„არ ვიცი, სააკაშვილი რა გაერთიანებაზე საუბრობს, როცა საკუთარი პარტია ვერ გაუერთიანებია და ამხელა დაპირისპირება აქვს“

„არ ვიცი, სააკაშვილი რა გაერთიანებაზე საუბრობს, როცა საკუთარი პარტია ვერ გაუერთიანებია და ამხელა დაპირისპირება აქვს“

როგორ უნდა ჩამოაშორონ ხელისუფლებას მმართველი გუნდი? - მიხეილ სააკაშვილი ამტკიცებს, რომ მოქმედებაზე გადადის. ე.წ. მომაკვდავი ექს-პრეზიდენტი მოულოდნელად გამოჯანმრთელდა და ოპოზიციას პოლიტიკური მითითებები მისცა. სააკაშვილი აანონსებს, რომ წინასაარჩევნოდ პოლიტიკის აქტიური ფიგურანტი იქნება. ასეთი ხანგრძლივი მიმართვა სააკაშვილს კლინიკიდან პირველად ჰქონდა. თითქმის ორი საათის განმავლობაში პატიმარმა ბევრი ისაუბრა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების „რუსული პოლიტიკის“ შესახებ, გაასაჯაროვა გეგმა, რომელიც რუსების მიერ შეძენილი ქონების ემიგრანტებზე გადაცემას ითვალისწინებს, ოპოზიციას კი მიაწოდა პოლიტიკური რეცეპტი, როგორ უნდა ჩამოაშორონ მართვის სადავეებს ივანიშვილის გუნდი.

სააკაშვილი ამტკიცებს, რომ ოპოზიცია კვლავ უნდა გაერთიანდეს და ახლა დაპირისპირების დრო არ არის. ამის პარალელურად, ის ამბობს, რომ ხელისუფლება თითქოს 2024 წლის არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება და ამისთვის სწორედ ელექტრონულ არჩევნებს გამოიყენებს.

სააკაშვილის ამ განცხადებებს ხელისუფლებიდან და ოპოზიციის ნაწილიდან უკვე უპასუხეს. თავად ცესკოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ სააკაშვილმა კარგად იცის, რა სახის არჩევნებზეა საუბარი, თუმცა მას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებს.

„ქართული ოცნება“ კი მიხეილ სააკაშვილს საკუთარ დაპირებებს ახსენებს, სადაც ის ელექტრონული არჩევნების უპირატესობებზე საუბრობდა. მმართველი გუნდი ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებას არასერიოზულს უწოდებს.

„სააკაშვილი ნებისმიერ დროს იცვლიდა პოზიციას, როდესაც მის პირად პარტიულ ინტერესებთან თანხვედრაში არ იყო კონკრეტული საკითხი. მას შეეძლო კამპანია ეწარმოებინა ერთ საკითხზე, თუმცა მეორე დღეს შეეცვალა ეს საკითხი. ასეთი ფერისცვალებები ჩვენ ბევრჯერ გვინახავს. კატასტროფა არის ის, რომ ამ ადამიანს წარმოდგენა არ აქვს თუ რა ტიპის არჩევნები ტარდება 2024 წელს და როგორ მოხდება ამ არჩევნების ადმინისტრირება. გათვლა არის ასევე ის, რომ ამ არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობა მოხდეს და ეს ყველაფერი 2023 წელს დაიწყოს“, - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“-ს თავმჯდომარე იაგო ხვიჩია კი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი სულ იყო პოლიტიკაში და ეს დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა: „მიხეილ სააკაშვილი სულ იყო პოლიტიკაში და დღესაც მწვანე მუზარადასხმული მოგვევლინა პოლიტიკაში. „ვივამედი“ უნდა გადაკეთდეს კვლევით დაწესებულებად, სადაც შესაბამის პაციენტებს, რომლებსაც იგივე დაავადებები აწუხებთ, რაც მიხეილ სააკაშვილს აწუხებდა გასულ წელს, განკურნება სწადიათ და სხვა მსოფლიო კლინიკებში ამას ვერ აღწევენ“.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებები რეალობას არის მოწყვეტილი, რადგან ის ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას სათანადოდ ვერ აფასებს. ძაბირაძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილს ისევ ოპოზიციის ლიდერობა სურს და ამიტომ მოუწოდებს ოპოზიციას გაერთიანდეს. მისი მიზანია, რომ ქვეყანაში ე.წ. მესამე ძალა არ გაჩნდეს და ახალი პოლიტიკური მოთამაშეები არ გამოჩდნენ. ამიტომ იმედი აქვს, რომ თუკი ოპოზიცია გაერთიადება და ლიდერი ისევ თვითონ იქნება, ის ხელისუფლებაში დაბრუნებას შეძლებს.

„სააკაშვილის მიზნები ძალიან მარტივი და ნათელია. მას უნდა, რომ ხელისუფლებასთან მარტო პირისპირ დარჩეს. მისი მიზანია ისევ ოპოზიციის გაერთიანება და ამ ერთიანი ოპოზიციის სათავეში მოქცევა. მისთვის ეს არის მნიშვნელოვანი. მე არ ვიცი რა გაერთიანებაზე საუბრობს, როცა საკუთარი პარტია ვერ გაუერთიანებია და ამხელა დაპირისპირება აქვს. ალბათ, მაინც მიიჩნევს, რომ მის გარეშე ეს პარტია ვერ იარსებებს და როგორც თავად სურს მაინც ისე იქნება ყველაფერი.

ამაში არის ლოგიკა, რადგან პარტიის მხარდამჭერები მისი ამომრჩევლები არიან. თუმცა როგორ აპირებს გაერთიანებული თუნდაც ოპოზიციის ლიდერობას ციხიდან, მით უმეტეს ამ ქვეყნის მოქალაქე არ არის, არ ვიცი. ნუ, უბრალოდ, იმედი აქვს, ალბათ, რომ თავისი ამომრჩევლის მობილიზებასაც შეძლებს. რაც შეეხება არჩევნების გაყალბებაზე საუბარს, ელექტრონული სისტემით ხმის მიცემა ასე ადვილი გასაყალბებელი ვერ და არ იქნება. ის არ იქნება მთლიან სისტემაში ჩართული და დათვლა უბნების მიხედვით დახურულად მოხდება. მეორეც - თუ ხალხს უნდა, რომ „ოცნება“ ხელისუფლებიდან გაუშვას, ვერანაირი არჩევნების გაყალბება მას ვერ შეაფერხებს. თავად 2012 წელს ნაკლებად გააყალბა არჩევნები? მაგრამ ივანიშვილმა მაინც მოუგო, იმიტომ, რომ ხალხს მისი ხელისუფლებიდან გაშვება უნდოდა. აქაც ასე მოხდება, თუ ხალხის ნება იქნება. „ოცნებას“ სააკაშვილი, კეზერაშვილი და მერაბიშვილი რომ ვერ გაუშვებენ ეს ხომ ცხადია. ამიტომ სააკაშვილის ჩანაფიქრი მარტივი და ადვილად წასაკითხია“, - ამბობს ძაბირაძე.

მისივე თქმით, თუკი ე.წ. მესამე ძალა გამოჩნდა, პრობლემები ხელისუფლების გარდა ნაციონალებსაც ექნებათ. ისინი შიშობენ, რომ პირველ ოპოზიციური პარტიის სტატუსს დაკარგავენ და ხელისუფლებაში დაბრუნების შანსები კიდევ უფრო მცირე იქნება. ამიტომ სააკაშვილი კვლავ ცდილობს, რომ მთელი ოპოზიცია ნაციონალების ფრთებქვეშ შეიფაროს. ეს კი ხელისუფლებისთვისაც სასარგებლოა, რადგან რადიკალურ ოპოზიციად მთელი პოლიტიკური სპექტრის გასაღება ყველაზე მეტად ხელისუფლებას აწყობს.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილს კვლავ ერთიანი ოპოზიციის ლიდერობა სურს და მისი ეს განაცხადი სწორედ ამ მიზანს ემსახურება. საყვარელიძე for.ge-სთან ფიქრობს, რომ სააკაშვილის განცხადება არაადეკვატურია, რადგან რა უნდა შესთავაზონ ნაციონალებმა დანარჩენ ოპოზიციას ისეთი, რითიც ისინი შესაძლოა მოიხიბლონ, როცა ენმ-ში თავად ვერ გაურკვევიათ პარტიის ხელმძღვანელი ვინ არის.

„სააკაშვილის განცახდება ნაცნობია და ახალი არაფერი უთქვამს. ისევ იმავეს იმეორებს, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში აკეთებდა. თუმცა, მთელი ოპოზიცია რაღაცით რომ დააინტერესო, თავად შენ ხომ უნდა იყო ის პოლიტიკური ძალა, რომელიც რაღაცას წარმოადგენს. კი ბატონო, ენმ-ს ჰყავს თავისი მხარდამჭერები, მაგრამ ამ დაპირისპირების ფონზე ვინღა დარჩათ? რაც ჰყავთ, ისიც გასაგებია, რომ სააკაშვილის დამსახურებით არის, მაგრამ თუ მელიამ პარტია დატოვა, მაშინ ხმები კიდევ უფორ გაიყოფა. სააკაშვილი, ვხედავთ, რომ თავის პარტიაში მიმდინარე მოვლენებს არ იმჩნევს. ფიქრობს, რომ ამით პარტიას უფრო გააერთიანებს და აღარ უნდა ცეცხლზე ნავთის დასხმა.

თუმცა ამ ფორმაში როდემდე შეძლებს მის გაჩერებას?! სააკაშვილის სურვილები ერთია, მაგრამ რეალობა - მეორე. რაც შეეხება არჩევნების გაყალბების თემას, ხელისუფლება არაერთხელ ამბობდა, რომ ნაციონალები ემზადებიან არა არჩევნებისთვის, არამედ ისევ რევოლუციური სცენარისთვის. ამას კი მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის ამტკიცებდა ხოლმე. ახლაც იგივე ქნა. ვხედავთ ოპოზიციაში როგორი ურთიერთბრალდებები დაიწყო კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. სწორედ, ნაციონალები და სააკაშვილი არიან ის მთავარი ფიგურები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კანდიდატის სტატუსი ძალიან კარგი საბაბია იმისთვის, რომ ხალხი ქუჩაში გამოიყვანონ. ახლა კი ეს ყველაფერი წყალში ჩაეყრებათ. სააკაშვილი თამაშობს, რომ ვითომ კოალიციური მთავრობის შექმნას აპირებს, სინამდვილეში კი ხელისუფლებას ისე დაალაგებს, რომ ეს პატარა პარტიები საერთოდ არავის გაახსენდება. ხოლო იმედი აქვს, რევოლუცია თუ მოხდება, ციხიდანაც გაათავისუფლებენ“, - ამბობს საყვარელიძე.

ცუგო- კარგად მოსუქებულა, რა უნდა ამას საავადმყოფოში?! დილეგში უკარით თავი...
1 წლის უკან
ლევკოთეა ციხეზე ამას ჯერ არ გადაიყვანს ოცნება. ზედმეტ აჟიოტაჟს არ აატეხინებენ. ნუ, ევროკავშირის სტარუსის გარკვევამდე მაინც. შესაძლოა, არჩევნებამდეც კლინიკაში ეგდოს.
1 წლის უკან
არაგველი641 "გაასაჯაროვა გეგმა, რომელიც რუსების მიერ შეძენილი ქონების ემიგრანტებზე გადაცემას ითვალისწინებს" - აი სად იპოვა ხმების მოძიების რესურსი!
1 წლის უკან