მიხეილ სააკაშვილის „მისაღები“ „ვივა-მედში“ შეთქმულების დაგეგმვის ცენტრად იქცა. დაგვიანებით, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სპეციალური ნებართვის გარეშე პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლა პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილებას წარმოადგენს და თუ ის საჭიროდ ჩათვლის, შეუძლია ეს უფლება პარლამენტის წევრს გადასცეს. მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხი იდგა, ეს ნებართვები გაიცემოდა. პატიმრის ოჯახის წევრებს, ადვოკატებს და ექიმებს მასთან წვდომა აქვთ. გარდა ამისა, სახალხო დამცველს აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში ნებართვის გარეშე შესვლის უფლება.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის კეთილგანწყობის ბოროტად გამოყენება ხდებოდა იმისთვის, რომ ეს ვიზიტები სინამდვილეში პოლიტიკური პაემნის ხასიათს ატარებდა. მისი თქმით, პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება პატიმრის პირობების გასაცნობად არსებობს და არა მასთან პოლიტიკური პაემნებისთვის. როგორც ცნობილია, შალვა პაპუაშვილმა „გირჩის“ დეპუტატს იაგო ხვიჩიას სააკაშვილთან შეხვედრის უფლება არ მისცა.
როგორც ხვიჩიამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, პოლიტიკოსებს წინასაარჩევნო წელს მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაცია სჭირდებათ, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური ლიდერი და ერთპიროვნული მმართველი სწორედ სააკაშვილია და საკითხები მასთან უნდა შეთანხმდეს.
„ჩვენ ვნახეთ მიხეილ სააკაშვილის სასამართლოდან მიმართვა, რამაც მე მაფიქრებინა, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის პოლიტიკაში სრულად დაბრუნდა და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. პირიქით - პოლიტიკურად გააქტიურდა. ამის მაგალითია სასამართლოში მისი გამოსვლა. მოგვწონს თუ არა მოგვწონს, ეს ადამიანი ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოთამაშეა. ამიტომ ჩვენ, პოლიტიკოსებს, წინასაარჩევნო წელს მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაცია გვჭირდება, რადგან საკითხები, რომელიც ოპოზიციის შიგნით უნდა შეთანხმდეს, აზრი არა აქვს შეათანხმო „ნაციონალურ მოძრაობაში“, გარდა მიხეილ სააკაშვილისა“, - აცხადებს იაგო ხვიჩია.
თავად სააკაშვილი გამოდის ინიციატივით, შეიქმნას სამოქალაქო თავდაცვისთვის ცხელი ხაზი, სადაც შეატყობინებენ ანტიქართულ გამოსვლებზე. როგორც პატიმარმა სასამართლო პროცესზე თქვა, საქართველოში შემოსულია დივერსიული ჯგუფი, რომელსაც ევალება არეულობის პირობებში ხელისუფლების ხელში აღება და დესტაბილიზაცია.
„პრობლემა ევროკავშირის სტატუსში სხვა ოპოზიციონრები კი არ არიან, პრობლემა არის ის, რომ ქვეყანაში არის ოლიგარქია, ქვეყანა ყარს, ქვეყანაში არის კორუფცია და ევროკავშირს უწევს ცხვირზე ხელის მოჭერა, სიმყრალის არშემჩნევა და ასე მოცემა ამ სტატუსის. მაგრამ ეს პრობლემები არსად არ წავა, ეს პრობლემები პირდაპირ არის კავშირში იმასთან, რასაც დღეს ვიხილავთ.
დღეს არის დიდი საფრთხის ქვეშ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ამავე დროს, დამპყრობელიც არის ძალიან დიდი პრობლემების ქვეშ. იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ კარგ ფორმაში, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ რუსების მიმართ, მე მინდა შევქმნათ სამოქალაქო თავდაცვისთვის ცხელი ხაზი, სადაც ხალხი დაგვირეკავს და შეგვატყობინებს იმის თაობაზე, რომ ანტიქართული გამოსვლებია, მათ შორის ჩემი ინფორმაციით, არიან დივერსიული ჯგუფი შემოსული, რომელსაც ევალება არეულობის პირობებში აქ ხელისუფლების ხელში აღება და დესტაბილიზაცია, ამიტომ ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ყველა საეჭვო მოძრაობას, ყველა საეჭვო სპორტული აღნაგობის პირს, რომელიც არის ამ ხალხს შორის“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
რა ინფორმაციის საფუძველზე აკეთებს ამ განცხადებას სააკაშვილი, ის არ აკონკრეტებს, თუმცა გამოძიებისთვის მოუწევს პასუხის გაცემა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დივერსიაზე ვინ, ვინ და მიხეილ სააკაშვილი, უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც კონტეინერით შემოიპარა საქართველოში, არ უნდა საუბრობდეს.
„ერთადერთი დივერსია, რომელიც ჩვენ ვნახეთ, იყო 2022 წლის ოქტომბერში, როდესაც მიხეილ სააკაშვილი შემოიპარა კონტეინერით საქართველოში. ზუსტად ეს იყო დივერსიული ქმედება, რომელიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის მიერ იყო დაგეგმილი და მიხეილ სააკაშვილი, როგორც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის მიერ მართული ადამიანი, შემოაპარეს კონტეინერით არჩევნებამდე ორი დღით ადრე იმისთვის, რომ ქვეყანა აერიათ, დესტაბილიზაცია მოეხდინათ“, - განმარტა შალვა პაპუაშვილმა.
სააკაშვილმა, რომ სახიფათო თამაში დაიწყო, ამაზე საუბრობენ ანალიტიკოსები. ედიშერ გვენეტაძე აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, პოლიტიკური განცხადებები უნდა აკეთოს ქართველმა პოლიტიკოსმა და არა სააკაშვილმა, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე და ამდენად, კანონში არ ჯდება მისი ასეთი პოლიტიკური ავყიაობა.
„მაგრამ გასდის და იმიტომ აკეთებს, რადგან სააკაშვილს გასდიოდა თავისი უცხოელი მამინაცვლებისგან მფრაველობა, მაგრამ დღეს სიტუაცია შეცვლილია და სააკაშვილი დავიწყებული ჰყავთ მის მამინაცვლებს. ამიტომ, უნდა შეინარჩუნოს მისი პოლიტიკური მდგრადობა და ამიტომ აკეთებს იმ განცხადებებს, რასაც აკეთებს. თუ ვინმეს დესტაბილიზაცია უნდა საქართველოში, ეს არის სააკაშვილის მომხრე ე.წ. ვაისააკაშვილები და სააკაშვილის მიერ უკრაინაში ჩასული დესტაბილიზაციის მომხდენი ხალხი, რომელსაც სათავეში უდგანან მისი ცნობილი მეგობრები - ადეიშვილი, ლორთქიფანიძე, მამულაშვილი და ა.შ. თუ უნდა მოველოდეთ დესტაბილიზაციას, უნდა მოველოდეთ მხოლოდ და მხოლოდ უკრაინიდან, სადაც მისი მომხრეები აპირებენ ამას. კითხვით მივმართავ ბარამიძეს და გვარამიას - ახლა აღარ აქვს ფაღარათი? ახლა აღარ არის დემენცირებული? ახლა აღარ არის მომსახურეობის სფეროდან გასული?“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ სააკაშვილის განცხადება უფრო მის სურვილს გავს, ვიდრე რეალობას. თუმცა, აქვე დასძენს, რომ ანალოგიური მუქარა გაჟღერდა უკრაინაში მყოფი მისი მომხრეების მხრიდანაც, რაც გასათვალისწინებელია.
„გავიხსენოთ მამულაშვილის განცხადება, რომ ჩამოვალთ და გავრეკავთ პრორუსულ ხელისუფლებასო. სხვა ვინმე, ვინც ანალოგიურ დებულებებს იძახდა, არც მახსენდება. როგორც ჩანს, ეს ძალა მიიწევს რადიკალიზაციისაკენ. თუ რამე მოხდება, იტყვიან, რომ ხომ გაგაფრთხილეთო და სავარაუდოა, რომ სწორედ იმიტომ არის ნათქვამი სააკაშვილის მიერ ეს განცხადება. ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება შეიძლება აღმოჩნდეს. მიმაჩნია, რომ ამ განცხადების საფუძველზე უნდა დაიწყოს გამოძიება“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
„ხალხის ძალის“ წევრის, ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის განცხადებით, სააკაშვილის განცხადება აღიარებით ჩვენებას უფრო გაქვს, რადგან ამ ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი თვითონ მიხეილ სააკაშვილია და ამას ადასტურებს მისი ექსტარვაგანტული ჩამოსვლა საქართველოში ორი წლის წინ.
„თუ აღაიარებით ჩვენებაზე წავიდა, მივესალმები, მაგრამ ვისზე ლაპარაკობს? კი, ბატონო, ეგ არის დესტუქციული მიზნით შემოსული იმისათვის, რომ ხელისუფლება ჩაიგდოს ხელში. სანამ ეგ ჩამოვიდოდა, სამი დღით ადრე, როდესაც სააკაშვილი უკვე იყო მოთავსებული არაჟნის კონტეინერში, კიევი-თბილისის რეისიდან რამდენიმე ათეული კუნთიანი ბიჭი იქნა ჩამოხსნილი რეისიდან და დეპორტირებული უკრაინაში. ესენი იყვნენ 2014 წლის მაიდანის და დონეცკის ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე პირები. არ ჰქონდათ ფული, ვერც ერთმა ვერ დაასახელა სასტუმრო, თუ ბინა, სადაც უნდა დაბინავებულიყვნენ და აბსოლუტურად, არადეკვატურად იქცეოდნენ. როგორც ჩანს, ამ ჯგუფს ჰყავდა დამხვედრი პერსონალი, ფული და ყველა ინსტრუქტაჟი საქართველოში ჩამოსვლისთანავე უნდა მიეღოთ. მაგრამ სპეცსამსახურებმა მათი აქ ჩამოსვლა აღკვეთეს და სამ დღეში კონტეინერით ჩამოვიდა ამ ჯგუფის ლიდერი, ზუსტად იმ მიზნით ჩამოვიდა, რაც გააჟღერა სასამართლო პროცესზე“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სვამს კითხვას - რატომ აძლევენ უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფლებას, საქართველოში აწარმოოს პოლიტიკური საქმიანობა. მისი თქმით, რასაც სააკაშვილი აკეთებს, ეს არის პოლიტიკური საქმიანობა. ფაქტობრივად, ის ხელმძღვანელობს ამ პროცესებს, რაც მიმართულია ხელისუფლების პოზიციების შესუსტებისკენ.
„რატომ დუმს ამაზე ხელისუფლება, არ ვიცი და ამაზე იურისტებმა უნდა გასცენ პასუხი, რამდენად ჯდება ჩვენს კანონმდებლობაში. რაც შეეხება ამ განცხადებას, ერთი, რომ ყურადღების მიპყრობას ცდილობს საკუთარი პერსონის მიმართ. მეორე - მოსახლეობაში პანიკის და უნდობლობის დათესვას ცდილობს ხელისუფლების მიმართ, რომ თითქოს ისინი ადვილად უშვებენ ქვეყანაში დივერსიულ ჯგუფებს. ან, შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ თვითონ „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს არეულობის მოწყობას და ერთგვარად პრევენციული განცხადება გააკეთა, რომ მერე ეს დაბრალდეს რომელიღაც მითიურ დივერსიულ ჯგუფს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.