მამუკა არეშიძის სკანდალური ვერსია ისრაელის ომზე და პასუხი კითხვაზე: რა საფრთხე ელის საქართველოს, თუ ომში ირანიც ჩაერთო

მამუკა არეშიძის სკანდალური ვერსია ისრაელის ომზე და პასუხი კითხვაზე: რა საფრთხე ელის საქართველოს, თუ ომში ირანიც ჩაერთო

ისრაელში მიმდინარე ომმა კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს, თუ რა მყიფეა მშვიდობა. ერთი შეხედვით, ისრაელი საქართველოსგან შორს არის, მაგრამ ჩვენი რეგიონის ქვეყნები პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულნი არიან ამ კონფლიქტთან. შესაბამისად, ისმის კითხვა - გაიზარდა თუ არა საფრთხე საქართველოსთვის? ამ და სხვა საკითხებზე ექსპერტი მამუკა არეშიძე გვესაუბრება.

- ბატონო მამუკა, ვხედავთ, როგორი მძიმე ვითარებაა ისრაელში... ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ ამ ომში ირანიც ჩაერთოს?

- ამ კონფლიქტში ირანის ჩართულობა ისედაც ჩანს, რადგან სხვადასხვა წყარო ადასტურებს, რომ "ჰამასი" ირანის მითითებებით მოქმედებდა. პარადოქსია - "ჰამასი" არის სუიტური ორგანიზაცია, ირანი შიიტური ქვეყანაა, მაგრამ თანამშრომლობის ფორმატი მაინც ჰქონდათ. მეტსაც გეტყვით, ირანში არსებობს "ჰამასის" შტაბბინა. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც "ჰამასი" შეიქმნა, მათი ანტიისრაელური ინტერესები დაემთხვა ერთმანეთს. სირიის მოვლენების გამო "ჰამასს" და ირანს ურთიერთობა გაუფუჭდათ, რადგან "ჰამასმა" სირიის მოვლენებში ასადის ოპოზიციის მხარე დაიკავა, მაგრამ მიუხედავად ამისა, წლებია, მათი ინტერესები ემთხვევა ერთმანეთს. რაც ახლა მოხდა ისრაელში, ეს არის გეოპოლიტიკური "ჯახის" პროდუქტი. რუსეთს დასავლეთი უკრაინაში უქმნის დისკომფორტს, რუსეთი კი ცდილობს, დასავლეთს ყველგან შეუქმნას დისკომფორტი, სადაც მას ხელი მიუწვდება. ეს ძალიან მარტივი ფორმულაა. "ჰამასის" ოპერაციის დაწყებამდე, რამდენიმე ხნით ადრე, შედგა შეხვედრა რუსეთის, სირიის, "ჰესბოლასა" და იმ შიიტურ ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის, რომელიც ახლა ისრაელს ლიბანის ტერიტორიიდან უტევს. შეხვედრიდან ძალიან უცნაურმა ინფორმაციამ გამოჟონა - რუსეთი "ჰესბოლას" საარტილერიო ჭურვებს სთხოვდა. ეს ჭურვები დასაწყობებული აქვს "ჰესბოლას" თავის ბაზებზე და ვითომ ეს სჭირდებოდა რუსეთს. მიკვირს, ისეთი რა გაუჭირდა რუსეთს, რომ ჭურვებს "ჰესბოლას" სთხოვდა - პირდაპირ ირანს რატომ არ სთხოვდა?!

მე მაინც მგონია, რომ სხვა ტიპის, სხვა შინაარსის შეხვედრა იყო და ეს დაკავშირებულია იმ მოვლენებთან, რომელიც "ჰამასსა" და ისრაელს შორის განვითარდა. გარდა ამისა, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს ის, რომ "ჰამასის" მებრძოლებმა, რომლებსაც მძიმე ტექნიკა არ ჰქონდათ, მოახერხეს ისრაელის სამხედრო ბაზის დაკავება. ეს ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელი და დაუჯერებელია. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, იქ სამმაგი, ოთხმაგი თამაში მიდის და ვიღაცებს სჭირდებოდათ, რომ ეს ამბავი მომხდარიყო და ჰქონოდათ ასეთი მძიმე შედეგი. მე არ გამოვრიცხავ, ეს იყოს რუსეთის ჩატარებული ოპერაცია, რომელიც ნათელი გახდა ისრაელის დაზვერვისთვის და შეიძლება, ისრაელმა თავისი თამაშიც წამოიწყო, რომ ჰქონოდა მიზეზი, "ჰამასი" საბოლოოდ გაენადგურებინა. ეს ვარაუდია, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ასეთი ეჭვები ჩნდება. ის, რომ ახლა ვიღაცას სჭირდებოდა კიდევ ერთი დამატებითი ცხელი წერტილი, ესეც ფაქტია.

- ისრაელში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად დაცულია. მსოფლიო მედიაში ბევრი ვერსია გამოითქვა, როგორ მოახერხეს ტერორისტებმა ასე იოლად ისრაელის ტერიტორიაზე შეღწევა...

- ისრაელის სახელმწიფო არსებობს მხოლოდ თავისი არმიის და სადაზვერვო სტრუქტურების ხარჯზე. რასაკვირველია, ამას ემატება დასავლეთის ძლიერი დახმარება. ისრაელს თუ არ ექნა მუდმივი დაცვის მაღალი სტანდარტი, ის ვერ შეინარჩუნებს თავის სახელმწიფოებრიობას. არსებობს წინასწარმეტყველებაც და ვარაუდებიც, რომ 2025 წლისთვის ისრაელის სახელმწიფო არსებობას შეწყვეტს, იმდენად ძლიერია მასზე ზეწოლა გარშემო მყოფი მტრული სამყაროსგან. მაგრამ დავანებოთ ახლა ამას თავი, რა კითხვაც დამისვით, იმაზე გპასუხობთ - მე არ მჯერა, რომ ეს ამბავი ასე მარტივად მოხდა და გამოეპარა ისრაელისა და განსაკუთრებით - ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვას. ქუჩაში ვერ დამდგარხარ, თანამგზავრიდან გაკონტროლებენ და დავიჯერო, ამხელა ოპერაცია გამოეპარათ? არ მჯერა და რა ვქნა?!

- მაშინ რა ვარაუდი გაქვთ?

- მე მაინც მგონია, რომ სხვისი დაგეგმილი ოპერაცია, როგორც პროვოკაცია, ისე გამოიყენა ისრაელის მხარემ იმისთვის, რომ ხელები გახსნოდა.

- თავისი მოსახლეობა გასწირა?

- მსოფლიო პოლიტიკაში მსგავსი უამრავი მაგალითი არსებობს. მოვა დრო და ყველაფერს ფარდა აეხდება, მაგრამ დღეს, არსებული რეალობიდან გამომდინარე, არის იმის საშიშროება, რომ რეგიონში გაჩაღდეს ძალიან ფართომასშტაბიანი ომი. ვიღაცას ეს ომი აწყობს, ვიღაცას - არ აწყობს... ვფიქრობ, რომ ახლა ირანი მაქსიმალურად თავს შეიკავებს ომში ჩართვისგან, რომ არ მიიღოს საპასუხო დარტყმა. ამიტომ მაქსიმალურად შეაიარაღებს სხვადასხვა ისლამისტურ ორგანიზაციას, რომლებიც ისრაელის გარშემო არიან განლაგებულნი. სამხრეთში ეს არის "ჰამასი", ჩრდილოეთში - "ჰესბოლა". თითოეულ ამ ორგანიზაციას 20-25 000 მეომარი ჰყავს, აქვს კარგი შეიარაღება, პლუს - უზარმაზარი გამოცდილება. მართალია, არ ჰყავთ ისეთი ავიაცია და მძიმე არტილერია, როგორიც თანამედროვე სამხედრო ოპერაციას სჭირდება, მაგრამ, სამაგიეროდ, ჰყავთ ადამიანები, რომლებიც ფანატიკოსები არიან თავიანთი საბრძოლო ამოცანის შესრულებაში. ასე მარტივად ეს ყველაფერი არ დამთავრდება.

დღეს ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ მთლიანად გაანადგურებს ღაზის სექტორს. ეს შეიძლება ასეც მოხდეს, თუმცა... ეს ხომ პარტიზანული ომის ფრონტია, ღაზის სექტორში მცხოვრები თითოეული მოქალაქე ( იქ 2 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს), პრაქტიკულად, არის ისრაელის მტერი და პოტენციური პარტიზანი.

კიდევ ერთ, ძალიან მნიშვნელოვან გარემოებას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ჩვენ ეჭვი შეგვქონდა ვერსიაში, რომ საქართველოს ომში ჩართვა უნდოდათ. ხომ ჩანს და ლოგიკურიც არის?! ყარაბაღის მოვლენების გააქტიურება, ისრაელის მოვლენების გააქტიურება, კონფლიქტების გალღობა... ფაქტობრივად, ჩამოიშალა მსოფლიო წესრიგი და, აქედან გამომდინარე, ახლა ყველა ცდილობს, რაც შეიძლება უკეთესი ადგილი დაიკავოს მზის ქვეშ, მსოფლიო წესრიგის ახალი კონტურების გამოკვეთამდე. უშუალოდ საქართველოს მიმართ კი არ ჰქონდა ვიღაცას ანტაგონიზმი, აგრესია - აქ დამატებითი ფრონტი სჭირდებათ...

ისრაელის ომის დაწყებამდე იგრძნობოდა, რომ დენთის სუნი ტრიალებდა ჰაერში. ისრაელის სახელმწიფოს ხელმძღვანელები და სპეცსამსახურები იმედოვნებდნენ, რომ სიტუაციის სათავისოდ გამოყენებას შეძლებდნენ. შესაძლოა, მოახერხონ კიდეც, თუმცა... ასე ეგონა რუსეთს, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანის შეტევას გამოიყენებდა და თვითონ გახდებოდა შუამავალი, სამშვიდობო პროცესის ინიციატორი, მაგრამ არ გამოუვიდა.

- რა საფრთხე ელის საქართველოს, მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ ომში ირანი ჩაერთვება?

- ისრაელი ჩვენგან შორს არის, მაგრამ ფაქტია, რომ მსოფლიო წესრიგი აღარ არსებობს. აქედან გამომდინარე, დღეს ყველა ცდილობს, მეტი გავლენები მოიპოვოს რეგიონში და რაც შეუძლია, იმას აკეთებს. ჩვენი რეგიონიც არის ამ პროცესში ჩართული. ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენს რეგიონშია თურქეთი, რომელიც ირიბად ჩართულია ისრაელის კონფლიქტში, იმიტომ, რომ "ჰამასის" მიმართ სიმპათიები ოფიციალურ ანკარას ყოველთვის ჰქონდა. ამ წუთში ღია საფრთხეები და უბედურება საქართველოსთვის არ ჩანს, მაგრამ გააჩნია, როგორი გაგრძელება ექნება ამ კონფლიქტს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მსხვილი მოთამაშეები პატარა ქვეყნებს იყენებენ თავისი ინტერესებისთვის. ასევე, მუდმივად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისლამიზმის საფრთხე კვლავ არსებობს - პოლიტიკურ ისლამს ვგულისხმობ. ჩვენს გარშემო არის ტერიტორიული დავები, ვიღაცას ჰგონია, რომ იგივე ყარაბაღის კონფლიქტი დამთავრდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არ დამთავრებულა. რომელი ერთი ჩამოვთვალო...

ისეთ ზონაში ვართ, რომ საქართველოსთვის ყველა ტიპის გამოწვევაა. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად და ძლიერები. სუსტი სახელმწიფოსთვის ნებისმიერი გაფაჩუნება ჩვენს სამეზობლოში, თუნდაც შორეულშიც, საფრთხის მომტანია.