შუა დერეფანი, ინვესტიციები, სავაჭრო კავშირები, ტურიზმი და ენერგეტიკა - თბილისი „აბრეშუმის გზის“ ფორუმს მასპინძლობს, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს საკვანძო როლს ევროპასა და აზიას შორის არსებული ხიდის რანგში. ფორუმზე აქცენტი გაკეთდა გლობალური და რეგიონალური დაკავშირების უნარის გაძლიერებაზე, ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბებაზე და მომავლის შესაძლებლობების გამოვლენაზე. ამ ფორუმის მნიშვნელოვანი მოვლენაა ის, რომ პირველად ერთ მაგიდასთან დასხდნენ აზერბაიჯანის და სომხეთის პრემიერ-მინისტრები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, როგორც მიუკერძოებელი, ნეიტრალურ-ობიექტური შუამავალი და აზერბაიჯანისა და სომხეთის მეგობარი, არის დაინტერესებული იმით, რომ ჩვენს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა დამყარდეს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ესმის ომის ფასი და ასევე, აღიარებს, თუ რამდენად ღირებულია მშვიდობა.
„2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენი მთავრობა ახერხებდა მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას, თანაც უპრეცედენტოდ, მთელი ათწლეულის განმავლობაში და ამის შედეგად, უკვე ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის სიტუაცია უფრო სანდო და პროგნოზირებადი ხდებოდა. ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ომის თავიდან აცილება და მშვიდობის უზრუნველყოფა.
იმის მიუხედავად, რომ გეოგრაფიული, რეგიონული და გლობალური გამოწვევების გამო, მიმდინარე ომი არსებობს უკრაინაში და ასევე, დაძაბულობაა ახლო აღმოსავლეთში, გონივრული პოლიტიკით და ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, ჩვენ შევძელით ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოდ ყოფილიყო, ასევე ვყოფილიყავით საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წევრიც“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამიერკავკასიას სჭირდება ხანგრძლივი მშვიდობა, როდესაც ქვეყნები არსებობენ ღია საზღვრებით, დაკავშირებული არიან ეკონომიკური და კულტურული კავშირებით. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი აზერბაიჯანთან მშვიდობისა და ურთიერთობის ნორმალიზაციის უზრუნველსაყოფად შეთანხმების პროექტზე მუშაობს, რომელიც რამდენიმე თვეში დასრულდება.
„ჩვენ, ამ ეტაპზე, ვმუშაობთ, შეთანხმების პროექტზე აზერბაიჯანთან მშვიდობისა და ურთიერთობის ნორმალიზაციის უზრუნველსაყოფად. იმედი მაქვს, რომ ეს პროექტი შემდეგ რამდენიმე თვეში დასრულდება. ასევე, მიმაჩნია საჭიროდ, რომ მშვიდობის საკითხზე წარმოვადგინო კიდევ ორი დამატებითი ასპექტი, რომელზეც აზერბაიჯანთან შევთანხმდით. სომხეთი და აზერბაიჯანი აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას.
ორივე მხარის მიერ გაკეთებული განაცხადებები არ დატოვებს არანაირ სივრცეს საიმისოდ, რომ მეორე მხარემ არ აღიაროს საპასუხო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, გარდა საერთაშორისო აღიარებული საზღვრის ფარგლებში გაცხადებული ტერიტორიებისა. ამ პრინციპებზე დაყრდნობით, იმედი გვაქვს, რომ შემდეგ რამდენიმე თვეში, აზერბაიჯანთან მოვაწერთ ხელს მშვიდობაზე და განვაახლებთ ჩვენს ურთიერთობებს“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
სამხრეთ კავკასიურ მშვიდობაზე და საქართველოს მედიატორის როლზე საუბრობს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი. როგორც ალი ასადოვი აცხადებს, ირაკლი ღარიბაშვილის ორგანიზებით, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და განვითარებისთვის არაერთი მოლაპარაკება მიმდინარეობდა.
„44-დღიანი ყარაბაღის ომის შემდეგ, აზერბაიჯანმა დაუყოვნებლივ გამოხატა თავის პოზიცია იმისთვის, რომ დამყარებულიყო მშვიდობა. გასულ თვეში ამ ანტიტერორისტული ოპერაციის შემდეგ ჩვენ იგივე ინტერესი გამოვხატეთ, რომ ისევ დამკვიდრდეს მშვიდობა, რომელიც შეეხება განსაკუთრებით სატრანსპორტო სფეროს.
იმ დეკლარაციის შესაბამისად, რომელიც 2020 წლის 9 და 10 ნოემბერს გაფორმდა, ეხება ყველა კომუნიკაციას (აზერბაიჯანი ძალიან ბევრს მუშაობდა იმისათვის, რომ თავისი ეს პოზიცია წარმოეჩინა) და ჩვენ გვინდა, რომ ეს კომუნიკაცია ნამდვილად ღიად მიმდინარეობდეს და მარტო ჩვენზე არ არის დამოკიდებული. თუკი მეორე მხარეც მოისურვებს ჩვენ შეგვიძლია, რომ წინ წავიდეთ და, რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ სხვა შესაძლებლობების გამოყენებაც შეგვიძლია“, - განაცხადა ალი ასადოვმა.
„აბრეშუმის გზის ფორუმი 2023“ რომელზეც ძალიან მნიშვნელოვანი და საქართველოსთვის დამაიდებელი გზავნილები გაჟღერდა, დასრულდა. ამ ფორუმზე მნიშვნელოვანი იყო ნიკოლ ფაშინიანის განცხადება, რომ ხიდების აშენება მშვიდობის გარეშე ძალიან რთულია. ანალიტიკოს ზაალ აჯაფარიძის განცხადებით, ამ კუთხით, საქართველომ და მისმა ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ორი გაყინული კონფლიქტის და ოკუპაციის პირობებში, შექმნა ის პრეცედენტი, რასაც შეიძლება დაერქვას „ქართული მაგალითი“.
„დღეს ქვეყანა მყარად დგას სამშვიდობო პლატფორმაზე, შიდა თუ გარე გამოწვევების მიუხედავად. ეს არის მშვიდობის შენარჩუნების და კონფლიქტების პრევენციის იმ წმინდა ქართული მექანიზმების თანამედროვე პირობებისთვის მორგება, რომლებიც, თუ ჩვენს ისტორიას გადავხედავთ, ყოველთვის გვეხმარებოდა გადავრჩენილიყავით სხვადასხვა ისტორიულ თუ გეოპოლიტიკურ ქარტეხილებს“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, რაც დრო გადის, იკვეთება საქართველოს როლი სამხრეთ კავკასიური მშვიდობის ნაწილში და ამ შეხვედრაზე კიდევ უფრო ხაზგასმით გამოიკვეთა დამატებითი ფუნქციები, რადგან ამ ფორუმა სომხეთი და აზერბაიჯანი დასვა ერთ მაგიდასთან.
„ის, რაზედაც ალიევი ლაპარაკობდა ღარიბაშვილთან ერთად, დაიწყო იმ პროცესის რეალიზაცია, რაც აქამდე ამ ფორუმის შემადგენლობაში არ შემოდიოდა. ასეთი სამშვიდობო მისიები, სამშვიდობო და კონსტრუქციული ხაზი, რომ მშვიდობამ უნდა ააგოს სახელმწიფოების კეთილდღეობა, აი, ეს მშვიდობის გზა გამოიკვეთა ამ ფორუმზე და ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს, მით უმეტს ვხედავთ რა ხდებს მსოფლიში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევარი თამარ კიკნაძე ამბობს, რომ ეს იყო წარმომადგენლობითი ფორუმი და, რაც მთავარია, ჩამოვიდნენ აზერბაიჯანის და სომხეთის პრემიერ-მინისტრები, რაც თავისთავად ბევრ რამეზე მიუთითებს. მისი თქმით, საქართველო მედიატორის როლს ასრულებს და მისთვის, როგორც პოლიტოლოგისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მიხეილ სააკაშვილის დროს საქართველოს ჰქონდა დესტრუქციული ფუნქია, რომ უნდა დაერტყა რუსეთისთვის, რაც ძალიან სახიფათოა პატარა ქვეყნისთვის - ბუფერული სახელმწიფოსთვის.
„ამიტომ დამთავრდა ცუდად. ღმერთმა დაგვიფარა და ისე ცუდად არ დამთავრდა როგორც შეიძლებოდა. ახლა გვაქვს პოზიტიური, კონსტრუქციული ფუნქცია, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ აიღო და ამითი არის ძალიან მიმზიდველი. ძალიან ბევრი ინიციატივებია როგორც პოლიტიკური, ასევე ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური, უსაფრთხოების კუთხით, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან პოზიტიური როლი აქვს ღარიბაშვილს.
იგი ჩამოყალიბდა, როგორც ძალიან კარგი პოლიტიკოსი, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდაა, იქცევა როგორც სოლიდური პოლიტიკოსი. არაერთი მცდელობა იყო საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციის, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ სომხეთი და აზერბაიჯანის პრემიერები იყვნენ ერთად წარმოდგენილი, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ე.ი. ტენდენცია არის მშვიდობიანი კავკასიის რეგილონალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ამ თვალსაზრისითაც აქვს ძალიან დიდი დატვირთვა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძემ.
პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე თვლის, რომ „აბრეშუმის გზის“ კონფერენციით საქართველო ჰაბის ფუნქციას ვერ შეიძენს და ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ იქნება ამის გარშემო რეგიონალური პოლიტიკური ავტორების გადაწყვეტილება. შესაბამისად, მისი თქმით, ცოტა არ იყოს, უცნაურია, როდესაც უარს ამბობ სამეზობლო ხუთეულთან ურთიერთობაზე, არ მიდიხარ 3+3-ის ფორმატზე და მეორე მხრივ გინდა აბრეშუმის გზის პროექტის განცხორციელება.
„არ ვიცი, ეს ლოგიკაში არ ჯდება. შეიძლება იყოს სხვა ლოგიკაც, რომელიც ჩვენ არ ვიცით. ეს შეიძლება იყოს საიდუმლო მოლაპარაკებების ნაწილი, საქართველოს სპეციფიკური და პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინების საკითხი, იგივე სამეულის მხრიდან. თუმცა, ჩვენ ეს არ ვიცით და ეჭვი მაქვს, რომ ასე არ არის. აქედან გამომდინარე, არ ვუყურებ ოპტიმისტურად ამ სიტუაციას.
თუ არ იქნება რეგიონალური მოთამაშეებთან დიალოგი, იგულისხმება, თურქეთი, ირანი, რუსეთი და სწორედ ეს არის 3-3-ის ფორმატი, ძნელი წარმოსადგენია საქართველოსთვის ხელსაყრელი სიტუაციის შექმნა რეგიონში. ვინაიდან, გეპოლიტიკური პროცესის არსი მდგომარეობს იმაში, რომ რეგიონალური ავტორები ცდილობენ მაქსიმალურად შეამცირონ არარეგიონალური ავტორების გავლენა სამხრეთ კავკასიაში და არა მარტო სამხრეთ კავკასიაში. აქედან გამომდინარე, ასე უდიალოგოდ და უკონტაქტოდ საკითხების მოგვარება ისტორიას არ ახსოვს. ჩვენ ეტყობა სასწაულის იმედზე ვართ.
რაც შეეხება ამ კონფერენიციას, ეს არის ინერცია. ეს კონფერნეციები იგეგმება დიდი ხნით ადრე და „3-3“-ის ფორმატი იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ მოვილაპარაკოთ, დავალაგოთ სამხერეთ კავკასიური პასენასი. კი, ბატონო ამ კონფერენციებზე ჩამოვლენ, მაგრამ რა ვუყოთ აზერბაიჯანის რეაქციებს? იმას, რასაც აზერბაიჯანელი დეპუტატები ლაპარაკობენ და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ალიევის აზრის საწინააღმდეგოდ ლაპარაკობენ, იმან არ იცის აზერბაიჯანი. ალიევის გარეშე არც ერთი დეპუტატი ასეთ ტონალობაში არ ილაპარაკებდა და ალიევი კიდევ ყოველთვის ითვალისწინებს თავისი კოლეგის და სტრატეგიული პარტნიორის, ერდოღანის მოსაზრებას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.