საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 20 სექტემბერს სააქციო საზოგადოება „ტელევიზიის“ დაფუძნებლებს შეხვდა და გამოთქვა მზადყოფნა, აღნიშნული გაერთიანების წევრებს მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული ტელეკომპანია „მე-9 არხის“ ტექნიკის ნაწილი გადასცეს.
სააქციო საზოგადოეობა, რომელიც ახალი ტელევიზიის გახსნას აპირებს, მიმდინარე წლის 9 სექტემბერს დაფუძნდა. მანამდე კი, 19 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის საკუთრებაში არსებული ტელეკომპანია „მეცხრე არხი“ და საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9“ პირველი სექტემბრიდან მაუწყებლობას შეწყვეტდა.
„მეცხრე არხის“ ტექნიკის შეძენის მსურველთა მიერ შექმინილი სააქციო საზოგადოების დამფუძნებლები ჟურნალისტი ია ანთაძე, პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე და სქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია არიან.
როგორც ია ანთაძემ For.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, სააქციო საზოგადოების საწესდებო კაპიტალი 3 000 ლარით განისაზღვრა, 1 აქციის ნომინალური ღირებულება კი არაუემეტეს 1 ლარისა იქნება.
ამასთან, სააქციო საზოგადოებას 9 წევრისაგან შემდგარი სამეთვალყურეო საბჭოც ჰყავს, რომლის წევრებიც პაატა ქურდაძე, დავით ზილფიმიანი, ნინო ზურიაშვილი, თამაზ ავალიშვილი, რამილია ალიევა, გიორგი ლოლაძე, ნატა მურვანიძე, მერაბ რატიშვილი და მამუკა ყუფარაძე არიან.
ქალბატონო ია, თქვენ გქონდათ შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან და განიხილეთ „მეცხრე არხის“ გარშემო განვითარებული მოვლენები. კონკრეტულად რა იყო საუბრის ძირითადი საკითხები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან?
- სააქციო საზოგადოების დამფუძნებლელბის და სამეთვალყურეო საბჭოს ორი წევრის შეხვედრა შედგა პრემიერ-მინისტრთან. ჩვენ განვიხილეთ ჩვენი ინიციატივის დადაბითი მხარეები და საფრთხეები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დადებით მხარეებზეც და საფრთხეებზეც ვისაუბრეთ, ბატონი პრემიერი მზადაა იმისათვის, რომ გადმოგვცეს ის ტექნიკა, რაც ჩვენ გვჭირდება. იგი იზიარებს ჩვენს ხელთ არსებულ კონცეფციას, თუმცა მისი შიშები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება სააქციო საზოგადოებამ ტელევიზია გადააქციოს როგორც ბიზნესი, ისევ რჩება. ჩვენ ამ საფრთხეებზე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვისაუბრეთ.
ძირითადად რა ტექნიკაზეა საუბარი, რამდენადაც ცნობილია, თქვენ აპირებთ მცირემასშტაბიანი ტელევიზიის შექმნას და რა ფორმით უნდა გადმოგეცეთ „მეცხრე არხის“ ტექნიკა, ეს იქნება სიმბოლურ ფასად გადმოცემა თუ მზად ხართ საბაზრო ღირებულება გადაიხადოთ?
- რა თქმა უნდა, შესყიდვა საბაზრო ღირებიულებით იქნება. აქ ძირითადად საუბარია გადახდის ფორმებზე და პირობებზე. ჩვენ პრემიერთან შეხვედრაზე მივდიოდით ისე, რომ არ ვიცოდით წამოვიდოდით თანხმობით, თუ წამოვიდოდით უარით. ჩვენ გვჭირდება მინიმალური ტექნიკა და ამის საფასურიც დადგინდება. ეს სააქციო საზოგადოება სრულიად ახალი წამოწყებაა და რამდენად შევძლებთ ამის განხორციელებას, პრემიერ-მინისტრი დარწმუნებული არ არის, ამიტომ გვითხრა, რომ ყველას ერთად გვაძლევს შანსს.
როგორ აპირებთ ამ ტექნიკის შესაძენი თანხის შოვნას და თქვენთვის საჭირო ტექნიკის ღირებულების დადგენის შემდეგ, რა არის ის მაქსიმალური თანხის ოდენობა, რომლის გადახდაც სააქციო საზოგადოებას შეეძლება?
- სააქციო საზოგადოების წესია, რომ მან საჯარო შეთავაზებით აქციები ბირჟაზე უნდა განათავსოს და ადამიანები ვინც ფიქრობენ და ჩათვლიან, რომ ამ ბიზნესს აქვს განვითარების შანსი, მომგებიან ბიზნესად გადაქცევის პერსპექტივა, ამ აქციებს შეიძენენ. რაც შეეხება იმას, თუ რამდენი აქცია განთავსდება, რა იქნება აქციების ის პროცენტი, რომლის შეძენაც ერთი ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის იქნება შესაძლებელი, ეს მოლაპარაკების და კონსულტაციების საგანია. ჩვენ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას გავაჟღერეთ, რომ ერთი პირის მიერ შეძენადი აქციების მაქსიმალური ზღვარი აქციათა სრული რაოდენობის 10% ყოფილიყო, თუმცა ამ კუთხით კონკრეტული შენიშვნები და რეკომენდაციები მოგვცა პრემიერმა და გვირჩია, რომ შესაძლოა, 10% ძალიან ბევრი იყოს ერთი პირისთვის, რადგან ამ ტელევიზიის მართვის საქმეში მონაწილეობა და მისი აქციების შეძენა რაც შეიძლება ბევრ მოქალაქეს შეეძლოს.
სპონსორის მოიძიებასაც ხომ არ აპირებთ ან უკვე ხომ არ გყავთ თქვენი იდეის ფინანსური მხარდამჭერი?
- რაც შეეხება დაფინანსებას, არავითარი დამფინანსებელი არ გვეყოლება და გარდა გაყიდული აქციებისა, არანაირი შემოსავალი არ იქნება. აბსოლუტურად ყველა ადამიანს, ვინც ტელევიზიის აქციების შეძენას დააპირებს, ექნება ვალდებულება დეტალურად წაიკითხოს ორგანიზაციის წესდება, თუ როგორ იმუშავებს ეს ტელევიზია და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძენენ აქციებს. ეს მოხდება საბანკო ანგარიშსწორებით. აქციებისთვის, როგორც ასეთი, ქაღალდი დიდი ხანია, უკვე არ არსებობს. ყველაფერზე, საერთო თანხაზე, მათ შორის რამდენია თანხა, რომლითაც ტექნიკას შევიძენთ, რამდენია თანხა, რომელიც ოფისის იჯარაში უნდა გადავიხადოთ, როგორი იქნება თანხის გადახდის წესი, ეს ყველაფერი წესდებაში იქნება ჩაწერილი. ჩვენი მოსაზრებაა, რომ ერთი აქციის ღირებულება იყოს მხოლოდ ერთი ლარი.
რატომ ფიქრობთ, რომ აქციებს მოსახლეობა შეიძენს და მიღებული შემოსავლით შეძლებთ ტელევიზიის ფუნქციონირებისთვის საჭირო მატერიალური რესურსების მოძიებას? რამდენად შეგიძლიათ ამის პროგნოზირება ამ ეტაპზე?
- სამი ფაქტორი მაძლევს იმის იმედს, რომ ამ ფულის შეგროვება პრობლემა არ იქნება: პირველია ის, რომ საზოგადოება მზადაა, საქართველოში პოლიტიკური ჯგუფების კონტროლისგან თავისუფალი ტელევიზია იყოს. ეს იქნება სრულიად ახალი ტიპის ტელევიზია, როგორიც არასოდეს არ ყოფილა საქართველოში. ჩვენ აქციებს კი არ ვჩუქნით ვინმეს, არამედ არის ერთ-ლარიანი ღირებულება აქციისა და ყველა ოჯახს შეეძლება გახდეს რაღაც ბიზნესის თანამფლობელი. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა, რომ ასე მასობრივად გახდნენ ბიზნესის თანამფლობელები. თან როგორი ბიზნესის?! - ჩართავ ტელევიზორს, შეხედავ რას აკეთებს შენი ტელევიზია და თუ აქციების ფასი მიდის ზემოთ, ესე იგი, კარგად არის საქმე, თუ ეცემა ფასი, ესე იგი ცუდადაა საქმე. ამ კონცეფციზე აგებული ტელევიზიის მისაღებად საზოგადოება მზადაა, ზოგი 1 ლარს გადაიხდის, ზოგი 5 ლარს და ზოგი 10 000 ლარს. მეორე ფაქტორია ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, რომელიც არის გარანტი, რომ ამ ტელევიზიას რეკლამების არმიცემით და ტერორით არ მოახრჩობენ. ასეთ ტელევიზიას მხოლოდ თავისუფალ გარემოში შეეძლება არსებობა, ამის გარანტი ბიძინა ივანიშვილია. მესამე ფაქტორია დამფუძნებლებისადმი საზოგადოების ნდობის ფაქტორი. ეს სამი ფაქტორია, რომლის საფუძველზეც ვფიქრობთ, რომ სწორ ნიადაგზე კარგ ტელევიზიას ავაშენებთ.
თქვენი საინიციატივო ჯგუფის მიერ შექმნილი ტელევიზია „მეცხრე არხის“ შენობაშივე იფუნქციონირებს?
- ჩვენ, ალბათ, 2-3 დღეში შევალთ დიღმის მასივში არსებულ „მეცხრე არხის“ შენობაში და ვნახავთ რა მდგომარეობაა იქ. იქ გამზადებულია ყველაფერი იმისთვის, რომ ტელევიზია ეთერში გავიდეს და, რა თქმა უნდა, ჩვენი წინასწარი განწყობა ასეთია, რომ შევინარჩუნოთ ეს შენობა, რადგან ამ ეტაპზე ყველაზე იაფი დაგვიჯდება.
თანამშრომლების დაკომპლექტება როგორ მოხდება, „მეცხრე არხის“ ყოფილ თანამშრომლებს დაასაქმებთ, თუ სრულიად ახალი კადრებით აპირებთ ახალი ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის დაკომპლექტებას?
- რაც შეეხება კადრების დაკომპლექტებას და თანამშრომლებს, ტელევიზიაში სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დანიშნული სრულიად ახალი მენეჯმენტი იქნება, რომელიც თანამშრომლების შერჩევის პროცესს განაგებს. იქნება რაღაც კრიტერიუმები და იმის მიხედვით, ვინ დააკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს და მოთხოვნებს და ვინ - არა, გადაწყდება არხის თანამშრომელთა საკითხი. თუ „მეცხხრე არხის“ ყოფილმა თანამშრომლებმა კონსკურსში მიიღეს მონაწილეობა და მოთხოვნები დააკმაყოფილეს, რატომაც არ უნდა იმუშავონ?! ყველას თანაბარი პირობები ექნება. მაგრამ ეს იქნება ტელევიზია, რომელიც ძალიან დიდი ოდენობით ადამიანებს მოიწვევს და რომლებიც, ამ ეტაპზე არც თუ ისე მაღალი ხელფასით იმუშავებენ. ჩვენ სხვა არხებს ხელფასით ვერ გავუწევთ კონკურენციას. არ გვაქვს საშუალება ჟურნალისტებს ათასობით ლარი გადავუხადოთ. აქ გადახდის სრულიად სხვა პრინციპი იქნება. ძალიან სპეციფიკური შერჩევა გვექნება ჟურნალისტებისა და ბევრი ადამიანი, რომლებიც შეჩვეული არიან, რომ ჟურნალისტებს ძალიან მაღალი ხელფასები აქვთ, საერთოდ არ იქნებიან დაინტერესებული ჩვენთან თანამშრომლობით. ჩვენი პრინციპია, რომ ამ ეტაპზე მცირებიუჯეტიანი ტელევიზია ვერავის შესთავაზებს დიდ ხელფასს.
ამ ტელევიზიის მეშვეობით რას შესთავაზებთ ახალს ქართველ მაყურებელს, რატომ უნდა გიყურონ?
- ყველა გადაცემა, ეს იქნება საინფორმაციო გამოშვება, პოლიტიკური თოქ-შოუ თუ სხვა ფორმატის გადაცემები, იქნება ისეთი, რაც საზოგადოებას აინტერესებს. საზოგადოებისთვის მისაღები იქნება აბსოლუტურად ყველა დეტალი, დაწყებული დიზაინიდან, დასრულებული სხვა საკითხებით. რაც შეიძლება ნაკლებ ფასად, ხარისხიან პროდუქტს შევთავაზებთ საზოგადოებას.
საკმაოდ კონკურენტუნარიან სარეკლამო ბაზარზე როგორ წარმოგიდგენიათ ახალ მოთამაშეს თავის დამკვიდრება და სარეკლამო ბაზრის რამდენი პროცენტის დაკავებაზე გაქვთ გათვლა გაკეთებული?
- დღეს არსებული სატელევიზიო სარეკლმაო ბაზრის 5-6% სავსებით საკმარისი იქნება ამ მცირებიუჯეტიანი ტელევიზიის ფუნქციონირებისათვის და იმისათვის, რომ არხმა თავი ირჩინოს ისე, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია.
სავარაუდოდ, როდიდან გავა არხი ეთერში?
- ყველზე კარგ შემთხვევაში, იანვრიდან ტელევიზია ეთერში გავა. ეს სამთვიანი პერიოდი გვჭირდება იმისთვის, რომ ყველაფერზე კარგად ჩამოვყალიბდეთ, სახე მივცეთ არხს და მომზადებული გავიდეთ ეთერში.
ახალი არხის სახელწოდება „მეცხრე არხი“ დარჩება თუ ალტერნატიულ ვარიანტებზე მსჯელობთ?
- სახელწოდებაზე დაწყებული გვაქვს მთელი კამპანია და ჯერ მეც არ ვიცი რა იქნება, მაგრამ ესეც იქნება საზოგადოებასთან შეთანხმებით. რაც შეეხება თქვენი კითხის პირველ ნაწილს, არხის სახელწოდება „მეცხრე არხი“ ნამდვილად არ იქნება.