სალომე ზურაბიშვილს დანიის სამეფოში ვიზიტი კონსტიტუციის დარღვევით მოუწევს, რადგან ვიზიტზე მთავრობისგან უარი აქვს მიღებული. პრეზიდენტმა იცის, რომ ანალოგიურ ქმედებაზე პარლამენტში იმპიჩმენტს ვერ მიიღებს, შესაბამისად, ხელ-ფეხი გახსნილი აქვს და მთავრობის უარის მიუხედავად, შეუძლია ოფიციალური ვიზიტებით ისარგებლოს. მმართველ გუნდი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტის მხრიდან გაგრძელდება ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედება. პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ზურაბიშვილი, პრაქტიკულად მძევალია თავისი განცხადებებისა, რომელიც გააკეთა.
„ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილი თავისი ვიზიტებიდან ელოდებოდა უფრო მეტ უარყოფით დამოკიდებულებას საერთაშორისო თანამეგობრობიდან საქართველოს ხელისუფლებების მიმართ და ეს შედეგი ვერ მიიღო. პრაქტიკულად, იგი მძევალია თავისი განცხადებებისა, რომელიც გააკეთა, ვფიქრობ - ნაჩქარევად. უფრო მეტის მოლოდინი ჰქონდა, უფრო მეტი ზიანის მოტანის მოლოდინი ჰქონდა და ახლა მძევლის პოზიციიდან რთულია უკან დაიხიოს“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტს პირდაპირ ხელს უშლიან მისი კონსტიტუციური მოვალეობის შესრულებაში და თვლის, რომ პრეზიდენტი დანიაში მთავრობის ნებართვის გარეშე გამგზავრებით კონსტიტუციას არ დაარღვევს.
„პრეზიდენტს პირდაპირ ხელს უშლიან მისი კონსტიტუციური მოვალეობის შესრულებაში. ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია, უნდა წავიდეს იქ და ვერაფერსაც ვერ უზამენ. საქართველოს კონსტიტუციით, პრეზიდენტი არის ხელშეუხებელი“, - აცხადებს რომან გოცირიძე.
პრეზიდენტი ამ დრომდე დუმს, ისევე, როგორც დუმს იმ სკადალურ ინტერვიუსთან დაკავშირებით, რომელიც CNN-ს მისცა. ჟურნალისტის შენიშვნაზე, როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრი არ არის დაინტერესებული ევროკავშირში გაწევრიანებით, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ეს ის კითხვაა, რომელსაც მთელი მოსახლეობა სვამს, მართლა უნდა თუ მხოლოდ სიტყვიერად გამოხატავს მხარდაჭერას.
„ხალხის ძალის“ წევრის, ანალიტიკოსის დავით ქართველიშვილის თქმით, მხოლოდ უსამშობლო აგენტი გასცემდა ამ კითხვაზე ისეთ პასუხს, როგორც ეს სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა.
„ქალს ჰქონდა იდეალური შესაძლებლობა დაემტკიცებინა, რომ თავისი პრინციპებებისა და პირადი წყენის მიუხედავად, ეთქვა - იცით, ღარიბაშვილთან მე მაქვს პირადი უთანხმოება და მის მიმართ მაქვს სუბიექტური დამოკიდებულება, მძიმე, არასასიამოვნო, მაგრამ თქვენ რასაც მეკითხებით, ამას როგორ დაგიდასტურებთ. იმიტომ, რომ სწორედ ღარიბაშვილი იყო ის ადამიანი, რომელმაც ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოაწერა ხელი, ვიზა-ლიბერალიზაციას, ევროპული პერსპექტივა მიიღო და დეკემბერში, დიდი ალბათობით, ღარიბაშვილი მიიღებს მათ შორის, თავის ხელისუფლებასთან და საზოგადოებასთან ერთად, კანდიდატის სტატუსს.
ეს ყველაფერი ღარიბაშვილმა გააკეთა და არა მარგველაშვილმა, სააკაშვილმა და ბოკერიამ - აი, ასე რომ ეპასუხა, რომ მკაფიოდ ყოფილიყო ხაზგასმული მისი პიროვნული, სუბიექტური მძიმე დამოკიდებულება ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ, მაშინ მე ვიტყოდი, რომ, ალბათ, მომავალში ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისგან კონსტიტუციის დარღვევის რეციდივებს აღარ უნდა ველოდეთ. მაგრამ, მან ეს უნიკალური შესაძლებლობა არ და ვერ გამოიყენა. ამიტომ, ილუზიები მის მიმართ არ გამაჩნია“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილი.
კონსტიტუციის დარღვევის მოლოდინი აქვს ისტორიკოს ედიშერ გვენეტაძეს, რომლის განცხადებით, გენიალური შექსპირი „ჰამლეტში“ ამბობდა, რომ დანიის სამეფოში რაღაცა დალპაო და სწორედ, ასეთი ვითარებაა საქართველოს პრეზიდენტის შემთხვევაში.
„მე ვიტყოდი, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში და უფრო სწორედ, მის თავში ტვინი დალპა. ეს დამპალი ტვინი როგორ მოქმედებს და როგორ მოძრაობს, თავად მანაც არ იცის. ისე მიბრძანდება შექსპირესულ დანიის სამეფოში, რომ ვერაფერს ვერ აანლიზებს. უფრო სწორედ, იმდენად აქვს შეტოპილი და ისეთი დავალებები აქვს მიღებული მისი გარე მამინაცვლებისგან, რომ პოლიტიკურ გვამად არის ქცეული. აშკარად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და აკეთებს ფაშისტურ გამონათქვამებს და ამაზე მძიმე რა შეიძლება იყოს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.