რა საფრთხეს შესაძლოა წარმოადგენდეს ოჩამჩირის პორტი საქართველოს დანარჩენი პორტებისთვის?

რა საფრთხეს შესაძლოა წარმოადგენდეს ოჩამჩირის პორტი საქართველოს დანარჩენი პორტებისთვის?

თვითაღიარებული აფხაზეთის პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა, რის შემდეგაც „იზვესტიასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა და ოჩამჩირის რაიონში, უახლოეს მომავალში, რუსეთის სამხედრო გემებისთვის ბაზა გაკეთდება. ბჟანიამ ისიც თქვა, რომ ამასწინათ პორტში რუსული გემი „ციკლონი“ შევიდა. არსებობს ვარაუდი, რომ ამ გემებს შორის შესაძლოა ფრთიანი ჭურვების მატარებელი ხომალდებიც აღმოჩნდნენ. თუკი ასეთ ჭურვებს რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენებს, ექსპერტების აზრით, საერთაშორისო სამართალი უკრაინას საპასუხო დარტყმის უფლებას მისცემს.

ასევე ცნობილი ხდება, რომ 27 ოქტომბერს, აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერის ასლან ბჟანიას მონაწილეობით, ხელი მოეწერა სოხუმის აეროპორტის ყოვლისმომცველი რეკონსტრუქციის შეთანხმებას. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელის პრესსამსახური ავრცელებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა 19 ოქტომბერს, პარლამენტში სუს-ის წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მედიასთან ოჩამჩირის პორტის შესახებაც გააკეთა კომენტარი. ლილუაშვილის თქმით, ოჩამჩირის ე.წ. პორტში არსებული ინფრასტრუქტურა დიდი გემების, მათ შორის წყალქვეშა ნავებისა და სამხედრო ფრეგატების მიღებას ვერ შეძლებს. ის გამოეხმაურა ასევე შესაძლო საფრთხეს, რომელსაც ოჩამჩირეში რუსული სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზის განთავსება უქმნის მშენებარე ანაკლიის პორტს: „ოჩამჩირის პორტი საფრთხეს მხოლოდ ანაკლიის პორტს კი არ უქმნის, არამედ ანაკლიის პორტს მთლიანად ოკუპაცია უქმნის საფრთხეს“.

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ამ პორტს თავისი ინფრასტრუქტურა უკვე ჰქონდა და ის დღეს და გუშინ არ აშენებულა. ბენდიანიშვილის თქმით, ამ პორტის შესაბამისობაში მოყვანა ჯერ კიდევ 2009 წლიდან ხდებოდა. ამის მიზეზად კი ბენდიანიშვილი ანაკლიის პორტის მშენებლობას ასახელებს და ფიქრობს, რომ რუსეთის მიზანი თავიდანვე ანაკლიის პორტის უსაფთხოებაის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება იყო.

„აქ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ რუსები ოჩამშირეში თავისი სამხედრო გემების და კატარღების გადმოყვანას აპირებენ. ამის შესახებ უკრაინის მხარემაც განაცხადა და ფაქტია, რომ რუსები ამის სისრულეში მოყვანას ცდილობენ. რაც შეეხება აეროპორტს, ეს მგონია უკრაინის ომზე აქვს გათვლილი და ფიქრობს, რომ თუკი ომი კიდევ უფრო გაგრძელდა, სოხუმის აეროპორტს სამხედრო თვალსაზრისთ გამოიყენებენ. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის არ არის კარგი და ეს არის აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. რაც შეეხება ოჩამჩირეში რა რაოდენობის გემებს გადმოიყვანს, საქმე ისაა, რომ სევასტოპოლში მისი გემები დარტყმის რისკის ქვეშ იმყოფებიან, ამიტომ ახლა რისი შესაძლებლობაც აქვს და ინფრასტრუქტურა რის საშუალებასაც აძლევს, იმდენს გადმოიყვანს. ამით სამხედრო გემებს ფრონტის ხაზს მოაშორებენ. თავად აფხაზებს ეს დიდად არ უხარიათ, რადგან რუსეთის იქ ამ დოზით ყოფნა უკვე მათაც ყელში აქვთ ამოსული. ღიად, ჩემთანაც პირადში ძალიან ბევრ აფხაზს უთქვამს, რომ ევროპაზე გასვლა უნდათ და საქართველოსთან მოლაპარაკებების წინააღმდეგებიც არ არიან. შესაბამისად, რუსეთი მათ არა თუ იცავს, არამედ მათ ინტერესებსაც ზღუდავს. ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებაც ასე ფიქრობს, მაგრამ თავად აფხაზებში განწყობა სრულიად სხვაა“, - ამბობს ბენდიანიშვილი.

რაც შეეხება ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხს, რამდენად შესაძლოა ამან დროში გააჭინაუროს ან სერთოდ ჩავარდეს, ბენდიანიშვილი ამბობს, რომ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ოჩამჩირეში გემების შემოყვანა ანაკლიის პორტის მშენებლობას შეუშლის ხელს. კონფლიქტოლოგი ფიქრობს, რომ ოჩამჩირეში სამხედრო საზღვაო ბაზის ამოქმედების შემთხვევაში, ანაკლიის პორტის უსაფრთხოება ინვესტორებისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

სამხედრო ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ოკუპირებული ოჩამჩირის პორტი არ არის იმხელა, რომ იქ სრულყოფილად რუსეთის შავი ზღვის ფლიტი განთავსდეს. თუმცა, ალადაშვილი ფიქრობს, რომ 2009 წლის შემდეგ პორტის გაღრმავება დაიწყეს და 9 მეტრამდე აქვთ გაღრმავებული. ეს კი სრულიად საკმარისია მეორე რანგის ხომალდების მისაღებად.

„ოჩამჩირის ნავმისადგომი არ არის იმხელა, რომ იქ ბევრი გემის დატევა მოხდეს. მაქსიმუმ, ერთი ან ორის განთავსება თუ მოხდება. აქ გემების შესაყვანად დიდი დრო არ არის საჭირო, თუმცა ოჩამჩირეში დიდი ნავსადგურის განთავსება ვერ მოხდება და ის სევასტოპოლის ბაზას ვერ ჩაანცვლებს. რაც შეეხება იმ ფაქტს, მოახერხებენ თუ არა უკრაინელები და მიწვდებიან თუ არა რუსებს ოჩამჩირეში, რა თქმა უნდა, მიწვდებიან. თავის დროზე უკრაინელები სევასტოპოლში მისწვდნენ, რომელიც 300 კმ-ით არის ოდესიდან დაშორებული. ასევე, თვით ნოვოროსიისკსაც კი მისწვდნენ, რომელიც ოდესიდან ბევრად შორს არის. ამიტომ ოჩამჩირის პორტამდეც არ არის პრობელმა. რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტიდან, ზაპროჟიედან 600-მდე კმ-ია. უკრაინელებს შეუძლიათ საჰაერო კამიკაძე დრონებით ოჩამჩირეში მყოფ რუსულ გემებს ადვილად მისწვდნენ, რომლითაც უკრაინელებმა მოსკოვიც კი დაბომბეს. მეორე არის ასევე საზღვაო კამიკაძე დრონები, რომლითაც ასევე ყირიმის ხიდს მისწვდნენ. ამ კატერების მოქმედების რადიუსი, როგორც უკრაინელები აცხადებენ, 800 კმ-ია. ასევე მათი გაშვება გემიდანაც შეიძლება, რომელიც დაუახლოვდება საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონას“, - ამბობს ალადაშვილი.

რაც შეეხება ფოთის და ბათუმის პორტების უსაფრთხოებას, ალადაშვილი ამბობს, რომ გამორიცხულია ამ პორტების უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, რადგან ოჩამჩირის პორტთან არ არის ახლოს. რაც შეეხება ანაკლიის პორტის მშენებლობას, მისი აზრით, პირიქით, რადგან საოკუპაციო ხაზთან პორტის მშენებლობა მოხდება, ქართულ პოზიციებს გააძლიერებს.

„მე ვფიქრობ, ანაკლიის პორტზე პირიქით იქნება, რადგან ამ პორტის მშენებლობაში ფულს სერიოზული ინვესტორები და მოთამაშეები ჩადებენ, დე ფაქტო ხელისუფლება ვერ გაბედავს რაიმე პრობლემის შექმნას, როგორც ბაქო-სუფსის მილსადენზე ხდება. ერთი გარკვეული მონაკვეთი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონზე გადის და რომ ნდომოდათ, ხომ აქამდე გადაჭრიდნენ. პირიქით, მას უფრთხილდებიან. თუ ანაკლიის პორტში დიდი ინვესტიციები ჩაიდო და მასში ჩინეთი და სხვა დიდი ქვეყნები ჩაერთვებიან, ვერც რუსები და ვერც აფხაზები მისთვის პრობლემის შექმნას ვერ გაბედავენ“, - ამბობს ალადაშვილი.

რაც შეეხება აეროპორტის მშენებლობას და მის აღდგენას, ალადაშვილი ამბობს, რომ მას ნებისმიერი დიდო ზომის თვითფრინავების მიღება შეუძლია და საერთაშორისო დონის აეროდრომია. თუმცა ალადაშვილი გამორიცხავს, რომ სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო ფრენები განხორციელდეს. 90 წლებიდან სოხუმის არეოპორტი დაკეტილია. მსოფლიოს არც ერთ თვითმფრინავს არა აქვს უფლება, რომ ის დასაჯდომად და ასაფრენად გამოიყენოს. უკრაინის ომამდე თავად რუსული ავიაკომპანიებიც არ დაფრინავდნენ. თუმცა, ახლა, რადგან ისედაც სანქცირებულები არიან, ალბათ, მას გამოიყენებენ. მიუხედავდ ამისა, ალადაშვილი ფიქრობს, რომ რეისები რუსეთიდანაც ხშირი ვერ იქნება, რადგან ჯერ სეზონი აღარ არის და მეორეც, ამ რეისზე მოთხოვნა რუსეთიდანაც არ იქნება.