ოპოზიციისთვის ყველაზე დიდი თავისტკივილი ის არის, რომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი საქართველოს ამ ხელისუფლების პირობებში არ მიენიჭოს. ასეთი სცენარი მათ არ აწყობთ, რადგან სტატუსის არმონიჭება და რევოლუციისთვის სამზადისი მათთვის ერთი და იგივე ცნებებია და იმედოვნებენ, რომ ამ საბაბით მაინც გამოიყვანენ პროტესტანტებს რუსთაველზე.
იმ ფონზე, როცა „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი და ახლა უკვე გაოპოზიციონერებული მურმან დუმბაძე გამუდმებით იმეორებს, რომ საქართველოს სტატუსი არ ეკუთვნის, ცოტა უცნაურად ჟღერს ოპოზიციონერი დეპუტატის ხატია დეკანოიძის განაცხადი, რომ სტატუსის გადავადება არ შეიძლება, გაფართოების ტალღაში თუ არ აღმოვჩნდით, შეიძლება, კოსოვოსთან ერთად ერთ კალათაში მოვხვდეთ. ხატია დეკანოიძის აზრით, სტატუსის მიღება საშურია თუნდაც იმიტომ, რომ საქართველო რუსეთის პირისპირ არ დარჩეს.
ევროკავშირის სტატუსს თავისებურად უყურებს „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი. მისი აზრით, მთელი ერთი წელია, „ოცნება“ დასავლეთს აგინებს, ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა და როცა ამაში ხელისუფლება ჯილდოდ სტატუსს იღებს, როგორც მწვანე შუქს, ეს ნიშნავს, რომ გაცილებით უარესს გააკეთებს მომავალში.
თუკი ხატია დეკანოიძის მოსაზრებას განვიხილავთ, რომ სტატუსი საქართველოს დაუყოვნებლივ უნდა მიენიჭოს, ხომ არ დადგა დრო, დანარჩენმა ოპოზიციამაც კი არ უმტროს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას, არამედ ვიწრო პარტიულ ინტერესებზე ამაღლდეს და თავადაც მოითხოვოს ამ ხელისუფლების პირობებში ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ნაბიჯის გადადგმა.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ევროკავშირის სტატუსი საჭიროა ქვეყნისთვის, სტატუსის არმიცემა ხელისუფლებას ვერც წაახალისებს და ვერც შეაჩერებს, ხელისუფლება მუშაობს და მოქმედებს გეგმის შესაბამისად.
„სტატუსი სჭირდება ქვეყანას. ვთვლი, რომ ეს იყო პოლიტიკური შეცდომა, როცა საქართველოს იმთავითვე არ მისცეს სტატუსი. ვინც ფიქრობს, რომ სტატუსზე უარის თქმის შემთხვევაში, საქართველოში რევოლუციური პროცესები დაიწყება, შეუძლიათ მშვიდად და წყნარად იყვნენ, არანაირი გამოსვლები ქვეყანაში არ იქნება. ერთი-ორი აქცია შეიძლება მოეწყოს, ისიც არც ისე მრავალრიცხოვანი და ამით დასრულდება ყველაფერი, სამაგიეროდ, ჩვენ დავკარგავთ დროს. როდესაც ეს ხელისუფლება შეიცვლება, ახალ ხელისუფლებას, თუკი იგი მიმართული იქნება იქითკენ, რომ ევროკავშირისა და დასავლეთისკენ წავიდნენ, აღარ მოუწევს ყველაფრის თავიდან დაწყება, სტატუსის მინიჭება იქნება წინგადადგმული ნაბიჯი. სტატუსი, რაც მისცეს უკრაინას ან მოლდოვას, გამოწვეულია არა იმით, რომ მათ კარგად შეასრულეს სამუშაო, არამედ პოლიტიკურმა ვითარებამ გამოიწვია მათთვის სტატუსის მინიჭება. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ჩვენთვისაც უნდა მოეცათ სტატუსი“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან საუბრისას და მიიჩნევს, რომ, დიდი ალბათობით, ჩვენ სტატუსს მოგვცემენ და ამას მოაყოლებენ, ასევე, დამატებით დავალებებს, სამუშაოებს.
პოლიტოლოგის აზრით, თუკი, პირობითად, მოგვცეს სტატუსი, ეს ხელისუფლების დამსახურება კი არ იქნება, არამედ ჩვენი პარტნიორები საქართველოში მოსახლეობას გაუწევენ ანგარიშს. მართალია, ეს ხელისუფლება ამბობს, ჩვენ ხალხმა აგვირჩია, ამიტომაც სტატუსი მთავრობას ეკუთვნისო, მაგრამ 90-იან წლებში მართლაც ხალხის საყოველთაო ნებით მოყვანილი ხელისუფლებაც კი ასე არ ლაპარაკობდა, როგორც ეს ხელისუფლება ლაპარაკობს. იმ პერიოდში, როდესაც ხალხმა აირჩია „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, ისინი ხალხის აზრს გამოხატავდნენ. დღეს კი ეს ხელისუფლება გამოხატავს მხოლოდ პარტიული ბირთვის და სახელმწიფო ნომენკლატურის ინტერესებს.
„თუკი სტატუსს ამ მთავრობას მისცემენ, ამას დავინახავთ, ღმერთმა ქნას, მე ვცდებოდე და ითქვას, რომ მთავრობამ ყველაფერი კარგად შეასრულა და ამიტომ აძლევენ სტატუსს, მაგრამ, თუ დავალებები მოგვაყოლეს, მაშინ ვიტყვით, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ანგარიში გაუწიეს არა მთავრობას, არამედ საქართველოს მოსახლეობის სურვილს, გავხდეთ ევროკავშირის წევრები“, - მიიჩნევს ვახტანგ ძაბირაძე.
პოლიტოლოგ იგორ კვესელავას შეფასებით, პოლიტიკა დათმობაც არის, დღეს კი ვერ ვხედავთ დიპლომატიას „ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის. ამიტომ სტატუსს თუ მოგვცემენ, ამას მისცემენ არა ოპოზიციას, ან ხელისუფლებას, არამედ საქართველოს.
„თუკი სტატუსს მოგვცემენ და, ჩემი აზრით, ეს უკვე გადაწყვეტილია, ხელისუფლება იტყვის, ჩვენ მოგვცეს სტატუსი, აქ ოპოზიცია არაფერ შუაში არ არისო. თუ არ მოგვცეს სტატუსი, მაშინ ხელისუფლება იტყვის, ეს ყველაფერი ოპოზიციის ბრალია და ამიტომაც არ მოგვცეს სტატუსიო. ამასობაში ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები ფიქრობენ, ხომ არ ჯობია, არ მოგვცენ სტატუსი, რომ ეს საკუთარ გამარჯვებად არ მიითვისოს ხელისუფლებამ?! ხატია დეკანოიძის მოსაზრება გასაგებია, მაგრამ ერთიანი მოსაზრება ოპოზიციას ევროკავშირის სტატუსის შესახებ არ აქვს, ისინი გაყოფილები არიან, მოკლედ, ანგელოზი არც ოპოზიციაა, არც ხელისუფლება“, - აცხადებს იგორ კვესელავა ჩვენთან საუბრისას.
ევროკავშირი მიმართავს საქართველოს მთავრობას:
- სტატუსი უნდა მოგცეთ, მაგრამ თქვენი არაა.
- ჩემი არაა? მა ვისია?
- ვისი და საქართველოს მოსახლეობის.
- მერე ეგ მოსახლეობა ჩემი ამომრჩეველი არაა? მოსახლეობა ჩემია, ზნაჩიტ სტატუსიც ჩემია.
:))
სტატუსი იქნება, მაგრამ იმდენ პირობებს მოაყოლებენ, საყაყანოდ ეყოფათ. თუ არ მოგვცემენ არც მაგით დაიქცევა ქვეყანა, თუმცა ხელისუფლებაზე შეტევას ყველა შემთხვევაში შეეცდებიან.