ძალიან ეუცნაურა და სიხარულისაგან ცას ეწია ჯგუფ Fandango-ს მომღერალი და გიტარისტი ჯო ლაინ ტერნერი, როდესაც ერთ მშვენიერ დღეს რიჩი ბლეკმორისაგან Rainbow-ში მიწვევა მიიღო …
Fandango-მდე კი Ezra იყო, რომელიც Deep Purple-ს, Jimi Hendrix-ის, Queen-ისა და Free-ს გადამღერებით იყო დაკავებული. მასთან შედარებით Fandango, გაცილებით დახვეწილი ჯგუფი იყო, რომელიც გარდა იმისა, რომ Allman Brothers Band, Beach Boys-სა თუ ბილი ჯოელის კონცერტების გამახურებელი ბენდის სტატუსით სარგებლობდა, ჯო ტერნერის ბლეკმორისაგან სატელეფონო ზარის მიღების პერიოდში, ოთხი სტუდიური ალბომით დაიკვეხნიდა.
რიჩის კომერციული წარმატება სწყუროდა ამერიკაში, აგრერიგად რომ აკლდა მის ცისარტყელის ფერებად მოხატულ კოლექტივს როგორც რონი ჯეიმს დიოს, ასევე მისი საქმის გამგრძელებლის - გრემ ბონეტის ეპოქაში.
გაივლის წლები და ტერნერის პერიოდის Rainbow-ს არცთუ უსაფუძვლოდ, მრავალი მოწინააღმდეგე გამოუჩნდება, თუმც ახლა, როდესაც რიჩი ბლეკმორის კოლექტივი უკვე საბოლოოდ წარსულშია და Rainbow-ს რეპერტუარის ცოცხლად შესრულებაზე მეურვეობა რიჩის შვილს - იურგენს ჩაბარდა, თამამად შეგვიძლია ჯო ლაინ ტერნერის პერიოდის Rainbow-ს ავკარგიანობის გარჩევა და მისი შედარება წინამორბედ ვოკალისტებთან...
მოდით ჯერ შევაფასოთ პერიოდი, როდესაც რიჩიმ შეთავაზა ჯგუფში ადგილი მომღერალს, რომელიც ძლიერი ხმით არასოდეს გამოირჩეოდა, მაგრამ მისი ხმის ტემბრში იგრძნობოდა ერთგვარი სითბო, რომელიც ლამაზად ეღვრებოდა როგორც It Can’t Happened Here ტიპის როკ’ნ’როლებს, ასევე Midnight Tunnel Vision ტიპის უმძლავრეს სიმღერებს.
უნდა ითქვას, რომ ასე მარტივად კეთილი ურთიერთობების დამყარება მძიმე ხასიათის მქონე რიჩისთან, ჯო ტერნერის გარდა, ქენდის ნაითმა თუ შეძლო, თუმცა ეს სხვა საუბრის თემაა. პირველივე შეხვედრაზე რიჩი მოიხიბლა ტერნერის პიროვნებით და იმთავითვე შეთავაზა ამერიკელს საკუთარ ჯგუფში ვოკალისტის ადგილი.
ამგვარი დამოკიდებულების მიზეზად შეიძლება ისიც დავასახელოთ, რომ რიჩის აშკარად არ გაუმართლა წინა ვოკალისტ გრემ ბონეტთან მიმართებაში, რომელთანაც მაესტრომ ვერც შემოქმედებითი და ვერც მეგობრული ურთიერთობის დამყარება ვერ შეძლო.
სამაგიეროდ, ტერნერს იმთავითვე ემჩნეოდა რბილი ხასიათი და Deep Purple-სადმი მოკრძალებული დამოკიდებულება, რაც მანამდე არ იგრძნობოდა არც გრემ ბონეტში და უფრო შორს თუ წავალთ, 1974 წლის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, არც დევიდ კოვერდეილსა თუ გლენ ჰიუზში, რომლებიც California Jam-ის შემდეგ ზედმეტ კადნიერებას იჩენდნენ და საკუთარი თავები ლეგენდარულ ჯგუფში ლორდის, პეისისა და ბლეკმორის დონის მუსიკოსებად წარმოედგინათ. მეორეს მხრივ, ბონეტისაგან განსხვავებით, კოვერდეილსა და ჰიუზს ამის უფლება ჰქონდათ, რადგან რეპერტუართან თუ არანჟირებასთან დაკავშირებული მრავალი იდეა, სწორედ მათგან მოდიოდა. მსგავსად შეგვიძლია ვისაუბროთ დიოსთან დაკავშირებითაც, თუმც აქ აუცილებელია უმნიშვნელოვანესი ფაქტორის გათვალისწინება - Rainbow ხომ მისი ჯგუფის საფუძველზე აეწყო!
მაგრამ ვინ იყო ბონეტი? ის ვერც სიმღერას წერდა, ვერც ჯგუფის ატმოსფეროში ჯდებოდა. ბოლოს და ბოლოს, მას თმებიც კი მოკლედ ჰქონდა შეჭრილი.
ტერნერი კი ეტყობა კარგად მომზადებული შეხვდა ბლეკმორთან საუბარს და მასზე თავიდანვე დიდებული შთაბეჭდილება მოახდინა. ამერიკელი პოპ როკ ვოკალისტი იმ დროისათვის 29 წლის იყო, ხმის ტემბრი კი ოდნავ თინეიჯერისას მიუგავდა. ყოველ შემთხვევაში Rainbow-ს 1981 წლის ალბომი Difficult To Cure ამაზე აშკარად მეტყველებს, როდესაც უკვე მომდევნო ორ ალბომში მომღერალს ხმა ვისთვის - აშკარად დაუჯდა, ხოლო ვისთვის კი - დაუღვინდა.
Difficult To Cure მელოდიზმის თვალსაზრისით ვინძლო Rainbow-ს გამორჩეული ალბომია; თუმც გაურკვეველ მიზეზთა გამო, მისი ჯეროვანი შეფასება ვერცერთი იმ მნიშვნელოვანი კრიტერიუმით ვერ მოხერხდა, რაც ბლეკმორის ჯგუფს მიესადაგება. ალბომი გაცილებით დიდ ყურადღებას იმსახურებს, ვიდრე მასზე საუბრობენ, რადგან აქ მოიპოვება როგორც No Release-ს ტიპის ნოვატორული იდეები, ასევე ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის გამოხატული და ჯიმი ჰენდრიქსის Foxy Lady-ის ფარული, გენიალური ინტერპრეტაციები. ამ ალბომმა წარმოაჩინა ახალი შესანიშნავი დრამერი ბობ რონდინელი, რომელიც როჯერ გლოვერთან შთამბეჭდავი რიტმ სექციის ჩამოყალიბების გარდა, სხევბთან ერთად თავის მხრივაც განაპირობებდა დონ ეირის უკვე აშკარა გათამამებას, რაც დღემდე ვლინდება ამ შესანიშნავი მუსიკოსის Deep Purple-ს ოჯახში საბოლოო ჩართვით...
მომდევნო ალბომი Straight Between The Eyes კი იმ მიზანსაც ემსახურებოდა, რის განხორცილებას დიდწილად შეუწყო ხელი ჯო ლაინ ტერნერმა. ალბათ სწორედ მისი დამსახურებაა Stone Cold-ის გრანდიოზული წარმატება. მართალია სიმღერას როგორც Deep Purple-ს, ასევე Rainbow-ს ჭეშმარიტი მოყვარული მაინცდამაინც ვერ მოიწონებს, ფაქტია, რომ მან ნავსი გატეხა და ბილბორდის ჩარტებს ჩაუდგა სათავეში, როგორც წლის ყველაზე გავლენიანი როკ კომპოზიცია.
ბუნებრივია, რომ ამის შემდეგ ჯგუფმა ამერიკაშიც გაითქვა სახელი და გრანდიოზული ტურნეც დაიგეგმა. მიუხედავად იმისა, რომ ჯო ტერნერი არამცთუ დიოს პერიოდის, არამედ საკუთარ რეპერტუარშიც კი სცენაზე დიდი დამაჯერებლობით ვერ გამოირჩეოდა და ხმის სისუსტის გამო ჩვეულებრივი ამბავი იყო საწყალობელი წამოკივლებები და ყიყლიყოები, პუბლიკა თანამემამულეს დიდი სიხარულით ხვდებოდა და რიჩისაც საბოლოოდ ჰქონდა აფრები აშვებული და სცენაზე გაცილებით თავისუფლად გრძნობდა თავს, ვიდრე ეს დიოს გვერდით ხდებოდა. რიჩი საკუთარ თავს უკვე გაცილებით მეტი გაფრენის უფლებას აძლევდა, მის დაკვრაში იმატა ხარვეზებმა, ბგერამ კი 1974-77 წლების სინატიფე, მხოლოდ ეპიზოდურად თუ შეინარჩუნა...
საბედნიეროდ სტუდიაზე ეს არ აისახებოდა და ალბომი Straight Between The Eyes რიჩის საოცარი სოლოებით აღინიშნა Death Alley Driver-ში, Tearin' Out My Heart -სა თუ Eyes of Fire-ში. Rock Fever-ის დამაბოლოვებელ ფაზაში კი Deep Purple-ს მონატრებულმა (მით უმეტეს იმ პერიოდში) მსმენელმა, Smooth Dancer-ის სულისკვეთება შეიგრძნო და მალე... Deep Purple კვლავ შეერთდა.
იქამდე კი Rainbow-მ კიდევ ერთი სტუდიური ალბომი Bent Out of Shape ჩაწერა. იდეური თვალსაზრისით იგი წინა ნამუშევრებს ჩამოუვარდებოდა, თუმც ორი ინსტრუმენტული კომპოზიციით გალამაზებულმა, კომერციულად გაამართლა და ამ თვალსაზრისით, ბლეკმორ-ტერნერის დუეტი, წინამორბედ ტანდემებთან შედარებით დააწინაურა კიდევაც, რადგან Rainbow-ს მოსმენა Street of Dreams პრიმიტიული ვამპირული კლიპის წყალობით, ყველგან დაიწყეს და ჯგუფსაც თითქოს უნდა გაეგრძელებინა მოღვაწეობა, მაგრამ... ბლეკმორმა ტერნერი შემდგომში შვიდწლიანი პაუზის შემდეგ უკვე Deep Purple-ში მიიწვია. მომღერალს იმ დროისათვის ინგვი მალმსტინის ორ სტუდიურ ალბომშიც ჰქონდა მონაწილეობა მიღებული.
მიუხედავად იმისა, რომ ლორდმა და პეისმა ტერნერი ამერიკელ პოპ მომღერლად შერაცხეს, რომლის ადგილი Deep Purple -ში არ ყოფილა, სწორედ ტერნერმა განაპირობა რიჩის ფანტაზიაში Rainbow-ს ხელწერის Deep Purple-ზე მორგება, რამაც ალბომ Slaeves And Masters-ში უკუპროცესი უაღრესად საინტერესოდ დაგვანახა.
გარდა ამისა, ტერნერი რიჩის გვერდით შესანიშნავ კომპოზიტორად ჩამოყალიბდა, რაც არამარტო მის უაღრესად როკულ სოლო ალბომებში, არამედ ცნობილი როკ ქავერ ვერსიების დიდებულ ორდისკიან ნამუშევარში აისახა.
ტერნერი ბევრს მუშაობს და საკმაოდ ნაყოფიერად. აღსანიშნავია ერთობლივი ალბომები გლენ ჰიუზთანაც, რაც უკვე საბოლოოდ გვაფიქრებინებს მისი თუ არა შემოქმედებითი, პიროვნული თვალსაზრისით მაინც, Deep Purple-ს ოჯახის წევრობაზე...