საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარდ კუშნერი 14 ივლისს საქართველოში მარტივი გზავნილით ჩავიდა: აქცენტი გააკეთეთ სამოქალაქო საზოგადოებაზე, რათა ბოლო მოუღოთ კონფლიქტებს აჯანყებულ რეგიონებთან აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან.
„სამოქალაქო საზოგადოებასთან მუშაობა გაცილებით ეფექტური იქნება, ვიდრე რუსეთთან დეკლარირებული ომი“, – თქვა კუშნერმა 15 ივლისის შეხვედრაზე თბილისის „ევროპის სახლში“.
- „ეს ის გზაა, რომელზეც სხვა ხალხები გამოგყვებიან… თქვენ კონცენტრაცია უნდა მოახდინოთ იმაზე, რაც ყველაზე კარგად გამოგდით… სახალხო დიპლომატია“ და სამოქალაქო საზოგადოება, დასძინა მან.
გზავნილი, რომელიც იმ ადამიანისგან წამოვიდა, ვინც ორგანიზაცია „ექიმები საზღვრებს გარეშე“ დააფუძნა, აუდიტორიისთვის საყურადღებო გახლდათ. 15 ივლისს ევროკავშირთან ასოციაციურ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, თბილისი მონდომებულიას ხაზი გაუსვას იმას, რომ საქართველო „ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყანაა“.
თუმცა, ადგილობრივ მედიაში არსებობს ტენდენცია მაღალი რანგის სტუმრების ვიზიტები იმის საფუძველზე შეფასდეს, თუ რა პოზიცია აქვთ მათ რუსეთის და ორი აჯანყებული რეგიონის მიმართ.
მოგვიანებით, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე კუშნერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ორი რეგიონი საქართველოს ნაწილია. “C’est évident!” („ეს ცხადია!“), განაცხადა მან და ხელები ფართოდ გაშალა.
მართალია კუშნერმა აღიარა, რომ რუსეთი უარს ამბობს საქართველოსთან გაფორმებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების შესრულებაზე და არ გაყავს ჯარი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებიდან, თუმცა მან მკაფიოდ ურჩია თბილისს, რომ თაფლით ის გაცილებით მეტ ბუზს მოკლავს, ვიდრე ძმრით.
მისი თქმით, მოსკოვთან მოლაპარაკებები ძალიან მნიშვნელოვანია; ასევე „უფრო გახსნილი ურთიერთობები“ რუსეთს, აშშ–ს და გერმანიას შორის „თქვენთვის გასაღები“ შეიძლება გახდეს, უთხრა მან „ევროპის სახლში“ შეკრებილ აუდიტორიას.
სააკაშვილისთვის, რომელიც პრესკონფერენციაზე მოღუშული სახით ფრანგულად სწრაფად საუბრობდა, როგორც ჩანს რჩევა ცოტა არ იყოს მწარე აღმოჩნდა.
„ერთადერთი მიზეზი რის გამოც ხალხი საკუთარ სახლებში ვერ ბრუნდება – რუსეთია“, – უთხრა მან ჟურნალისტებს და დასძინა, რომ შესაძლოა მოსკოვი ცდილობდა აფხაზეთში „რუსული სტილის Club Med [1]“–ის შექმნას. „ისინი იქ იმიტომ არიან, რომ სანაპირო უყვართ“, – მშრალად გაიხუმრა მან.
foreignpress