პროკურატურა ზურაბიშვილის მიერ განხორციელებული შეწყალების აქტებს იძიებს

პროკურატურა ზურაბიშვილის მიერ განხორციელებული შეწყალების აქტებს იძიებს

სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე, ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა მიესაჯა. გირვლიანის მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალებას თავის დროზე სალომე ზურაბიშვილიც აპროტესტებდა, თუმცა ქვეყნის მე-5 პრეზიდენტმა იგივე გზა აირჩია. პრეზიდენტის მიერ გამოცემულ შეწყალების აქტებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არის და ამას ადასტურებს მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის ცნობილი განცხადება, რომელმაც აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ განხორციელებული შეწყალება კითხვებს ბადებს.

როგორც ირკვევა სკანდალური შეწყალება პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულზე განახორციელა, როდესაც 34 პატიმარი შეიწყალა. მათ შორის აღმოჩნდა რამაზ დევაძე, რომელიც 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობის გამო იყო გასამართლებული და 12 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა დაკავებიდან 1 წელიწადში საპატიმრო ზურაბიშვილის შეწყალების საფუძველზე დატოვა. ამ შეწყალებულთა სიაში მოხვდა დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე.

დგას თუ არა სკანდალური და ამავე დროს დანაშაულებრივი შეწყალების უკან კორუფცია, სალომე ზურაბიშვილი დუმილით პასუხობს, თუმცა კითხვას პასუხი შესაბამისმა უწყებამ გასცა. გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე აცხადებს, რომ 2019 წელს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კონკრეტული პირების შეწყალების საქმეზე გამოძიება გრძელდება. როგორც შოთაძემ აღნიშნა, მოქმედი პრეზიდენტის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა კანონმდებლობით შეზღუდულია.

„ამ ფაქტზე გამოძიება გრძელდება. მოქმედი პრეზიდენტის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა კანონმდებლობით შეზღუდულია. პრეზიდენტზე იმუნიტეტი ვრცელდება. მასზე სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება შესაძლებელია იმპიჩმენტის შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ დაასასტურა სისხლის სამართლებრივი დანაშაული ან კონსტიტუციის დარღვევა. გამოძიება გრძელდება, რომელიც დაწყებულია რამდენიმე წლის წინ საჯაროდ გავრცელებულ გარემოებებზე შესაძლო დანაშაულების ფაქტზე“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი შოთაძემ.

2019 წლის 20 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე. გამოძიების ფარგლებში პრეზიდენტის მაშინდელი საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლები გამოიკითხნენ.

იყო თუ არა ოპოზიციის პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბრის თემა ირაკლი შოთაძის განცხადება, დეპუტატი ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ პრეზიდენტზე არავითარ გავლენას არ ახდენს „ქართული ოცნებიდან“ მუქარა და ბრალდებები. „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ პრეზიდენტი აპირებს, საკუთარი პოლიტიკური ნაბიჯებით ქვეყნის ევროპული სტატუსის დაცვა გააგრძელოს.

„ძირითადი თემა იყო ევროპული სტატუსი და ბუნებრივია, მიმდინარე პროცესები, ასევე იმპიჩმენტთან დაკავშირებული საკითხები, რაზეც აქამდე არ გვისაუბრია. ფაქტია, რომ პრეზიდენტზე არავითარ გავლენას არ ახდენს „ქართული ოცნებიდან“ მუქარები და ბრალდებები. აპირებს, გააგრძელოს საკუთარი პოლიტიკური ნაბიჯებით და გადაწყვეტილებებით ქვეყნის ევროპული სტატუსის დაცვა. საუბარი იყო იმაზე, როგორ ხედავს ჩვენს მანდატს. ასევე, ჩვენს რეკომენდაციებს მოუსმინა. მე ვკითხე იმაზე, რომ საზოგადოებაში ინტერესია, რას აპირებს პოლიტიკური თვალსაზრისით და შევთანხმდით, რომ ამაზე საუბარი დღეს მთავარი თემა არაა. მთავარი თემა ევროპული სტატუსია და ამ მიმართულებით ჩვენ მის გვერდით ვდგავართ“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარის ხატია დეკანოიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ მუქარა და საქმეების თაროზე შემოდება მასზე არ იმოქმედებს და არ ეშინია. როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, პრეზიდენტი საკუთარ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით საზოგადოებას უახლოეს მომავალში მიაწვდის ინფორმაციას.

„საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ მუქარა და საქმეების თაროზე შემოდება მასზე არ იმოქმედებს. ეს არის მისი ხისტი პოზიცია. ამბობს, რომ ნებისმიერი მუქარა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს, ეს არის ზემოქმედების მოხდენა სახელმწიფო ინსტიტუტზე, საქართველოს პრეზიდენტზე, რასაც საქართველოს პრეზიდენტი არ დაემორჩილება - არ ეშინია. თავის სამოქმედო გეგმებზე - როგორი იქნება მისი მომავალი, მათ შორის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ვიზიტები, გვითხრა, რომ ამას საზოგადოება რამდენიმე დღეში გაიგებს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დადგება თუ არა პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხი, ეს მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. ირკვევა, რომ მიმდინარე გამოძიების პროცესში ზურაბიშვილი ჯერჯერობით დაკითხული არ არის. ანალიტიკოსი, ედიშერ გვენეტაძე თვლის, რომ გამოძიებული უნდა იქნას შეწყალების საქმე, ვინაიდან სალომე ზურაბიშვილით არ იწყება და არ მთავრდება ეს ქვეყენა, ისევე როგორც მარგველაშვილით. მისი თქმით, იმპიჩმენტი ვერ შესრულდა პოლიტიკურ ნაწილში, მაგრამ სამართლებრივ ნაწილში დადგა საკონსტიტუციო სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომელმაც თქვა, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია.

„რაც შეეხება შეწყალებას - პოლიტიკური ანგარება, ან უკიდურეს შემთხვევაში უკიდურესი სიბრიყვე. მე, რაც ვიცი და მთელი პასუხისმგებლობით ვალაპარაკობ, ამ ქალბატონმა შეიწირა გოგი ოთხმეზურის ოჯახი, რომელსაც ვიღაცა ნაძირალამ ქუჩაში მოუკლა 19 წლის ვაჟკაცი. მეორეჯერ მოუკლა შვილი ამ ოჯახს ზურაბიშვილმა, უსაშინლესი რამ გაუკეთა ამ ოჯახს. მისი სიბრიყვეებისგან გამომდინარე მაინც მინდა ვიფიქრო, რომ მას ეს საქმე შეუცურეს და ყოველგვარი გადამოწმების გარეშე მოაწერა ხელი და ამ სიბრიყვისგან მოიტანა უბედურება.

ყველაზე საშინელება ის არის, რომ ამან შეიწირა ჯერ გოგის მეუღლე და შემდეგ თვითონ გოგი. მე, ვეკითხები ამ ქალბატონს, როდესაც მივა ღვთის სამსჯავროზე რა უნდა უპასუხოს? ვერ წარმომიდგენია, დედამ და ქალმა შეგნებულად გააკეთოს ის, რაც ამ ქალბატონმა გააკეთა. ამიტომ, გამოძიებული უნდა იქნას შეწყალების საქმე და აგოს პასუხი კანონის შესაბამისად“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.

პოლიტოლოგის რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ერთი რამე სავარაუდოა, რომ შოთაძის განცხადება არ არის ადრე შექმნილი სცენარის ნაწყვეტი. ანუ, წინასწარ დაგეგმილი მოვლენა, რადგან იმპიჩმენტის პროცედურის ჩავარდნის შემდეგ უმრავლესობის წევრებმა თქვეს, რომ თუ პრეზიდენტის მხრიდან გამეორდება კონსტიტუციის დარღვევა, პრეზიდენტობის ვადის გასვლის მერე აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე.

„ახლა შოთაძის განცხადებაში გადავადების იდეა აღარ ჩანს. იმიტომ, რომ ეს უკვე სხვა მიზეზია იმპიჩმენტისთვის. აღარ არის მოგზაურობის მიზეზით კონსტიტუციის დარღვევის თემა და არ არის გამორიცხული, რომ ამ ახალ მიზეზს მოეძებნოს ახალი გულშემატკივრები და შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ სახელისუფლებო გუნდმა გადაწყვიტოს უკვე ახალი მიზეზით იმპიჩმენტის აღძვრა. თუ ეს მოხდა, ძალიან მძინე სურათი შეიძლება მივიღოთ როგორც ზოგადად, ასევე კონკრეტულად ევროპისაგან. იმიტომ, რომ ეს აშკარად შეფასდება როგორც დევნა.

საქართველოში არაფრით გაკვირვების უფლება არ გაქვს ადამიანს. არაფერი გამორიცხული არ არის, ამიტომ მიმაჩნია, რომ ძალიან დიდი შეცდომა იქნება, ასეთი გამოდევნება. მოგეხსენებათ, მართლაც რეალური დანაშაულის ავტორს რომ მისდევს ქუჩაში პოლიცია, მოსახლეობასაც კი უჩნდება უარყოფითი დამოკიდებულება პოლიციის მიმართ და ასეთ აკვიატებას, რომ არიქა, უნდა დავაპატიმროთ პრეზიდენტი, ნამდვილად არავიან არ აღიქვამს დადებითად“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

ლაზი ვეთანხმები რ. საყვარელიძეს. ხელისუფლებას უკვე დაუშვია შეცდომა. რეალური საქმე აღძრული ყოფილა და ვიზიტებით დაიწყეს იმპიჩმენტი. ესეც ე.წ. "პიჯაკების საქმეს" დაემსგავსება. ისევ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოყენებას შეეცდებიან, რაც ზურაბიშვილს ჯავშნად გამოადგება.
1 წლის უკან
Gami საყვარელიძემაც ბოდიალი დაიწყო.. ბოლო მაგალითი რაც მოიყვანა, იდიოტობაა. ნახოს
სხვა პრეზიდენტებზე რა საქმეებია აღძრული და რაზე იხდიან სასჯელს. მთლად ძაბირაძეს ნუ დაემსგსვსება.
1 წლის უკან
ლაზი საფრანგეთს არაერთი პრეზიდენტი გაუსამართლებია და მიუსჯიათ კიდეც, მაგრამ პრეზიდენტობის შემდეგ.
1 წლის უკან
ლევკოთეა ოცნებას რომ ძალიან სუსუტი და იმპულსური მენეჯმენტი ჰყავს, არახალია. ერთი ჭკვიანი გადაწყვეტილების მიმღები ვერ გამოერიათ, რომ თანმიმდევრულად დაგეგმონ მოქმედებები. მათზე უარესად ჩლუნგი და კრიმინალი ოპოზიცია რომ არ ჰყავდეთ, კაი ხნის დავიწყებული ეყოლებოდა ხალხს ოცნება, თავისი კობახიძე-მდინარაძეანად
1 წლის უკან
ცუგო- როგორც მახსოვს, გამოძიება მაშინ დაიწყო იმ დანაშაულის შემცველ ინფორმაციაზე, რაც პრესაში გავრცელდა და თან არა პრეზიდენტის მიმართ დაიწყო გამოძიება, არამედ ლაპარაკი იყო მისი ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე. ეხლა რომ წყალი პირში ჩაიგუბეს, ზუსტად ის ჟურნალისტები დასდევდნენ მიკროფონით პროკურატურაში დასაკითხად მისულ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, ასე რომ საყვარელიძე ცოტას ბლანდავს, მიუხედავად ჩემი მისდამი დიდი პატივისცემისა
1 წლის უკან