ამასწინათ, თბილისის საკრებულომ სოფელ დიღომში მდებარე უსახელო ქუჩებს “ვეფხისტყაოსნის” პერსონაჟების სახელები მიანიჭა. როგორც სხდომაზე სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლაშა იმედაშვილმა აღნიშნა, სოფელ დიღომში არსებულ, პირობითად, მე-60 ქუჩას თინათინის სახელი დაერქვა, 74-ე ქუჩას - ნესტან-დარეჯანის, 78-ე ქუჩას - ავთანდილის, 79-ს - ტარიელის, 94-ს - „ფეხისტყაოსნის“, 48-ს - ნურადინ-ფრიდონის, 53-ს - მულღანზანზარის, 54-ს - გულანშაროს, 55-ს - ფატმანის. გამართლებულია თუU არა ლიტერატურული პერსონაჟების ამგვარი სახით გაპიარება? - “ქართული სიტყვა” ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, ენათმეცნიერ ლევან ღვინჯილიას ესაუბრა:
- თავისთავად ამგვარი გადაწყვეტილების მიღება, შესაძლოა, კეთილი განზრახვითაც კი იყოს ნაკარნახევი. რატომღაც მგონია, რომ ამ იდეის უკან ფილოლოგების „ახირება“ დგას და, როგორც მოსალოდნელი იყო, საკრებულოს შედარებით ნაკლებად ერუდირებულმა წევრებმა „განათლებულთა“ ეს „გონივრული“ ნააზრევი უმალ აიტაცეს, ემანდ, უწიგნურობა არ დაგვბრალდესო. იმაზე კი არავინ დაფიქრებულა, თუ რამდენად გამართლებულია ასეთი გადაწყვეტილების მიღება და რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს.
- ბატონო ლევან, თქვენ რას ფიქრობთ?
- სწორედაც იმას მოგახსენებდით, რომ ასეთი სურვილის გამჟღავნება თავისთავად არ შეიძლება იყოს მავნებლური და საზიანო, მაგრამ მიამიტური და წინდაუხედავი რომაა, ამის მიხვედრას დიდი „გნათლებულობა“ არ სჭირდება. ანალოგისთვის ერთ ამბავს გავიხსენებ: საქართველოში დღესაც მოქმედებს „კანონი გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“. თბილისის საკრებულოს რომ ამ კანონში ცალი თვალითაც არ ჩაუხედავს, ეგ ისედაც ნათელია, მაგრამ ამჯერად სხვა რამეს მინდა მივაპყრო მკითხველის ყურადღება. როგორც კი პარლამენტმა კანონი დაამტკიცა, იმავე დღეებში, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, პრეზიდენტის ბრძანებულებით, შეიქმნა შესაბამისი სახელმწიფო კომისია, რომლის თავმჯდომარეობის პატივი წილად თქვენს მონა-მორჩილს ერგო, როგორც იმჟამად ჯერ კიდევ არსებული „საქართველოს ენის სახელმწიფო პალატის“ თავმჯდომარეს და ეს არც იყო მოულოდნელი, რამდენადაც სახელდება, საზოგადოდ, ლინგვისტური საკითხია. მერე, მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ბედის ბორბალი „ნაციონალურად“ დატრიალდა და „ენის პალატაც“ გააუქმეს, მაგრამ არ იკითხავთ, სად წაიღეს ზემოხსენებული კომისია? ეტყობა, იფიქრეს, ქუჩებისა და მოედნების კეთილმოწყობა ისედაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქმეაო და ეს ლინგვისტური კომისიაც ამ სამინისტროს გადასცეს, მის ხელმძღვანელად კი დაინიშნა მინისტრი, ბატონი რამაზ ნიკოლეიშვილი. აი, საკითხის „კომპეტენტურად“ გადაწყვეტის თვალსაჩინო მაგალითი. ამჟამინდელ ვითარებაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ მოსალოდნელია, კომისიას ბატონი დავით ნარმანია ხელმძღვანელობდეს.
- რა კავშირში იყო ინფრასტრუქტურის სამინისტრო გეოგრაფიული ობიექტების სახელდების სახელმწიფო კომისიასთან?
- ეს ამბავი მხოლოდ იმისთვის გავიხსენე, რომ არცთუ იშვიათად ხელისუფლება იღებს არაკომპეტენტურ გადაწყვეტილებას და შემდგომ მისი ნეგატიური შედეგების ლიკვიდაციას ბევრად უფრო მეტი გარჯა სჭირდება.
- ბატონო ლევან, ისევ მთავარ საკითხს რომ დავუბრუნდეთ, რამდენად გამართლებულია სოფელ დიღომში მდებარე ქუჩებს “ვეფხისტყაოსნის” გმირების სახელები რომ დაარქვეს?
- როგორც ირკვევა, სოფელ დიღმის ორღობეებში „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟთა და გეოგრაფიული სახელების (გულანშარო, მულღანზანზარი...) შეტანა მიზნად ისახავს ამ ნაწარმოების პოპულარობისთვის ხელის შეწყობას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამას რეალური შედეგი არ მოჰყვება, გარდა იმისა, რომ ააშკარავებს ჩვენს ახირებულობასა და მატრაკვეცობას. მარტო დიღომში კი არა, საქართველოს ყველა ქალაქსა და სოფელში რომ ეს იდეა დავნერგოთ, ამით პოემის შესწავლის საქმეს წინ ვერაფრით წავწევთ, თუ საგანმანათლებლო სისტემაში არ გავაუმჯობესეთ „ვეფხისტყაოსნის“ სწავლება. კარგად გვახსოვს ერთი „ოქროსმედალოსნის“ მიერ ამ ცოტა ხნის წინ ახალციხეში „ვეფხისტყაოსნის“ ციტირების ამბავი, რაც ნამდვილად წააგავდა სოფლის გზებზე ყურმოკრულს („მაღალი, უხვი, დაბალი, უხვლაშქრიანი, ყმიანი“...). საკრებულოს ეს გადაწყვეტილება ამ სახითაც კი არათანმიმდევრულია. როგორც ირკვევა, სოფელ დიღომში ასამდე ქუჩა ყოფილა, აქედან ერთი - 94-ე იწოდება „ვეფხისტყაოსნის“ ქუჩად... კი, მაგრამ „როსტევანისა“ და „ფარსადანის“ ან „სარიდანის“ ქუჩები არ გვინდოდა? თუ იმას მოვერიდეთ, რომ ვინმეს ბოდბისხეველი ფარსადანი არ ეგონოს „არსენას ლექსიდან“? ან „ავთანდილის“ ქუჩა ხომ შეიძლება, ახალგაზრდა თაობამ ჩვენი ცნობილი კუტურიეს - ავთანდილ ცქვიტინიძის („ავთანდილის“) სახელთან გააიგივოს?... „გულანშაროს“ რომ პატივს მივაგებთ, „არაბეთისა“ და „ინდოეთის“ ქუჩები არ გვინდოდა? ან „ქაჯეთის“ ქუჩამ რა დააშავა? დაუკვირდით, რა ამაღლებულად ჟღერს: „მე, ძმაო, „ქაჯეთზე“ ვცხოვრობ, „თინათინის მეორე შესახვევი“ და „ნესტან-დარეჯანის ჩიხი“ კი ცოტა ქვემოთაა, იქ სადაც „ფატმანის“ მოედანი იწყება“... ამ გახსენებაზე: კი არ მიკითხავს, „დავარის ქუჩა“ ხომ არ გამოგვრჩა? არ მითხრათ ახლა, დავარი უარყოფითი პერსონაჟია და ასეთი „პატივი“ არ ეკუთვნისო. მედეა ხომ ფუძის ანგელოზი გვყავდა, სიკეთისა და კეთილშობილების განსახიერება და იმიტომაც დავუდგით იმხელა ძეგლი ბათუმის შუაგულში... საწყალი დავარი! მედეას მიერ ჩადენილ მუხანათობებთან შედარებით მართლა უცოდველი კრავია, თანაც, მედეასგან განსხვავებით, ავტორის მიერ გამოგონილი პერსონაჟია და არა - ისტორიული (მითოლოგიური) პიროვნება. ერთი სიტყვით, საკრებულოს ეს ახალი გადაწყვეტილება მრავალ სატირულ-სატირალ ემოციას აღძრავს, მაგრამ საკვირველი და მოულოდნელი ნამდვილად არაა: როგორც ჩანს, საკრებულო ჯერაც წინა წლების ინერციით მიგორავს.
- ბატონო ლევან, რა შემთხვევაში ხდება პიროვნების სახელის მიკუთვნება ამა თუ იმ ობიექტისთვის?
- ეს ხდება იმ შემთხვევაში, როცა გვინდა ამა თუ იმ მამულიშვილის სახელისთვის პატივის მიგება, მისი ხსოვნის უკვდავყოფის მიზნით. რაც შეეხებათ „ვეფხისტყაოსნის“ გმირებს, ისინი მარადიულად „ცოცხლები“ არიან და არანაირი „მემორიალური დაფები“ მათ სახელებს არ სჭირდება, მით უმეტეს, რომ მათი სახელები ავტორმა ლამის ცხრაასი წლის წინ „უკვდავყო“ ნაწარმოებში ერთხელ და სამუდამოდ. არ ვიცი, არის თუ არა ესპანეთში დონ კიხოტ ლამანჩელისა და სანჩო პანსას, ან ინგლისში ოტელოსა და დეზდემონას, ან რომეოსა და ჯულიეტას ქუჩები, მაგრამ ამ გმირთა სახელები მთელ მსოფლიოშია „უკვდავყოფილი“ და, ცხადია, ეს არ მომხდარა სერვანტესის ან შექსპირის სამშობლოში მათი სახელების ქალაქის (მით უმეტეს, - სოფლისა, ჩვენი დიღმის მსგავსად) ქუჩებისთვის მინიჭებით. საერთოდ, მეჩვენება, რომ გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხს დედაქალაქის ხელისუფლება ერთობ ამჩატებულად უდგება. ახლახანს ყური მოვკარი, რომ „ვარდების რევოლუციის მოედანს“ კვლავ უცვლიან სახელს. ჯერ ერთი, თავის დროზე, ვინც „რევოლუციის მოედანი“ დაარქვა, თუნდაც ეს იყოს „რევოლუცია ვარდებისა“, მისი აზროვნების დონე არაფრით განსხვავდება იმის იდეოლოგიისაგან, ვინც მოსკოვში ერთ-ერთ მეტროსადგურსა და მის მიმდებარე მოედანს დაარქვა „პლოშჩად ოქტიაბრსკოი რევოლუციი“. მე რომ მკითხოს კაცმა, არც „თავისუფლების მოედანი“ და არც „კონსტიტუციის მოედანი“ არ უნდა არსებობდეს. ახლა აქ ამისი დრო და ადგილი არ არის, მაგრამ ამ ტიპის სახელდებები გადასახედია. რამდენჯერ შეიძლება ერთსა და იმავე ადგილს სახელი უცვალონ იმის კვალობაზე, ხელისუფლების მეთაურს რა მოეპრიანება?
- როგორც ვიცი, „ვარდების რევოლუციის მოედანს“ მერაბ კოსტავას სახელი უნდა დაარქვან, თუმცა ცენტრალურ და საკმაოდ დიდ ქუჩას უკვე ჰქვია მერაბ კოსტავას სახელი...
- ცოტა მოუზომავობა გვჭირს ამ თვალსაზრისითაც; არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ მერაბ კოსტავას, ზურაბ ჟვანიას ან რომელიმე სხვა გამოჩენილი მოღვაწის სახელის ამა თუ იმ ობიექტისათვის მინიჭების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ თუ მამულიშვილთა სახელების უკვდავყოფა გვინდა, ამას უფრო დიდი დაფიქრება სჭირდება. სხვა თუ არაფერი, გარდაცვალებიდან გარკვეული დრო მაინც უნდა გავიდეს, რადგანაც მეორე დღესვე სახელის უკვდავყოფაზე ზრუნვა, ცოტა არ იყოს, ნაჩქარევია. არც ის მიმაჩნია სწორად, რომ „ძმები ზუბალაშვილების“ (ყოფილი ათარბეგოვის) ქუჩას ერთ ღამეში ზურაბ ჟვანიას სახელი ისე დაარქვეს, რომ ჩვენ, ამ ქუჩის მცხოვრებლებმა ამის შესახებ მხოლოდ საარჩევნო მოსაწვევების მიღებისას გავიგეთ. დედაქალაქის ერთ (ყოფილი გაგარინის) მოედანს ამ დროს უკვე ერქვა ჟვანიას მოედანი. საკმარისი არ იყო, მაინცადამაინც ზუბალაშვილებს რომ არ დავტაკებოდით? იქვე, პარლამენტის გვერდით არ არის ტარას შევჩენკოს, ან ლესია უკრაინკას ქუჩა, მაგრამ ეტყობა, ეს „ნაციონალების“ უკრაინელ მეგობრებს არ მოეწონებოდათ. ეს ის “ნაციონალები” არიან, პუშკინის სკვერსა და ბიუსტს რომ აუხირდნენ?
რაც შეეხება „თავისუფლებისა“ და „ვარდების რევოლუციის“ მოედნებს, რის უკვდავყოფაზე მიგვანიშნებენ ეს სახელები? რა ისეთი უკვდავსაყოფი მოვლენა იყო „ვარდების რევოლუცია“, კიდევაც აღმოჩნდა “ნაციონალების” მმართველობიდან 9 წლის თავზე, რომ არათუ ქუჩას და მოედანს არ უნდა ერქვას ეს სახელები, არამედ, შემდგომში მათი ხსენებაც კი აღარ უნდა იყოს. ასეთი საკითხებისადმი აგდებული, არასერიოზული, არაკომპეტენტური დამოკიდებულების თვალსაჩინო მაგალითია ის, რაც დამართეს „განათლების რეფორმის მამებმა“ (ლომაია-თევზაძის მეთაურობით) „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სახელწოდებას, რომელიც არსებული სავალდებულო სტანდარტის შესაბამისად, შვიდსიტყვიანი იყო - „თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი”. ჯერ იყო და, გეოგრაფიული სახელი - „თბილისი”ამოიღეს. კაცმა არ იცის, რატომ? იმავე სამინისტრომ და იმავე მინისტრმა (ავადსახსენებელმა ლომაიამ) ასეთივე გეოგრაფიული სახელები სხვა უნივერსიტეტების დასახელებებში (თბილისში, თელავში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, ზუგდიდში...) ხელუხლებლად დატოვა. მერე სიტყვა „პედაგოგიური“ გააქრეს. ეგ კიდევ არაფერი. ამის მერე მიზანში ილიას გვარი ამოიღეს და დასახელებიდანაც ამოიღეს! ამ საქციელის გამართლებად კი ერთ-ერთ ინტერვიუში მაშინ ამ უნივერსიტეტის პროფესორმა გია ნოდიამ განაცხადა, რომ თურმე, „ჭავჭავაძე“ უცხოელებისათვის ძნელად წარმოსათქმელი სიტყვაა. თითქოსდა „ჯავახიშვილი“ სულ ენის წვერზე ედგეთ იმავე უცხოელებს, მაგრამ ამის გამო „ივანეს უნივერსიტეტი“ ვერ გაბედეს(!), ან ეს რა არგუმენტი იყო? გარდა ამისა, ისიც გაიხსენეს, რომ თურმე, ხალხი ილია ჭავჭავაძეს ისედაც სახელით მოიხსენიებდა, თუმცა ამასთან ერთად, რატომღაც არ გახსენებიათ, რომ ხალხი აკაკისაც სახელით მოიხსენიებდა და უფრო მეტადაც კი, ვინემ - ილიას, მაგრამ ამის მიუხედავად, ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი ასე დატოვეს. სამაგიეროდ, ყველგან ამოიღეს სიტყვა „სახელობის“. გარდა რამდენიმე გამონაკლისისა: 1. ამ მხრივ ვერ შეეხნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტს და 2. ინსტიტუტის მიერ ოფიციალურად გამოთქმული პროტესტის პასუხად (შაშკინის მინისტრობის დროს) სიტყვა „სახელობის“ დაუბრუნეს „არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტს“. აი, როგორი კომპეტენტური და თანმიმდევრული მთავრობა გვყავდა (ნაწილობრივ, გვყავს!). ამ მანიპულაციების შემდეგ დარჩა სამსიტყვიანი სახელწოდება: „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი“, მაგრამ რექტორის (გ. თევზაძის) „უკიდეგანო ფანტაზია“ ამაზე არ შეჩერებულა: საყოველთაო სიტყვათხმარებაში, ზეპირ მეტყველებაში, სოციალურ ქსელებში, სარეკლამო ტექსტებში, ერთი სიტყვით, ყველგან, გარდა აბრისა, დაამკვიდრეს და გაავრცელეს „ილიაუნი“. მინდა, მკითხველს დიდი ბოდიში მოვუხადო მომდევნო კომენტარისთვის და ასევე მომიტევოს დიდი ილიას ნათელმა სულმაც, მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას: ქართულ ჟარგონულ მეტყველებაში სიტყვა „უნი“ (როგორც „უნივერსალურის“ შემოკლებული ფორმა), აქტისა (აქტიურისა) და პასის (პასიურის) გვერდით, გამოიყენება არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მიმდევართა ცალკეული კატეგორიების აღსანიშნავ ტერმინად. ასეთ ვითარებაში კი, ილიაუნის მასობრივად გავრცელება და ლამის დაკანონება, ვფიქრობ, მეტად საჩოთიროა და ვერაფერი პატივია დიდი ილია ჭავჭავაძის სახელისათვის!
- იქნებ, საკრებულოს წევრებს „შემოელიათ“ ცნობილი საზოგადო მოღვაწეები და იმიტომ განიზრახეს ქუჩებისთვის ლიტერატურული პერსონაჟების სახელების დარქმევა?
- აკი მოგახსენეთ, რომ ასეთი ფაქტები სახელის უკვდავყოფის მიზნით უნდა ხდებოდეს; ამას თავის დროზე წყვეტდა მრჩეველთა საბჭო, რომელშიც გაერთიანებულნი იყვნენ კომპეტენტურობით გამორჩეული ცნობილი ადამიანები. მერიისა და საკრებულოს დაუდევრობის კიდევ ერთ მაგალითს მოგიყვანთ: 2010 წლის 6 სექტემბერს საკრებულოს მაშინდელ თავმჯდომარეს, ზაალ სამადაშვილსა და ქალაქის მერს, გიორგი (თავისთავს მოფერებით გიგის რომ ეძახის) უგულავას ცალ-ცალკე გავუგზავნე იმ კანონდარღვევათა აღმნუსხველი მასალები, რომელთა მიმართ უნდა მოეხდინათ შესაბამისი რეაგირება, რადგანაც სწორედ მათ ევალებათ რეკლამის კანონზე ზედამხედველობა. საუბარი იყო სარეკლამო საქმიანობაში აღმოჩენილ მთელ რიგ დარღვევებზე დედაქალაქის მასშტაბით. არც ერთი და არც მეორე უწყებიდან დღემდე პასუხი არ მომსვლია. სამი წლის განმავლობაში ისიც კი არ მაცნობეს, რომ ეს მასალები ჩაბარებული ჰქონდათ, მაგრამ მე რომც არ გამეგზავნა მათთვის, თავადვე ევალებათ ზედამხედველობა კანონის შესრულებაზე. არ მიკვირს ქალაქის ხელისუფლების ასეთი დაუდევრობა: მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა მნიშვნელოვანი ნაწილის საფუძველი გამორჩენა ან მატრაკვეცობაა, მსგავსი სოფელ დიღმის შუკებსა და ორღობეებში „ვეფხისტყაოსნის“ გავრცელების სასაცილო მცდელობისა. ალბათ, შემდეგი იქნება კოჯრისა და წავკისის ველ-მინდვრებში ინტელექტის მიმოფრქვევა ამავე მეთოდებით.
- ისიც მატრაკვეცობაა, თბილისში ბუშის ქუჩა რომ არსებობს და სანაპიროს ჰეიდარ ალიევის სახელი ჰქვია?
- რაც შეეხება უცხოელ პოლიტიკურ მოღვაწეთა სახელების უკვდავყოფას საქართველოში, ესეც ნამდვილად მატრაკვეცობაა. მიმაჩნია, რომ ჯორჯ ბუშის ქუჩა თბილისში არ უნდა იყოს, მით უმეტეს, რომ ამ კაცს მნიშვნელოვანი არაფერი გაუკეთებია ჩვენი ქვეყნისთვის, გარდა იმისა, რომ ერთხელ გვესტუმრა, რესტორანში წაუქეიფა და მერე, ცოტა წაუცეკვა კიდეც ერთი ადგილის აღმოსავლური შეტოკებებით. ქალაქს არა, მაგრამ “ნაციონალურ მოძრაობას” იქნებ კიდეც მოუხდეს საკუთარი პარტიისთვის ბუშის ან სხვა რომელიმე უცხოელი მოამაგის სახელის მინიჭება?”