უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმერ ზელენსკის ისრაელში სოლიდარობის გამოცხადების მიზნით ვიზიტი სურდა, თუმცა მას ისრაელის მხარემ უთხრა, რომ დრო სწორად არ არის შერჩეული. მიზეზი, რატომაც უკრაინის პირველი პირი ისრაელმა არ მიიღო, დაკავშირებულია იარაღის სკანდალთან. კერძოდ, უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული იარაღის ნაწილი პალესტინელი ტერორისტების - „ჰამასის“ ხელში აღმოჩნდა და რომელსაც ისრაელის წინააღმდეგ იყენებს. აღსანიშნავია, რომ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციამ ასევე უარი უთხრა ვიზიტზე რადას სპიკერს - რუსლან სტეფანჩუკს და პრემიერ-მინისტრს დენის შმიგალს.
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში მიმდინარე კორუფციული სკანდალი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კიევის დასავლელ პარტნიორებზე და აფერხებს იარაღის მიწოდების პროცესს. ევროპელები აცხადებენ, რომ რთულია იარაღის კონტრაბანდის თავიდან აცილება, რასაც თავის დროზე ვერ მიაღწიეს ყოფილ იუგოსლავიაში და დარწმუნებული არიან, რომ ვერ აიცილებენ უკრაინაშიც.
ის, რომ უკრაინა ომის პარალელურად იარაღით ვაჭრობდა, ამის შესახებ დასავლური მედია ღიად მიანიშნებდა და ამ სკანდალის სათავეში თავდაცვის ყოფილ მინისტრს ოლექსი რეზნიკოვს ასახელებდა, რომელიც თანამდებობიდან გადააყენეს. მინისტრის შეცვლის ოფიციალურ ვერსიად კორუფცია არ დასახელებულა, თუმცა ბოლო პერიოდში უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება იარაღის შესყიდვის დროს ქრთამის აღების შესაძლო ფაქტებზე.
იარაღის ვაჭრობის სქემა იმდენად სკანდალური და მასიური გახდა, რომ ნატო-სა და ევროკავშირის ქვეყნები უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის მონიტორინგს ითხოვენ და აცხადებენ, რომ არსებობს საშიშროება კრიმინალურ ჯგუფებს ქვეყნიდან კონტრაბანდის სახით გააქვთ იარაღი და ევროპის შავ ბაზარზე ყიდიან.
ნატოს წევრი ქვეყანები განიხილავენ კიევთან უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის მონიტორინგის სისტემის გარკვეულ ფორმას ან დეტალური აღრიცხვის სიებს. გამოცემა „ფაინენშელ თაიმსი“ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მთელი ეს იარაღი ჩადის სამხრეთ პოლონეთში, ტრანსპორტირდება საზღვართან და შემდეგ, უბრალოდ, ნაწილდება მანქანებში საზღვრის გადასაკვეთად: სატვირთო მანქანებში, ფურგონებში, ზოგჯერ კერძო ავტომობილებში. „ამ მომენტიდან ჩვენ არაფერი ვიცით მათი ადგილმდებარეობის შესახებ და წარმოდგენა არ გვაქვს, სად მიდის ის, სად გამოყენება და ისიც კი, რჩება თუ არა ის ქვეყანაში“, - განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა დასავლელმა მაღალჩინოსანმა.
როგორც იარაღის კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ბონი დენის ჯენკინსმა განაცხადა, იმის შესაძლებლობა, რომ უკრაინაში გაგზავნილი იარაღი არასწორ ხელში მოხვდეს, არის მრავალ განსახილველ საკითხს შორის ქვეყანაში არსებული რთული სიტუაციის გათვალისწინებით.
„აშშ ძალიან სერიოზულად უდგება ჩვენს პასუხისმგებლობას, დაიცვას ამერიკული წარმომავლობის თავდაცვითი ტექნოლოგიები და აღკვეთოს მათი გაჟონვა ან უკანონო გავრცელება“, - განაცხადა ბონი დენის ჯენკინსმა.
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ღია წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის თანახმად აცხადებს, რომ ისრაელის პარლამენტი ამზადებს რიგ განცხადებებს უკრაინიდან „ჰამასი“-ს მისამართით შეიარაღების მიწოდების თაობაზე. როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ისრაელმა ახალი ფაქტები მოიპოვა - „ჰამასის“ განკარგულებაში აღმოჩნდა სარაკეტო ტექნოლოგიები ჩრდილოეთ კორეიდან, რომლებიც თავის დროზე უკრაინის სამხედრო-სამრეწველო საწარმოდან კიმ ჩენ ინს ჯერ კიდევ იური ნალივაიჩენკომ გადასცა.
„საუბარი მიდის მსხვილ პარტიებზე, რომლებიც ბრიტანელი შუამავლების მეშვეობით გადამისამართებული იყო ალბანეთიდან და ბულგარეთიდან ლიბიის საზღვაო ნავსადგურებში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხაზით. „მოსადმა“ და „შაბაქმა“ უკვე დაუდასტურეს ქნესეთს აღნიშნული ინფორმაცია. სწორედ ამით არის განპირობებული ისრაელის უარი ქვეყანაში პრეზიდენტ ზელენსკის ჩამოსვლაზე, რომელიც ცდილობს ადგილზე ჩაახშოს მომავალი საერთაშორისო სკანდალი. ასე რომ, ზელენსკის თავზე ჩამოწოლილი ღრუბელი კიდევ უფრო სასტიკ ელფერს იძენს“, - წერს დავით ქართველიშვილი.
პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევარი თამარ კიკნაძე აცხადებს, რომ თვითონ დასავლელი პოლიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს ომი ზოგიერთი პოლიტიკოსისთვის ძალიან დიდი შემოსავლის წყარო გახდა და მილიარდები დააგროვეს. კიკნაძე სწორედ იარაღის სკანდალს უკავშირებს უკრაინის რადაში ინიცირებული ლობიზმის შესახებ კანონპროექტს.
„ეს გაკეთდა იმისათვის, რომ ფინანსური ნაკადები იქნას გაკონტროლებული. არის გამორიცხული, რომ უკრაინელი მაღალჩინოსნები იარაღის ვაჭრობით ყოფილიყვნენ დაკავებული და პრინციპში, არიან კიდეც. ცხადია, რომ დიდი ფული კეთდება და შესაბამისად, ამან უკრაინის სასარგებლოდ არ ითამაშა. გარდა ამისა, უკვე მობეზრდა ყველას უკრაინის საკითხი და ეძებენ გამოსავალს, როგორ გამოვიდნენ ამ სიტუაციიდან“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძემ.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ჯერჯერობით რთულია ასეთი ბრალდება წავუყენოთ უკრაინას, რადგან შემდგარია სამშობლოსთვის დაცვის ურთულეს გზაზე. „ამ დროს ასეთი უსიამოვნო და კრიმინალური ბრალდება, საკამოდ მძიმეა. მით უმეტეს, რომ ქვეყანა, რომელიც თვითონ ათასობით ადამიანს კარგავს, კიდევ ამ ქვეყანამ იარაღი მიყიდოს ვიღაცას და ფაქტობრივად, სიკვდილის ინსტრუმენტი - იარაღი გაამრავლოს და სხვა ქვეყნებში სიკვდილიანობას შეუწყოს ხელი (ამ შემთხვევაში ასეთ მსხვერპლად სჩანს ისრაელი), ეს არის ერთმანეთთან შეუთავსებელი, მით უმეტეს თუ გავიხსენებთ, რომ ბოლო პერიოდში უკრაინის განცხადებების ლაიტმოტივი იყო, რომ აღარ გვაქვს იარაღი და მოგვახმარეთო. ამ ფონზე საკუთარი იარაღის სხვისთვის მიყიდვა, არანაირ მორალში არ ჯდება“, - აცხადებს პოლიტოლოგი.
როგორც რამაზ საყვარელიძე ამბობს, ყველა მიმწოდებელი ქვეყანა შეიძლება იყოს ჩართული იარაღის ბიზნესში და თვითონ უკრაინის ელიტა.
„შეიძლება იყოს სხვა ქვეყნები და მათ შორის მიმწოდებელი ქვეყნები, რომლებმაც შეიძლება მიაწოდონ იარაღი და თვითონაც მიიღონ „შავი ფული“ - ე.წ. „ატკატი“. ამის გამორიცხვა არ იქნება. მეტიც, ჩვენისთანა პატარა ქვეყნიდან, რომელიც ახლა ყალიბდება სატრანზიტო ქვეყნად, შეიძლება რაღაცა ინტერესები იყოს ჩაქსოვილი მსოფლიო მასშტაბის ამგვარ ოპერაციაში. ქვეყნების მთელი სისტემა არის ჩართული ამ კორუფციულ პროცესში და არა ერთი, ან ორი ქვეყანა და ეს უკვე ცხადია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
ეხლა არ ვიცი, თუ კიდევ საქმიანობს საქართველოში ამერიკული ფონდი ,,ჰარმონია" და საგრანტო განაცხადი, ან სასწავლო ტურზე რომ დაგეწერა მოთხოვნა მათ სახელზე, სპეციალური პუნქტი უნდა მოგენიშნა ტექსტში, რომ მათი ფულით ტერორისტებს არ დააფინდებდი. :))
გაიძვერა უკრაინელებმა როგორ იკადრეს უკადრებელი.