამიტომ კარგად ათვითცნობიერებენ ჩვენს ფასს.

დასავლეთშიც არიან პრაგმატულად მოაზროვნე პოლიტიკოსები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მეორედ უარის თქმა, ქართველ ხალხში ძალიან დიდ უარყოფით დამოკიდებულებას გამოიწვევს, ხოლო საქართველოს, ფაქტობრივად, სხვა დიდი მოთამაშეებისკენ თავად უბიძგებენ. ასევე, ქვეყნის შიდა პოლიტიკური ფაქტორიც მნიშვნელოვანია. გვახსოვს, ალბათ, ღარიბაშვილმა რომ უთხრა დასავლეთს, თუ გინდათ ქვეყანში პოლარიზაციის დასრულება, მაშინ სტატუსი მოგვეცითო. ვფიქრობ, ამ ყველაფრის გააზრება დასავლეთმა მოახდინა და საბოლოო ჯამში, პასუხი დადებითი იქნება“, - ამბობს საყვარელიძე.

Maverick „მოდი, გულახდილად ვთქვათ, რომ შარშან, როდესაც კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს, ეს იყო შეცდომა, რადგან საქართველო მოლდოვაზე და უკრაინაზე მეტად ნამდვილად იმსახურებდა, თუ რეფორმების კუთხით გავყვებით. მეორე მხრივ, ეს იყო დასავლეთის მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილება უკრაინის ომის გამო. გვახსოვს, ალბათ, უკრაინის ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში იქნა გადაწყვეტილება მიღებული. საქართველოს ხელისუფლების მიერ მაშინ არჩეულმა პოლიტიკამ დასავლეთში ბევრი კითხვები და შიში გააჩინა. გაჩნდა გარკვეულწილად იმის მოლოდინი, რომ უარის შემდეგ, ხელისუფლება რუსეთთან დაკავშირებულ პოზიციებს გადახედავდა. სინამდვილეში კი პირიქით მოხდა და „ოცნებამ“ ეს თემა აქეთ ძალიან კარგად მოირგო. ხალხს უთხრა, რომ სტატუსს იმიტომ არ გვაძლევენ, რადგან ამათ ჩვენი ომში ჩათრევა უნდათო. ეს მოსახლეობამ დაიჯერა, პიარული სვლა იყო ზუსტად გათვლილი..." თაღლითობთ "ბატონო" ანალიტიკოსო!

წარმატებით უერთდებით ანალ ტრიკოსთა ბრბოს!
1 წლის უკან
Maverick ბატონებო, ამ ფონზე რა ეშველება განაცებულ აგენტ "პრეზიდენტს"?!

ველოდები მისგან ნაცბოზბანდისგან მის დისტანცირებას!

თუმცა ისე გულმოდგინედ არის მამალ ჯორზე შემჯდარი, გონივრული ეჭვი მაქვს, რომ პოიტიკურ ჰარაკირს გამოკრავს ხელს!!!
1 წლის უკან
ლაზი ეგენი, რუსეთისაგან განსხვავებით, ნამდვილად პრაგმატულები არიან. და თუ მაინც, ცრუ და ფერად-ფერად ამბიციებს აყვებიან, ისევ თავისსავე საზიანოდ. წმინდა ადგილი დიდხანს არ რჩება თავისუფალი. ბოლო პერიოდში, ამ სახელმწიფოში მნიშვნელოვნად ამაღლდა თვითშეფასება.
1 წლის უკან