„მსოფლიო ოლიგარქიულ კლანების და რადიკალური გლობალისტების წინააღმდეგ დიდი შეტევა მზადდება“

„მსოფლიო ოლიგარქიულ კლანების და რადიკალური გლობალისტების წინააღმდეგ დიდი შეტევა მზადდება“

პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ირაკლი გოგავა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის სამ განზომილებაზე საუბრობს: პოლიტიკური, ეთნიკური და რელიგიური. როგორც გოგავა ამბობს, სამივე რელიგიას იუდაიზმს, ისლამს და ქრისტიანობას თავისი პოზიცია აქვს. ქრისტიანების მიხედვით, როდესაც სოლომონის მესამე ტაძარი აშენდება, იქ ანტიქრისტე ანუ ცრუ მესია დაიდგამს ტახტს და ის 1260 დღე, 42 თვე ანუ 3,5 წელი იმეფებს, შემდეგ კი იესო ქრისტეს მეორედ მოსვლა იწყება. ისლამსაც იგივე სცენარის სჯერა. იუდაიზმის მიხედვით კი, სოლომონის მესამე ტაძარი როცა აღდგება, იქ მაშიახი ანუ მესია გამეფდება. მისი თქმით, სამივე რელიგიისთვის ეს ფუნდამენტური საკითხებია და თუ დავაკვირდებით, ისლამს და ქრისტიანობას მსგავსი პოზიცია აქვთ.

for.ge ირაკლი გოგავას ესაუბრა.

ბატონო ირაკლი, ახლო აღმოსავლეთში ომი გაჩაღდა. ჩვენ ვიხილეთ „ჰამასის“ შეტევა ისრაელზე. ახლა ისარელი ღაზას სექტორს უტევს. რამ გამოიწვია ესკალაცია?

ირაკლი გოგავა: ამ კონფლიქტს სამი განზომილება აქვს: პოლიტიკური, ეთნიკური და რელიგიური. პოლიტიკური და ეთნიკური განზომილება მოგვარებადია, მაგრამ აი, რელიგიურის მოგვარება შეუძლებელია, რადგან ასეა დაწერილი. პრობლემის პოლიტიკური ნაწილი კი დღემდე მოუგვარებელი რჩება. 1947 წელს გაერომ 181-ე რეზოლუცია მიიღო, რითაც ისრაელის და პალესტინის სახელმწიფოების შემქნის რეკომენდაცია გასცა. ამ გადაწყვეტილებით, იერუსალიმი და ბეთლემი საერთაშორისო კონტროლის ქვეშ უნდა ყოფილიყო.

გაეროს რუკა ისრაელის და პალესტინის სახელმწიფოების შემქნის შესახებ

ისრაელის სახელმწიფო შეიქმნა, პალესტინამ კი მხოლოდ ავტონომიას მიაღწია და იმ დროიდან პალესტინელები ტერიტორიებს რეგულარულად კარგავენ. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ტერიტორიული დანაკარგები ძირითადად ომების შემდეგ ხდებოდა. ომებში პალესტინელები კი არა, არაბული სახელმწიფოები მონაწილეობდნენ. თავიდან ეგვიპტეს, სირიას და იორდანიას პალესტინის ტერიტორიების მიერთება სურდათ. და კიდევ: ისრაელმა 1967 წლის 6-დღიანი წარმატებული ომის შემდეგ ე.წ. „ჩასახლებების“ პოლიტიკა დაიწყო და მას შემდეგ პალესტინის ავტონომიის ტერიტორიაზე ებრაელებს ცალკე უბნებს უშენებენ და იქ ასახლებენ. ამ პროცესების გამოა ის რუკა აქტუალური, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი გაეროს ტრიბუნიდან აჩვენებდა და დიდი რეზონანსი გამოიწვია.

რეჯებ ტაეპ ერდოღანი გაერო-ს ტრიბუნაზე პალესტინის რუკით

ებრაული ჩასახლებები პალესტინის ავტონომიის ტერიტორიაზე

ამ საკითხში ყველა მხარეს თავისი სიმართლე აქვს. რთულია ობიექტურად შეაფასო ვინ მართალია და ვინ მტყუანი. ისტორია უნდა ვიცოდეთ, რომ გავერკვეთ, თუ რა რთულ, თითქმის გადაუჭრელ პრობლემასთან გვაქვს საქმე. ჩვენ, ქართველებს, ებრაელებთან კარგი ურთერთობა გვაქვს, არასდროს ყოფილა საქართველოში მათი დევნა. ქართველ ებრაელებს საქართველო თავის მეორე ქვეყნად მიაჩნიათ და ბევრი ბრუნდება კიდეც. ახლახანს გამოქვეყნდა ცნობა, რომ ქართველმა ებრაელებმა ათასობით ბინა იყიდეს თბილისსა და ბათუმში.

გადმოსახლებას არ აპირებენ, მაგრამ აქ ურთიერთობები შეინარჩუნეს. ეგ ხალხი არ უნდა დავკარგოთ, ეს ქსელური ერია და ეკონომიკას ბევრ ქვეყანაში ავითარებენ, მათ დიდ რესურსებთან წვდომა აქვთ. 90-იან წლებში რუსებმა ამიტომ დაიყენეს გვერდში ებრაელები და სომხები - კომერციული უნარების გამო. სხვათა შორის, ეს პროცესი ქართველების ხარჯზეც მოხდა, ჩვენს საქმოსნებს ძალიან ძლიერი პოზიციები ჰქონდათ, მაგრამ გამოდევნეს. ახლა იქ სიტუაცია, როგორც ვხედავთ, იცვლება.

ისტორია რას გვეუბნება, როგორ ვითარდებოდა ამ რეგიონში მოვლენები?

- ებრაელები ამ ტერიტორიაზე ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-13 საუკუნეში ეგვიპტიდან მოდიან და ქანაანის ქვეყანას იპყრობენ. ეს ბიბლიაში არის აღწერილი. ჩვ.წ.აღ-მდე მე-11 საუკუნეში ებრაელების მეფე დავითმა იერუსალიმი დაიპყრო და პირველი ებრაული სახელმწიფო შექმნა. შემდეგ მისი შვილი სოლომონ ბრძენი, იგივე ეკლესიასტე, მეფობდა და ცნობილი სოლომონის ტაძარი ებრაელთა ღმერთ იახვეს სწორედ მან აუშენა. ეს ტაძარი ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორ მეორემ ჩვ.წ.აღ-მდე მე-6 საუკუნეში გაანადგურა. ბაბილონი სპარსეთის მეფე კიროსმა დაამარცხა და ნახევარი საუკუნის შემდეგ ებრაელებმა სოლომის ტაძარი აღადგინეს - მას „მეორე ტაძარს“ უწოდებენ.

ამ დროისთვის იუდაიზმი, როგორც რელიგია, თითქმის საბოლოო ფორმით ყალიბდება. შემდეგ პალესტინის ტერიტორიები სხვადასხვა დამპყრობელს ეკუთვნის: სპარსეთი, ალექსანდრე მაკედონელი, სელევკიდები, რომის იმპერია. 70 წელს რომმა სოლომონის მეორე ტაძარი გაანადგურა. მე-2 საუკუნეში, აჯანყების გამო, რომის იმპერიამ ებრაელები პალესტინიდან საერთოდ გააძევა. ამ დროიდან პალესტინის ტერიტორიაზე ებრაელების მხოლოდ მცირე რაოდენობა ცხოვრობდა, დანარჩენები კი სხვადასხვა ქვეყანაში განსახლდნენ.

თუ ებრაელები პალესტინის ტერიტორიაზე თითქმის 2000 წელია აღარ სახლობდნენ მაშინ სახელმწიფო როგორ შემქნეს?

- რომთან კონფლიქტის შემდეგ ებრაელები მთელ მსოფლიოში მიმოიფანტნენ. ევროპაში კომერციას, ხელოსნობას და მევახშეობას ეწეოდნენ. ცნობილია, ვენეციის ებრაული დასახლება. სავახშო და საბანკო საქმეში, ვაჭრობაში, კომერციაში მათ ბადალი არ ყავდათ. იმდენი ქონება დააგროვეს, რომ უკვე სამეფო დინასტიებს სესხებსაც კი აძლევდნენ. მე-19 საუკუნეში ევროპელი ებრაელების ელიტას ებრაული სახელმწიფოს შექმნის იდეა გაუჩნდა. მსოფლიო ებრაელთა პირველი კონგრესი 1897 წელს ბაზელში ჩაატარეს, სადაც გადაწყდა, რომ პალესტინაში სახელმწიფოს შემქნაზე იმუშავებდნენ. ამ მოძრაობას თეოდორ ჰერცლი ედგა სათავეში.

დროთა განმავლობაში ებრაული სახელმწიფოს შესაქმნელად სხვადასხვა ვარიანტებს ასახელებდნენ: კენია, ეთიოპია, სუდანი, ეგვიპტე, მადაგასკარი, ყირიმი და ასე შემდეგ. 917 წელს როტშილდების ოჯახმა მოახერხა და ბრიტანეთის იმპერიის საგარეო მინისტრ ბალფურისგან პალესტინის ტერიტორიაზე  ისრაელის შექმნის შესახებ თანხმობა მიიღო. მაშინ პალესტინა უკვე ბრიტანეთის სამანდატო ტერიტორია იყო, რადგან პირველ მსოფლიო ომში ოსმალეთის იმპერია დაიშალა და პალესტინა დაკარგა. ამ დროისთვის პალესტინაში უკვე 85 ათასი ებრაელი ცხოვრობდა. შემდეგ დაიწყო ევროპელი ებრაელების გადასახლება პალესტინაში. გაეროს დათვლით, 1947 წლისთვის პალესტინის ტერიტორიაზე უკვე 600,000 ებრაელი და 1,2 მილიონი პალესტინელი არაბი ცხოვრობდა.

ვინ არიან პალესტინელები? არაბები ამ ტერიტორიაზე როდის მოხვდნენ?

- პალესტინელები ნარევი სისხლის ხალხია. მესამედი არაბული ანუ სემიტური გენი აქვთ, სხვათა შორის, კავკასიური გენიც, G2a 10%-ზე მეტი აქვთ, რაოდენ გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან პროტოქართული ტომები და ქართული ტომები საკმაოდ აქტიურები იყვნენ ამ რეგიონში. ბიბლიურ „დაბადებაში“ 23 თავი არის მომენტი, როდესაც აბრაამი ქებრონში მიდის და იქ ხეთელების მეფეს სთხოვს ხეთელების მიწაზე თავისი მეუღლის დაკრძალვის ნებართვას და თან ეუბნება, რომ მათ ქვეყანაში მდგმურად არის. ქებრონი იერუსალიმისგან 40 კმ-შია, ხეთელებს კი ზოგი ისტორიკოსი პროტოქართულ ტომად ასახელებს. ფაქტია, რომ დღევანდელი პალესტინელები თავს არაბებადაც თვლიან.

ამით არის განპირობებული ის მხარდაჭერა, რასაც ვაკვირდებით?

- არაბულ სამყაროში მათ მიმართ კი არის სოლიდარობის განცდები, მაგრამ დამოკიდებულება მაინც არაერთგვაროვანია. მე ერაყსა და იორდანიაში ვმუშაობდი და ვიცი ეს საკითხი. არაბები პალესტინაში მე-7 საუკუნიდან ჩნდებიან, როდესაც ხალიფა აბუ ბაქარმა და შემდეგ ხალიფა ომარმა ბიზანტია დაამარცხეს. ხალიფა ომარმა იერუსალიმში, ყოფილი სოლომონის ტაძრის მიმდებარედ, სატაძრო მთაზე ალ აქსას მეჩეთი ააშენა, რომელიც დროთა განმავლობაში ფართოვდებოდა. სხვათა შორის, ალ აქსას მეჩეთს მუსოლინის ნაჩუქარი უძვირფასესი მარმარილოს კოლონები ამშვენებს.

შემდეგი ხალიფები იმავე მე-7 საუკუნეში უკვე „კლდის გუმბათის“ მეჩეთს აშენებენ, რომელიც იმ ადგილას არის აშენებული, სადაც ადრე სოლომონის პირველი და მეორე ტაძარი იყო. ამ მეჩეთის შიგნით ფუძის ქვა მდებარეობს. იუდეველებს მიაჩნიათ, რომ ეს ფუძის ქვა არის პირველი, რაც ღმერთმა შექმნა. მათი რწმენით, ადამი და ევა უფალმა სწორედ აქ მოავლინა ქვეყნად. ისლამის მიმდევრებს მიაჩნიათ, რომ მოციქული მუჰამედი მთავარანგელოზ გაბრიელთან ერთად ამ ქვიდან ზეცაში ამაღლდა და ამ ქვაზე იმ ფრთოსანი ცხენის - ბურაკის კვალი დარჩა, რომლითაც მოციქული მუჰამედი ზეცაში ავიდა. ამ მოვლენას ისლამი ისრას და მირაჯს უწოდებს. ამ დროიდან დღევანდელი პალესტინელები არაბები გახდნენ, დასახელება „პალესტინა“ კი ფლისტიმიიდან მოდის და ეს ტერმინი ჰეროდოტემ დაამკვიდრა, ეს ხალხი ბიბლიური ხანებიდან ამ ტერიტორიაზე ცხოვრობდა. ფილისტიმელების წარმოშობას ხეთელებთან, კრეტასთან, ქანაანთან აკავშირებენ.

როგორ ფიქრობთ, სოლომონის ტაძრის აღდგენა ანუ მესამე ტაძრის მშენებლობა თუ არის შესაძლებელი?

- ეს დრამატული საკითხია. აქ სამივე რელიგიას იუდაიზმს, ისლამს და ქრისტიანობას თავისი პოზიცია აქვს. ქრისტიანების მიხედვით, როდესაც სოლომონის მესამე ტაძარი აშენდება, იქ ანტიქრისტე ანუ ცრუ მესია დაიდგამს ტახტს და ის 1260 დღე, 42 თვე ანუ 3,5 წელი იმეფებს, შემდეგ კი იესო ქრისტეს მეორედ მოსვლა იწყება. ისლამსაც იგივე სცენარის სჯერა, მხოლოდ ანტიქრისტეს დაჯალას ან ჯაჯალას ეძახიან, რაც ასევე ცრუ მოციქულს ნიშნავს. ისლამის მიხედვით, უფალი მოციქულ ისას ანუ იესოს აგზავნის ჯაჯალას განსადევნად. იუდაიზმის მიხედვით კი, სოლომონის მესამე ტაძარი როცა აღდგება, იქ მაშიახი ანუ მესია გამეფდება. სამივე რელიგიისთვის ეს ფუნდამენტური საკითხებია. თუ დავაკვირდებით, ისლამს და ქრისტიანობას მსგავსი პოზიცია აქვთ. „კლდის გუმბათის“ მეჩეთს იერუსალიმში მუსულმანები იცავენ, ოფიციალურ მცველად იორდანიის მეფეა მიჩნეული, რადგან ის ჰაშემიტების დინასტიას წარმოადგენს, საიდანაც მოციქული მუჰამედი იყო.

მორწმუნეებს ამ სცენარების სჯერათ...

- რა თქმა უნდა. ათეისტებს კი მინდა ვუთხრა, რომ შესაძლოა, მათ არ სჯეროდეთ მეორედ მოსვლის და ანტიქრისტეს გამეფების, მაგრამ ამ სამივე რელიგიის მიმდევრები ისე არიან დაპროგრამებულნი ამ სცენარზე, რომ ეს აუცლებლად მოხდება. ანუ როგორი კუთხითაც არ უნდა შეხედო, ეს გარდაუვალია. თუმცა, მორწმუნეს ამის არ უნდა შეეშინდეს, პირიქით ვინც ძლიერია რწმენაში, ამბობს, რომ რაც მალე გამეფდება ანტიქრისტე, მით უფრო მალე იქნება იესო ქრისტეს მეორედ მოსვლა. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ანტიქრისტეს მოსვლას ხელი შევუწყოთ. მეორედ მოსვლა იმას ნიშნავს, რომ ხალხებმა ადგილზე ანუ ამ ქვეყანაზე ვერ ივარგეს. ეს გაუთავებელი ომები, სიხარბე, უზნეობა, უხამსობა კი აქეთკენ მიგვაქანებს.

რაც შეეხება „ჰამასს“, გამოხატავს თუ არა პალესტინელი ხალხის აზრს?

- ცნობილია, რომ „ჰამასი“ 1987 წელს „ძმები მუსულმანების“ ეგვიპტური ფილიალის ბაზაზე შეიქმნა. ბევრს მიაჩნია, რომ თავად „ძმები მუსულმანები“ 1928 წელს შეიქმნა და ბრიტანულ-ფრანგული პროექტია. იმ დროს საფრანგეთი და ბრიტანეთი სუეცის არხს აკონტროლებდნენ და სუეცის არხის კორპორაციის მთავარი ბაზა ეგვიპტის ქალაქ ისმაილიაში იყო, სადაც ამ კორპორაციის თანამშრომლებმა „ძმები მუსულმანები“ შექმნეს. ეგვიპტეს სუეცის არხის ნაციონალიზაცია სურდა, რადგან მოგების მხოლოდ 15%-ს უხდიდნენ. „ძმები მუსულმანები“ ეგვიპტის ხელისუფლებაზე გავლენის მიზნით შეიქმნა.

1956 წელს ეგვიპტის პრეზიდენტმა გამალ აბდელ ნასერმა სუეცის არხის ნაციონალიზაცია მოახდინა. ნასერი დიდი ფიგურა იყო, მის გასვენებაში იორდანიის მეფე და პალესტინის ლიდერი იასირ არაფატი ტიროდნენ, ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფიმ კი ორჯერ გონება დაკარგა. ნასერის დაკრძალვაზე 5 მილიონი ეგვიპტელი მივიდა, მსგავსი მასშტაბები მხოლოდ სტალინის დაკრძალვისას იყო. დღეს სუეცის არხს ეგვიპტისთვის წელიწადში $8 მილიარდი მოაქვს.

თვითონ პალესტინელები როგორ შეხვდნენ „ჰამასის“ შექმნას?

- „ჰამასი“-ს შექმნამ პალესტინელებს შორის დაპირისპირება გამოიწვია, რადგან ისინი პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციას დაუპირისპირდნენ. მათ შორის შეიარაღებული შეტაკებებიც ხდებოდა. 500-ზე მეტი ადამიანია დაღუპული ამ ბრძოლებში. საბოლოოდ იასირ არაფატმა „ჰამასი“ იორდანეს დასავლეთ სანაპიროდან განდევნა და „ჰამასმა“ მყარად მხოლოდ ღაზას სექტორში მოიკიდა ფეხი. ღაზაში 2,3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. პალესტინელების უმრავლესობა „ჰამასს“ მხარს არ უჭერს, რადგან ისინი ტერორისტული მეთოდებით მოქმედებენ და პალესტინის განთავისუფლების მოძრაობის დისკრედიტაციას ახდენენ.

„ჰამასი“ ბევრ სახელმწიფოს ტერორისტულ ორგანიზაციად ყავს გამოცხადებული, თუმცა მათთან დიალოგი დღესაც მიმდინარეობს. ამას როგორ ხსნით?

- მათ აქვთ წარმომადგენლობა კატარში, რომელიც აშშ-ს თანხმობით არის შემქნილი. თავის დროზე, „ჰამასის“ დამფუძნებელს, ახმედ იასინს ისრელის სახელმწიფო ღიად აფინანსებდა კიდევაც. თუმცა, ერთი რამ არის, სპეცსამსახურების მიერ შექმნილი მსგავსი ავანტურისტული პროექტები, ადრე თუ გვიან, კონტროლიდან შეიძლება გავიდნენ. ამის მაგალითი ბევრია: შამილ ბასაევი, ვაჰაბიტები, ისლამური სახელმწიფო, ალ ყაედა, ბოკო ჰარამი, აუმ სენრიკო და ასე შემდეგ. აგენტები იღუპებიან ან სხვა უფრო მეტ ფულს უხდის და ასე შემდეგ.

რას ემსახურებოდა „ჰამასის“ ტერორისტული თავდასხმა ისარელის მოსახლეობაზე და ვინ შეიძლება იდგეს ამ თავდასხმის უკან?

- რთული სათქმელია. ბევრი ირანს ახსენებს, ირანი ლიბანური „ჰესბოლას“ მეგობარია. ირანი შიიტურია, „ჰამასი“ კი სუნიტები არიან. ამბობენ კატარი აფინანსებსო, მაგრამ კატარი ანგლოსაქსების გარეშე ერთ ნაბიჯს არ დგამს. ეს ის შემთხვევაა, როცა ჯობია შედეგების მიხედვით ვიმსჯელოთ. ვნახოთ, რა შედეგი გვაქვს დღეს ან რა შედეგებს უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში. „ჰამასმა“ დაუნდობელი ტერორისტული თავდასხმა განახორციელა და ასობით მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა. მსოფლიო შოკში ჩავარდა და ისრაელს სრული სოლიდარობა გამოუცხადა. არაბული და ისლამური ქვეყნებიც კი მკაფიო პოზიციას ვერ აფიქსირებდნენ. მაგრამ, შემდეგ ისრაელმა ღაზას სექტორის დაბობვა დაიწყო, სადაც ასევე მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა, თანაც დღეისთვის უკვე 8-ჯერ მეტი. ვფიქრობ, რომ ვინც „ჰამასს“ თავდასხმა შეუკვეთა, ისრაელისგან სწორედ ასეთ ნაბიჯს ელოდა. ისრაელი ცნობილია იმით, რომ ტერორისტებთან უკომპრომისოდ იბრძვის და მთელ თავის ძალას მტრის წინააღმდეგ იყენებს. აიკიდოს პრინციპი გამოიყენეს ისრაელის წინააღმდეგ. ვაკვირდებით, რომ მსოფლიოში დღეს ტენდენცია შეცვლილია. სულ უფრო და უფრო მეტი ხალხი სოლიდარობას პალესტინელებს უცხადებს.

უკვე გაჩნდა მოწოდებები და აგრესიული ქმედებები ებრაელების მიმართ ბევრ ქვეყანაში...

- ვნახეთ, რა ხდებოდა დაღესტანში; ვნახეთ, ბრიტანულმა „ბიბისიმ“ ისრაელის ყოფილ პრემიერ ბენეტს ეთერი როგორ გაუთიშა. დუღილია ამერიკის, ბრიტანეთის, ევროპის, ისლამური ქვეყნების ქუჩებში. ეს ყველაფერი ანტისიონისტურ და ანტისემიტიზმის ნოტებსაც ატარებს. ისრაელი წინასწარ გამოთვლილი შესაძლო ქმდებების ალგორითმის გამოყენებით გადაჩეხეს ამ სცენარში. ეს პროცესი არ გაჩერდება. ანტიებრაული ემოციები მრავალ ქვეყანაში გაიზარდა. იქნებ სწორედ ეს იყო მიზანი იმ ძალებისა, ვინც „ჰამასს“ შეტევის ბრძანება მისცა. პარალელურად, ვხედავთ, რომ რუსეთშიც ეს პროცესია დაწყებული: ცნობილ ოლიგარქებს მოსკოვი და ლონდონი ერთობლივად „ატყავებენ“ და ისეთ დღეში ჩააგდეს, რომ აღარ იციან სად წავიდნენ. აგერ, ცნობილ პროპაგანდისტ სატანოვსკის ნერვებმა უმტყუნა და ცენტრალური არხიდან პანღურით გააგდეს. რამდენიმე თვეში სხვებიც მიყვებიან.

რას უნდა ველოდოთ ამ პროცესებიდან გამომდინარე?

- მზადდება დიდი შეტევა მსოფლიო ოლიგარქიულ კლანების და რადიკალური გლობალისტების წინააღმდეგ. ეს ის ხალხია, ვინც მსოფლიოს უკუღმართი ფსევდოლიბერალური იდეოლოგიით წამლავს და პლანეტარული მასშტაბის სპეცოპერაციებს ატარებს. ამ შეტევის უკან უნდა მოვიაზროთ ტრამპის ბანაკი, ანუ კონსერვატიული ამერიკა, ბრიტანეთის არისტოკრატია, ევროპული ტრადიციული არისტოკრატიული ოჯახები, რუსეთის „სილოვიკები“, ჩინეთის სამხედრო-პოლიტიკური ელიტა. ახლა შეტევის მოსამზადებელ ფაზას ვაკვირდებით. დიდი წმენდა მომავალ წელს დაიწყება.

რატომ მომავალ წელს?

- ბევრ ქვეყანაში არჩევნების წელია. ნოემბერში ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებია, მარტში რუსეთის პრეზიდენტის, იანვარში ტაივანის პრეზიდენტის, ივნისში ევროპარლამენტის, მარტში უკრაინის პრეზიდენტის (თუ არ გააუქმეს). მოკლედ, საჭადრაკო დაფაზე ფიგურები ახალი მანდატებით განლაგდებიან და უფრო მეტი ინტენსივობით დაიწყება „დიდი თამაში“-ს შემდეგი ეტაპი.