მსოფლიო სასამართლოს გაკვეთილი ორღობის პოლიტიკოსებისთვის

მსოფლიო სასამართლოს გაკვეთილი ორღობის პოლიტიკოსებისთვის

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ (ICJ), რომელიც მსოფლიო სასამართლოდაც იწოდება, 2004 წლის 9 ივლისს გამოაქვეყნა მისი კონსულტატიური დასკვნა ისრაელის მიერ პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე კედლის აგების სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებით.

დასკვნა გაიცა გაეროს გენერალური მდივნის მიერ, 2003 წლის 10 დეკემბერს, ICJ -ისადმი შეკითხვით მიმართვის პასუხად, რომელსაც, თავის მხრივ, საფუძვლად დაედო გენერალური ასამბლეის რეზოლუცია (ES-10/14 ).

კითხვა შემდეგი შინაარსის იყო: რა სამართლებრივი შედეგები გამომდინარეობენ ისრაელის, როგორც ოკუპანტი ხელისუფლების მიერ პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე კედლის აგების ფაქტიდან ?

აღნიშნულ საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი დასკვნები საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მრავალი თვალსაზრისით, რომელთაგანაც მხოლოდ რამდენიმეს შევეხებით.

1. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპირების და სამხედრო აგრესიის განმხორციელებლის მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და მიწაყრილების გავლებასთან დაკავშირებით - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პერმანენტულად აფიქსირებს, რომ ეს  “არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობას ...’’, რის გამოც პერმანენტულად გამოთქვამს შეშფოთებას, აღშფოთებას ან მწუხარებას .

2.საქართველოს საგარეო უწყებამ ასევე გამოხატა შეშფოთება რუსეთის პრემიერ-მინისტრ მედვედევის 2013 წლის 13 აგვისტოს განკარგულებასთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს რუსეთ-საქართველოს საზღვრის აფხაზეთის რეგიონის მონაკვეთზე  “ტრანსსასაზღვრო ნაკრძალის შექმნას”. საგარეო უწყებამ დაგმო მოსკოვის ეს გადაწყვეტილება და მოუწოდა მას შეეწყვიტა დესტრუქციული პოლიტიკა და შეესრულებინა საერთაშორისო ვალდებულებები.

3. როგორც ცნობილი გახდა, საქართველოს ტერიტორიის სამხედრო ძალით მიმტაცებელ რუსეთის სახელმწიფოსა და მის მიერ ოკუპირებულ  “სამხრეთ ოსეთს” შორის უნდა დაიდოს ხელშეკრულება  “სამხრეთ ოსეთთან სახელმწიფო საზღვრის შესახებ”.

ქართველ პოლიტიკოსთა პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, განზოგადებული სახით დაფიქსირებულია საგარეო საქმეთა მინისტრის ერთ-ერთი მოადგილის განცხადებაში, რომლის თანახმადაც  “ეს არის საერთაშორისო ნორმების დარღვევა და მას არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს და საერთაშორისო ნორმების შესაბამისად ბათილად იქნება ცნობილი”.

ზემოხსენებულ სამივე და მრავალრიცხოვან სხვა შემთხვევაში, ქართული მხარე გამოხატავს მის გრძნობებს - მწუხარებას, აღშფოთებას, შეშფოთებას ან რწმენას, რომ საერთაშორისო სამართალის ნორმების შესაბამისად ეს დარღვევები ბათილად იქნება ცნობილი.

საერთაშორისო ურთიერთობებში და საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სახელმწიფოთა ყოველგვარი ქმედების შემფასებელი ძირითადი ორგანოა საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი სტრუქტურა, საბოლოოდ კი - საერთაშორისო სასამართლო ან არბიტრაჟი. ცალკეულ სახელმწიფოს უფლება აქვს, შეაფასოს სხვა სახელმწიფოს ესა თუ ის ქმედება, მაგრამ ამას უშუალოდ მეორე მხარისთვის ნაკლები სამართლებრივი და პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს.

როდესაც საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთის ქმედებებს არავითარი იურიდიული ძალა არა აქვს და რომ ისინი საერთაშორისო ნორმების შესაბამისად ბათილად იქნება ცნობილი, იქვე უნდა განიმარტოს, თუ რომელი საერთაშორისო ორგანო განახორციელებს ამ პროცედურას და, სავარაუდოდ, როდის.

საქართველოს უახლესი ისტორია მოწმობს, რომ 90-იანი წლების დასაწყისიდან საქართველოში ჩამოყალიბდა ორღობის პოლიტიკოსთა კასტა, მსოფლიო პოლიტიკაში ტექტონური ძვრების ავტორის, შევარდნაძის მეთაურობით. მისი სახელოვანი გზა განაგრძო ორღობის პირმშო პირანუსა სააკაშვილმა. სამწუხაროდ, მათი რეჟისორობით ჩამოყალიბებულ სრული აბსურდის თეატრის რეპერტუარს, ინერციით ან არცოდნით, ამჟამინდელი ხელისუფლების ცალკეული შტოები და მათი წარმომადგენლებიც განაგრძობენ.

ფაქტი ერთია - 1993 წლიდან მოყოლებული , საქართველოს არასოდეს არსად არ უჩივლია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპირების გამო. ამდენად, გაურკვეველია ამ პირობებში, თუ რომელი საერთაშორისო ორგანო, ან ინსტანცია ცნობს ბათილად რუსეთის ქმედებებს, რის თაობაზეც საერთაშორისო- სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით შედგენილი საჩივარი არსად ყოფილა და არც დღეს არის შეტანილი. ევროპარლამენტის მიერ, რუსეთის მხრივ საქართველოს ოკუპირების ფაქტის აღიარება, რუსეთისათვის არავითარ სამართლებრივ ვალდებულებას არ ქმნის.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ აფხაზეთის თაობაზე 1993 წლიდან 2008 წლის მაისამდე მიიღო 39 რეზოლუცია. არც ერთ მათგანში რუსეთი ოკუპანტად არ არის მოხსენიებული. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში, 2008 წლის 12 აგვისტოს შეტანილ განაცხადში რუსეთს ასევე არა აქვს წაყენებული ბრალი ოკუპაციაში. ამ პირობებში სრულიად გაურკვეველია, ვისგან, როდის და რატომ ელის საქართველო რუსეთის ქმედებათა ადეკვატურ შეფასებას და ჩვენი ტერიტორიის დეოკუპაციას.

 

ამ სრული აბსურდის პირობებში, რჩება ერთი გზა, რათა საერთაშორისო ურთიერთობებში და საერთაშორისო სამართალში მიკვლეულ იქნას ჩვენი პრობლემების მსგავსი შემთხვევების საერთაშორისო სამართლებრივად შეფასების, ან გადაწყვეტის პრეცედენტები, მათი შემდგომი გამოყენების მიზნით.

ასეთ პრეცედენტად შესაძლებელია მიჩვეულ იქნას ICJ-ს ზემოხსნებული კონსულტატიური დასკვნა.

არავითარ შემთხვევაში არ ვეხები რა ისრაელ-პალესტინის ურთიერთობების არსობრივ და პოლიტიკურ მომენტებს, მოკლედ აღვწერ დასკვნის მხოლოდ სამართლებრივ ასპექტებს.

ამ განხილვისას ოკუპანტ მხარედ შეიძლება მოვიაზროთ რუსეთი, რომელმაც საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე განახორციელა მისი ოკუპაცია და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მავთულხლართის ღობეების (ფაქტობრივად - კედლის) აგება.

შესაძლებელია, არსებობდეს აზრთა სხვაობა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (ICJ) ავტორიტეტსა და ობიექტურობის თაობაზე, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ მსოფლიოში მართლმსაჯულების დარგში არ არსებობს ამაზე მაღალი ინსტანციის ორგანო.

შესაბამისად, ამ სასამართლოს კონსულტატიური დასკვნა, მისი არასავალდებულო იურიდიული ძალის მიუხედავად, უდავოა, რომ მასში განხორციელებული სამართლებრივი დასაბუთებულობის გამო, ასახავს მართმსაჯულების განმხორციელებელი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანოს მოსაზრებას საერთაშორისო სამართლის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. ამ დასკვანათა გაცემისას სასამართლო ხელმძღვანელობს იგივე პრიცნიპებით და წესებით, როგორც ჩვეულებრივი საქმის განხილვის და გადაწყვეტილებათა მიღების დროს.

სასამართლოს დასკვნის დასაწყისში განმარტებულია, რომ მან, მოცემული საქმის განხილვისას ირჩია გამოეყენებინა ტერმინი „კედელი“, ისევე როგორც ეს ტერმინი გამოიყენება გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ, რადგან იგი სხვა ტერმინებზე, როგორიცაა - „ღობე“ ან „ბარიერი“, უფრო გასაგებია ფიზიკური თვალთახედვით.

რაც შეეხება საკითხის ისტორიულ წინაპირობას, იმ მიზნით, რათა განესაზღვრა პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე კედლის აგების სამართლებრივი შედეგები, სასამართლომ ფაქტობრივ მასალაზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ ტერიტორია რომელზეც აგებულია კედელი, არის ოკუპირებული ტერიტორია და რომ ისრაელი ინარჩუნებს ოკუპანტი სახელმწიფოს სტატუსს.

შემდგომ, სასამართლო გადავიდა საერთაშორისო სამართლის ნორმების და პრინციპების განსაზღვრაზე, რომლებიც ისრაელის მიერ განხორცილებული ზომების კანონიერების შეფასებასთან იყვნენ დაკავშირებულნი. პირველ რიგში, სასამართლომ მიანიშნა გაეროს წესდების მეორე მუხლის მეოთხე პარაგრაფს, რომელიც ადგენს რომ: „გაეროს ყველა წევრი, მის საერთაშორისო ურთიერთობებში თავს იკავებს ძალის გამოყენებისგან ან ასეთის მუქარისგან, როგორც ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინაღმდეგ, ასევე სხვაგვარი ქმედებებისგან, რაც შეუთავსებელია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებთან“.

შემდეგ, დასკვანში მითითებულია გენერალური ასამბელის 2625 (XXV) რეზოლუციაზე -„დეკლარაცია საერთაშრისო სამართლის პრინციპების შესახებ, რომლებიც ეხებიან სახელმწიფოთა შორის მეგობრულ ურთიერთობებს“. ამ რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ  “ტერიტორიის არავითარი დასაკუთრება, რომელიც ძალის გამოყენების ან ასეთის მუქარის შედეგია, არ შეიძლება ცნობილ იქნეს კანონიერად“.

საბოლოო ჯამში, სასამართომ დაასკვნა, რომ კედლის აგება და მასთან დაკავშირებული რეჟიმი ეწინააღმდეგება პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა გადაადგილების თავისუფლებას, რომელიც გარანტირებულია სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო კონვენციის მე-12 მუხლის I პარაგრაფით. კედლის აგება და არსებობა ასევე წინააღმდეგობას უქმნის და აფერხებს შესაბამის პირთა მიერ შრომის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების და ცხოვრების ადეკვატურ სტანდარტებზე უფლებებს,რომლებიც გარანტირებულია ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურაზე უფლებების და გაეროს ბავშთა უფლებების კონვენციებით.

და ბოლოს, კედლის აგება და მისი შესაბამისი რეჟიმი ხელს უწყობს დემოგრაფიულ ცვლილებებს, რის გამოც ეწინააღმდეგება ჟენევის IV კონვენციის 49-ე მუხლის 6-ე პარაგრაფს და უშიშროების საბჭოს შესაბამის რეზოლუციებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მის ხელთ არსებულ მასალაზე დაყრდნობით დაადგინა, რომ იგი არაა დარწმუნებული, რომ სპეციფიური კურსი, რომელიც აირჩია ისრაელმა კედლის აგებასთან მიმართებაში, აუცილებელი იყო მისი უსაფრთხოებისათვის. შესაბამისად, ამ კედლის აგება წარმოადგენს ისრაელის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა დამარეგულირებელი ნორმების დარღვევას.

გარდა ზემოაღნიშნულისა, დაეყრდნო რა საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედ ნორმებს, სასამართლომ დაადგინა, რომ ისრაელი მოვალეა დაემორჩილოს საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებათა შესრულებას, რომლებიც მან ხელყო პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე კედლის აგებით.

შესაბამისად, დასკვნაში დაფიქსირებულია, რომ ისრაელი მოვალეა, დაუყონებლივ შეწყვიტოს კედლის მშენებლობა პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე და დაშალოს ყველა კედელი, ისევე როგორც გააუქმოს ამ კედელთან დაკავშრებული ყველა სამართლებრივი აქტი.

სასამართლომ დაადგინა, რომ ისრაელი ასევე მოვალეა, განახორციელოს ყველა იურიდიული და ფიზიკური პირისთვის მიყენებული ზარალის კომპენსაცია.

შესაბამისად, ისრაელი ვალდებულია დააბრუნოს მიწები, ხეხილის ბაღები, ზეთისხილის ბაღები და სხვა უძრავი საკუთრება, ჩამორთმეული ნებისმიერი იურიდიული ან ფიზიკური პირისთვის, პალესტინის ოკუპირებული ტერიტორიის ამ ფართზე კედლის მშენებლობის მიზნით. თუკი ეს ფიზიკურად შეუძლებელი შეიქნა, ისრაელი ვალდებულია ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აუნაზღაუროს მიყენებული მატერიალური ზარალი.

გარდა ამისა, სასამართლომ კონსულტატური დასკვნით დაავალდებულა ყველა სახელმწიფო, რათა მათ არ ეცნოთ ან ეღიარებიათ უკანონო სიტუაცია, რომელიც ისრაელის მიერ პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე კედლის აგების შედეგად შეიქმნა. ისინი ასევე დავალდებულებულ იქნენ, არ გაეწიათ დახმარება ისრაელისთვის ამ ნაგებობის აგების შედეგად არსებული სიტუაციის შენარჩუნებაში.

და ბოლოს, სასამართლომ მიიჩნია, რომ გაერომ, განსაკუთრებით - გენერალურმა ასამბლეამ და უშიშროების საბჭომ, მხედველობაში უნდა მიიღონ წინამდებარე კონსულტატიური დასკვნა და გადაწყვიტონ- თუ რა შემგომი ქმედებების განხორციელება იქნება საჭირო, რათა ბოლო მოეღოს უკანონო სიტუაციას, რომელიც კედლის აგებას და მასთან დაკავშირებული რეჟიმის დაწესებას მოჰყვა შედეგად.

ვიდრე ქართული მხარე მხოლოდ ემოციებზე და სენტიმენტებზე ააგებს მის დამოკიდებულებას ოკუპირებული ტერიტორიის მიმართ, ეჭვგრეშეა რომ ამ საკითხში არავითარი პროგრესი არ იქნება მიღწეული, მით უმეტეს რომ, აგრესორ სახელმწიფოს ცრემლების არ ჯერა.

საქართველოს სამართლებრივად სრულყოფილად ჩამოყალიბებული და გაცხადებული პოზიცია ამ საკითხში, შესაძლო პროგრესის საფუძველი შეიძლება გახდეს, საწყის ეტაპზე სამართლებრივად მაინც.

სავარაუდოდ, საიდუმლოს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა იქნეს მიღწეული საერთაშორისო სასამართლოს მიერ საქართველოს თაობაზეც ანალოგიური დასკვნის მიღება, ფლობენ საქართველოს კომპეტენტური უწყებები, რომლებმაც საამისოდ ჯერ ვერ მოიცალეს.

ვიდრე ეს საიდუმლო არ გამჟღავნდება, კვლავ დიდხანს მოგვიწევს ორღობის პოზიციიდან შევცქეროდეთ ჩვენს უზარმაზარ პრობლემას იმის იმედით, რომ ვიღაც სხვა მოგვიგვარებს მას აღშფოთება, შეშფოთებით ან, თუნდაც - მკაცრი დაგმობით.