კულუარული ინფორმაციით, ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია მოლაპარაკებებს „ოცნების“ ყოფილ მინისტრებთან, დეპუტატებთან და სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან აწარმოებს. როგორც ჩანს, ის 2024 წლისთვის პარტიის რიგების შევსებას ყოფილებით აპირებს. ასევე არსებობს ეჭვი, რომ გახარიასთან გადასვლას სალომე ზურაბიშვილიც აპირებს და პრეზიდენტი მის გუნდში მოიაზრება.
ანალიტიკოსებს for.ge-სთან ეჭვი აქვთ, რომ გიორგი გახარიაზე და სალომე ზურაბიშვილზე კონკრეტული პოლიტიკური წრეები ფსონებს დებენ. დასავლეთში იმედი აქვთ, რომ მათი სტატუსიდან გამომდინარე, ხალხის მხრიდან მხარდაჭერა ექნებათ. არადა, საქართველოში ანალიტიკოსების ნაწილი თვლის, რომ რეალურად, არც ერთი მათგანი მოსახლეობის თვალში არანაირ პოლიტიკურ წონას არ ატარებს. ამიტომ ისინი არ გამორიცხავენ, რომ შეიქმნას, ე.წ. მესამე ძალის ჩამოყალიბების იმიტაცია, სადაც გახარიასთან ერთად, მარგველაშვილს, ზურაბიშვილს, ლომჯარიას და სხვა ყოფილი თანამდებობის პირებს ვიხილავთ, თუმცა მიაჩნიათ, რომ გახარია 5%-საც ვერ გადალახავს, პარტია რა სახეებითაც არ უნდა დააკომპლექტოს.
გახარიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ დაუშვილი ამბობს, რომ 2024-წლის არჩევნებისთვის არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან კოალიციას არ განიხილავენ. მისი თქმით, მოლაპარაკებები აქვთ ყოფილ მინისტრებსა და დეპუტატებთან, რომელთა შორისაც არიან „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნებიც. დაუშვილი ამ ეტაპზე თავს იკავებს კონკრეტული გვარების დასახელებისგან, ვისთან პარტია მოლაპარაკებებს აწარმოებს.
რაც შეეხება გახარიას გუნდში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ნახვას, როგორც დაუშვილი ამბობს, ამ ეტაპზე სალომე ზურაბიშვილს ერთი მოვალეობა აქვს, დააახლოვოს საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებასთან.
თავად ყოფილი პრემიერი გახარია კი ამბობს, რომ ძალაუფლება მემკვიდრეობითი არაა, ხელში 1 ვადით უნდა აიღონ, ამიტომ ის აპირებს, რომ 2024 წელს ნაცების და „ოცნების“ მმართველობა ისტორიას ჩააბაროს.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ გიორგი გახარიამ და მისმა პარტიამ აჩვენეს, რომ ოპოზიციურ ფლანგზე საკმაოდ არაეფექტურები არიან. აბაშიძე ამბობს, რომ გახარია საერთოდ დაკარგულია და მისი აქტიურობა წელიწადში ერთხელ, არაფრისმთქმელი განცხადებებით არის შემოფარგლული. მხოლოდ მისი ცალკეული პარტიის წევრები დადიან ოპოზიციურ მედიაში და აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომელიც „ნაცმოძრაობის“ გზავნილებს ემთხვევა.
„სხვადასხვა კვლევებით და შუალედური არჩევნებითაც გამოჩნდა, რომ გახარიას დაბალი რეიტინგი აქვს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ პარტია სუსტია. გახარიამ საკუთარი რენომეს დამტკიცება პოლიტიკურ ველზე ვერ შეძლო. თუ ყოფილი მაღალჩინოსნებით დააკომპლექტებს პარტიას, ამით აღიარებს, რომ არსებული გუნდი არაეფექტურია. მეორეც, ხელისუფლებიდან წასული თუ გაშვებული ჩინოსნებით პარტიის დაკომპლექტება არანაირ დივიდენდს არ მოუტანს. ასევე იქნება იმ შემთხვევაშიც, თუკი ვადის ამოწურვის შემდეგ მასთან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გადაბარგდება. გახარიას და მისი თანაგუნდელების მხრიდან ამაში ძალიან უაზრო და არაფრისმომცემ აქტიურობას ვხედავ. ვერანაირად ვერ წარმომიდგენია, რომ ისინი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 5%-იან ბარიერს მაინც მიუახლოვდებიან“,-ამბობს აბაშიძე.
რაც შეეხება ბოლო კვლევას, რომელიც „ფორმულას“ დაკვეთით „ედისონ რისერჩიმ“ ჩაატარა და გახარიას იქ 10%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა, აბაშიძე ამბობს, რომ ეს არის აბსოლუტურად ყალბი თამაში, სადაც გახარიაზე ცრუ ფსონებს დებენ. ამიტომაც საზოგადოების აზრს ამზადებენ, რომ თითქოს გახარია შეძლებს და ე.წ. მესამე ძალას ჩამოაყალიბებს.
„როგორც ვხედავთ, ამ ხალხზე ვიღაცა არასწორ ფსონებს დებს, იქნება ეს ნინო ლომჯარია, გიორგი გახარია თუ სალომე ზურაბიშვილი. არანაირი აზრი არა აქვს, რადგან ამ ხალხს მარგინალურ პოლიტიკურ ველზე ყოფნის ტრადიცია აქვთ და ასეც გააგრძელებენ. ბოლო ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, გახარიას პარტია საკრებულოში, „ნაცმოძრაობას“ შეეკრა და სწორედ იქ გადაწყდა, არაკოალიციური ერთობის შექმნა. რასაც უარყოფენ, მაგრამ ფაქტები სახეზეა. ამას ვერასდროს ვერ გაექცევიან, რაც არ უნდა ამტკიცოს გახარიამ, რომ დამოუკიდებელ თამაშს თამაშობს. სამწუხარო რეალობაა ქართულ პოლიტიკურ ველზე, ის რომ ე.წ. შუაშისტი არ არსებობს. ან არიან „ნაცმოძრაობის“ მხარეს ან „ოცნების“ მხარეს. ან კიდევ მესამე, რომელიც ნიჰილისტურად არის განწყობილი და არავის ენდობა. იმის თქმა, რომ გახარია რაღაცა ახალი სიცოცხლის შემომტანია ქართულ პოლიტიკურ ველზე, ძალიან სასაცილოა“,-ამბობს აბაშიძე.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი კი for.ge-სთან ამბობს, რომ გიორგი გახარიას პარტია კონკრეტული მიზნისთვის შეიქმნა. ქართველიშვილი აცხადებს, რომ მას დავალებული ჰქონდა, „ოცნების“ საარჩევნო ბარიერი ჩაეძირა, რათა შარლ მიშელის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 43%-იანი ბარიერი არ გადალახულიყო.
„გახარიამ 7%-ინი კუში იმ არჩევნებზე კი მოხსნა, მაგრამ „ოცნებას“ ეს დათქმა უკვე გაუქმებული ჰქონდა. გახარიას ჩანაფიქრს ყველა კარგად მიხვდა და ეს რთული გამოსაცნობი არ იყო. თუმცა ამ ხნის განმავლობაში, ძალიან სწრაფად ირაკლი ღარიბაშვილის რეიტინგის ზრდამ „ოცნებას“ 47%-მდე ააღებინა. ამით იმის თქმა მინდა, რომ გახარიას ეპოპეა 2021 წელს ჰქონდა, მაგრამ ესეც 7% იყო. ახლა კი გამორიცხულია, რომ მან ამ მონაცემებით, რაც ახლა რეიტინგი აქვს, ის 5%-იანი ბარიერი გადალახოს, რაც 2024 წლისთვის არის დაწესებული.
2 წელი გავიდა მისი პარტიის შექმნიდან, ამ დროში 4 რეგიონში კოალიცია შექმნა ნაცებთან, რათა საკრებულოში მსუყე აქტივები დაეკავებინათ. მიუხედავად ამისა, მან და მისმა პარტიამ თავი ხალხს ვერაფრით დაამახსოვრა. ერთი რაღაცა ეკონომიკური თუ რაღაცა სამხედრო პრეზენტაცია არ წარმოუდგენიათ. ვერაფრით ვერ დაგვამახსოვრა თავი. „ოცნებისგან“ ასე თუ ისე, 2030 წლის კონცეფცია მაინც ვიცით. რამ უნდა აიძულოს ამომრჩეველი, რომ გახარიას ხმა მისცენ? რას ამბობს ამ ხნის განმავლობაში ეს კაცი ისეთს, რითაც ჩვენს ამომრჩეველს დააინტერესებს, მით უმეტეს ე.წ. მესამე ამომრჩეველს, რომელიც პოლიტიკური პროცესებისგან დისტანცირებულია?“, - ამბობს ქართველიშვილი.
მისივე თქმით, როგორც ჩანს, გახარიაზეც ვიღაცა ფსონს დებს და პერიოდულად თამაშში შემოჰყავს. ქართველიშვილი ამბობს, რომ მიმდინარე წლის იანვარში ის ამერიკაში იყო ჩასული და როგორც ჩანს, გარკვეული ინსტრუქტაჟი მიიღო.
„ამერიკის საელჩოს უშუალო კონტროლით გიორგი გახარია ცნობილ მარტის აქციაზე მიიყვანეს. ის და ლომჯარია მასაში სპეციალურად შეიყვანეს. იმ ე.წ. გულანთებულ ახალგაზრდებში გაერივნენ და აინტერესებდათ ეს ახალგაზრდები მათ როგორ მიიღებდნენ. ერთგვარი დატესტვა იყო. ამერიკელებს აინტერესებდათ, რამდენად შეძლებს გახარია ამ პოპულარობის მანტიის მორგებას, მით უმეტეს იმ ადამინების წინაშე, რომლებიც ამერიკელებს მაიდანის გადატრიალების მსგავს მთავარ ინსტრუმენტებად უნდათ. როგორც დავინახეთ, ვერ შემდგარმა რევოლუციონერმა ახალგაზრდებმა გახარია და ლომჯარია არ მიიღეს. ამიტომ მათ მალევე ამ დისლოკაციის მიტოვება მოუწიათ. ამის შემდეგ ისინი ასე პომპეზურად აღარ გამოჩენილან. მათ მიმართ ამომრჩეველში ნდობა დაბალია და გახარია არ არის ის ფიგურა, რომელსაც ე.წ. მესამე ამომრჩევლის გაერთიანება შეუძლია. არავის დავიწყებია თვალთხარია გახარია, რომელსაც 4 წლის წინ სწორედ ეს რევოლუციონერი ახალგაზრდები პირად მტრად აღიქვამდნენ.
ურეიტინგო ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურად ნულს წარმოადგენენ, ერთმანეთზე რომ გადავამრავლოთ, რამეს მივიღებთ? ნულს წარმოადგენს პოლიტიკურად ზურაბიშვილიც, მარგველაშვილიც და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებიც. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელებს, ალბათ, გულწრფელად ჰგონიათ, რომ სტატუსის მქონე ზურაბიშვილი, მარგველაშვილი, გახარია, საზოგადოების თვალში რაღაცას წარმოადგენენ. ეს ხალხი არაფერს წარმოადგენს, ისინი ბიძინა ივანიშვილმა შექმნა ქართულ პოლიტიკაში, თუმცა, როგორც კი ღალატი დაიწყეს, ისინი ხალხის თვალში არაფერს აღარ წარმოადგენენ. მათ შეიცვალეს მამა-მარჩენალი და ახალი პატრონი იპოვეს. თუმცა ერთი მნიშვნელოვანი რაღაცა ავიწყდებათ, რომ აგენტოკრატი ქართველ ხალხს არაფერში სჭირდება. არა აქვს მნიშვნელობა წარსულში ვინ იყო“, - ამბობს ქართველიშვილი.