ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე მსახიობსა და პოლიტიკოს ზაზა პაპუაშვილს ვესაუბრეთ. მან შეაფასა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები და დაანონსებულ "რევოლუციურ სცენართან" დაკავშირებული განცხადება. ასევე, ისაუბრა "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ, რომელსაც საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაჩქარებული წესით განიხილავს. ზაზა პაპუაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხსა და საკონსტიტუციო სასამართლო პროცესებზეც ისაუბრა:
- სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით არც არაფერი არ მინდა ვთქვა, იმიტომ, რომ მეც მივიღე მის არჩევაში მონაწილეობა. ადამიანი, რომელიც ქვეყანაში უნდა ყოფილიყო სიმშვიდის, გონიერების, ქვეყნის სიყვარულის გარანტი, აღმოჩნდა, რომ უჭკუობის, არეულობისა და ღალატის გზას დაადგა. მგონი, ასე ადამიანი არც საკუთარ ოჯახში არ უნდა იქცეოდეს და მით უმეტეს, თანამდებობაზე. მისი ეს ე.წ. სიჯიუტე სახლში შეინახოს, ამხელა თანამდებობის პირია, ხომ უნდა გაუწიოს საზოგადეობას ანგარიში, მაგრამ საზოგადოებამ და ამომრჩეველმა მას 30 აპრილს (რესპუბლიკის მოედანზე აქცია, სახელწოდებით "მოვდივარ" გაიმართა) საკადრისი პასუხი გასცა, როდესაც სახალხო ლეგიტიმაცია ჩამოერთვა. მას ამომრჩეველი აღარ ჰყავს. ქალმა როგორ უნდა მოახერხო, რომ ვინც გაგინებდა და გწყევლიდა, იმათთან ზიხარ მოლაპარაკების მაგიდასთან. სამწუხაროდ, ჩვენ ჩვენი იდეალისტობა და მაქსიმალისტობა გვღუპავს, ადამიანს იმაზე მეტი ვალდებულება არ უნდა დააკისრო, ვიდრე იმსახურებს. პრეზიდენტს იმდენი თავმოყვარეობაც არ გააჩნია, ადგეს, გაიხუროს კარი და წავიდეს. ქვეყნისთვის უკვე საშიში ხდება მისი გადაწყვეტილებები და ქცევა. სასამართლოში არგამოცხადება სისტემის შეურაცხყოფაა. როდესაც ასეთ ეშმაკურ ნაბიჯებს დგამ, მთავრობას სთხოვ წასვლას, ის კი არ გაძლევს უფლებას, მაგრამ მაინც მიდიხარ, საკუთარ ფულს ხარჯავ - ეს უკვე გაცნობიერებული ნაბიჯია. რატომ არ მოჰკიდა ხელი ბიუჯეტის ფულს? ეს უკვე ლუსტრაციაა, იცის, რას არღვევს და რატომ, იცის, რა შფოთი უნდა შემოიტანოს. ადრე, როდესაც მიდიოდა და მთავრობისგან თანხმობას იღებდა სამართლებრივად, მისი გამგზავრების ხარჯებს ბიუჯეტი აფინანსებდა. ახლა როდესაც მიდის და ლაპარაკობს საქართველოს სახელით, იმ დროს, როდესაც პრემიერისა და მთავრობისგან არ ეძლევა კონტრასიგნაცია, არ აიღო ბიუჯეტის თანხები, რომ აეღო, პირდაპირ კრიმინალი იქნებოდა, სისხლის სამართლის დანაშაული, ამიტომ გამოიყენა საკუთარი სახსრები და ეგ კიდევ საკითხავია, რა არის საკუთარი სახსრები. ასე რომ, მან კარგად იცის, რა გააკეთა და როგორ. თუ თავს გაიშტერებს, თავისთვის გაიშტეროს.
- მინდა გკითხოთ, "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ. თქვენ წინა ხელისუფლების დროს აქტიურად მონაწილეობდით საპტოტესტო აქციებში, იცით, რა დანიშნულებაც აქვს თუნდაც კარავს. ხომ არ ფიქრობთ, რომ კანონი რაღაც ფორმით შეზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას?
- მე ვიყავი აქციებზე, თუმცა არასოდეს გამიშლია კარავი და არ შევსულვარ შიგნით. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც თავისუფლებამ მთლად გადააჭარბა ყველაფერს და გადავიდა უზრდელობაში, განუკითხაობაში. ვინ ვის რას უკრძალავს, მომიტანეთ, დამანახეთ. ქვეყანას არ დაგამხობინებთ და არ გადაგატრიალებინებთ, ესაა თავისუფლების შეზღუდვა? ლამის პარლამენტში შეცვივდნენ. ეს მათთვის გაკეთდა, რომ არ მოხდეს უბედურება და პირიქით, ვინც იქ არიან, ადამიანების, იმათ დასაცავად არის ეს ყველაფერი. კარავზე ნუ გადაგაქვთ აქცენტი, კარავზე არ არის ლაპარაკი. აქ ლაპარაკია ისინი სისტემურად რასაც სჩადიან, რითი შეიძლება მოახდინონ ის, რაც აქვთ ჩაფიქრებული, კარავიც შეიძლება შედიოდეს და კიდევ სხვა რაღაცებიც, ამიტომ მე კონკრეტული ვითარებისთვის, აუცილებლობისთვის, რათა კარავი არ დაგადგმევინო, მჭირდება ეს კანონი.
- ევროპის არაერთ ქვეყანაში დგას მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან კარავი, თუმცა ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მათ ქვეყნის გადატრიალება უნდათ?
- აქ სხვა ვითარებაა, ჩემი ქვეყნის ომში ჩათრევა უნდათ, მუშაობს როგორც გარე, ასევე შიდა მტერი. ჩემს ქვეყანაში დაანონსებულია რევოლუცია, ამიტომ მე კანონის დონეზე ადეკვატური ნაბიჯები უნდა გადავდგა, რომ არ შედგეს ქვეყნისთვის დამანგრეველი აქტი. არანაირად არ იზღუდება გამოხატვის თავისუფლება.