საქართველოს და ჩინეთის პარტნიორობა ახალ ისტორიულ რელსებზე გადადის. რას ნიშნავს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის პომპეზური დახვედრა და ჩინეთის პრეზიდენტთან შეხვედრა? ისტორიული ვიზიტის მეორე დღეს სი ძინპინისა და ირაკლი ღარიბაშვილის მოლაპარაკება ქალაქ ჩენგდუში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ღარიბაშვილი ჩინეთის პრეზიდენტს პირველად შეხვდა. მხარეებს შორის კი ახალი სიტყვა სტატეგიული პარტნიორობა გაჩნდა. ჩინეთის ლიდერმა პრემიერს უმაღლეს დონეზე დაუდასტურა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ცვლილებები საქართველო ჩინეთის მეგობრობაზე და მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობაზე გავლენას ვერ მოახდენს.
ანალიტიკოსები for.ge-სთან ფიქრობენ, რომ საქართველოს პრემიერის და ჩინეთის პრეზიდენტის შეხვედრა მართლაც მნიშვნელოვანია, რადგან ჩინეთის დონის ქვეყნის ასეთი დამოკიდებულება პატარა ქვეყნის მიმართ ბევრ რამეზე მეტყველებს. ისინი ვარაუდობენ, რომ ჩინეთს, საქართველო, როგორც ეკონომიკური დერეფანი, ისე აინტერესებს და სურვილი აქვს, რომ რუსეთის რკინიგზის დასანქცირების შემდეგ, საქართველოზე დასავლეთთან სავაჭროდ ახალი გზა გაჭრას. თუმცა, აქვე დასძენენ, რომ ამან შესაძლოა, ამერიკის და რუსეთის უკმაყოფილება გამოიწვიოს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ახალი ფაზაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც პოლიტიკური თანამშრომლობის დინამიურ განვითარებასთან ერთად, ქვეყნებს სარგებელს სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებითაც მოუტანს.
მისი თქმით, აბრეშუმის სავაჭრო გზა და საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ქვეყანას აძლევს ხელსაყრელ შანსს, გახდეს ერთგვარი ხიდი აღმოსავლეთსა და ჩინეთს შორის. საქართველოს როგორც ჩინეთთან, ასევე ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აკავშირებს. შუა დერეფნის კონტექსტში, საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლის გაზრდა ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელთა შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტი, სწორედ ამ მიზნების რეალიზებას შეუწყობს ხელს.
ვიზიტის ისტორიულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელის საშუალებითაც. მთავრობის მეთაურმა საკუთარ „ფეისბუკ“ გვერდზე დაწერა, რომ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლების გადაწყვეტილება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შედეგებისა და სიკეთეების მომტანი იქნება.
კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ჩინეთისთვის საქართველო დასავლეთთან ერთგვარ კარიბჭედ აღიქმება. მისი თქმით, ჩინეთს უკრაინის ომის შემდეგ, რუსეთის რკინიგზის დაკარგვის შემდეგ, ტვირთების გადატანის განსაკუთრებული პრობლემები შეექმნა. ამიტომ მისთვის ახლა საქართველოსთან და აზერბაიჯანთან თანამშრმოლობა სასიცოცხლოდ მნიშვენლოვანია.
„ჩინეთის პოლიტიკა თუნდაც საქართველოსთან მიმართებაში, გეოპოლიტიკურ ჭრილში უნდა განვიხილოთ. ჩინეთი არის ქვეყანა, რომელიც ეკონომიკის მეშვეობით მსოფლიოს ექსპანსიას ახდენს. გარკვეულად იგივე ხერხით მუშაობს, როგორც ამერიკა. ჩინეთი არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში საელჩოები აქვს. თუ დასავლეთი ეკონომიკის და იდეოლოგიის მეშვეობით მუშაობს, ჩინეთი მხოლოდ ეკონომიკაზეა ორიენტირებული. პრაქტიკულად, პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა სახელმწიფოს ჩინეთის ვალი აქვს. ჩინეთმა წლების განმავლობაში ისეთი პოლიტიკა წარმართა, რომ ყველა სახელმწიფო ასეთ მდგომარეობაში ჰყავს ჩაგდებული.
ცენტრალური აზიის ქვეყნებს აქვთ ასევე უზარმაზარი ჩინეთის ვალი. რაც შეეხება საქართველოს და სამხრეთ კავკასიას, მას შემდეგ, რაც რუსეთის რკინიგზა დასანქცირდა, ჩინეთს ტვირთების გადაზიდვა დასავლეთისკენ ერთი-ორად გაუძვირდა. ჩინეთი იძულებულია, რომ სხვა ალტერნატიული გზები ეძებოს. შარშან 240 მილიონი ტვირთბრუნვა დაუგროვდა. საგზაო ტრასებით ამ ტვირთის ნაწილის გადატანა ძლივს შეძლო. ამიტომ ჩინეთი ცდილობს ყირგიზეთსა და უზბეკეთს შორის ახალი რკინიგზის მარშუტი ააშენოს. ეს არ არის ისეთი სრულყოფილი, როგორიც რუსეთის რკინიგზაა. ამიტომ ჩინეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ თავისი წარმოება რეგიონში გადმოიტანოს, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში, რათა ევროკავშირთან უფრო ახლოს იყოს. ამიტომ მისთვის აზერბაიჯანი და საქართველო მნიშვნელოვანია. ჩინეთი საქართველოსთან სტრატეგიულ თანამშრომლობაში დასავლეთთან ვაჭრობის გააქტიურებას გულისხმობს“, - ამბობს არეშიძე.
როგორი იქნება ამერიკის დამოკიდებულება საქართველოს და ჩინეთის ამ ახალ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, არეშიძე ამბობს, რომ რა თქმა უნდა, ეს დადებითი გამოხმაურება არ იქნება. თუმცა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავად ამერიკას ჩინეთთან 700-მილიარდიანი ტვირთბრუნვა აქვს. ევოროკავშირს კი 500-მილიარდიანი. ამერიკას კი ჩინეთის 2 ტრილიონამდე ვალი აქვს.
„თავად ამას აკეთებენ და სხვა რომ ჩინეთთან ურთიერთობს, ის არ მოსწონთ. ასეთი თვისება აქვთ დიდ ქვეყნებს. ასევე არ მოსწონს რუსეთსაც ჩინეთის მხრიდან ურთიერთობის ახალი სისტემების ჩამოყალიბება თავის საზღვრებთან. ანაკლიის პორტი სწორედ ამ დაპირისპირებას შეეწირა. ერთ-ერთი ფაქტორი სწორედ ეს იყო. უცბად, ანაკლიის პორტთან დაკავშრებით სხვადასხვა ქვეყნების ინტერესების დაჯახება მოხდა. ასე რომ, დღესაც, ამერიკა, რა საკვირველია, საქართველოს და ჩინეთის თანამშრომლობის წინააღმდეგი იქნება.
თუმცა, მინდა ერთ გარემოებას ხაზი გავუსვა, ეს არ უნდა მოხდეს ისე, როგორც ეს ქართველებს გვჩვევია. თუ რაღაცა მოვლენა ჩვენს სასარგებლოდ ვითარდება, სიფრთხილეს ვკარგავთ ხოლმე. ნაბიჯ-ნაბიჯ კი არ ვცდილობთ, რომ ეს მოვლენა ავითვისოთ, არა, ყველაფერი უცბად გვინდა. ჩინეთისთვის პატარა საქართველოს ჩაყლაპვა პრობლემა არ არის. ამიტომ ყველაფერზე თანხმობის მიცემა საჭირო არ არის. რაც შეეეხება რუსეთს, ვფიქრობ, მათ ახლა რაიმე მწვავე რეაქციის თავი არა აქვთ, მით უმეტეს ჩინეთთან მიმართებაში. რუსეთი ახლა ჩინეთზეა დამოკიდებული. ამიტომ რუსეთის რეაქცია დიდად არ არის მნიშვნელოვანი. მას იმაზე არა აქვს რეაქცა, რაც მართლა პრობელმას უქმნის, ენერგეტიკულ პროგრამებს ვგულისხმობ, რასაც საქართველო შავ ზღვაში აპირებს“, - ამბობს არეშიძე.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ჩინეთს საქართველოსთან დაკავშიირებით კონკრეტული გეგმები ამოძრავებს და ის არ გამორიცხავს, რომ ეს ანაკლიის პორტის მშენებლობა იყოს.
„საქართველოს და ჩიენთის პრეზიდენტის შეხვედრა, უფრო მეტად დადებითია, ვიდრე უარყოფითი. თუმცა, რა იქნება ამის ფასი, საინტერესო ეს არის. აქ ორი დეტალია, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. ერთი დეტალია, რომ სი ძინპინს საქართველოს პრემიერს შეხვდებოდა თუ არა, ბოლომდე გადაწყვეტილი არ იყო. მეორე მხრივ, როგორც ჩანს, ეს დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა და არ მოხდა ამის დაანონსება, რადგან შემდეგ ადგილი გაწბილებას არ ჰქონოდა. რადგან შეხვდნენ, მე ვვარაუდობ, რომ რაღაცაზე გარიგება მოხდა. ხელმოწერა თუ არა, სიტყვიერი შეთანხმება რაღაცაზე იყო. ერთადერთი, რაც ახლა ჩინეთს საქართველოში აინტერესებს, ეს ანაკლიის პორტია. სხვა ისეთი საქართველოში სერიზული ინფრასტრუქტურული პროექტი არაფერია. რაღაც უფრო მეტზეა საუბარი, ვიდრე ეს ხმამაღლა ითქვა.
ჩინეთს ძალიან ლოგიკური და მოქნილი აღმოსავლური პოლიტიკა აქვს. მათ არ დაუყენებიათ არასდროს ჩვენთვის პირობა, რომ თუ თქვენ ამერიკასთან ან ევროკავშირთან იმეგობრებთ, ჩვენ მაშინ შენთან არ ვიმეგობრებთ. გვეუბნება, რომ მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური კონტექსტისა, სადაც ჩვენი ორიენტირი ევროკავშირი და ევროატლანტიკური არჩევანია, ჩინეთის და საქართველოს მეგობრობას წინ მაინც არაფერი დაუდგება. ამ ფონზე, როცა ამერიკას არაერთხელ უთქვამს, რომ ამერიკისთვის მიუღებელია მის ძირითად მეტოქესთან, ჩინეთთან მეგობრობა. მისთვის მთავარი მტერი არა რუსეთი და ირანია, არამედ ჩინეთი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამერიკის რეაქცია. ამ ბოლო დროს კი, საქართველოსა და ამერიკას შორის სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა“, - ამბობს ზაქარეიშვილი.
ჩინეთს, არც ერთ ჩვენს მეზობელთან არ აქვს პოლიტიკური კონფლიქტი, მასთან საჩიჩხინოდ რომ გამოგვიყენოს. რკინიგზა და პორტი თუ სჭირდება, ჩვენც სწორედ ეგ გვაქვს თავზესაყარად და გამოიყენოს. იმ გზის მშენებლობაზე, დღე და ღამ რომ მუშაობენ, ინტერესი არ აქვთ? და რა არის ამაში ცუდი?