70-იანი წლების Deep Purple-თან მიმართებაში ძირითადად ორგვარი მიდგომა არსებობს - ან აღიარებენ 1974-1976 წლების პერიოდის ჯგუფს, ან მას გილანისა და გლოვერის პერიოდის ჩრდილში მოაქცევენ ხოლმე. თუმც ბოლო პერიოდით მოხიბლულნიც არსებობენ და მეტიც, ერთეულები ტომი ბოლინთან ერთად ჩაწერილ Come Taste The Band-ს ამჯობინებენ In Rock-სა თუ Burn-ს.
ზემოთქმულის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი კი ბას გიტარისტი და მომღერალი გლენ ჰიუზია, რომლის მუსიკალურმა ხედვამ და გემოვნებამ, ძირეული სახეცვლილებები განაპირობა ლეგენდარული ჯგუფის როგორც იდეურ გარღვევებში, ასევე ორანჟირებასა, თუ ვოკალურ სტრუქტურაში.
აქედან გამომდინარე, გლენ ჰიუზი ან უყვართ, ან ამბობენ „მოაცილე ერთი, თავისი მანჭვა-გრეხვით ჯგუფი მოსპოო“.
ჩვენ კი ვეცდებით, როგორმე ოქროს შუალედი ვიპოვოთ და მაქსიმალურად ზუსტად დავახასიათოთ მუსიკოსი, რომლის დაკვრის ოსტატობაზე, აუგის მთქმელი შეუძლებელია რომ არსებობდეს.
მოდით სწორედ ამით დავიწყოთ. Trapeza-დან გადმობირებულ გლენ ჰიუზს ურთულესი მისია ხვდა წილად. მას ხომ თვით ჯგუფის საუკეთესო პერიოდის ერთ-ერთი შემოქმედი - როჯერ გლოვერი უნდა ჩაენაცვლებინა Deep Purple -ში.
ალბომ Burn-ში საკმაოდ უცნაური რამ შეინიშნება. დაკვირვებული ყურისთვის ნათელია, რომ ბას გიტარას ცალ (მარჯვენა) არხში დომინირება მიენიჭა, ხოლო ტრადიციულად უფრო დატვირთულ მარცხენა არხში კი ინსტრუმენტი კლასიკურად დაბლების მაწარმოებლადაა ჩამჯდარი. აქედან გამომდინარე Burn აშკარად „ბასური“ ალბომი გამოვიდა და მისი მოსმენა განსაკუთრებით აუცილებელია ვინილის დისკიდან!
რაც შეეხება ალბომის იდეურ მხარეში გლენ ჰიუზის წვლილს, ამის გარკვევა არ არის მარტივი, რადგან მისი ავტორობა არცერთ სიმღერაში არ ჩანს ერთ-ერთ ჩამწერ ფირმასთან იქამდე არსებული კონტრაქტის გამო. თუმც, მაინცდამაინც ნუ გავაფეტიშებთ და ნურც იდუმალებად ვაქცევთ ჰიუზის კომპოზიტორულ წვლილს ამ ალბომში, რადგან ნამუშევარი პრაქტიკულად გამზადებული იყო უკვე 1973 წლის სექტემბერში, გამოცემა რამდენიმე თვით დაგვიანდა ზემოთხსენებული ვინილის გაუმჯობესებული ფაქტურის ლოდინიდან გამომდინარე და ბოლოს და ბოლოს ჯონ ლორდს აქვს ნათქვამი, რომ იან გილანთან ერთად, ეს ალბომი არამარტო Deep Purple -ს საუკეთესო ნამუშევრად, არამედ ზოგადად როკ მუსიკის ერთ-ერთ შედევრად იქცეოდაო...
თუკი ამ ნათქვამში გასროლილი ქვა ძალაუნებურად დევიდ კოვერდეილის ბოსტანში ეცემა, გლენ ჰიუზთან დაკავშირებით ფრაზა ორაზროვნად შეგვიძლია აღვიქვათ. ნუთუ ლორდი თავისი ნათქვამით გილან-ჰიუზის ვოკალურ ტანდემსაც გულისხმობდა?
ამას ჩვენ ვერასოდეს გავარკვევთ, ისევე როგორც Deep Purple -ს ერთ-ერთი სულისჩამდგმელის ნათქვამის სიწრფელეს. თუმც ფაქტია, რომ ბას გიტარის ჩინებული პარტიების გარდა, ალბომ Burn-ში ულამაზეს ორხმიან ვოკალურ პარტიებს ვხვდებით, რაც ადრე ჯგუფისთვის უცხო ხილი იყო.
თუკი Burn-ში ახალმა ინსტრუმენტალისტმა რიტმ სექციას თვალუწვდენელი სივრცეები გაუშალა და მაგალითად Lay Down Stay Down-ში იან პეისი პრაქტიკულად მთელი სიმღერის განმავლობაში დრამ სოლოს უკრავს, მომდევნო ალბომ Stormbringer-დან გლენ ჰიუზის ფანკი ტენდენციებმა უკვე აშკარა გამომჟღავნება დაიწყო. აქ ზოგიერთ სიმღერაში რეპერტუარი არაფარფლურად „მისავათებულია“, რისი მთავარი შემოქმედიც სწორედ გლენ ჰიუზია.
მიუხედავად თავს მოხვეული სიახლეებისა, ბლეკმორი მაშინ თითქოს განაწყენებული არ ყოფილა, მაგრამ გაივლის წლები და გლენ ჰიუზის თხოვნას, რომ დაეკრა მისი სოლო ალბომიდან ნებისმიერ სიმღერაში ერთადერთი სოლო, რიჩი უპასუხოდ დატოვებს, თუმც ეს უკვე ქენდის ნაითის ეპოქიდანაა და შესაძლოა წყენა აქ არაფერ შუაშია...
ჰიუზმა აფრები საბოლოოდ ბოლინის პერიოდში აუშვა. განსაკუთრებით სცენაზე ტანდემი აშკარად „არაფარფლურად“ გამოიყურებოდა, რომ აღარაფერი ვთქვათ ისეთ აშკარა უპასუხისმგებლობებზე, როგორიცაა მაგალითად Highway Star-ის სტრუქტურის სრულ აღმოფხვრაზე სოლოებიანად...
მაგრამ უკმაყოფილება თვით ლორდსა და პეისსაც კი არ ეტყობოდათ და ჯგუფი მოუწესრიგებელი სასცენო ორომტრიალით, თითქოს ძალიან კარგადაც ერთობოდა. „კრიზისულ პერიოდს“ სამწუხაროდ ჯერ Deep Purple -ს დაშლა, ხოლო სულ მალე ტრაგედია - ტომი ბოლინის გარდაცვალება მოჰყვა.
ჰიუზი ყველაზე ახლოს თავს ბოლინთან გრძნობდა. 1999 წელს მან შესანიშნავი ალბომი მიუძღვნა მეგობრის ხსოვნას. აღსანიშნავია, რომ კონცერტში მონაწილეობას ბოლინის ძმა - Black Oak Arkansas-ის დრამერი ჯონი ბოლინიც ღებულობდა.
მეგობრის მსგავსად, ჰეროინმა კინაღამ გლენ ჰიუზიც დაღუპა. 1986 წელს, ტონი აიომის Black Sabbath-თან მუშაობის პერიოდში ჰიუზს მისი სიტყვით სიზმარში
ანგელოზი გამოეცხადა და სიკვდილისგან დაიხსნა... გაღვიძებულს კი მედდა დახვედრია და უთქვამს, რამდენიმე წუთით რომ დაგეგვიანათ გამოძახება, ამქვეყნად აღარ იქნებოდითო.
„ჰიუზის ბლექ საბათს“ კი ლეგენდარული ჯგუფის საუკეთესო ალბომებს შორის ნამდვილად ვერ მოვაქცევთ. მელოდიურობის და ლამაზი ლირიკის მიუხედავად, ეს ცოტათი სხვა ჯგუფია და ამაში ლომის წილი ჰიუზის, როგორც აქ უკვე მხოლოდ მომღერლის დამსახურებაა.
ოთხმოცდაათიანი წლებიდან კი მუსიკოსს უკვე აშკარად დაეტყო ჰარდ როკისკენ ლტოლვა. 1992 წელს ჩაწერილი საკმაოდ მძიმე და ბლუზური სოლო ალბომი ამის საფუძვლად იქცა. თუკი ჰიუზი Deep Purple-ში მოღვაწეობისას Smoke On The Water-სა და ზოგადად ჰარდ როკს, ირონიითაც კი მოიხსენიებდა, როკ მუსიკის მრავალი მოყვარულის მხრიდან მის ხელწერაში საძულველ ფანკი ტენდენციებთან ერთად, სულ უფრო იმატა ჰარდ როკულმა წნევამ Addiction-ისა თუ Wherever You Go ყაიდის სიმღერებში. ეს უკანასკნელი ხომ საერთოდ You Fool No One-ის შვილობილია, რაც კიდევ უფრო ახარებს როკ მუსიკის სტაჟიან მსმენელს.
გლენ ჰიუზი საოცრად კომუნიკაბელური პიროვნებაა. რაც მორწმუნე გახდა, იგი ყველგან ცდილობს სიკეთის დათესვას და ხშირად ღებულობს მონაწილეობას საქველმოქმედო კონცერტებში. ამ მხრივ მისი ბოლო პერიოდის მოღვაწეობის გამორჩეული აქციაა წარსულში Dream Theater-ის კლავიშებზე შემსრულებელ - დერეკ შერინიანთან ერთად, გასულ წელს მთიან ყარაბახში კონცერტში მონაწილეობა...
21-ე საუკუნე მისთვის საოცრად ნაყოფიერი პერიოდია. სოლო ალბომების გარდა, ჰიუზმა 1996 წლის შემდეგ, უკვე 2005-ში კვლავ მიიღო მონაწილეობა ტონი აიომისთან ერთობლივი ალბომის ჩაწერაში. მნიშვნელოვანია ასევე Mr. Big-ისა და Emerson Lake & Palmer-ის სამახსოვრო ალბომებში მონაწილეობის მიღება.
2001-2002 წლებში გლენ ჰიუზმა ჯო ლაინ ტერნერთან ერთად, ამომავალი მზის ქვეყანა დაიპყრო. ამით ტანდემმა ერთის მხრივ თითქოს ლეგენდარული Made In Japan-ის ტრიუმფი შეგვახსენა, მეორეს მხრივ კი გვაგრძნობინა, რომ Deep Purple -ში ისინი კვლავაც დიდი სიამოვნებით დაუკრავდნენ თუ იმღერებდნენ და რომ როკ მუსიკას ასაკი არ გააჩნია. გლენ ჰიუზი ხომ დღესაც ჯან ღონითა და სულ უფრო ჰარდ როკული იდეებით აღსავსე ფანკი მუსიკოსია...