დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია შვედ სამხედრო ატაშეებსა და ანალიტიკოსებს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოში შვედეთის სრულუფლებიანი ელჩი დაიანა ჯეინსიც იმყოფებოდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და მისმა მოადგილემ თამარ ქაროსანიძემ უცხოელ სტუმრებს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები გააცნეს. როგორც ირაკლი ალასანიამ განაცხადა, 2017 წლისთვის საქართველოს მაღალპროფესიონალური, ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი არმია ეყოლება. მინისტრმა გამჭვირვალობის კუთხით ბოლო დროს თავდაცვის უწყებაში მიღწეულ შედეგებზეც ისაუბრა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ პოლკოვნიკმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გაერთიანებულ შტაბში მიმდინარე რეფორმები მიმოიხილა და აღნიშნა, რომ საქართველოს სამხედრო განათლების სისტემა ერთ-ერთი საუკეთესოა რეგიონში. მან შვედ მხარესთან სამხედრო განათლების სფეროში შვედეთის თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.
შვედმა ატაშეებმა ქართული რეზერვის სისტემაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს. შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო ასევე, ISAF-ის მისიის დასრულების შემდეგ საქართველოს სატრანზიტო როლი. საუბარი კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებსაც შეეხო.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შვედეთის სამეფოს პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში შვედეთის თავდაცვის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.