მკითხველს ალბათ ინტერესი კლავს, თუ რას ნიშნავს ეს „უს „საქართველო“. პირდაპირ გეტყვით - ესაა „უპასუხისმგებლო საზოგადოება საქართველო“, ქვეყანა, რომელმაც ვერა და ვერ დააღწია თავის სხვისი მოიმედეობის, სხვისი ხელით ნარით გლეჯის, ერთ კაცზე პასუხისმგებლობის აკიდების განწყობილებას და უკეთეს შემთხვევაში შეზღუდული პასუხისმგებლობით (შპ) შემოიფარგლება, რომელიც იოლ და უშრომლად გამდიდრებაზეა ორიენტირებული.
ჯერ კიდევ როდის წერდა დიდი ნიკო ნიკოლაძე, რომ „ჩვენს საზოგადოებაში ყველა დარწმუნებულია, რომ შველა ჩვენ ერთს მშვენიერ დილას ზეციდან ჩამოგვიფრინდება ისე, რომ თვითონ ხელის განძრევაც არ დაგვჭირდება ჩვენი ბედის გაუმჯობესებისათვის“. ეს დღეც დადგა - 2012 წლის 1 ოქტომბერი, როდესაც მართლაც ივანიშვილის ფაქტორმა გადაწყვიტა არჩევნების და შეიძლება ითქვას საქართველოს ბედიც და სააკაშვილის ანტიქართული რეჟიმი დაამარცხა მშვიდობიანი, აქამდე არნახული (მანამდე ყველა ხელისუფალი ძალით დაემხო) მეთოდით - არჩევნების გზით.
ამის შემდეგ მთელი საქართველო ივანიშვილს შეჩერებია („ვაშლი და პატარა შაქარასავით“) - თუ როდის შეძლებს იგი ჯადოსნური კვერთხის ერთი დარტყმით ჩვენს გამდიდრებას და აყვავებას (ცხადია, ჩვენგან ხელის გაუნძრევლად - ჩვენ ხომ „მთავარი“ უკვე გავაკეთეთ - ავირჩიეთ და მოვიყვანეთ ხელისუფლებაში და როგორც უნდა, კეთილი ინებოს და ცხოვრება მოგვიწყოს - ხელები დავიბანეთ პილატესავით და მთელი პასუხისმგებლობა მას ავკიდეთ ზურგზე). როგორც ჩანს, სხვისი მოიმედეობის განწყობილება სისხლში გვაქვს გამჯდარი - ჯერ იყო და საბჭოთა კავშირის პერიოდში რუსული რესურსებით ვიკვებებოდით - იქიდან ფაქტიურად მუქთად ვღებულობდით გაზს, ნავთობს, ელექტროენერგიას, ხე-ტყეს, რკინას, ცემენტს და სამშენებლო მანასლებს, მანქანებსა და დანადგარებს, პურის მარცვალს (ჩვენი მხოლოდ ერთ თვეს გვყოფნიდა), ხორცს (75% შემოგვქონდა), რძის ნაწარმს და ბურღულეულს და ა.შ., სანაცვლოდ კი გაგვქონდა ფაქტიურად უხარისხო ჩაი და ღვინო, ციტრუსები და ბორჯომი. ეს ყველაფერი დამთავრებულია და თავადაც ეკონომიკურად შეჭირვებულ რუსეთს აღარ უღირს საბჭოთა კავშირის აღდგენის ფასად ყოფილი სატელიტების ისევ მუქთად გამოკვება.
როცა ეს დავინახეთ, ამის მერე იმედიანი თვალი აშშ-ს და ევროკავშირს, ნატოს მივაპყარით იმ მიზნით, რომ ეგებ ამათმა დახმარება აღმოგვიჩინონ და თან დაგვიცვან აგრესიული რუსეთისაგან. ამ ილუზიებით ვიკვებებოდით 15 წელი და მხოლოდ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს სამხედრო კონფლიქტის მერე მივხვდით, რომ არც აშშ და არც ნატო-ევროკავშირი ჩვენი რეალური მშველელი და დამხმარე არ არის.
როცა ეს რაჭველივით გვიან გავაცნობიერეთ, სწორედ მაშინ გამოჩნდა ივანიშილი და ახლა მას ჩავებღაუჭეთ და გაგონებაც კი არ გვინდა მისი წასვლის შესახებ. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე? არადა „ჯერ არსად, არც ერთ ქვეყანაში მაგალითი არ უნახავს კაცს, რომ რომელიმე ხალხი, ან საზოგადოება ამაღლებულიყოს სხვისი დახმარებით, თუ არა თავისი საკუთარი შრომით და ჯანით. ადვილად შენაძენი, ნაპოვნი, ნაჩუქარი არც კერძო კაცს დააყრის ხეირს და არც საზოგადოებას (მართლაც არავინ იცის, თუ სად გაქრა ბოლო 20 წელიწადში საქართველოსათვის გრანტის და სესხის სახით „ნაფეშქაშევი“ დასავლური მილიარდები -ვ.შ.). კაცისთვის და ქვეყნისთვის მარტო ის არის გამოსადეგი და ძვირფასი, რაც იმას თავის საკუთარი შრომით, ოფლის ღვრით და ბრძოლით შეუძენია... ნაპოვნი და ნაწყალობევი კი, თითქმის ყოველთვის, ისევ ისე ადვილად იკარგება, როგორც ადვილად ნაშოვნი იყო“ - ამასაც ნიკო ნიკოლაძე გვასწავლის, მაგრამ კითხულობს მას ვინმე, ახსოვს იგი ან მისი 170 წლის იუბილე ვინმეს თითო-ოროლას გარდა?
მე არც ივანიშვილის მეხოტბე ვარ და არც იმ ექსპერტების მგალობელი, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს და ქართული ანდაზაც (ისეთმა ფურმა დამწიხლოსო...) ამას ჰღაღადებს და უნდა ითქვას - იმ ექსპერტებიდან რომელიმეს რაიმე სიკეთე თუ გაუკეთებია თავისი ქვეყნისათვის, დაუწერია ან შეუქმნია რამე, ვინმესთვის რაიმე დახმარება აღმოუჩენია თუნდაც მეათასედი, რაც ივანიშვილმა გააკეთა? (უმადურობა და ჩვენი ქვეყნის დიდი შვილებისათვის გულის ტკენა ჩვევად გვექცა) მართლაც რამდენად კვალიფიციურია მათი დასკვნები და პროგნოზები? მათი უმრავლესობა ხომ მცირემცოდნე ჟურნალისტებისაგან გაპიარებული ხალხია, რომლებიც ხშირად ჩნდებიან ტელევიზიით და ხალხს თავის დასკვნებს ახვევენ თავს? (მაგ: იგივე რონდელი, კაპანაძე, ხოშტარია და ძმანი მათნი).
უშეცდომო ამქვეყნად მხოლოდ ღმერთია. ივანიშილმაც დაუშვა გარკვეული შეცდომები (თუნდაც პარლამენტის და მთავრობის წევრთა ნაწილის დაბალი კვალიფიკაცია უკვე ნათელია, ამასთან ჯობდა ხალხისთვის თევზის მირთმევის ნაცვლად თევზის დაჭერა ესწავლებინა და ა.შ.), მაგრამ ეს ყველაფერი გამოწვეული იყო მთავრობის წნეხით და ძირითადად ცაიტნოტით - ის დროში ძალზე შეზღუდული იყო და არც იცნობდა კარგად ქართულ რეალობას, პოტენციურ კადრებს, ქართული ეკონომიკის რეალურ მდგომარეობას. ახლა მას უცბად მოსთხოვეს 4 წელზე გაწერილი დაპირებების 1 წელიწადში შესრულება, ნაციონალების მიერ გაძარცვული , დაქცეული და თავდაყირა დამდაგარი ქვეყნის ფეხზე დაყენება. რაღაცეები უკვე გაკეთდა, მაგრამ
გაიძახიან, რომ ეკონომიკური ზრდა შეჩერდა, დასაქმებულთა რიცხვი არ გაზრდილა, საწარმოები არ მუშაობს და ა.შ. კი ბატონო, ნაწილობრივ ასეცაა, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ როცა ნაციონალები ხელისუფლებაში მოვიდნენ, ერთი წლის განმავლობაში წარმოება თითქმის 50% -ით შემცირდა და ყველა მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუარესდა, მაგრამუკვე 2005 წლიდან გამოცოცხლება და გაუმჯობესება დაიწყო (2008 წლამდე, მერე ისევ გაიყინა ქვეყანა).
რაც შეეხება „ინვესტიციებს“, ამას თავად ნაციონალები ახორციელებდნენ. ქართველი ხალხისთვის მოპარული ფულებით და „უცხოური“ ფირმების სახელით, ახლა კი ისინი შეაჩერეს და ახალ მთავრობას პირდაპირი საბოტაჟი მოუწყვეს. დასავლეთიდან გლობალური ძალების მიერ მთავრობებისათვის თავსმოხვეული თანაარსებობის (ე.წ. „კოჰაბიტაციის“) შედეგად ნაციონალების ხელში რჩება კვლავ ბიზნესი და ე.წ. შავი ფული, რომელიც უცხოეთში გააქვთ და ამითაც ხელოვნურად ზრდიან უმუშევრობას, სასამართლო, გუბერნატორები და გამგებლების ნაწილი და ა.შ. უცხოური ინვესტიციები ამ ეტაპზე გადამწყვეტი მაინც აღარაა (1990-93 წლებში 17 მილიონიანმა აღმოსავლეთ გერმანიამ 300 მილიარდი დახმარება და ინვესტიციები მიიღო, თუმცა შედეგი ძალზე დაბალი იყო. სამაგიეროდ 1979-91 წლებში 1,3 მილიარდიანმა ჩინეთმა 60 მილიარდი მიიღო, მაგრამ უფრო ეფექტურად გამოიყენა ვიდრე გდრ-მ.).
ახლა მთავარი შიდა მოწესრიგებულობა, რეფორმების მზაობა და ყველას (მათ შორის მინისტრების და პარლამენტარების, რომლებიც ასევე ივანიშილის იმედზე არიან ძირითადად) თავგადაკლული შრომაა საჭირო. ამისთვის აუცილებლად მიმაჩნია საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სამართლიანობის უმთავრეს პარამეტრებში და შტრიხებში აღდგენის სწრაფი გაგრძელება, რეალური რეფომების გატარება, გაზაფხულზე თვითმმართველობასთან ერთად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება (რათა დადგინდეს პოლიტიკური ძალების რეალური ბალანსი და გადახალისდეს ხელისუფლების შემადგენლობა, - მხოლოდ ამის შემდეგ იქნება სასურველი ივანიშვილის წასვლა და არასამთავრობო სექტორში გადასვლა. „პროფესორთა ლიგა“ მზადაა მხარში დაუდგეს მას, როგორც აქამდე ედგა გვერდით და თავადაც გაინაწილოს პასუხისმგებლობა ივანიშვილთან ერთად).
ობიექტური შენიშვნების მიცემა ხელისუფლებისათვის ყოველთვის აუცილებელი და სასარგებლოა (ამის წინააღმდეგი თავად ივანიშვილიც არაა), მაგრამ მას უნდა ჰქონდეს დასაბუთებული და კეთილგანწყობილი ხასიათი.
საბოლოოდ კი კარგად უნდა გავაცნობიეროთ და საქმეში გამოვხატოთ ნიკოლაძის გენიალური დასკვნა: „სანამ უმოქმედო ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა შრომას და თავის რჩენას არ შეეჩვევა, სანამ ჩვენი ხალხი მეწველი ძროხის მდგომარეობიდან არ გამოვა, შეუძლებელია ჩვენში ნამდვილი ერთობა დაარსდეს, ან გულწრფელი ძმობა ან ხეირიანი განწყობილება... კერძო პირსაც, საზოგადოებასაც, ერსაც თავისი ცხოვრება, ბედი და იმედი მარტო საკუთარ შრომაზე და ღონეზე უნდა ჰქონდეს დაფუძნებული. მარტო ეს საძირკველია შეურყეველი, მარტო მასზე შენდება მტკიცედ საკუთარი შენაძენიც და სხვისი დანახმარიც“.
ასეა ეს!