ბიძინა ივანიშვილის განცხადება ნებაყოფლობით საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან წასვლის შესახებ, საქართველოს უახლეს ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენაა, როგორც უმაღლესი ხელისუფლების მქონე პირის მიერ საკუთარი ნებით ძალაუფლებაზე უარის თქმისა. მართალია, ანალოგიური ფაქტი 1989 წლის აპრილშიც მოხდა, როცა 9 აპრილს მშვიდობიანი მიტინგის დარბევას ათობით ადამიანი შეეწირა და ამის გამო საქართველოს კომპარტიის ცკ-ს პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი თანამდებობიდან გადადგა, მაგრამ მაშინდელი საქართველოს ადგილობრივი ხელისუფლების ბედი კონსტიტუიურადაც და ფაქტობრივადაც მაინც სსრკ-ის ცენტრალურ ხელისუფლებაზე იყო დამოკიდებული, ხოლო საქმეში ჩახედული ხალხისთვის კარგად არის ცნობილი, რომ საბჭოთა კავშირის მაშინდელი გავლენიანი საგარეო საქმეთა მინისტრის შევარდნაძის დამოკიდებულება პატიაშვილის მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, არ იყო დადებითი, რომელსაც მოსკოვიდან დავალებული ჰქონდა თბილისში მიმდინარე პროცესების დარეგულირება, რამაც გადაწყვიტა კიდეც პატიაშვილის ხელისუფლებაში ყოფნა-არყოფნის საკითხი, მითუმეტეს, პატიაშვილმა მყისიერად, ტრაგედიის დღეს, 9 აპრილს კი არ დატოვა თანამდებობა, არამედ, რამდენიმე დღის შემდეგ. მე არ მინდა დავაკნინო პატიაშვილის გადაწყვეტილების მორალური ღირებულება, მაგრამ, ვფიქრობ, დამეთანხმებით, რომ, ზემოთქმულიდან გამომდინარე, ივანიშვილის მიერ ხელისუფლებაზე უარის თქმა ბევრად უფრო აღმატებული პოლიტიკური მოვლენაა.
გასაგებია, რომ ამგვარ განცხადებას ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლამდეც ამბობდა, მაგრამ ქართველი პოლიტიკოსებისგან, სწორედ ხელისუფლებაში მოსვლის მიზნით, უფრო მწვავე თვითგვემის შინაარსის მქონე დაპირებებიც მოგვისმენია, რომლებიც ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდგომ, როგორც წესი, დავიწყებას მისცემია და შემდგომში ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლა სისხლის კალოდ უქცევიათ.
ჩემი წერილის მთავარი არსი არის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან წასვლის მოტივების გარკვევის მცდელობა და იმის განსაზღვრა, თუ რა შედეგებს მოუტანს და რა პერსპექტივებს უქმნის ეს გადაწყვეტილება საქართველოს.
სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსისათვის ხელისუფლება არის ის მექამიზმი თუ ინსტრუმენტი, რომლის საშუალებით მას შეუძლია განახორციელოს ის იდეები და რეფორმები, რაც მისი აზრით კეთილდღეობას და პროგრესს მოუტანს საკუთარ ქვეყანას. ხოლო თუ ამ წარმატებას საზოგადოების დიდი ნაწილიც აღიარებს, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დაკმაყოფილდეს ჭეშმარიტი პოლიტიკოსის ამბიციები და არა იმით, რომ ხელისუფლება საკუთარი განდიდებისთვის ჩაიგდოს ხელში და მისი ბერკეტები მხოლოდ ეგოისტური სურვილების დასაკმაყოფილებლად უკანონოდ და უზნეოდ გამოიყენოს.
ივანიშვილს სწორედ იმიტომ ჰქონდა ასეთი დიდი სახალხო მხარდაჭერა სააკაშვილის რეჟიმის დამხობის შემდგომაც, რომ, მისი წარსული ცხოვრებიდან გამომდინარე, მის სახელმწიფოებრივ მიზნებში ეჭვი არავის შეჰპარვია და ეს სახელმწიფოებრივი განზრახულობანიც მშვენივრად ჰქონდა გაწერილი, რაც გამოიხატებოდა საქართველოს დემოკრატიულ, სამართლებრივ და ეკონომიკურად აღმავლობისა და კეთილდღეობის მქონე ქვეყნად ჩამოყალიბებაში. აღნიშნულის მოსაღწევადაც ხალხისათვის მისაღები და გასაგები სწორი რეფორმები იყო მონიშნული სასამართლოსა და თვითმმართველობის შესაბამისი მოდერნიზებითა და ეროვნული წარმოების განვითარების პროგრამებით. თავის თავად ცხადია, ბევრი ეს დანაპირები ძირითადად არ შესრულებულა ან შესრულების პროცესშია და მითუმეტეს, ასეთ მომენტში ხელისუფლებიდან წასვლა იმ პიროვნებისა, რომელსაც უკავშირდება ყველა სასიკეთო პროცესის წარმართვა, საზოგადოებაში მწვავედ უარყოფითად აღიქმება.
ამით ის დასკვნა მწიფდება, რომ ივანიშვილი ვერ ჩამოყალიბდა, როგორც მყარი პოლიტიკოსი. ეს მის სიტყვებშიც იკვეთება, როცა ბრძანა, რომ მას სიამოვნებას არ ანიჭებს პოლიტიკა, რაშიც გასაოცარი არაფერია, რადგან პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსი, როცა მისი სახელმწიფო ამდენი გადაუწყვეტელი ფუნდამეტური პრობლემის წინაშე დგას, წესით, განცხომაში არც უნდა იყოს, მაგრამ, როცა ასეთ დროს პოლიტიკოსობაზე უარს ამბობს ხელისუფლების პირველ პირად არჩეული პიროვნება, სურს ეს თუ არა ეს მას, ამ ეტაპზე აღიქმება, როგორც სწორედ ამ პრობლემებისგან თავის არიდება და მათი სხვისთვის გადაბარება. ასეთი რამეს კი ნამდვილი პოლიტიკოსი, როგორც წესი, საკუთარი ნებით არ აკეთებს.
მაინც რა მოტივით ამართლებს ივანიშვილი ხელისუფლების დატოვებას? როგორც თავად ამბობს, მისი სურვილია ისეთი საზოგადოების ფორმირებას შეუწყოს ხელი, რომელიც ”ხელისუფლებას თავის სამსახურში ამყოფებს”. უფრო კონკრეტულად კი: ”ჩემს ფუნქციას სწორედ იმაში ვხედავ,რომ ჩამოვაყალიბოთ ისეთი საზოგადოება,რომელიც, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობით აკეთებს არჩევანს და არჩევნებში აფიქსირებს თავის პოზიციას, თუ როგორი ქვეყანა სურს მას, მეორე მხრივ კი, არჩევნების შემდეგ, მუდმივ რეჟიმში აკონტროლებს არჩეული მთავრობის ეფექტურობასო”. მაგრამ ყოველივე ამის მიღწევა უფრო იოლად და შედეგიანად ხომ სწორედ ხელისუფლების ბერკეტების გამოყენებით შეიძლება, როცა შექმნი ძირეული რეფორმებით ისეთ სასამართლო სისტემას, რომელიც ყოველგვარ უკანონობას მუდმივად დაუპირისპირებს კანონს, ანუ ყოველგვარ უკანონო ქმედებაზე შესაბამისი სამართლებრივი პასუხი გარდაუვალი იქნება და ამით საზოგადოებაში კანონის მიმართ შიშისა და პატივისცემის გრძნობა მყარად დამკვიდრდება. რაც მთავარია, მართლმსაჯულების მიერ საკუთარი ფუნქციების ეფექტურად განხორციელება სახელისუფლო სტრუქტურებში მოსპობს ელიტური კორუფციის, ნეპოტიზმისა და სხვა ათასგვარი უკანონობის გავრცელების პირობებს. ეს არის, საერთოდ, სახელმწიფოს განვითარებისა და ხალხის კეთილდღეობის უმთავრესი მტერი, რასაც ჰქონდა ადგილი საქართველოს ისტორიის უკანასკნელ 20 წლიან პერიოდში, რამაც წარმოშვა ის რვაფეხა, რომელსაც უკვე მნიშვნელობა არა აქვს რას ვუწოდებთ -ოლიგარქიას, სახელმწიფო მაფიას, ხელისუფლების დანაშაულებრივ სინდიკატს, თუ დანაშაულებრივ კორპორაციას. სწორედ ეს რვაფეხა ჭამდა ქართულ სახელმწიფო ორგანიზმს. სწორედ მის კისერზეა ქვეყნის უპასუხისმგებლო მმართველობა გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდგომ, რისი შედეგიც არის ყველა ის უბედურება, რაც თავს დაატყდა საქართველოს.
ამავე დროს, აუცილებელია ჩვენს ქვეყანაზე მორგებული თვითმმართველობის კანონის საფუძველზე ადგილობრივი ხელისუფლების ფორმირება, რომლის წყალობით ხალხი საკუთარი ქვეყნის ბატონ-პატრონად ჩათვლის თავს.
იმ ქვეყნის მიმართ, თუნდაც ის საკუთარი სამშობლო იყოს, სადაც მოსახლეობა ცხოვრების პერსპექტივას ვერ ხედავს და თავს უსამართლობის მსხვრეპლად მიიჩნევს, ადამიანების უმრავლესობას დადებითი დამოკიდებულება და პატრიოტული გრძნობა თანდათან უქრება და მას ადვილადაც ელევა, რაც გამოიხატება მკვიდრი მოსახლეობის საზღვარგარეთ უკანმოუხედავად მასობრივად გაქცევაში. ხოლო ვინც რჩება, მათგანაც მნიშვნელოვანი ნაწილი უსახსრობისა და ცხოვრებაზე ხელის ჩაქნევის გამო უარს ამბობს ოჯახისა და მომავალი თაობის შექმნაზე.
ყვავის ჩხავილად არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას, რომ ასეთი ქვეყანა, როგორც თვითმყოფადი ეროვნული სახელმწიფო, გაქრობისთვის არის განწირული და სამწუხაროდ, საქართველოს დემოგრაფიული სტატისტიკა აღნიშნული სიტყვების სიმართლეს ამტკიცებს. ვიცი, რადიკალურად საპირისპიროდ აზროვნებენ ლიბერალისტური იდეოლოგიით გახურებული ტვინის პატრონი პოლიტიკანები, რომელთა ტვინის სიმხურვალის ამპლიტუდა პირდაპირ პროპორციულია დასავლური გრანტების მიღების რაოდენობისა, მაგრამ სანამ ქართველებისათვის ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება ფასეულობას წარმოადგენს, რაც, იგივე ერის, როგორც უმნიშვნებლოვანესი ფენომენის მარადიული არსებობის მსოფლხედველობის გაზიარებას ნიშნავს, მანამ ყველანაირი რაციონალური სახელმწიფოებრივი ღონისძიების გატარებაა საჭირო, რომ საქართველო მისი სახელწოდების არსის რეალურ განსახიერებას წარმოადგენდეს.
მაგრამ აღნიშნული ღონისძიებების გატარებას სჭირდება ძლიერი ეკონომიკა, დიდი ბიუჯეტი, მიზანდასახული ფონდები, რომელთა ფორმირება შეუძლებელია, თუ თავად ჩვენს ქვეყანაში არ განვითარდება წარმოება და სოფლის მეურნეობა. ქვეყანა, რომელშიც იმპორტი სამჯერ აჭარბებს ექსპორტს განწირულია უმუშევრობისა და ეკონომიკურ კრიზისში ყოფნისათვის ყველა თავისი პოლიტიკურ-სოციალური კატასტროფული შედეგით.
დიახ, ივანიშვილმა ნაცბანდისათვის ხელისუფლების მთავარი ბერკეტების ჩამორთმევით შეასრულა ის ფუნქცია, რაც ხალხს დაპირდა, მაგრამ მის დაპირებაში შედიოდა ასევე ყველა სახელმწიფოებრივ სფეროში სტაბილური აღმშენებლობისათვის მყარი საფუძვლის ჩაყრა, რისი განხორციელების მცდელობა ნამდვილად იყო, იგივე სასამართლო რეფორმის განხორციელების სახით, მაგრამ რეალურად კუბლაშვილის დისკრედიტირებული სასამართლოსათვის ახალი სულის ჩაბერვა მივიღეთ, რაც ნაციონალურ რეჟიმთან კოაბიტირების ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოხატულებაა. ამით კი სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნის დაპირებამ ჩაილურის წყალი დალია, რაც უკანასკნელ ხანს სასამართლოს აშკარად გამოკვეთილ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში მჟღავნდება, რომელიც ნაცრეჟიმის ოდიოზური ფიგურების სამართლებრივი რეაბილატაციით არის დაკავებული.
სადავო არ არის და ამას თავად ბიძინა ივანიშვილიც აღიარებს, რომ ეს ავადსახსენებელი კოაბიტაცია დასავლეთის მმართველი ბიუროკრატიის მიერ არის საქართველოსთვის თავსმოხვეული, რომელიც საკუთარი პროექტის - ნაცრეჟიმის პოლიტიკური გადარჩენისთვის იბრძვის. ყოველივე ამას საერთაშორისო მასშტაბის კორუფციის სუნიც რომ ასდის, არც ეს იწვევს ეჭვს, რასაც ნაცმთავრობის მიერ წინა წლებში ქართული ბიუჯეტიდან ათობით მილიონი დოლარის დასავლეთის ე.წ. ლობისტური კომპანიების ანგარიშებზე დადება ამყარებს. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ამერიკის კონგრესსა და ევროასამლეაში უკვე მუშავდებოდა რეზოლუციები, რომელთა მიხედვითაც ივანიშვილის ხელისუფლება ანტიდემოკრატიულ მმართველობად გამოცხადდებოდა მის მიმართ შესაბამისი სანქციების დაწესებით. ამ რეალობის აღქმითაც კარგად ჩანს თუ რას წარმოადგენს დასავლური დემოკრატია საერთაშორისო ურთიერთობებში და როგორ თრგუნავს მისი გავლენის ზონაში მყოფი ვასალური ქვეყნების ერის ნებას და სუვერენული და დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას.
არ არის გამორიცხული, რომ ივანიშვილმა სწორედ ამ ძალებთან სახიფათო დაპირისპირებას აარიდა თავი, რადგან იგი მის ფინანსურ იმპერიასაც დიდ საშიშროებას უქმნიდა, მითუმეტეს, ცნობილია რომ მან თავისი კაპიტალი სწორედ დასავლური საინვესტიციო ფონდების ანგარიშებზე განათავსა, ხოლო დასავლეთისათვის არასასურველი ლიდერების ანგარიშების გაყინვა ჩვეულებრივი ამბავია დასავლური სამყაროსათვის.
დასავლეთის კონიუნქტურასთან ჭიდილში ივანიშვილის უკანდახევის, რაც მის მიერ კოაბიტაციის ინსტრუქციის განხორციელებასა და ხელისუფლებიდან ნაადრევად წასვლაშიც გამოიხატება, მკაცრად უარყოფითად შეფასების მომხრე არ ვარ, რადგან ხელისუფლებაში ყოფნისათვის ზემოთ მითითებულ ამხელა დანაკარგზე წასვლა გამართლებულად არ მიმაჩნია. ივანიშვილის არნახული მასშტაბის ქველმოქმედებიდან გამომდინარე, მჯერა მისი სიტყვების, რომ მას დარჩენილი მილიარდების გაღება ისევ საქართველოს საკეთილდღეოდ სურს და მართლაც არსებობს კონკრეტული პროგრამა საპარტნიორო ფონდის აქტიური ამოქმედების სახით, რომლითაც უამრავი ბიზნესპროექტის ხორცშესხმაა დაგეგმილი. ამგვარი პროექტების განხორციელება კი ეკონომიკის გაჯანსარების ერთადერთი საშუალებაა, რისი განხორციელებაც ივანიშვილს ხელისუფლებაში ყოფნის გარეშეც შეუძლია და თუ ის ამას გააკეთებს, მაშინ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ექნება შესრულებული.
რაც შეეხება სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის საკითხს, რომელმაც უნდა განსაზღვროს და აღასრულოს ქვეყნის განვითარების სტრატეგია, ეს ფუნქცია უბრუნდება ქართველ ხალხს, რომელმაც უნდა მოითხოვოს ჭეშმარიტად დემოკრატიული და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რადგან დღევანდელი პარლამენტი რომ ექსტრემალურ სიტუაციაში იყო არჩეული და მხოლოდ ნაცრეჟიმის დამარცხების ფუნქცია ჰქონდა დაკისრებული, ეს სადავო არ უნდა იყოს. ამიტომ ის არც გამოხატავს ქართველი ხალხის რეალურ პოლიტიკურ განწყობას და მასთან შეგუება მხოლოდ ივანიშვილის დიდი ავტორიტეტის წყალობით ხდება, მაგრამ, რახან ივანიშვილი უახლოეს ხანებში ხელისუფლებიდან მიდის, ამ პარლამენტის არსებობა უკვე ანაქრონიზმია და დროა ქვეყანამ იფიქროს პარლამენტი რეალური გავლენის მქონე პოლიტიკური ძალებით დაკომპლექტდეს. თუმცა, მანამდე საპრეზიდენტო არჩევნებზე უნდა გამოხატოს ხალხმა თავისი ნება, სურს თუ არა კვლავ ერთი პარტიის უკონტროლო მმართველობის ქვეშ იმყოფებოდეს, თუ პოლიტიკურ ძალთა ხელისუფლებაში დაბალანსების გზით ქვეყანაში რეალურ დემოკრატიას დაუდოს სათავე, რომ შეიქმნას სახელმწიფოს განვითარებისათვის საჭირო იდეების ჭიდილისა და შერჩევის ხელსაყრელი გარემო და მათი განხორციელების ხარისხიანი კონტროლის აუცილებელი მექანიზმები.