კულუარული ინფორმაციით ცნობილი ხდება, რომ კვიპროსში „ნაციოანლური მოძრაობის“ ჩრდილოვან მმართველთან დავით კეზერაშვილთან შეხვედრის შემდეგ, გადაწყდა, რომ ლევან ხაბეიშვილს ახალი უფროსი ეყოლება. როგორც აღმოჩნდა, დავით კეზერაშვილი გაბრაზებულია და ის პარტიაში ახალ სქემას ალაგებს. საქმე ისაა, რომ ლევან ხაბეიშვილის და გიორგი ვაშაძის ტანდემმა „ძალა ერთობაშია“ არ გაამართლა, ამიტომ კეზერაშვილი ცდილობს პარტიის მართვის სადავეები ჩააბაროს ნიკა გვარამიას, რომელიც ყველასთვის მისაღები ფიგურა იქნება. კეზერაშვილმა კვიპროსში ჩასულ შვიდეულს აცნობა, რომ გვარამია იქნება პარტიაში შექმნილი ახალი ბორდის ხელმძღვანელი, რომელიც ასევე იქნება თვით ხაბეიშვილის მაკონტროლებელი ფიგურა. მას 2024 წლის არჩევნების სიის შედგენას ჩააბარებენ. ასევე ცნობილი ხდება, რომ კეზერაშვილი გვარამიას და გიორგი ვაშაძეს საფრანგეთში შეხვდა, სადაც სავარაუდოდ, სწორედ ეს დეტალები განიხილეს.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, დიდი ალბათობით, მას გვარამიას საწინააღმდეგო არაფერი უნდა ჰქონდეს. თუმცა, როგორც ანალიტიკოსები for.ge-სთან ფიქრობენ, მას დიდად არავინ არაფერს აღარ ეკითხება, რადგან საერთოდ, თამაშიდან არის გასული და მასთან მხოლოდ სოფო ჯაფარიძეა დარჩენილი. მათი აზრით, სწორედ სააკაშვილისთვის საჩვენებლად ჩავიდნენ ჭორვილაში, რომ ვითომ მისთვის რაღაცას აკეთებენ. რელურად კი ის პროცესებს საერთოდ მოწყვეტილია და გადაწყვეტილებებსაც მის გარეშე იღებენ.
ნიკა მელიას გუნდის წარმომადგენელი ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ პარტიაში სრული გაუგებრობაა. არც ბორდი და არც თავმჯდომარე, რომელსაც, დიდი ალბათობით, საფრთხე ემუქრება, არც სხვა პოლიტიკური პოზიცია პარტიაში, არ არის დამოუკიდებელი. როგორც ბაჩო დოლიძემ აღნიშნა, ყველა აცნობიერებს, რომ სრულიად ნომინალურია, როგორც არ უნდა შეფუთონ და როგორ ლამაზად შეკაზმულიც არ უნდა იყოს ეს ბორდი.
„არ ვიცი, რა ხდება და ცოტა დავიბენი, რაღაც ნაწილი საუბრობს, რომ ბორდი აუცილებელია, შეიქმნება და მეორე ნაწილი საუბრობს, არავითარი ბორდი არ იქმნება. სიმართლე გითხრათ, ნაკლებად მაინტერესებს ეს საკითხი. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ გვარამიას დათანხმება შესაძლებელია ისეთ პოზიციაზე, რომელიც იქნება აბსოლუტურად ნომინალური და იქ, სადაც კეზერაშვილი დირექტივებს მისცემს, არ მგონია გვარამია ამ ყველაფერს დათანხმდეს. ვერ გეტყვით რასთან არის კავშირში, მაგრამ ფაქტია, ხაბეიშვილით უკმაყოფილონი არიან, იკვეთება ისე, რომ იქაც გაიყო მგონი – არიან ბორდის მომხრეები და მოწინააღმდეგეები.
ყველა აცნობიერებს, რომ სრულიად ნომინალურია, როგორც არ უნდა შეფუთონ და როგორ ლამაზად შეკაზმულიც არ უნდა იყოს ეს ბორდი. მანდ სხვა ადამიანები წყვეტენ პოლიტიკურ ამინდს. არც ბორდი და არც თავმჯდომარე, რომელსაც, დიდი ალბათობით, საფრთხე ემუქრება, არც სხვა პოლიტიკური პოზიცია პარტიაში, სამწუხაროდ, არ არის დამოუკიდებელი“, – განაცხადა დოლიძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ამ კრიტიკულ სიტუაციაში „ნაციოანლურ მოძრაობაში“ ლიდერის ფუნქცია თუ ვინმეს შეიძლება დაეკისროს, ეს ნიკა გვარამიაა და ამის ყველაზე დიდი შანსი მას აქვს. ძაბირაძე ამბობს, რომ თეორიულად, ნიკა გვარამია „ნაციონალურ მოძრაობას“ აერთიანებს. ის არის, როგორც მიხეილ სააკაშვილის, ასევე დავით კეზერაშვილის მეგობარი. ის ორივე მხარისთვის, წესით, მისაღები უნდა იყოს.
„რა თქმა უნდა, ამ კრიტიკულ სიტუაციაში ნიკა გვარამია ყველაზე იდიალური კანდიდატურაა. ჩვენ ვხედავთ, რომ ლევან ხაბეიშვილი ადრე თუ აქტიურობდა მაინც, ახლა ამ აქტიურობასაც ვეღარ ახერხებს. ამოწურა უკვე ყველაფერმა თავი. ასევე დაუნიშნეს გვერდით გიორგი ვაშაძე, რომელსაც დიდი არაფერი შეუძლია. ამიტომ გვარამია ახლა ყველაზე კარგი ვარიანტია. მე მაინც არ მგონია, რომ თუ გვარამიას სიების შედგენას ჩააბარებენ და საერთოდ თავმჯდომარე გახდება, მელია უნდა დარჩეს. საერთოდ, ის ენმ-ში უფუნქციოდ არის დარჩენილი. ხოლო რაც უფრო დროს დაკარგავს, მისი რეიტინგი და შესაძლებლობა მით უფრო მიილევა.
გვარამია ის კაცია, რომლის მეშვეობითაც ნაციონალების გაერთიანებას ეცდებიან. გვარამიას ენდობა, როგორც სააკაშვილი, ასევე კეზერაშვილი. თუმცა, ახლა მგონია, რომ სააკაშვილის სურვილზე ბევრი რამ ნაკლებად არის დამოკიდებული. კეზერაშვილი და მერაბიშვილი, საერთოდ, მგონია, რომ გვარამიას უფრო ენდობიან, ვიდრე სააკაშვილს და მის გარემოცვას. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ სიების შედგენასაც მას მიანდობენ. ვფიქრობ, მელიასთან დაკავშირებით ენმ-ში პროცესი იმდენად ღრმად არის წასული, რომ აღარ მგონია დიდხანს დარჩენა კიდევ უღირდეს. ამიტომ მგონია, რომ ლევან ხაბეიშვილს კიდევ ახალი უფროსი ეყოლება და ეს ნიკა გვარამია იქნება. მოკლედ, ის არის უბრალოდ ნომინალური ფიგურა, რომელსაც რამდენიმე უფროსი ჰყავს“, - ამბობს ძაბირაძე.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი for.ge-სთან ამბობს, რომ უკვე კარგად ჩანს პარტიაში მიხეილ სააკაშვილის გარეშე გვარდება ყველაფერი. საყვარელიძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილთან ახლა მხოლოდ სოფო ჯაფარიძეა, რომლის იდეითაც ჭორვილაში ჩავიდნენ და დასაცინები საკუთარი პარტიის მხარდამჭერებშიც კი გახდნენ. ამიტომ საყვარელიძე ფიქრობს, რომ ენმ-ში რა ხდება და ვინ რას წყვეტს, რას აკეთებენ, ყველაფერი კონტროლიდან არის გასული.
„არ ვიცი ენმ-ის ირგვლივ სერიოზული მსჯელობა უკვე რამდენად ღირს, რადგან ვხედავთ, რომ მათი ყველა ქმედება ბოლოს უკვე ძალიან არაადეკვატურია. დავიწყოთ იქიდან, რომ პარტიაში ერთმანეთს თავად არ ენდობიან. გვახსოვს, ალბათ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის კენჭისყრაზე დარბაზში იმ მოტივით არ შევიდნენ, ვაი-თუ ვინმეს ხელი წაუცდეს და იმპიჩმენტს მხარი დაუჭიროსო. მერე ეს რამდენიმე ბანაკად გაყოფილი პარტია - ზოგი ლევან ხაბეიშვილის, კეზერაშვილის და მერაბიშვილის მომხრეა, ზოგი მელიას ბანაკშია და ზოგიც სააკაშვილის... თუმცა, ახლა რასაც ვაკვირდები, მასთან მხოლოდ სოფო ჯაფარიძეა დარჩენილი, რომლის ჭორვილაში გასეირნებამ სიცილი და მხიარულება მათსავე ამომრჩეველში გამოიწვია. ლევან ხაბეიშვილი და მისი დამქაში გიორგი ვაშაძე, საერთოდ სადღაც არიან.
როგორც ჩანს, ახლა ნიკა გვარამია შემოვა უკვე თამაშში. კეზერაშვილის ფულები კარგად იჭმევა და გაბრაზდა ის კაციც, ასე მარტივად ხომ არ იშოვა, ამ ფულის მოპარვაზე ამდენი ითაღლითა. ამიტომ გვარამია სანდოა მისთვის, უფრო მისი მეგობარია, ვიდრე ხაბეიშვილი. ხაბეიშვილი მაშინ აწყობდათ და ახლა საერთოდ რაში გამოიყენონ? მაშინ მელიას მოშორება უნდოდათ და მოიშორეს კიდევაც. კეზერაშვილს და მერაბიშვილს ხელისუფლებაში მოსვლა არ სურთ. მათ ჩვენზე კარგად იციან, რომ იმ სახეების წინ წამოწევით, რომლებსაც 2012 წელს ხალხმა უარი უკვე უთხრა, არჩევნებს ვერ მოიგებენ. თუმცა, ეს სულაც არ ადარდებთ. მათი მიზანია, რომ იყვნენ პირველი ოპოზიციური პარტია, ბიუჯეტიდან კარგი დაფინანსება მიიღონ და იყვნენ ასე ტკბილად. არც ხელისუფლებასთან თანამშრომლობის პრობლემა აქვთ. როცა უნდა და როგორც უნდათ, ისე მოიქცევიან. ამიტომ ახლა გვარამია საუკეთესო ვარიანტია ყველასთვის“, - ამბობს საყვარელიძე.