"მოსადისა" და "ამანის" სირცხვილის დღე - რატომ და როგორ "ჩავარდნენ" 7 ოქტომბერს ყოვლისშემძლე ისრაელური სპეცსამსახურები


2023 წლის 7 ოქტომბერს დილით კიდევ ერთხელ დადასტურდა სპეცსამსახურების მუშაობის მთავარი თავისებურება: მათი წარმატებები ძნელი დასანახია, ხოლო შეცდომები სახეზეა და უსწრაფესად ხდება საყოველთაო განსჯის საგანი. დღეს ისრაელის პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწენი პირდაპირ აცხადებენ: 2023 წლის 7 ოქტომბერი ეროვნული სირცხვილის დღე და ქვეყნის სპეცსამსახურების უდიდესი მარცხიაო. მართლაც ტერორისტული ორგანიზაცია “ჰამასის“ ჰიბრიდული (ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან) თავდასხმა სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა, როგორც „ისრაელის თავდაცვის არმიისთვის („ცახალი“), ასევე ისრაელის გენშტაბის სადაზვერვო სტრუქტურის „ამანისა“ და ისრაელის საგარეო დაზვერვის, მსოფლიოში სამაგალითოდ მიჩნეული „მოსადისთვის“. სახმელეთო ბრძოლები და ტერორისტების მიერ მძევლად აყვანილი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეეების განთავისუფლების სპეცოპერაციები ჯერ კიდევ მიმდინარეობას, თუმცა ისრაელში უკვე „განგაშის ზარებს“ შემოკრეს: როგორ მოხდა, რომ „ჰამასისის“ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია (ტერორისტების მოქმედებებს სხვა შეფასებას ნამდვილად ვერ მივცემთ) გამოეპარათ ისრაელის ნაქებ სპეცსამსახურებს?

ისრაელის სპეცსამსახურებზე იმდენი დაწერილა და იმდენი ფილმია გადაღებული (უფრო ხშირად სარეკლამო–პროპაგანდისტული), რომ თვლა არ აქვს. თუმცა ისმის ლოგიკური კითხვა: ერთი–ორი ტერორისტის ლიკვიდაციის სპეცოპერაცია გადაფარავს იმ ადამიანურ და მატერიალურ დანაკარგს, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს მოხდა? რატომ ვერ შეძლეს „ამანმა“ და „მოსადმა“ ტერორისტების თავდასხმის პროგნოზირება და განეიტრალება? სანამ ამ კითხვებს პასუხს გავცემ, მანამდე ისრაელის ამ ორი სპეცსამსახურის ადრინდელ შეცდომებზე ვისაუბროთ. მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერეს სამხედრო დაზვერვად აქამდე ყოველთვის ითვლებოდა ისრაელის “აჰაფ მოდიინ”-ი, შემოკლებით “ამან”-ი.

“ამან”-ის ისტორია ისრაელის სახელმწიფოს შექმნის პირველივე დღეებიდან დაიწყო. თავდაპირველად “სამხედრო დაზვერვის სამსახური” ისრაელის გენერალური შტაბის ოპერატიული სამმართველოს სტრუქტურაში იყო და 1948 წლის ივლისში რეორგანიზებული “შაი”-ის (ისრაელის არალეგალური სამხედრო შენაერთების “ჰაგანას” სადაზვერვო დანაყოფი) მაგივრად შეიქმნა. სამხედრო დაზვერვის სამსახური პირველივე დღიდან არაბული ქვეყნებთან მიმდინარე საომარ დაპირისპირებაში ჩაერთო. შემდგომ პერიოდშიც ეს უწყება ყოველთვის საომარი კონფლიქტების თუ ფარული სპეცოპერაციების წინა ხაზზე იყო. დიდმა პატრიოტიზმმა, ახალგაზრდა და ბრძოლებში გამოცდილი კადრების ოპტიმალურმა შეხამებამ ეს სპეცსამსახური სულ მალე, ჯერ რეგიონში, შემდეგ კი მთელს მსოფლიოში ანგარიშგასაწევ ძალად აქცია. 1953 წელს “სამხედრო დაზვერვის სამსახურის” სტატუსი გაიზარდა და ის ისრაელის “შეიარაღებული ძალების დაზვერვის სამმართველოდ” გარდაიქმნა. სწორედ მაშინ მიიღო “ამან”-ის სახელწოდება. სტატუსის გაზრდამ სადაზვერვო არეალის გაფართოებაც გამოიწვია. თუ მანამდე ისრაელის სამხედრო დაზვერვის ოპერატიული დაინტერესების რეგიონები არაბული ქვეყნები და ჩრდილოეთ აფრიკა იყო, 1955 წლიდან ამ ჩამონათვალს საბჭოთა კავშირი, ჩინეთი და სხვა სოციალისტური ქვეყნებიც დაემატა. ამის მიზეზი ამ ქვეყნების მიერ არაბული სამყაროს (უპირველესად ეგვიპტის, სირიის და ერაყის) შეიარაღებითა და სამხედრო სპეციალისტებით დახმარების მრავალჯერადი გაზრდა გახდა. იმ პერიოდში “ამან”-ის ფუნქციებში შედიოდა: არაბული ქვეყნების სამხედრო ძალებზე ინფორმაციის მოპოვება, ისრაელის პრესის ცენზურა, სამხედრო კონტრდაზვერვა, შიფრ-კოდების შემუშავება და მათი გამოყენების კონტროლი, სამხედრო ატაშეების კურირება, რადიოელექტრონული დაზვერვა, დივერსიების ჩატარება და სხვა.

“ამან”-ი უშუალოდ ისრაელის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს ექვემდებარება. მისი ფუნქციები წლების მანძილზე დიდად არ შეცვლილა. ის აერთიანებს საჯარისო დაზვერვას “ჰელ მოდიინ”-ს და სახმელეთო ჯარების დაზვერვას “მოდიინ სადე”. „ამანის“ სტრუქტურა ამგვარია: სადაზვერვო მონაცემების ანალიზისა და პროგნოზირების განყოფილება; ელექტრონული დაზვერვისა და კრიპტოგრაფიის განყოფილება; საჰაერო და კოსმოსური დაზვერვის მონაცემთა ანალიზის განყოფილება; ხელოვნური ინტელექტის სისტემების დამუშავების განყოფილება; აგენტურული დაზვერვა; ინფორმაციის უსაფრთხოების განყოფილება; სამხედრო ცენზურა; ოპერატიული განყოფილება; სპეციალური ოპერაციების სამმართველო; სამხედრო დაზვერვის სპეცრაზმი "საიერეთ მათკალი" და ფსიქოლოგიური ოპერაციების ცენტრი. ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებს და სამხედრო-საზღვაო ფლოტს საკუთარი მცირერიცხოვანი სადაზვერვო დანაყოფები აქვთ.

სამხედრო დაზვერვის სტრუქტურაში განსაკუთრებული ადგილი უკავია სპეციალური დანიშნულების სადაზვერვო-დივერსიულ დანაყოფებს. მათგან ყველაზე ელიტურია “საიერეთ მათკალი”, რომელიც მხოლოდ გენერალური შტაბის უფროსს და “ამან”-ის შეფს ემორჩილება. ის 1960 წელს შეიქმნა მოწინააღმდეგის ზურგში დივერსიების ჩასატარებლად. მისი კოდური სახელწოდება იყო “ჯგუფი 269” და მის შესახებ მხოლოდ რამდენიმე პირმა თუ იცოდა. “საიერეთ მათკალი” სამხედრო დაზვერვის მიერ დაგემილი ოპერაციების გარდა, აქტიურად მონაწილეობდა აგრეთვე “მოსადის” და “შინ-ბეთის” (ისრაელის კონტრდაზვერვა) მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციებშიც.

“ამან”-ის მიერ მოპოვებული ინფორმაცია, როგორც წესი, ყოველთვის მაღალი ხარისხით, დიდი სიზუსტითა და ობიექტურობით გამოირჩეოდა, რაც განსაკუთრებით გამოჩნდა „ექვსდღიან ომში“ . ასევე წარმატებული იყო "საიერეთ მათკალის" სპეცოპერაციების მსოფლიოს სხვდასხვა ქვეყანში, თუმცა დღეს მათზე არ შევჩერდები. ფაქტია, რომ ამ წარმატებებმა “დათვური სამსახური” გაუწია ისრაელის სპეცსამსახურებს და უპირველესად “ამან”-ს. გასული საუკუნის 60 იანი წლების ბოლოს მისმა შეფმა აარონ იარივიმ, თავდაცვის მინისტრის მოშე დაიანის მხარდაჭერით, შეძლო “ექვსდღიანი ომის” შემდეგ სამხედრო დაზვერვის გავლენის სფეროები არნახულად გაეფართოებინა და საგარეო დაზვერვის (“მოსადის”) ფუნქციებში შეჭრილიყო. პოლიტიკა, ეკონომიკა, დიპლომატია, დემოგრაფია და

სამეცნიერო კვლევები დ ა.შ. უკვე “ამან”-ის სპეცოპერაციების სფეროებად იქცნენ. “მოსადს” მისთვის უჩვეულო და შედარებით უმნიშვნელო ფუნქციები დარჩა. ყოველივე ამან სამხედრო დაზვერვაში ყოვლისშემძლეობის ეიფორია და ყურადღების მოდუნება გამოიწვია, რაც სულ მალე ძალზე ძვირი დაუჯდა ისრაელის სახლმწიფოს.

დღემდე ისრაელის სამხედრო დაზვერვის ყველაზე დიდ წარუმატებლობა 1973 წლის 6 ოქტომბერს, ებრაელთა დიდი დღესასწაულის “იომ კიპურის” (მიტევებისა და ცოდვების მონანიების) დღეს დაიწყო. ზუსტად ორმოცდაათი წლის წინ ეგვიპტის, სირიისა და იორდანიის ჯარების შეტევას ისრაელის არმია და სპეცსამსახურები სრულიად მოუმზადებელნი შეხვდნენ. მხოლოდ 6 ოქტომბრის დილის სამ საათზე მიხვდა “ამან”-ის შეფი ელიაჰუ ზეირა, რომ უდიდესი შეცდომა დაუშვა. მთელი თვის მანძილზე აგენტები ატყობინებდნენ, რომ ეგვიპტესა და სირიაში სამხედრო შენაერთების გამალებული გადაადგილება და საომარი მზადება შეინიშნებოდა, მათ მიიღეს უახლესი საბჭოთა სარაკეტო კომპლექსები, დონორებისგან აგროვებდნენ სისხლს, ჩაატარეს საყოველთაო მობილიზაცია და ა.შ., მაგრამ ეს ყველაფერი სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელს ეგვიპტისა და საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურების კარგად დაგეგმილ დეზინფორმაციის ოპერაციად მიაჩნდა.

ერთადერთი “მოსადი” იყო, რომელიც მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ ქვეყნის ხელისუფლებას აფრთხილებდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრი, “ყველა ებრაელის დედა”, გოლდა მეირი ძალზე ფრთხილობდა, ის ცდილობდა პირველს არ დაეწყო ომი და ისრაელი აგრესორად არ მიჩნეულიყო. ამიტომაც არაბული ქვეყნების შეტევა იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ თვით ქვეყნის ყოფნა-არყოფნის ბედი ბეწვზე ეკიდა. ისრაელის უმაღლესი ხელისუფლება იმდენად იყო შეშფოთებული არაბული ქვეყნების ჯარების წარმატებებით, რომ მათ წინააღმდეგ “არატრადიციული” ანუ ატომური იარაღის გამოყენებასაც არ გამორიცხავდა.

თავდაცვის მინისტრის, მოშე დაიანის ბრძანებით “იერიქონ”-ის სარაკეტო დანაყოფები და “ფანტომ”-ის ტიპის თვითმფრინავები მომზადებული იყვნენ ატომური ჭურვების გამოსაყენებლად. დაძაბული ბრძოლების შემდეგ, დიდი მსხვერპლის ფასად (ამ ომში ისრაელმა 3 ათასამდე ჯარისკაცი, 900 ტანკი და 250 თვითმფრინავი დაკარგა) ისრაელმა მაინც მოახერხა გამარჯვების მიღწევა. 1973 წლის 16 ოქტომბერს ისრაელის ტანკებმა სუეცის არხის ფორსირება შეძლეს და ეგვიპტის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. საბჭოთა კავშირის ჩარევის გამო ისრაელი კვლავ იძულებული გხდა ჯარები საკუთარ ტერიტორიაზე დაებრუნებინა. ფაქტია, რომ გოლდა მეირმა იოსებ სტალინის შეცდომა გაიმეორა, ზუსტ ინფორმაციას არ ენდო და ქვეყანა კრიტიკულ მდგომარეობაში ჩააყენა. ამის გამო 1974 წელს პოსტები დატოვეს პრემიერ-მინისტრმა გოლდა მეირმა, თავდაცვის მინისტრმა მოშე დაიანმა და სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა ელიაჰუ ზეირამ. ისრაელის არც მეორე სპეცსამსახური „მოსადი“ იყო სკანდალური შეცდომებისგან დაზღვეული.

1997 წლის 30 ივლისს განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო იერუსალიმის ბაზარში. ძალზე ცხელოდა, მაგრამ მყიდველი არ აკლდა დახლებს. მოხუცი და ახალგაზრდა, ქალი და კაცი, დიდი და პატარა ერთმანეთში ირეოდა. ორი, ჩადრში გახვეული ქალი სხვადასხვა შესასვლელებიდან შევიდა ბაზარში და ცენტრალური ნაწილისკენ გაემართა. ისინი კარგად დაპროგრამებული რობოტებივით, სინქრონულად მოქმედებდნენ. უცბად ორივე შედგა, რაღაც ჩაილაპარაკეს, აღგზნებული თვალები ვაჭრობით გართულ ხალხს მიმოავლეს და ჩადრის შიგნით, ტანზე მიმაგრებული ჩამრთველი გადაატრიალეს. გამაყრუებელი, ორი აფეთქების ხმა ერთდროულად გაისმა: პალესტინის ერთ-ერთი ტერორისტული დაჯგუფების - "ჰამასის" წევრებმა თავი "შაჰიდის ქამრით" აიფეთქეს. მათ გარდა კიდევ 16 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით მძიმედ დაიჭრა. რამდენიმე საათის შემდეგ ისრაელის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სპეცსამსახურების ხელმძღვანელები შეკრიბა. თათბირი დიდხანს გაგრძელდა. პრემიერ-მინისტრმა, რომელსაც თავადაც ბევრ ანტიტერორისტულ ოპერაციაში მიუღია მონაწილეობა, ტერაქტის ორგანიზატორების სასწრაფო ლიკვიდაცია მოითხოვა.

ტერორისტებზე შურისძიება ისრაელში სახელმწიფო პოლიტიკის რანგშია აყვანილი, ამიტომაც პრემიერ-მინისტრმა ძალზე მკაცრი ბრძანება გასცა - "ჰამასის" რომელიმე ლიდერმა საკუთარი სიცოცხლით უნდა აგოს პასუხი ამ ტერაქტზე, რაც სხვებისთვის გაკვეთილი უნდა იყოსო. თან დაამატა - "ოპერაცია უნდა ჩატარდეს მაქსიმალურად უხმაუროდ, აფეთქებებისა და სროლების გარეშე. სიკვდილი იმდენად ბუნებრივი უნდა იყოს, რომ არავინ იეჭვოს ჩვენი მონაწილეობა". მეორე დღეს "მოსადის" ხელმძღვანელობამ პრემიერ-მინისტრს "ჰამასის" ოთხი ლიდერის სია წარუდგინა. განხილვის შემდეგ "ლიკვიდაციის ობიექტად" შეარჩიეს ამ ორგანიზაციის პოლიტბიუროს ხელმძღვანელი ჰალედ მაშალი.

ოპერაციის დაგეგმვა და ჩატარება დაევალა "მოსადის" ერთ-ერთი სპეცჯგუფის - "კიდონის" უფროსს მიხეილ ბენ-დავიდს. მას ჯგუფში ბევრი გამოცდილი სნაიპერი და ამფეთქებელი ჰყავდა, მაგრამ რადგანაც ნაბრძანები იყო მაშალის ლიკვიდაცია "არატრადიციული მეთოდებით", ბენ-დავიდს თავსატეხი გაუჩნდა. დახმარებისთვის მან "მოსადის" ბიოქიმიური ლაბორატორიის თანამშრომლებს მიმართა და არ შემცდარა. "სიკვდილის ჯადოქრებმა" გაუმხილეს, რომ ლაბორატორიას შეუძლია დაამზადოს განსაკუთრებული შხამი, რომლის ერთი წვეთის კანზე მოხვედრაც საკმარისია, რომ ადამიანმა გონება დაკარგოს, კომაში ჩავარდეს და მოკვდეს. თანაც ცოტა ხანშივე ამ საწამლავის კვალიც არ რჩება მსხვერპლის სისხლში. ლიკვიდაციის სპეცოპერაცია შემდეგ სცენარს ითვალისწინებდა: იორდანიის დედაქალაქ ამანში, სადაც იმ პერიოდში ჰალედ მაშალი ცხოვრობდა, უნდა ჩასულიყო "მოსადის" ორი ლიკვიდატორი, კანადელი ტურისტების პასპორტებით. ქუჩაში ისინი მიუახლოვდებოდნენ ჰალედს და ერთი მათგანი, "კოკა-კოლას" ქილის გახსნისას, ვითომ შემთხვევით გაწუწავდა პალესტინელს. ამ დროს მეორე აგენტს შხამის რამდენიმე წვეთი უნდა მიესხურებინა ჰალედისთვის კისერზე. ამის შემდეგ ისინი ბოდიშს მოუხდიდნენ "მსუბუქად დაზარალებულს" და ქუჩის მეორე მხარეს მდგარი მანქანით სასწრაფოდ დატოვებდნენ შემთხვევის ადგილს. შხამი შესაძლოა თავად აგენტებსაც მისხურებოდათ, ამიტომ "მოსადის" ბიოქიმიქოსებმა თავის დაზღვევის მიზნით აგენტებს სპეციალური ანტიდოტი მისცეს, რომელიც მომენტალურად ანეიტრალებდა შხამის მოქმედებას.

1997 წლის 21 სექტემბერს "კიდონის" ექვსი წევრი ამანში ჩავიდა. უკვე ოთხი დღის შემდეგ ოპერაცია განხორციელდა. 25 სექტემბერს, დილით, როდესაც "მოსადის" ორი აგენტი ოფისში მიმავალ ჰალედ მაშალს "შემთხვევით" უკან აედევნა, ეს "ჰამასის" ლიდერის მძღოლმა შეამჩნია და თავის შეფს დაუძახა, მოტრიალებულ ჰალედს ერთმა სახეში "კოკა-კოლა" შეასხა, ხოლო მეორემ ყურში რაღაც სითხე შეასხურა. ჰალედის ყვირილზე დაცვის ერთმა წევრმა მოირბინა და ორ გაქცეულს უკან დაედევნა. ხელჩართულმა ჩხუბმა გამვლელების ყურადღება მიიპყრო - აბა, როგორი ამბავია, ამანში ორი, ევროპულად ჩაცმული "ვერზილა" ერთ არაბს სცემს და დახრჩობას უპირებს? ამიტომაც პოლიციის მისვლამდე "მოსადის" აგენტებმა მიმალვა ვეღარ მოასწრეს. თუმცა პოლიციის განყოფილებაში კანადური პასპორტები ამაყად და უშიშრად წარადგინეს. დოკუმენტების სიყალბის დადგენის მათ არ ეშინოდათ, რადგანაც "მოსადს" ხომ ოფიციალური დოკუმენტების უმაღლესი დონის გამყალბებლები ჰყავს შტატში! ასეც მოხდა. პასპორტების ისე ირწმუნეს იორდანელმა პოლიციელებმა, რომ მაშინვე კანადის კონსული გამოიძახეს. აი, მაშინ კი დაიწყო მასკარადი: "კანადელებმა" არ იცოდნენ, რომელ ქალაქში ცხოვრობდნენ, რომელი სკოლა დაამთავრეს და სხვა უმარტივეს კითხვებზეც ვერ გასცეს პასუხი. ამ დროს ჰალედ მაშალზე თავდასხმის დეტალებიც გაირკვა და იორდანელებისთვის უკვე ბევრი რამ გახდა ნათელი.

იორდანიის მეფე ჰუსეინისთვის "ჰამასის" ერთ-ერთ ლიდერზე დღისით-მზისით, მისი სამეფოს დედაქალაქში მოწყობილი თავდასხმა უდიდესი პიროვნული შეურაცხყოფა და საერთაშორისო სკანდალი იყო. ამანის ერთ-ერთ საავადმყოფოში ჰალედ მაშალი უკვე სიკვდილს ებრძოდა, გონდაკარგული, ხელოვნურ სუნთქვაზე იყო, ხოლო იორდანიელი ექიმები ავადმყოფობის მიზეზს ვერ ადგენდნენ. მაშალის სიკვდილის შემთხვევაში "მოსადის" ორივე აგენტს სიკვდილით დასჯა გარანტირებული ჰქონდათ. ამ ყველაფერს კი ისრაელ-იორდანიის ოდნავ დამთბარი ურთიერთობების საბოლოო „გაყინვა“ მოჰყვებოდა. იორდანიაში სასწრაფოდ ჩაფრინდნენ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნთანიაჰუ, ინფრასტრუქტურის მინისტრი და მეფე ჰუსეინის ძველი პარტნიორი არიელ შარონი და "მოსადის" მომავალი დირექტორი ეფრაიმ ჰალევი. "აღლუმი" მეფე ჰუსეინს მიჰყავდა. ებრაელები ჩუმად ისხდნენ. ჰუსეინის მოთხოვნით, ორი აგენტის სანაცვლოდ ისრაელის ციხეებიდან ათეულობით პალესტინელი "ბოევიკი", მათ შორის - შეიხი აჰმედ იასინი, გაათავისუფლეს. ხოლო ჰალედ მაშალის გადასარჩენად საავადმყოფოში ანტიდოტი თავად მიხეილ ბენ-დავიდმა მიარბენინა. მეორე დილას მაშალი გონს მოვიდა და სასიცოცხლო ფუნქციები აღუდგა. ჰალედ მაშალი დღესაც ცოცხალია და ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასის" პოლიტიკური ფრთის ლიდერია, ხშირადაა მოსკოვში და "რუს მეგობრებს" - ვლადიმერ პუტინსა და სერგეი ლავროვს სტუმრობს.