„პროტესტი და წინააღმდეგობა საქართველოში“ - 31 ოქტომბერს აღნიშნულ თემაზე თბილისში დისკუსიაა დაგეგმილი. ორგანიზატორი „ინდიგო“ და ფრიდირიხ ებერტის ფონდია. მმართველი გუნდის შეფასებით, ეს არის რევოლუციის სცენარის და კანვასის ტრენინგების გაგრძელება, რომელშიც ამჯერად, ფრიდირიხ ებერტის ფონდი ჩაერთო. მათი აზრით, ეს მზადება კანდიდატის სტატუსის მიღების წინ მიმდინარეობს, რადგან რადიკალურ ძალებს იმედი აქვთ, რომ სტატუსს ქვეყანა ვერ მიიღებს და ამ დღისთვის ემზადებიან.
გავრცელებულ რელიზში წერია, რომ დისკუსიის თემა პროტესტი და წინააღმდეგობაში ყოფნის გაკვეთილებია.
ჟურნალ „ინდიგოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ნატა ძველიშვილის თქმით, რომელი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრება ღონისძიებას, არ იცის.
„ჩვენი ახალი ნომერი ეძღვნება პროტესტებს, მე-20, 21-ე საუკუნეში რა პროტესტებიც ყოფილა საქართველოში, ეს არის გაანალიზებული სხვადასხვა კუთხით. ამ თემებზე წარვადგენთ ამ ჟურნალს, ეს არის სულ. საჯარო ივენთი დავდეთ, პირადი მოწვევით ამ წუთას განსაკუთრებულად არავინ მოგვიწვევია. ჩვენი მიზანი იყო, რომ შეგვესწავლა წინააღმდეგობის მოძრაობები მრავალი კუთხით, ეს არის კვლევა, ანალიზი ამ პროცესების“, - ამბობს ნატა ძველიშვილი.
„ყველას მოვუწოდებ, დაასვენონ ეს ქვეყანა“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 31 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილ დისკუსიას, რომლის თემაცაა „პროტესტი და წინააღმდეგობა საქართველოში“. მისივე შეფასებით, შემაშფოთებელია, როდესაც რევოლუციის აქტუალიზაცია ხდება.
„რა თქმა უნდა, სათაური უკვე შემაშფოთებელია. როდესაც ვიღაც ახდენს რევოლუციის თემის აქტუალიზაციას და მით უმეტეს, როდესაც ეს ხდება უცხოური დაფინანსებით, ეს არის შემაშფოთებელი. ყველას მოვუწოდებ, დაასვენონ ეს ქვეყანა, უზრუნველყონ სიმშვიდე ამ ქვეყანაში და ნუ გადადგამენ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც სიმშვიდის დარღვევისკენაა მიმართული. ეს არის ჩვენი ძალიან მკაცრი მოწოდება“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
„ეს ყველაფერი არის ერთი დიდი რევოლუციური გეგმის ნაწილი“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე 31 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილ დისკუსიას. მისივე განცხადებით, განსხვავებით 2003 წლისგან, ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერია და ამ გეგმის განხორციელებაში საზოგადოება მონაწილეობას არ მიიღებს.
„ეს ყველაფერი არის ერთი დიდი რევოლუციური გეგმის ნაწილი, თუმცა ქართული სახელმწიფო თავის ადგილას დგას. ეს არ არის, მაგალითად, 2003 წლის საქართველო, სადაც სახელმწიფო და ინსტიტუტები მოშლილი იყო, დღეს ქვეყანა თანმიმდევრულად ვითარდება, სახელმწიფო ინსტიტუტები არის ძლიერი და ამ ქვეყანაში არიან სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც ამ რევოლუციური და სხვა მხრიდან თავსმოხვეული გეგმების განხორციელებას ხელს არ შეუწყობენ, პირიქით - ხელს შეუშლიან. ჩვენი ასეთი თამამი განცხადებების სიმყარე რაში მდგომარეობს, იცით - ხალხის მხარდაჭერაში, ხალხია მთავარი დამკვეთი და არავის დავალებებს არ ვიღებთ, გარდა ქართული საზოგადოებისა და საკუთარი სახელმწიფოსი“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან ფიქრობს, რომ ხელისუფლების ეჭვები საფუძველს არ არის მოკლებული, რადგან პრაქტიკას თეორიით გამაგრება სჭირდება და ფრიდრიხ ებერტის ფონდის დაფინანსებით და „ინდიგოს“ ორგანიზებით იმართება პრეზენტაცია: „პროტესტი და წინააღმდეგობა საქართველოში.“ ამ პრეზენტაციას უკვე ისეთი შესავალი აქვს, რომ ყველაფერი დღესავით ნათელია. სწორედ ამიტომაც გამოიტანა ხელისუფლებამ ის დასკვნა, რომ ვიღაცების ინტერესია, ქვეყანაში რევოლუციური სცენარისთვის ახალგაზრდების მომზადება. მით უმეტეს ანალიტიკოსის თქმით, ამის შესახებ სუს-მა განცხადება გააკეთა და გამოძიებაც არის დაწყებული. ის დარწმუნებულია, რომ სუს-ს ამის საკმარისი მტკიცებულებები აქვს.
„სცენარი ძალიან ნაცნობია და ეს არის კარგად შეფუთული იმით, რომ თითქოს საქართველოს უახლესი ისტორიის ამბების შეჯამებაა და ა.შ. არადა შესაფუთი მასალა - სამოქალაქო აქტივიზმი, უფლებების დაცვა და ა.შ. მიზანი კი ზუსტად იმ ტიპის რადიკალური საპროტესტო აქციების აქტუალიზაცია - პოპულარიზაცია, რისთვისაც მათ მონაწილეებს ჯარიმებს უფარავენ. მე ვნახე ებერტის ფონდის მიერ გავრცელებული განცახდება, რაც ნაკლებად დამაჯერებელია. მათ პრეზენტაციას უკვე ისეთი სათაური აქვს და შესავალი, რომ ეჭვი არავის ეპარება რაზე იქნება ეს დისკუსია. ჩვენ ვნახეთ სუს-ის მიერ გავრცელებული განცახდება, სადაც ზუსტად იყო აღწერილი, რა და როგორ ხდება. როგორ ცდილობენ ახალგაზრდების დატრენინგებას. დარწმუნებული ვარ, უსაფრთხოების სამსახურებს სატელეფონო ჩანაწერებიც აქვთ და ასე ჰაერზე არაფერი მოსულა.
ეს არის კანდიდატის სტატუსის მიღების წინა სამზადისის პერიოდი. საუბარი იმაზე, რომ კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ, ძალიან არაპროფესიონალურია. ჯერჯერობით, ზუსტად არავინ იცის რა და როგორ მოხდება. ადრე თუ ამის შანსი 50/50-ზე იყო, ახლა მგონია, რომ 40/60-ზეა. ამიტომ ამ აქტიურობას და რაღაცა ტრენინგებს, რომელიც ვითომდა საგანმანათლებლო მიზნებით არის შეფუთული, სწორედ სტატუსის მიღებას ვუკავშირებ. ოპოზიციამ კარგად იცის, რომ ხალხის გამოყვანა ქუჩაში, მხოლოდ და მხოლოდ ამ თემის გარშემო არის შესაძლებელი. სხვა ყველა თემა აქვთ დატესტილი და იციან, რომ მოსახლეობის ქუჩაში გამოყვანას ვერაფრით ახერხებენ. ამიტომ თუკი შანსი მიეცემათ, ამისთვის მზად უნდა იყვნენ“, - ამბობს ანჯაფარიძე.
ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ამ ფონდების ხელმძღვანელები ჰგვანან იმ ქურდს, რომელიც მოსაპარად მიდის, მაგრამ ამას კატეგორიულად უარყოფს. გვენეტაძე ფიქრობს, რომ ეს ორგანიზაციები ქართველი ხალხის და სახელწმიფოს წინაშე იმდენად არიან სახელგატეხილები, რომ მათი ნათქვამის არავის სჯერა.
„რაღა მაინც და მაინც ამ სიტუციაში აუტყდა ჯერ „იუსაიდს“ ახლა ებერტის ფონდს ახალგაზრდების განათლება, საქართველოს ისტორიაში მომხდარი რევოლუციების შესახებ, როცა კანდიდატის სტატუსზე დღე - დღეზე ველოდებით რა პასუხს გაგვცემენ. ესენი არიან აქაური არასამთავრობების და ე.წ. რევოლუციონრების მამინაცვლები. ეს ორგანიზაციები ამზადებენ იმ პროცესებს, რომლის შედეგადაც საქართველოში ძალადობრივი გზით, ხელისუფლების შეცვლა უნდა მოხდეს. დასავლეთში ნაციონალების პატრონები დარწმუნდნენ, რომ ისინი ხელისუფლებაში არჩევნების გზით, ვერც ერთ შემთხვევაში ვეღარ მობრუნდებიან. ეს ოპოზიცია არ არის ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი. ჩვენი ხალხი ამას დიდი ხანია მიხვდა, ამიტომ ყველა იმედგადაწურული ახლა რევოლუციურ გეგმებს აწყობს. მათ დავალებული აქვთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალადობრივი გზით გააჩერონ და შემდეგ ომში ჩართონ. ამის საფუძველს მაძლევს 7 და 8 მარტს გამართული აქციები. ახალგაზრდები, რომლებიც პოლიციის ცოცხლად დაწვას აპირებდნენ და მოლოტოვის კოქტეილებს ისროდნენ, ჯარიმები გადაუხადეს. სადღაც 400 ათასი ლარის ჯარიმა დაუფარეს. ამით უკვე ყველაფერი არის ნათქვამი“, - ამბობს გვენეტაძე.
მისივე თქმით, რადიკალურმა ოპოზიციამ იცის ასევე, რომ მათ ხალხი ქუჩაში არ გაჰყვება. ამისთვის კი ყველანაირ პროვოკაციაზე არიან წამსვლელები. გვენეტაძე ფიქრობს, რომ ეს ამბავი დღეს და გუშინ არ დაწყებულა. მისი თქმით, ოპოზიცია, რომელიც ქვეყანაში მავნებლობის მეტს არაფერს აკეთებს, ნებისმიერი უბედურებისგან საკუთარი ინტერესებისთვის ქულების დაწერას ცდილობს. გვენეტაძე ამბობს, რომ ასე იყო ხორავას საქმის დროს. ასევე ეს ოპოზიცია ცდილობდა შაქარაშვილის და ბაჩალეიშვილის გარდაცვალების პოლიტიკური მიზნით გამოყენებას. ამიტომ ისტორიკოსი არ გამორიცხავს, რომ ქვეყნის შეჯანჯღარებისთვის ეს ძალები ყველაფერს იკადრებენ. ამიტომ ხელისუფლება და ჩვენი ძალოვანი სტრუქტურები მზად უნდა იყვნენ, რომ ქვეყანა ამ ხალხისგან გადაარჩინონ.
ნათქვამია ძალაუფლება ტკბილიაო, მაგრამ ეტყობა იმდენად ტკბილია, რომ მისი დაბრუნებისათვის ყველაფერზე გადაბიჯება შეიძლება, მათ შორის საკუთარ თავზეც. სახეზეა, გამოცხადებული გადატრიალების ქრონიკა.