„საქართველოდან რუსული ბაზები გავიდნენ საერთაშორისო ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც ეუთოს სტამბოლის სამიტმა დაამტკიცა 1999 წელს“

„საქართველოდან რუსული ბაზები გავიდნენ საერთაშორისო ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც ეუთოს სტამბოლის სამიტმა დაამტკიცა 1999 წელს“

ვინ გაიყვანა რუსული ბაზები საქართველოდან? პრეზიდენტ ზურაბიშვილის ნათქვამს, რომ მან გაიყვანა რუსული ბაზები საქართველოდან, მმართველმა პარტიამ უარყოფითი რეაქცია მისცა.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის ნათქვამი, „მე გავიყვანე ჯარები“ ლუი მეთოთხმეტის პათოსიდანაა, როცა ადამიანს წარმოედგინა, რომ თავად არის სახელმწიფო. შალვა პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტი მიიწერს ჯარების გაყვანას მაშინ, როცა ეს მთელი სახელმწიფოს მუშაობის შედეგი იყო, პროცესი 10 წელზე მეტხანს გრძელდებოდა, ჩართულები იყვნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატები.

პრეზიდენტის როლს რუსული ბაზების ერთპიროვნულად გაყვანის საქმეში არ იზიარებს ნინო ბურჯანაძე. ის აცხადებს, რომ განცხადება იმაზე, თითქოს ერთმა ადამიანმა, თან საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაიყვანა ჯარები საქართველოდან, საფუძველს უმზადებს ზურაბიშვილს იმისთვის, რომ შემდეგ განცხადება გააკეთოს, თითქოს მან მისცა საქართველოს სტატუსი და არც ერთ სხვა ადამიანს არაფერი გაუკეთებია. ეს კი დიდი თამაშის ნაწილია.

ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ვაჟა ლორთქიფანიძემ ზურაბიშვილს პასუხი გასცა და აღნიშნა, რომ არასწორია, ჩვენი მონდომება და მუშაობა დავკარგოთ და ვთქვათ, რომ ვიღაც ერთმა პიროვნებამ გაიყვანა ბაზები, ეს უსაფუძვლო და უსამართლოა. საუბარია ოთხ ბაზაზე-თბილისში, გუდაუთაში, აჭარასა და ახალქალაქში არსებულ ბაზებზე, მეხუთე ბაზა კი იყო ჯარის მთელი სახეობა, რომელიც ოთხივე ბაზას აღემატებოდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი, რომელიც უშუალოდ იყო ამ პროცესებში ჩართული, for.ge-სთან საუბრისას იხსენებს, რომ რუსული ბაზები გავიდნენ საერთაშორისო ხელშეკრულების დოკუმენტის ფარგლებში, რომლის ადაპტირებული ვერსიაც ეუთოს სტამბოლის სამიტმა დაამტკიცა 1999 წლის ნოემბერში. სწორედ იმ დოკუმენტის ფარგლებში შედგა მოლაპარაკება რუსულ-ქართულ მხარეებს შორის და მიღებულ იქნა ერთობლივი განცხადება, სადაც გაწერილი იყო ამ საკითხის მოგვარების პირობები. ეს განცხადება დაერთო ძირითად დოკუმენტს, ადაპტირებულ ხელშეკრულებას „ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების“ შესახებ.

„ამ მოლაპარაკებაში მონაწილეობდა ქართული მხრიდან ჩვენი დელეგაცია, ეს იყო სამიტი საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით, აქ იყვნენ მონაწილე ქვეყნების თავდაცვის მინისტრები, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების წარმომადგენლები. ერთიან დოკუმენტში სახელმწიფოთა მეთაურებმა მოაწერეს ხელი, საქართველოს წარმოადგენდა შევარდნაძე, რუსეთს წარმოადგენდა ელცინი“, - აღნიშნა ირაკლი მენაღარაშვილმა.

მანვე გაიხსენა, როგორ რთულად მიმდინარეობდა მოლაპარაკება, რუსეთს თავისი მოთხოვნები ჰქონდა, რომლის შესრულებაც, პრაქტიკულად, რუსული ბაზების საქართველოში დატოვებას ნიშნავდა. ქართულ მხარეს სჭირდებოდა როგორც დიპლომატიური მოქნილობა, ისე პრინციპულობა, რომ დოკუმენტში საკითხები ფორმულირებული ყოფილიყო ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით.

როდესაც ყველაფერი გაფორმდა სტამბოლში, ამის შემდეგ დაიწყო საკმაოდ ხანგრძლივი და მძიმე პერიოდი აღნიშნული შეთანხმების რეალიზაციისთვის. ანუ შეთანხმებაში ეწერა, რა პერიოდში უნდა მომხდარიყო ბაზების გაყვანა, თითოეულ ბაზასთან დაკავშირებით კონკრეტული მონაცემები უკვე ქართულ-რუსული შეთანხმების თემა იყო.

„სტამბოლის სამიტის დროს პრეზიდენტ ზურაბიშვილს არანაირი როლი არ ჰქონია, იმ პერიოდში იგი საქართველოს არ წარმოადგენდა, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა მხოლოდ 2004 წელს. ცხადია, რუსული ბაზების გაყვანაში გარკვეული მონაწილეობა მასაც აქვს მიღებული, ოღონდ ეს უკვე შემდგომ ეტაპზე განხორციელდა. რუსები კი ფორსირებულად 2007 წელს გავიდნენ, არადა, შეთანხმების მიხედვით, შეეძლოთ 2008 წლის ბოლომდე გასულიყვნენ. რატომ ლაპარაკობს ასე და და რა ინტერესი აქვს, როცა ამბობს, რუსული ბაზები მე გავიყვანე საქართველოდანო, ამაზე ვერაფერს ვიტყვი, ალბათ, ეს მისი პირადი დამოკიდებულებაა და თვითონ არის პასუხისმგებელი თავის სიტყვებზე. მას ეს პროცესი არც დაუწყია, არც დაუმთავრებია, ფინალური ნაბიჯები მის შემდგომ გადაიდგა“, - აღნიშნა ირაკლი მენაღარიშვილმა.

თუ რატომ დააჩქარეს რუსებმა საქართველოდან საკუთარი ბაზების გაყვანა, ამის შესახებ დარწმუნებით რაიმეს თქმა ირაკლი მენაღარიშვილს უჭირს, თუმცა ფიქრობს, რომ ეს 2008 წლის საომარ სამზადისს უკავშირდებოდა. 2008 წელს რუსებმა საქართველოსთან ომი დაიწყეს, როგორც ჩანს, სწორედ ამ მიზნით რუსების ინტერესებში იყო, საქართველოს არ ჰქონოდა საფუძველი, პრეტენზია წაეყენებინა რუსეთისთვის რუსული ბაზების თაობაზე. თუმცა ბაზების ნაადრევად გაყვანაში შეიძლება სხვა ინტერესიც იყო, რომელიც ჩვენთვის ცნობილი არ არის.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ყველაფრის მკადრებელია ქალბატონი ზურაბიშვილი და შეიძლება მომავალში ისიც თქვას, მე მოვიპოვე ევროკავშირის სტატუსიო და ეს ყველაფერი საკუთარ თავზე მიიწეროს. რეალურად, ნიკა ჩიტაძის აზრით, ამ პროცესში ზურაბიშვილს ნაკლებად მიუძღვის წვლილი, მით უმეტეს, რომ პრეზიდენტს დღეს ნომინალური უფლებები გააჩნია, რადგან საპარლამენტო რესპუბლიკაა საქართველოში.

„ტყუილია, თითქოს ზურაბიშვილმა გაიყვანა რუსული ბაზები. რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანა 2001 წელს დაიწყო. ეს მოხდა 1999 წელს ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, როდესაც რუსეთმა ვალდებულება აიღო, გაეუქმებინა ვაზიანის და გუდაუთის სამხედრო ბაზები. 2001 წელს რუსეთმა გაიყვანა ბაზა ვაზიანიდან და განაცხადა, რომ გუდაუთის სამხედრო ბაზაც გაუქმებულია, თუმცა იქ შემოწმება არ მომხდარა. ბაზების გაყვანა მაშინ დაიწყო, როდესაც ზურაბიშვილი საქართველოში არ იმყოფებოდა. მაშინ შევარდნაძე იყო პრეზიდენტი და ირაკლი მენაღარიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრი. 1999 წელს ჯერ კიდევ ელცინი იყო რუსეთის პრეზიდენტი, რუსეთი მაშინ დასუსტებული იყო, ორი ბაზის გაყვანაზე განაცხადა თანხმობა რუსეთმა. 2001 წელს უნდა დასრულებულიყო მოლაპარაკება ბათუმისა და ახალქალაქის სამხედრო ბაზების გაყვანასთან დაკავშირებითაც. საბოლოოდ, როცა რუსებმა ბაზები გაიყვანეს პრეზიდენტ სააკაშვილის დროს, ზურაბიშვილი მაშინ უკვე აღარ იყო საგარეო საქმეთა მინისტრი“, - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ ჩვენთან საუბრისას.

მანვე განმარტა, რომ, მართალია, ზურაბიშვილი მონაწილეობდა მოგვიანებით გამართულ მოლაპარაკებაში, მაგრამ რუსული ბაზების გაყვანის პროცესი საბოლოოდ 2007 წელს დასრულდა, ზურაბიშვილის გარეშე. რთული მოლაპარაკებები გაიმართა, რადგან თავიდან რუსეთს ბაზების გაყვანა არ უნდოდა, მაგრამ როდესაც უკვე რუსეთმა დააპირა საქართველოზე თავდასხმა, პირიქით, თვითონვე დააჩქარა ბაზების გაყვანა, რომ ეს ბაზები არ ყოფილიყო მძევლად დარჩენილი საქართველოს ტერიტორიაზე. ამდენად, ანალიტიკოსის აზრით, ზურაბიშვილი მანიპულირებს ასეთი თემებით.

 

 

მიშა სწორედ მაგიტომ აიტეხა ევროპაში უნებართვო ვიზიტები ზურაბიშვილმა, რომ მაგაზეც ემანიპულირა - მე მოვაცემინე კანდიდატის სტატუსი ევროკავშირსო.
1 წლის უკან