კლიენტელიზმი და ივანიშვილის შეუსრულებელი მისია

კლიენტელიზმი და ივანიშვილის შეუსრულებელი მისია

საქართველო ახლა იმ ლაბორატორიას წააგავს, სადაც დემოკრატიის ფუნდამენტურ წინააღმდეგობათა, მისი დილემების მწვავე დემონსტრირება ხდება. თავისუფლება თუ წესრიგი? თანასწორობა თუ თავისუფლება? წესრიგი თუ თანასწორობა? ეს დილემები კლიენტელურ საზოგადოებას ერთბაშად ზვავივით დაატყდა თავს, ხოლო ინსტიტუციური მექანიზმები მათ გადასაწყვეტად ჯერაც არ არსებობს.

სააკაშვილის კორპორაციის ბატონობის დროს ეს დილემები მიჩქმამლული იყო დღის წესრიგში არც იდგა, რადგან ტოტალური რეპრესია მათ გადაწყვეტას უბრალოდ კრძალავდა. თავისუფლებისა და თანასწორობის მოთხოვნა მარგინალური ლოზუნგების დონეზე რჩებოდა, ხოლო კორპორაციულ წესრიგს თითქოს არც არაფერი ემუქრებოდა. ასეთი ფსევდო–წესრიგის დასაყრდენი კი არა  კონსტიტუციური სახელმწიფო წყობა, არამედ პოსტ–საბჭოური კლიენტელიზმი გახლდათ.

კლიენტელიზმს, როგორც სოციალურ ურთიერთობათა გამორჩეულ ტიპს, სამი ძირითადი ნიშანი აქვს: ეს პატრონსა და მის კლიენტებს შორის პირადი, კერძო და არაფორმალური ურთიერთობებია (1), რომლებიც ემყარება ძალაუფლებითი რესურსების უთანასწორო ფლობასა და სოციალური სტატუსების განსხვავებულობას (2) და ამავდროულად  – ურთიერთ ვალდებულებებსა და ურთიერთ სარგებლით დაინტერესებას (3).

კლიენტელიზმი უთანასწორობის, თავისუფლების დათრგუნვისა და უწესრიგობისა ან ფსევდო–წესრიგის მკვებავი მუდმივი წყაროა. ის კვებავდა შევარდანაძის დროინდელ კორუმპირებულ კვაზი–სისტემასაც და სააკაშვილის რეპრესიულ რეჟიმსაც.

პოსტსაბჭოთა სოციუმი საბჭოური „მონოლითური საზოგადოების“ დაშლისა და დეინდუსტრიალიზაციის შედეგად  წარმოშობილ კლიენტელათა ასპარეზია. კლიენტელის წევრებს საერთო იდენტობისა და სოციალური ურთიერთსოლიდარობის განსაკუთრებული განცდა აკავშირებთ. კლიენტები გამორჩეულად პატრონზე მუშაობენ, ამითი მორალურ კმაყოფილებას გრძნობენ და ცხადია, პატრონისაგან კონკრეტულ სარგებელს – მატერიალურსაც და რაც მთავარია, სოციალური სტატუსის  მიღებას მოელიან. სოციალურ სტატუსს კი არა საჯარო სივრცეში მოღვაწეობითა და შრომით დაგროვილი სოციალური კაპიტალი, არამედ პატრიმონიალურ იერარქიულ კიბეზე ადგილი განაპირობებს, რაც ოდენ პატრონის სამსახურით თუ მოიპოვება.

პოსტ–საბჭოურ კლიენტელათა პატრონები, როგორც წესი, ან ქარიზმატიული ბელადები, ანდაც სხვადასხვა ჯურის ავანტურისტები – პოსტ–ნომენკლატორული ბოსები, საეჭვოდ გამდიდრებული „პრივატიზიონერები“, „ქურდები“, მევახშეები, გაქნილი თაღლითები და ა.შ. არიან. მათი სოციალური კაპიტალი სხვადასხვა წარმოშობისაა, მაგრამ ყოველთვის პირადია და არა - ინსტიტუციური. პოსტ–საბჭოური ე.წ. პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო თუ ბიზნეს-ორგანიზაციები, პატრონის პირადი სოციალური კაპიტალით იქმნება და არა - ინსტიტუციური წესრიგით და პატრონ–კლიენტელური, პირადი და ხშირად ირაციონალური ურთიერთობებით იმართება.

ძალაუფლებითი ურთიერთობები და რესურსების გაცვლა პოსტსაბჭოთა კლიენტელურ სისტემებში არა სამართლითა და ინსტიტუციური მექანიზმებით, არამედ სწორედ პატრონ–კლიენტური არაფორმალური ურთიერთობებით წესრიგდება.

მთავარი აქტორები პოსტსაბჭოურ პოლიტიკურ სცენაზე ასეთ კლიენტელათა პატრონები არიან. მცირე კლიენტელები გავლენისა და სიმდიდრის მოსაპოვებლად კორპორაციულ ალიანსებსა ჰკრავენ და პოსტსაბჭოთა დემოკრატია არა მრავალპარტიულობას, არამედ ასეთ კლიენტელათა პლურალიზმსა და კონკურენციას გულისხმობს. კლიენტელა პარტიისაგან კი უპირველესად იმით განსხვავდება, რომ იგი ხაზგასმულად კერძო ორგანიზაციაა და არა საჯარო ინსტიტუცია.

კლიენტელიზმი, როგორც სოციალური მოვლენა, საჯარო სივრცეს არ სცნობს. გავლენიანი  ჯგუფები არა სოციალური კაპიტალის დაგროვებით, რაც საჯარო ინტერესების მსახურებით იქმნება, არამედ პირადი გავლენების, პირადი ურთიერთობებისა და კერძო ინტერესების გარშემო არსებობს.

საჯარო ფსევდო–ინსტიტუციები კი მხოლოდ ინიღბებიან დეკლარირებული საჯარო ინტერესებით, ხოლო სინამდვილეში საჯარო რესურსების კერძო ინტერესებით განაწილებას ახდენენ.

*****

სააკაშვილმა უცებ აუღო ალღო და კლიენტელიზმი ერთობ მოხერხებულად გამოიყენა ასეთ საზოგადოებაზე საკუთარი ბატონობის მოსაპოვებლად. მან კლიენტელიზმს „ვარდების რევოლუციით“ ინსტიტუციური წესრიგის სახე მისცა და იგი ახალ კვაზი–სისტემად, კორპორაციულ წყობად აქცია. 

ძალაუფლების მოპოვების შემდგომ სააკაშვილის კორპორაციამ ყველა მცირე კლიენტელა ან შთანთქა, ანდაც გაანადგურა. ზოგჯერ ეს „ლიბერტანული“ ლოზუნგით – „ყველაფერი იყიდება, სინდისის გარდა“, ზოგჯერაც „ქურდულ მენტალიტეტთან“, ან „კორუფციასთან“ დაუნდობელი ბრძოლის ანდაც ურა–პატრიოტიზმის დროშით კეთდებოდა. შედეგი კი ყოველთვის შთამბეჭდავად ეფექტური იყო – კორპორაციამ უმოკლეს დროში უკლებლივ ყველა თავის კლიენტად აქცია, მათ შორის ისინიც, ვისაც რაიმე აქტივი „მიჰყიდა“ და ცხადია, ისინიც, ვინც პირწმინდად გაძარცვა. ვისაც კორპორაციის წესებით მის კლიენტად გახდომა არ სურდა, ე.ი კორპორაციასთან „საპროცესო გარიგებას“ არ დადებდა, უნდა „მიჩმორებულიყო“, ე.ი. მარგინალის სამარცხვინო სტატუსი („გაფუჭებული ქურდის“ ანდა „რუსეთის აგენტის“) დამღასავით ეტარებინა; განსაკუთრებით ურჩებს კი სულაც აუპატიურებდნენ და ფიზიკურადაც სპობდნენ.

საზოგადოებაზე კორპორაციული წესრიგი დამყარდა და სტაბილობაც მიღწეული იქნა, თუმცა, ეს როდი ნიშნავს, რომ კლიენტელიზმი, როგორც სოციალურ ურთიერთობათა ძირითადი წესი, შეირყა. პირიქით – კლიენტელიზმმა, (ყბადაღებული „ქურდული მენტალიტეტიც“ სწორედ კლიენტელიზმის  ერთ–ერთი და საკმაოდ პოპულარული ქვესახეობა გახლდათ) სააკაშვილის პირობებში ინსტიტუციური, კორპორაციული სახე შეიძინა და საბოლოოდ გამყარდა.

სააკაშვილის რეჟიმი სახელმწიფო ძალაუფლების უზურპირებისა და მმართველობითი აპარატის სრული „პრივატიზების“ შედეგად წარმოიშვა. ის, რასაც სახელმწიფოს ვუწოდებდით, მხოლოდ კერძო და არა საჯარო კორპორაცია იყო, რომლის მიზანსაც კორპორაციის „აქციონერთა“ სარგებელი – მეტი ძალაუფლება და მეტი სიმდიდრის მოხვეჭა წარმოადგენდა.

ერი–სახელმწიფოსაგან კერძო კორპორაცია, პირველ ყოვლისა, იმით განსხვავდება, რომ ერი კი არ არის სუვერენული სუბიექტი, არამედ კლიენტელური კორპორაცია. მას საჯარო მიზნები საერთოდ არ გააჩნია, ეროვნული ღირებულებებისგან დაცლილია და ოდენ საკუთარ, კერძო სარგებელზეა ორიენტირებული. 

დემოკრატიული ერი–სახელმწიფო კონსტიტუციასა და კანონებს, საჯარო ინსტიტუტებს – საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, ადგილობრივ თვითმმართველობასა და რაციონალურ, საქმის ინტერესებზე, კანონის უზენაესობაზე ორიენტირებულ საჯარო სამსახურს ეყრდნობა.  კორპორაცია კი მის „აქციონერთა“ შორის ძალაუფლების კლიენტელურ, არაფორმალურ განაწილებას და კლიენტელის წევრებს შორის ურთიერთობათა „კაცურ“ (იგივე – „ქურდულ“) წესებს, აგრთვე პატრიმონიალურ მართვის აპარატს – პოსტ–ნომენკლატორულ ბიუროკრატიას, რომელიც პირადი ერთგულების პრინციპებითაა მოწყობილი.

სააკაშვილმა მალევე აღმოაჩინა, რომ კორპორაციული სარგებლის მისაღებად გაცილებით იაფი დაუჯდებოდა რეპრესიული აპარატის შენახვა, ვიდრე კლიენტების ფართო მასისათვის ამ სარგებლის „სამართლიანი“ გადანაწილება. დათრგუნვა გაცილებით უფრო იაფი ჯდება, ვიდრე უკმაყოფილოთა მთელი არმიის კმაყოფაზე აყვანა. ცხადია, ეს კორპორაციული კლიენტელიზმი ფორმალურად ლეგიტიმური სახელმწიფო ინსტიტუტების ფორმით იყო შენიღბული. ხოლო რიგით კლიენტს კი არ შეიძლება ეჭვი შეეტანა ამ ყალბ ლეგიტიმურობაში. სწორედ ამიტომ, რიგითი კლიენტი, რომელიც „მოქალაქედ“ ასევე ცრუდ  მოიხსენიებოდა, „უვიცობის საბურველში“ უნდა ყოფილიყო გახვეული. კორპორაციის ორი მთავარი ტექნოლოგია ე.წ. მოქალაქის, სინამდვილეში კი კორპორაციის კლიენტის დათრუნვა და მისი „უვიცობის საბურველში“ გახვევა, ე.ი. „ცოცხებისა“ და პროპაგანდისტული „ბოლის“ წარმოება გახლდათ.

კორპორაცია რესურსებს ნთქავდა და ზემოთნახსენები „პროდუქტის“ გარდა რეალურად არც არაფერს, არავითარ საზოგადოებრივ სიკეთეს არ აწარმოებდა. ასევე, დაუოკებელი მადის გამო, იგი უუნაროც აღმოჩნდა, თუნდაც საკუთარი მოხმარებული რესურსის ნაწილობრივი კვლავწამოება მაინც გაემართა. თავისი არსით ის ოდენ მომხმარებლური, პარაზიტული კორპორაცია იყო – უცხოური რესურსების, ვალების, იგივე ივანიშვილის (რომელიც თავის დროზე ასევე „უვიცობის საბურველში“ გაახვიეს, ე.ი. „დააბოლეს“) ქველმოქმედების და რაც ყველაზე სავალალოა, ეროვნული სიმდიდრის უმოწყალო ძარცვის ხარჯზე არსებობდა. მყვირალა ინფრასტრუქტურული პროექტები კი კვლავაც კორპორაციის მოგების მაქსიმალიზაციის, „აქციონერთა“ შორის რესურსების პარაზიტული დანაწილებისა და პროპაგანდისტული ბოლის შექმნისათვის ხორციელდებოდა, პატრონი სააკაშვილის ახირებული „გემოვნებითა“ და მისივე პირადი ზედამხედველობით...

 *****

კორპორაციული კლიენტელიზმი, აი ის უმძიმესი მემკვიდრეობა, რაც ივანიშვილმა და მისმა მთავრობამ მიიღო 1 ოქტომბრის შემდგომ.

არა სამთავრობო სექტორი, პოლიტიკური პარტიები, ბიზნეს–ორგანიზაციები, მედია და ა.შ. თავიდან ბოლომდე გამსჭვალულია პატრონ–კლიენტური ურთიერთობებით, რაც მათი არსებობის ძირითადი წესია. ხოლო ვინც ამ პატრონ–კლიენტელურ ხათაბალაში ჩამბული არ არის, ის უბრალოდ ზედმეტი ადამიანია, რომელსაც არავითარი ღირებულება და დანიშნულება დღესაც შენარჩუნებული კვაზი–სისტემისათვის არ გააჩნია.

სააკაშვილის კორპორაციამ წამბილწველი გავლენა მოახდინა და ლამის ბოლომდე გარყვნა როგორც „აქციონერები“, ასევე საკუთარი კლიენტურაც, დაცალა რა ისინი ადამიანური, სამოქალაქო თუ ეროვნული ღირებულებებისგან. კორპორაციამ ადამიანი ზნეობისა და მორალისაგან გაათავისუფლა – წარმატებული ადამიანი კორპორაციისათვის ეს არა ღირსეული და ამით ბედნიერი, არამედ კმაყოფილებამდე გამაძღარი, ზნე–დაცემული ადამიანი იყო. ხოლო წარმატებულობის ერთადერთი ფორმულა – კლიენტელური კორპორაციისადმი, ე.ი. პირადი პატრონისადმი უსიტყვო მორჩილება და უზნეო მსახურება. 

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დღესაც მოქმედი პოლიტიკური და მმართველობის სისტემები ასევე თავიდან ბოლომდე კლიენტელიზმს ეფუძნება. ხელისუფალნი, ე.ი. საკანონმდებლო, აღმასრულებელი თუ სასამართლო გადაწყვეტილების მიმღებნი, აგრეთვე მმართველობითი აპარატიც, მთლიანად პატრონ–კლიენტურ ურთიერთობაზეა მოწყობილი.

კორპორაციულად ორგანიზებული კლიენტელა დღესაც, ისევე როგორც ეს სააკაშვილის დროს იყო, ფლობს „სახელმწიფო“ ძალაუფლებას; ხოლო მმართველობა კი პატრიმონიალური ბიუროკრატიის, სადაც პირადი ერთგულება და არა ინსტიტუციური წესრიგი ფასობს, მიერ ხორციელდება.

განსხვავება ის არის, რომ პოსტ–სააკაშვილისეული „კოაბიტური“ კორპორაცია რეპრესიაზე, დათრგუნვაზე და პროპაგანდისტულ „დაბოლებაზე“ აღარ მუშაობს; ამიტომ, ერთიანი კორპორაცია, რაც სააკაშვილის დროს არსებობდა და კლიენტელათა იერარქიული ჯაჭვის სახით იყო ცენტრალიზებულად ორგანიზებული, იშლება: კვაზი–სისტემა, რომელიც სააკაშვილმა საზოგადოებაზე ოდენ ძალადობით და სიყალბით შექმნა, რეპრესიული წნეხითა და პროპაგანდისტული „დაბოლებით“ კარგა ხანს შეინარჩუნა, ამჟამად შევარდნაძისეული „პლურალისტური კლიენტელიზმის“ მიმართულებით დრეიფის მდგომარეობაშია.

ერი–სახელმწიფოს ინსტიტუტები კი კვლავაც არ არსებობს და არც მათ შესაქმნელად მოძრაობა არ შეინიშნება.

ქართველ ერს ივანიშვილი  ქართული ოცნების აღსრულებას – ქართული სახელმწიფოს დაფუძნებას დაჰპირდა და არა მხოლოდ სააკაშვილისა და მისი ხროვის ძალაუფლებისაგან ჩამოშორებას.

არჩევნებში ივანიშვილმა ქართველი ერი გააერთიანა და სახელმწიფოებრიობა ეროვნულ მისიად აქცია. მაგრამ არც ქართველ ერსა და არც მის ლიდერს,  ივანიშვილს ხელთ არა ჰქონია ინსტრუმენტი, ე.ი. მმართველობის რაციონალური და ეფექტიანი სისტემა, ამ მისიის შესასრულებლად.

სწორედ ამიტომ, დაპირების ის ნაწილი, რაც სააკაშვილის განდევნას გულისხმობდა,  კოაბიტაციის პირობით ნაწილობრივ შესრულდა, ხოლო ქართული სახელმწიფოს შექმნა კი  საერთოდაც შეუსრულებელი მისია აღმოჩნდა.

ეს მისია შეუსრულებელია, რადგან სააკაშვილის კლიენტლური კორპორაციიდან  ერ–სახელმწიფოდ ტრანსფორმაცია უაღრესად რთული, წინააღმდეგობრივი და ეკლიანი გზის გავლას გულისხმობს. ხოლო მმართველობის კვაზი–სისტემას, რაც ივანიშვილმა სახალხო მანდატთან ერთად მემკვიდრეობით მიიღო, ასეთი ტრანსფორმაციის არავითარი რესურსი და არც უნარი არ გააჩნია.

ერთადერთი რესურსი, რაც ივანიშვილს პირადად გააჩნია  კლიენტელიზმის ამ უნაყოფო უდაბნოდან  ქართველი ერის გამოსაყვანად, მისი უზარმაზარი სოციალური კაპიტალია, რაც მისსავე მილიარდებს მილიარდჯერ აღემატება. ამ კაპიტალს კი უმოწყალო ექსპლოატაციას კოალიციად წოდებული, ხელისუფლებაში მოყვანილი მისივე კლიენტელა უწევს, რაც, ცხადია, ამ ძვირფასი რესურსის ოდენ ფუჭი ფლანგვაა.

სწორედ ამიტომ, უშედეგობისაგან გაოგნებული ივანიშვილი ნებაყოფლობით თმობს იმ მანდატს, რაც ხალხისგან არჩევნებში მიიღო და ამით, უკანვე მიაქვს საკუთარი სოციალური კაპიტალიც. ამ კაპიტალის დაბანდებას სამომავლოდ ის ე.წ. სამოქალაქო საზოგადოებაში, რომელიც სინამდვილეში კლიენტელური საზოგადოებაა,  აპირებს. ეს კი „შეუსრულებელი მისია 2–ის“ წამოწყებასა ჰგავს.

ივანიშვილს თავის დროზე არ უთქვამს, რომ იგი პოლიტიკიდან შეუსრულებელი მისიის გამო წავიდოდა. პირიქით, იგი დაგვპირდა, რომ წავიდოდა მხოლოდ მაშინ, როცა კორპორაციის ნაცვლად ერი–სახელმწიფოს ინსტიტუციებს დატოვებდა. ეს მან ვერ შესძლო, რადგან საკუთარი კლიენტელის (ე.წ. კოალიცია ხომ სინამდვილეში მისი პირადი კლიენტელაა!) პატრონობის მძიმე ვალდებულებებისგან ვერ გათავისუფლდა; მემკვიდრეობით მიღებული კვზი–სისტემის ტრანსფორმაციის, ფუნდამენტური რეფორმირების გარეშე  კი ვერც გათავისუფლდებოდა.

სახალხო მანდატი და ეროვნული გმირის გრანდიოზული სოციალური კაპიტალი, რაც ივანიშვილს უდავოდ აქვს, ოცნების აღსრულებისათვის  საკმარისი მაინც არ ღმოჩნდა. მხოლოდ რეფორმების შედეგად გახდებოდა შესაძლებელი პატრონიდან ის პრემიერად  ქცეულიყო, ხოლო მისი კლიენტელა – ნამდვილ მმართველ კოალიციად, პატრიმონიალური მმართველობა – სახალხო მთავრობად; მმართველი აპარატი – კანონის უზენაესობაზე, საჯარო საქმის ინტერესებზე, ცოდნა– გამოცდილებაზე, კომპეტენტურობაზე დამყარებულ რაციონალურ სისტემად და არა პატრონის სამსახურსა და პირად ერთგულებაზე აწყობილ პოსტ–ნომენკლატორულ ბიუროკრატიად, როგორიც ის გუშინწინაც, გუშინაც იყო და დღესაც იგივე არის.

ივანიშვილის განცხადებები წარმატებული, ევროპული ტიპისა და ეფექტური მთავრობის შესახებ, ცხადია, ყოვლად უსაფუძვლოა; ასეთი განცხადებები პატრონის მხრივ კლიენტელასთან სოლიდარობის გამოხატულებაა და რეალობასთან  კავშირი ნაკლებად გააჩნია.

საკანონმდებლო ხელისუფლებაცა  და მთავრობაც არა ეფექტიანია, რადგან მათ მთავარი  – მმართველობის სისტემის რეფორმირება, რაც კორპორაციული წყობიდან ერი–სახელმწიფოს კონსტიტუციურ წყობამდე მიგვიყვანდა, არ ძალუძთ. ხოლო ის, რომ სოციალური პროგრამები ხორციელდება და დათრგუნვის ნაცვლად კვაზი–სისტემა თავისი უპოვარი კლიენტელის დაპურებას ცდილობს, ოცნების ახდენას ჯერაც არ ნიშნავს.

ქართული ოცნება აუსრულებელ ოცნებადვე დარჩა – ერი–სახელმწიფოს ინსტიტუტების შექმნა არც დაწყებულა. ამჟამად კორპორაციულადვე ორგანიზებულ ძალაუფლებას ე.წ. კოაბიტაციის რეჟიმში ივანიშვილის კლიენტელა სააკაშვილის დაშლილი კორპორაციის ნარჩენებთან ერთად ინაწილებს. კლიენტელური კორპორაცია ჩვენს თვალწინ მარტივ მამრავლებად – „ძლევამოსილი მინისტრების“ თუ ცალკეული გავლენიანი ბოსების მცირე კლიენტელებად იშლება. კორპორაციის დაშლის პროდუქტი – მცირე კლიენტელათა უცბაური, „კოაბიტური“ კონგლომერატი, ჯერჯერობით, ივანიშვილის მანდატითა და სახელით სახალხო ხელისუფლების იმიჯს ინარჩუნებს.

მმართველობის სისტემის ფუნდამენტური რეფორმები არც დაგეგმილა და ახალ მთავრობას ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს ამ მიმართულებით. ამის გარეშე კი კლიენტელას პატრონობის  აუტანელი ტვირთის მოცილების ერათადერთი გზა ივანიშვილის მიერ ხალხისგან მიღებული მანდატის დათმობაა. თუმცა,  სავალალო ის არის, რომ ეს მანდატი ხალხსავე კი არ უბრუნდება, არამედ მემკვიდრეობითკ ლიენტელას რჩება მისი პატრონი და „მამა–მარჩენალი“ ივანიშვილისაგან.

როგორც ჩანს, წასვლამდე ივანიშვილი თავის კლიენტელას თანამდებობებს გაუნაწილებს. იგი ცდილობს ხელისუფლებაში საკუთარი, პირადი მემკვიდრენი დატოვოს. ის ახლა სწორედაც ისე იქცევა, როგორც კლიენტელის პატრონი და არა როგორც დემოკრატიული მანდატის მქონე კოალიციის ლიდერი და სახალხო მთავრობის მეთაური. სარგებლის, ე.ი. თანამდებობის მემკვიდრეობითი განაწილება  კლიენტელას მიმართ ივანიშვილის უკანასკნელი ვალდებულებაა. პირადი მემკვიდრეობის განაწილებას ივანიშვილის გარეშე ე.წ. კოალიცია ვერ შესძლებს, რადგან როგორც შვილი მამისგან იღებს სამკვიდროს, ისე კლიენტელაც –პატრონისაგან. პატრონის გარეშე კი კლიენტელას არც არაფერი აბადია – არცა მანდატი და არც სოციალური კაპიტალი.

სწორედაც ამიტომ პრეზიდენტის მანდატს ივანიშვილი ხაზგასმულად უპარტიო და აპოლიტიკურ  მარგველაშვილს უბოძებს, ვინძლო გული არც ერთ ე.წ. კოალიციის „პარტიას“ არ დაწყდეს; ხოლო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ივანიშვილისადმი პატივისცემის, მადლობისა და ამდენად, ნდობის გამოხატულება იქნება და არა სხვა რამ. ასევე, ივანიშვილის მიერ დაინიშნება ახალი, სავარაუდოდ, ასევე უპარტიო პრემიერიც, ხოლო პარლამენტი მხოლოდ ბეჭედს დაუსვამს პატრონის იმპერატიულ ნებას.

მიუხედავად ამ მემკვიდრეობის განაწილებისა, მაინც რას დატოვებს ივანიშვილი, როცა წავა? პასუხი ნათელია – ოდენ უპატრონო, ამდენად, დასაშლელად გამზადებულ კლიენტელას. მის საპრეზიდენტო რჩეულს – მარგველაშვილს მხოლოდ იმიტომ თუ აირჩევენ, რომ არა მას, არამედ მის პატრონს – ივანიშვილს ენდობიან. ახალი პრემიერიც არა ე.წ. კოალიციის პოლიტიკური ლიდერი, არამედ პირადად ივანიშვილის კაცი იქნება. მაგრამ როცა პატრონი წავა, რაღას წარმოადგენს მისი უპატრონოდ შთენილი კლიენტი?! თვით ე.წ. კოალიციაც, როგორც კი მისი პატრონი სახალხო მანდატს დათმობს, სოციალური კაპიტალისაგან განძარცულ და გაკოტრებულ პოლიტიკოსთა კრებულად გადაიქცევა. ისეთივე უპერსპექტივო კრებულად, როგორიც ის ივანიშვილის მოსვლამდე იყო.

ივანიშვილის წასვლის შემდგომ სახალხო ხელისუფლების იმიჯისაგან შორეული მოგონებაღა დარჩება. უარესიც: თვით ივანიშვილის სოციალურ კაპიტალსაც, რომლის დაბანდებასაც იგი ახლა „სამოქალაქო სექტორში“ აპირებს, გაუფასურების საფრთხე შეექმნება, რადგან ვერც მარგველაშვილი იპრეზიდენტებს და არც ახალ პრემიერს ექნება ის სახალხო მანდატი, რაც ივანიშვილს ჰქონდა.

ღრმა სისტემური კრიზისი, რაც ერი–სახელმწიფოს ინსტიტუტების უკიდურესი სისუსტითაა განპირობებული, ივანიშვილის წასვლისთანავე მწვავე პოლიტიკური კრიზისის ფორმას მიიღებს.  

დიახ, 1 ოქტომბრის არჩევანმა ქართველი ხალხი დამთრგუნველი კორპორაციული სისტემის მარწუხებისაგან იხსნა. მაგრამ ხომ არ იქნება მოპოვებული თავისუფლების ფასი უწესრიგობა? ასეთი საფრთხე უდავოდ არსებობს. პოლიტიკური სისტემის (სისტემა მას ახლა მხოლოდ პირობითად შეიძლება ვუწოდოთ) საყრდენი, რის გარშემოც დღეს ყველა ძალაუფლებითი ურთიერთობა იგება, ივანიშვილის ფაქტორია. მაინც რა მოხდება, თუ ივანიშვილი შეუსრულებელი მისიის გამო პოლიტიკიდან წავა?

ნათელი და ცალსახა პასუხი ამ შეკითხვას არა აქვს. სავარაუდოდ, ჩვენს ყოფაში გაბატონებული კლიენტელიზმი ახალი ინსტიტუციური ფორმის მიღებას შეეცდება და თუ ვერ ჰპოვა, მაშინ პროცესი შეიძლება ქაოსშიც გადაიზარდოს.

კლიენტელიზმის დასაძლევად კი, როგოროც აღმოჩნდა, გმირების შეუსრულებელი მისიები დიდი ვერაფერი წამალია. თანამედროვე ერი–სახელმწიფოს შექმნას, როგორც ეს ივანიშვილის მაგალითმაც დაადასტურა, სრულიად ერის სოციალური კაპიტალი სჭირდება და არა მხოლოდ მისი გმირებისა.