ბომბი!!!

ბომბი!!!

...შემდეგ, მოვიდა გამნაღმველი და ბომბის გაუვნებელყოფას შეუდგა. მანამდე, უამრავი შეტყობინება იყო - ბომბი დევს და აფეთქდებაო. არ იჯერებდნენ, თუმცა ყველა ნიშანი ბომბის არსებობაზე მიუთითებდა, დროდადრო ფეთქდებოდნენ და გარემოს წამლავდნენ პატარ-პატარა, უფრო მოზრდილი და თითქმის ბომბის ტოლფასი ასაფეთქებელი მოწყობილობები. ადამიანები იღუპებოდნენ, იწამლებოდნენ, ხეიბრდებოდნენ, გარბოდნენ... დარჩენილები კარგავდნენ ახლობლებს, გონებას, ქონებას და, რაც მთავარია, იმედს.

სპეციალისტები ჩამოდიოდნენ, ხვდებოდნენ ადგილობრივ მოსახლეობას და ადგილობრივ ინფორმატორებს, თავს იქნევდნენ, ამბობდნენ „ნტ, ნტ“-ს, ჩუმად აღშფოთებას გამოხატავდნენ, ხმადაბლა - შეშფოთებას, ხმამაღლა - წუხილს, თუმცა, ეს  მხოლოდ პირად საუბრებში. ოფიციალურ კომენტარებში და საბუთებში აღნიშნული იყო, რომ თუ დემოკრატია გინდებლარიენ - პაჟალუსტა, ოღონდ დემოკრატიის შუქურა იმ საგანგებო ენერგომატარებელზე მუშაობს, რომელიც მსხვერპლის, მოთმინების, გაძლების და დუმილის შეზავებით მიიღებაო.

სადაც მსხვერპლია, იქ მოძალადეც არის და იძულებითი დუმილიც ხომ ძალადობაა?

ამის შესახებ არაფერს ამბობდნენ

ისეც არ იყო, რომ სპეციალისტებს არ შეემოწმებინათ. ჩამოვიდოდნენ, მიიხედ-მოიხედავდნენ, ხაჭაპურს მოგვიწონებდნენ, ხინკალს შეგვიქებდნენ, ვისაც პირში ენის მოტრიალება შეეძლო, დაგვცინებდა, რომ „რა ბომბი, რის ბომბი“ და წავიდოდნენ.

რა ბომბი და, ის ბომბი უდროო დროს რომ იღრიჭება, უადგილოდ რომ ხუმრობს და ამ ხუმრობებზე არავის ეცინება, რადგან ეს ის ბომბი აღარ არის, მხოლოდ ჯართია, რომელიც ადგილს იკავებს, გარემოს აზიანებს და თვალში გეჩხირება.

ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, თუ როგორ ექცევიან სახიფათო ნარჩენებს: მარხავენ, და სამარხს სპეციალურ ნიშნებს ადებენ - არ მიეკაროთ, სახიფათოაო. ჩვენ ვიცით ეს და დიდი ხანია, რაც არავინ ეკარება, ერთი-ორის გარდა, რომელიც ამავე ბომბის მეტ-ნაკლებად უმნიშვნელო დეტალია, ძირითადად - შესაფუთი მასალა. ისინიც კი აღარ ეკარებიან, ვისაც მის უკბილო ხუმრობაზე ერთ დროს მუცელი ხელით ეკავა. ბომბი, უკვე, მათთვისაც სახიფათო გახდა.

აღმოჩენილია, გაშიფრულია, გაუვნებელყოფილია - დეტონატორი მოხსნეს, მაგრამ თვალში ხომ გვეჩხირება? ყურშიც ხომ გვეჩხირება? და მარტივ მამრავლებად დაშლილი დეტალები ხომ მთელ ქვეყანაშია მიმოფანტული? მთელი ხომ დეტალებისგან იწყობა და დეტალებისგან შედგება?

არ ვიცი, როგორ მარხავენ რადიაქტიურ ნარჩენებს, თუმცა დაახლოებით ასე წარმომიდგენია: შემოახვევენ რამეს, მერე კიდევ რამეს და კიდევ რამეს. ჩადებენ რაღაცაში, მერე კიდევ რაღაცაში და ბოლოს მთლად რაღაცაში. ასე შეფუთულ-ჩალაგებულს ჩაფლავენ ღრმად, დაასხამენ რამეს, დააყრიან რაღაცას, ისევ რამეს დაასხამენ, დადგამენ ნიშანს და მიუჩენენ ვინმეს, რომ სამარხიდან არ ამოჟონოს.

დიდი, პომპეზური ცერემონია უნდა გაიმართოს ორი მილიონი ადამიანის მონაწილეობით. „ბნელი იყო და ბნელში იყოს. აქეთ მოხედვის სურვილი არ გაჩენოდეს“ - აი, რა უნდა ვისურვოთ დაკრძალ-დამარხვის ცერემონიალის შემდეგ. რაც შეეხება მომოფანტულ დეტალებს, ცვეთის კოეფიციენტი იმდენად მაღალია, ხოლო ხმარების მასშტაბი იმდენად დიდი, რომ არა მგონია, ვინმეს მათი გამოყენების სურვილი გაუჩნდეს, თუნდაც ყველაზე მშვიდობიანი და კეთილი მიზნით. რაც მართალია - მართალია: მშვიდობაში მათ ვერავინ მოიხმარს. ეგ არის, რომ სიფრთხილეს თავი არ ტკივა - ხომ შეიძლება ვინმემ მათი მიხედვით და მათზე დაყრდნობით ახალი დეტალები დაამზადოს? გიჟებს რა გამოლევს!..

ამიტომ, ვფიქრობ, დეტალებიც უნდა დაიმარხოს, ცერემონია კი უფრო პომპეზური და მასშტაბური იქნება.

ცერემონიამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, ერთ და ორ თვეში ასეთი საქმეები არ კეთდება, არც ერთ და ორ წელიწადში, ყველა საქმეს ცოდნა უნდა. ამ ოც წელიწადში კი მივიღეთ მცირეოდენი ცოდნა და ცოტაოდენი გამოცდილება, მაგრამ გამოყენება ხომ უნდა? დოლის გარეშე, ტიკის გარეშე არავინ გაფრენილა, მაგრამ ვინ დაფრინავს მხოლოდ დოლისა და ტიკის ამარა? ის არის საჭირო, რაშიც უნდა გავახვიოთ, რაშიც უნდა ჩავდოთ, რაც უნდა დავასხათ და რაც უნდა დავაყაროთ. ისიც საჭიროა, ვინც უნდა მივუჩინოთ, სიმყრალემ რომ არ გამოჟონოს.

უცხო არავინ გვინდა - ხაჭაპურით გამძღარს და ღვინით გალეშილს ასეთ საქმეს ვერ ვანდობთ. ამ საქმისთვის არც არყის მოყვარული გამოდგება. ეგეც რომ არა... მიყიდია, დამიკლავს, გამიტყავებია ჩამომიკიდია და სიამოვნება სხვამ რატომ უნდა მიიღოს? განა შედეგით ტკბობა, ოღონდ - ფხიზლად ტკბობა, სიამოვნება არ არის?

გამაფრთხილებელი წარწერა დამავიწყდა... წარწერა ილუსტრაციას უნდა ახლდეს. ილუსტრაციად იქნება ბომბი თბილისის რეზიდენციაში, ბომბი ბობოყვათის რეზიდნციაში, ბომბი მესტიის რეზიდენციაში, ბომბი თბილისში, ბათუმში, თელავსა და ქუთაისში, ბომბი კოდორის ხეობაში და ახალგორში, ბომბი ცენტრში და საზღვარზე, ბომბი სკოლაში, ციხეში, რედაქციაში... საილუსტრაციო მასალა ბევრზე ბევრია, მაგრამ ერთის არჩევა მოგვიწევს.

ჩემი აზრით, უნდა დავხატოთ ბომბი თითოეულ ოჯახში და დავაწეროთ: „არ მიეკაროთ, ამაზრზენია!!!“

როცა იქნება - იქნება, ერთი-ორი თვე და ერთი-ორი წელი ძალიან ცოტაა, რადგან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ავრცელებდა მავნე ნივთიერებებს და ახლაც ყარს: „ჩემი პრეზიდენტობის ვადა სრულდება, მაგრამ ამით პოლიტიკურ საქმიანობას არ ვწყვეტ“.

მაოხრებელი მკვდარიო, თუ როგორც არის...

ჩვენთან ხომ ბომბი აქტუალური თემაა... იმდენი ვქენით, რომ თავად შევქმენით და იმდენი ვითმინეთ, სანამ არ აფეთქდა. იყო ლოკალური აფეთქებები, რომლებმაც უამრავი ადამიანი შეიწირა, მოწამლა, სამუდამოდ დაახეიბრა და შორს არ იყო ის დღე, როცა თითოეულ ოჯახში ერთად და ერთბაშად იფეთქებდა. ვინც გაასწრო - გაასწრო და, პრინციპში, ბოლოს ყველა გაასწრებდა და რაღა - უჩვენოდ დარჩენილი ჩვენი ქვეყანა და რაღა - აფეთქებული ჩვენი ქვეყანა.

ვინ იცის, რამდენს უნატრია „საქართველო ქართველების გარეშე“, მაგრამ ჯერ კიდევ ვართ და, ჰოპლათი თუ უჰოპლოთ, მაგრამ მაინც ვცოცხლობთ.

ტურიზმი კარგია, ემიგრაცია - ცუდი.

ასეთი საშიშროების წინაშე არასოდეს ვმდგარვართ. გამაფრთხილებელი ნიშანიც მაგას გვეუბნება - „არ მიეკაროთ, ამაზრზენია“, და თუ ვინმე წაკითხულ არ ენდობა და ნანახის უფრო ჯერა (როგორც ციხის კადრების შემთხვევაში), შეუძლია გამაფრთხილებელ ნიშანს კარგად დააკვირდეს - ბომბი თითოეულ ოჯახში.

არავითარი ცრუ შეტყობინება, ნამდვილად ასე იყო...

შემდეგ, მოვიდა გამნაღმველი და ბომბის გაუვნებელყოფას შეუდგა.