მელომანებს გვჩვევია ჩვენ-ჩვენი კუმირების გაჩენა, ვფიქრობთ ხოლმე, რომ გემოვნება დახვეწილი გვაქვს და რაც მთავარია, არასოდეს არვინ გვავიწყდება... აი სინამდვილეში კი ასე შეიძლება არც იყოს, ხშირადაც ვცდებოდეთ და გვავიწყდებოდეს ისეთი მუსიკოსები, რომელთა მხრებზეც დგას პოპ მუსიკის განვითარება ათწლეულების განმავლობაში და რომ არა ისინი, ბრიტნი სპირსისა თუ ბეიონსის მსგავსი შემსრულებლები, გაცილებით ადრე დააყრუებდნენ, დააჩლუნგებდნენ და მოუსპობდნენ ადამიანებს გემოვნებას, პოპ კომპოზიციური სიმწიფე კი დიდი ხნით ადრე ჩაბარდებოდა წარსულს.
სწორედ ასეთი, ჩვენში მსმენელისგან მივიწყებული მუსიკოსია ირლანდიელი ჯორჯ (ივენ) მორისონი, რომლის სიდიდეზეც სასკოლო ასაკშივე თანაკლასელთაგან შერქმეული „Van“ მეტყველებს.
მორისონი ჯერ კიდევ სკოლის ასაკში გახდა მელომანი, რადგან მამამისის ვინილის დისკების კოლექცია თურმე სახელგანთქმული იყო არამარტო ბელფასტში, არამედ მთლიანად ბრიტანეთში, საიდანაც მოზარდმა ბიჭუნამ შეიტყო რეი ჩარლზის, ლეიდ ბელისა თუ სოლომონ ბურკის შესახებ. მოგვიანებით იგი იტყვის, რომ ამ ადამიანების გარეშე, იგი ვერასოდეს გახდებოდა მუსიკოსი და აუცილებლად სხვა პროფესიას აირჩევდა. განა არ არის მსგავსება ჯიმი პეიჯთან?
სკოლის დამთავრების პერიოდში ვან მორისონი ვიტრინების მწმენდავად მართლაც მუშაობდა, მაგრამ მის ცნობიერებაში საოცარი ძალით იჭრებოდა ამერიკული რიტმ ენდ ბლუზი, რასაც სულ მალე სხვა დიდებულ ბრიტანელ მუსიკოსებთან ერთად, ისიც დაუბრუნებდა ამერიკის კონტინენტს „The British invasion”- სახით…
თუკი Beatles-მა და Rolling Stones-მა “შეჭრა“ სრული ალბომებით და ტრადიციული სიმღერების გადამღერებით განახორციელეს, ვან მორისონმა ეს ერთი დიდებული სიმღერით Gloria მოახერხა. ორწუთნახევრიანი შედევრის საკონცერტო ვერსიები, ზოგჯერ 20 წუთსაც კი აღემატებოდა ხოლმე, რამაც თვით ჯიმ მორისონი აღაფრთოვანა, რომლის ახლადშექმნილი The Doors, ვან მორისონის Them-ის კონცერტების გამახურებელ ბენდად წარსდგა 1966 წელს ლოს ანჯელესში. კონცერტის ბოლოს კი ორივე ჯგუფი ერთად გავიდა სცენაზე და Gloria ვან და ჯიმ მორისონებმა ერთად შეასრულეს!
ჯიმი აღფრთოვანებული იყო მოგვარის სასცენო იმიჯითა და სიმღერის მანერით. The Doors-ის ლიდერზე მისი გავლენის შესახებ დრამერი ჯონ დენსმორი საუბრობს წიგნში Riders On The Storm.
Gloria-ს გარდა, უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა Baby, Please Don't Go, Here Comes the Night და Mystic Eyes, თუმც Them-ს დიდი დღე არ ეწერა ერთის მხრივ პროდიუსერების მხრიდან აშკარა მტაცებლური დამოკიდებულების, მეორეს მხრივ კი ვან მორისონის დანარჩენ მუსიკოსებზე დომინირების გამო. მეტიც, ათწლეულების განმავლობაში შექმნილი მრავალი შედევრის მიუხედავად, იგი თავად აღმოჩნდა Gloria -თი მინიჭებული დიდების ჩრდილქვეშ.
ჯერ კიდევ 60-იანი წლების დასაწყისში ბელფასტელი ყმაწვილის ასეთი წარმატება რა თქმა უნდა იმ საოცარი მუსიკალური განსწავლულობის შედეგი იყო, რაც მას მამამისის კოლექციამ მოუტანა. ვან მორისონის უკვე ნახევარსაუკონოვანი მუსიკალური კარიერის შეფასებისას თამამად შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ იშვიათია მუსიკოსი, ვისგანაც ასე ამომწურავად შეგვიტყვია როკ მუსიკის საფუძვლების შესახებ, ვისგანაც ასეთი დახვეწილი გემოვნებით მიგვიღია ქანთრი/ბლუზის სტილში შესრულებული ყოველი სიმღერა.
ვან მორისონი შესანიშნავი მელოდისტია, ხოლო მისი ხმის ტემბრი კი ბობ დილანისაგან განსხვავებით, არასოდესაა მომაბეზრებელი და ყოველთვის სასიამოვნოდ ჟღერს. ალბათ ამიტომაც საუბრობენ ვან მორისონის შესახებ, როგორც დილანის დარ გავლენიან მუსიკოსზე ბობ გელდოფი, მისი თანამემამულე ბონო და კიდევ მრავალი სხვა ხელოვანი.
ადრეული წარმატება ნამდვილად არ აისახებოდა ირლანდიელი მუსიკოსის ფინანსურ მდგომარეობაზე და რომ არა მისი ამერიკელი მეგობარი და პროდიუსერი ბერტ ბერნსი, მორისონი უკვე ემშვიდობებოდა მუსიკალურ სცენას. 1967 წელს ბერნსი გარდაიცვალა და ვან მორისონის საქმეებს გარდაცვლილის მეუღლემ ისე „მიხედა“, რომ მუსიკოსი ლამის შიმშილით კვდებოდა.
ასეთ ატმოსფეროში 1968 წელს შეიქმნა ალბომი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ მრავალი გამოკითხვით ყველა დროის უძლიერესი ან ერთ-ერთი უძლიერესი როკ ნაწარმოებია, დღემდე ბოლომდე შეუფასებელი და გაურკვეველია. რვა სიმღერისაგან შემდგარი Astral Weeks ფსიქოდელიური აურის მიუხედავად, მთლიანობაში არაჰიპურად საოცრად ჯანსაღია და დროს აშკარად წინ უსწრებს როგორც ჩანაწერის ხარისხის, ასევე არანჟირების თვალსაზრისით.
40 წლის შემდეგ, 2008 წელს ვან მორისონმა ალბომი სრულად გამოიტანა სცენაზე და ორკესტრული შესრულებით გააფორმა. მუსიკოსმა ოცნება აისრულა, რადგან მისი თქმით ალბომისთვის ვერც ხმის ჩამწერმა ფირმა Warner Brothers-მა მოიცალა თავის დროზე და ვერც თვითონ, რადგან უკვე მომდევნო ალბომის ჩაწერით იყო გართული...
Astral Weeks-ის ჩაწერა კი უცნაურად მიმდინარეობდა. მორისონმა სტუდიაში მიიტანა დიდძალი მასალა, დაიწყო სიმღერა და მუსიკოსებს უთხრა - დაუკარით როგორც გინდათ და რასაც გრძნობთო. ხუთი წლის განმავლობაში დაწერილ მასალას სულ ორი დღე ეყო ჩასაწერად.
Astral Weeks-მა 60-იანი წლების მეორე ნახევრის დასავლური ხელოვნების სამყარო სრულად მოიცვა. მაგალითად რეჟისორი მარტინ სკორცეზე ამ ალბომის ფონზე იღებდა ცნობილ „ტაქსისტს“, პატარა ჯონი დეპს კი როკ მუსიკის სიყვარული, სწორედ ამ ალბომმა გამოუმუშავა. წლების შემდეგ ვან მორისონი თავად იტყვის, რომ Astral Weeks ერთგვარი გვირაბივითაა, რომლის ბოლოსაც ნათელი შეინიშნება...
ამგვარი სინათლითაა გასჭვალული 1970 წლის ალბომი Moondance, რომელიც უფრო მარტივია და ადვილად სულში ჩამწვდომი ისეთი სიმღერებით, როგორიცაა მაგალითად Crazy Love და Into The Mystic.
ამ ალბომმა უკვე საბოლოოდ ცხადყო ეპოქის უმნიშვნელოვანესი მუსიკოსის დაბადება, რომლის რეპერტუარის შესრულებას სცენაზე თვით ჰენდრიქსი არ თაკილობდა. ვან მორისონის მუშაობის შესაშური ინტენსივობა არასოდეს უარყოფითად არ აისახება ნამუშევართა ხარისხზე და ასე გრძელდება ლამის ნახევარი საუკუნე.
გრემის მრავალგზის ნომინანტ ვან მორისონს არასოდეს გადაუხვევია საკუთარი ხედვისგან და სერიოზული მუსიკისათვის ყველაზე არასახარბიელო 80-იანებშიც კი არ უღალატია, როდესაც საფრანგეთის ალპებში ჩაწერილი ექვსი კომპოზიციისგან შემდგარ ალბომ Common One-ში, ორის ქრონომეტრაჟი 15 წუთს აღწევს. მსმენელი ყოველთვის გაკვირვებული რჩება ვან მორისონის ნებისმიერი ახალი ალბომის მოულოდნელი გადაწყვეტილებებით. ასეა ჯერჯერობით უკანასკნელ ალბომშიც, რომელიც ზუსტად ერთი წლის წინ, 2012 წლის 2 ოქტომბერს მოევლინა ქვეყანას. ჯაზის, ბლუზის, ქანთრის ელემენტებით გაჯერებულ უაღრესად მელოდიურ ალბომში, რომელიც მართალია ძველ შედევრებთან ახლოსაც ვერ მივა, ირლანდიელის ხმა კვლავ ახალგაზრდულ სიმძლავრეს ინარჩუნებს, ხოლო მისი ინსტრუმენტული სპექტრი კი ელექტრო გიტარისა და როიალის გარდა, ალტო საქსოფონსაც მოიცავს.