როგორ გადაიკვეთა გიორგი მარგველაშვილისა და გიული ალასანიას გზები? ამის ახსნას ყოფილი პირველი ლედი - მაკა ჩიჩუა შეეცადა. მაკა ჩიჩუა ამბობს, რომ 11 ათასი დოლარის აღება როცა დააბრალეს გიორგი მარგველაშვილს, ამაზე მარგველაშვილმა იცინა, რადგან 11 ათასი დოლარის ქრთამად აღება იმდენად ცოტაა, რომ კომენტარის ღირსიც არ არის.
უბრალოდ, მაკა ჩიჩუას თქმით, იმის გამო, რომ საქართველოში ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ყველას თვალწინ აწამებენ და კლავენ, გიორგი მარგველაშვილი რამდენიმე ქვეყნის ყოფილ პირველ პირს, პრეზიდენტებს დაუკავშირდა, დაახლოებით 20 ქვეყნის პრეზიდენტის ხელმოწერა შეაგროვა, რომლითაც პრეზიდენტებმა დაგმეს ეს ცუდი პრეცედენტი. შემდეგ მარგველაშვილმა ეს ხელმოწერები სააკაშვილის დამცველ ადამიანს გადასცა, კერძოდ, ზურაბ ჭიაბერაშვილს.
მაკა ჩიჩუას ვერსიით, ამის შემდეგ საქმეში ჩაერთო გიული ალასანია, რომელმაც აღნიშნული ხელმოწერების ხმამაღლა გაჟღერება გადაწყვიტა და თავისი ერთადერთი შვილის გადასარჩენად თანხა გადაუხადა პიარკომპანიას. სწორედ ამ თანხის აღებაში ადანაშაულებენ გიორგი მარგველაშვილს.
ასეა თუ ისე, გიორგი მარგველაშვილი „ნაციონალებთან“ დაახლოებაში კარგა ხანია, შენიშნულია. ის იშვიათი ადამიანია, რომელიც უცნაურ ნაბიჯებს დგამს, 2022 წელს ბუჩაში მაინცდამაინც „ნაციონალებთან“ ერთად ამჯობინა ჩასვლა და ეკა ხერხეულიძის, კობა ნაყოფიას, ნიკა მელიას გვერდით აღმოჩნდა იმ ტრაგედიის გასაზიარებლად. არც ის გაკვირვებია არავის, როცა იმავე 2022 წლის აპრილში მარგველაშვილის შესახებ გავრცელდა ჭორი, თითქოს იგი „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ ინიშნებოდა.
დღესაც პოლიტიკური აჯაფსანდალის ლოგიკიდან გამომდინარე, იაგო ხვიჩია გიორგი მარგველაშვილის ადგილს „ნაცმოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გაერთიანებაში ხედავს. ეს იქნება ყოფილი პრეზიდენტების პარტია, რითაც ნაცებს შეეძლებათ, მოატყუონ საკუთარი ამომრჩეველი, რომ კი არ სუსტდებიან, არამედ ძლიერდებიან.
ორიოდე წლის წინ გიორგი მარგველაშვილი ამტკიცებდა, რომ ერთი რამ ნამდვილად იცოდა, რომ არც „ქართული ოცნება“ უნდოდა და არც „ნაციონალური მოძრაობა“. უფრო მეტიც, მარგველაშვილი სამ ნაწილად ყოფდა ნაცებს - პორტირებულებად, ექსპორტირებულებად და ჭეშმარიტ ნაცებად. ანუ მას არ მოსწონდა, რომ „ქართულ ოცნებაში“ გადაპორტირდნენ ნაციონალები. რაც შეეხება ექსპორტირებულ ნაცებს, ასეთებად მარგველაშვილს „ევროპულ საქართველოში“ გადაბარგებული ნაცები მიაჩნდა. ჭეშმარიტ ნაცებს კი უწოდებდა მათ, ვინც არ დატოვა „ნაცმოძრაობა“.
გახდება თუ არა თავად გიორგი მარგველაშვილი პორტირებული ან ექსპორტირებული ნაცებში, ან ჭეშმარიტ ნაცზე უფრო მეტი ნაცი, ამის მოლოდინი დიდია. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ფიქრობს, რომ კარგი ტანდემი იქნება ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მარგველაშვილი, ისინი ერთმანეთს შეავსებენ. ანრი ოხანაშვილი კი თვლის, რომ მარგველაშვილი „ნაცმოძრაობის“ აქტივისტია.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ქართულ პოლიტიკაში ვერაფერს გამორიცხავს და გადაჭრით ვერ ამბობს, მარგველაშვილი „ნაცმოძრაობას“ შეუერთდება თუ არა, თუმცა არ იზიარებს ოხანაშვილის ნათქვამს, რომ მარგველაშვილი „ნაცმოძრაობის“ აქტივისტია. პოლიტოლოგის აზრით, ჯერჯერობით ეს არის ჩვეულებრივი ანტიპიარი და იმის სურვილი, რომ წინასწარ მოახდინონ მარგველაშვილის დისკრედიტაცია.
„ელექტორალურად მარგველაშვილს ძლიერი მხარდაჭერა არ აქვს, მაგრამ მას არც უარყოფითი ბალანსი აქვს და ტვირთს არ წარმოადგენს არც ერთი პარტიისთვის. მარგველაშვილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ელექტორალურად გაცილებით სუსტია, ვიდრე თუნდაც წვრილ პარტიებთან ერთიანობაში. თუ მარგველაშვილი წვრილ პარტიებთან ერთად იქნება, მას მეტი ელექტორალური ხმის მოტანა შეუძლია, ვიდრე „ნაცმოძრაობასთან“ ერთად. შეიძლება ითქვას, რომ „ნაცმოძრაობასთან“ ერთად მისი ელექტორალური მხარდაჭერა განახევრდება, სხვა პარტიებთან ერთად კი სრული ელექტორალური მხარდაჭერა ექნება და ეს გაცილებით უფრო მომგებიანი იქნება. რას გადაწყვეტს მარგველაშვილი, ამას ვერ გეტყვით. მე არ ვიცი, რა ხელმოწერები შეაგროვა მარგველაშვილმა, მაგრამ ვფიქრობ, ესეც პიარის ნაწილია, რომ თურმე 11 500 დოლარი აიღო“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან საუბრისას.
მისივე მოსაზრებით, მარგველაშვილი არ არის ის კაცი, რომელიც ფულზე დაკარგავს გონებას. ვახტანგ ძაბირაძე იხსენებს, რომ თავის დროზე მარგველაშვილი მშვენივრად იყო „ქართულ ოცნებაში“, 11 ათასს კი არა, ათჯერ მეტსაც მიიღებდა ივანიშვილისგან, რომ მიჰყოლოდა მის რჩევებს, დიდი ალბათობით, მეორე ვადითაც პრეზიდენტი იქნებოდა.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ მოსალოდნელია, გიორგი მარგველაშვილმა ითანამშრომლოს „ნაცმოძრაობასა“ და „სტრატეგია აღმაშენებელთან“, ოღონდ არა როგორც პარტიის წევრმა, რადგან თვითონაც განაცხადა, რომ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა მასსა და „ნაცმოძრაობის“ შეხედულებებს შორის.
„უფრო მეტად მიმაჩნია, რომ ის კავშირში იქნება „ნაციონალებთან“ და შესაძლოა, „ნაცმოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ორგანიზებით სხვადასხვა ღონისძიებაშიც მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ არ იყოს მათი პარტიული წევრი. ამ ეტაპზე რაღაცნაირად პატარა დისტანციას დაიკავებს „ნაციონალებთან“. ჩემი აზრით, ის შეეცდება, უფრო დამოუკიდებელი პერსონის როლი ითამაშოს. სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას მისი ფიგურა, როგორც ყოფილი პრეზიდენტის, შეიძლება დასჭირდეს, მაგრამ მარგველაშვილი არ აიღებს ზედმეტ ვალდებულებას და პარტიის წევრი არ გახდება. ცხადია, მის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ამის ალბათობა მაღალია“, - აცხადებს ნიკა ჩიტაძე for.ge-სთან საუბრისას.